Facebook Twitter

№ას-1185-1205-2011 5 marti 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ტ. ი-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,ს.კომპანია”

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ. ი-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ს.კომპანიის“ მიმართ საკუთრებით სარგებლობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ შემდეგი საფუძლებით: მოსარჩელემ 2008 წლის 30 სექტემბერს ქ.ქუთაისის მერიის მიერ ჩატარებულ აუქციონზე შეიძინა 210.50 კვ.მ ქ.ქუთაისში, ნ-ს ქ. მე-2 შესახვევ №58ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც დამტკიცებული პროექტისა და ნებართვის შესაბამისად უნდა დაეწყო ობიექტის მშენებლობა, მაგრამ შპს „ს.კომპანიის“ ქუთაისის სერვის-ცენტრმა 2010 წლის პირველი ივლისისა და 2010 წლის 10 დეკემბრის პასუხებით აცნობა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ქვეშ გადიოდა მათ ბალანსზე რიცხული 300 მმ დიამეტრის თუჯის მაგისტრალური წყლის მილი, რომელიც მოითხოვს სანიტარულ-დამცავი ზონის არსებობას და ამ მიზეზით ობიექტის მშენებლობა გამორიცხული იყო. ასევე შეატყობინა, რომ აღნიშნული მაგისტრალური წყალსადენის ქსელის გადატანა შესაძლებელი იყო მხოლოდ შესაბამისი ხარჯების გაწევის შემდეგ, რაც კანონით მას არ ეკისრება. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ხელყოფს მის საკუთრების უფლებას, რადგან საკუთარი ხარჯებით არ გადაიტანა წყალსადენის მილი. ამასთანავე, მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის ხაზოვანი ნაგებობა რეგისტრირებული არ არის.

M მოპასუხე შპს „ს.კომპანიამ“ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: კომპანია არ არის ვალდებული, სხვა მიწის ნაკვეთზე გადაიტანოს წყალმომარაგების ქსელი. წყლის მილები უფრო ადრე იყო განთავსებული მიწის ნაკვეთში, ვიდრე იგი მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხებოდა. მოპასუხე მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობას უსაფუძვლოდ არ ზღუდავს, ანუ კომპანია არ არის ხელისშემშლელი, რომელსაც შეიძლება, მოეთხოვოს მილების სხვა ადგილზე გადატანა. ამასთანავე, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობა, თუმცა განმარტა, რომ ხაზოვანი ნაგებობების რეგისტრა

ციის არარსებობა არ წარმოადგენს მილების გადატანის საფუძველს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ტ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ი-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით ტ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე ტ. ი-ემ 2008 წლის 30 სექტემბერს ქ.ქუთაისის მერიის მიერ ჩატარებულ აუქციონზე, 4422 ლარად შეიძინა 210,50 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქ.ქუთაისში, ნ-ს ქ. მე-2 შესახვევ №58ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, ტ. ი-ეს ქ. ქუთაისის მერიის მიერ გადაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რის შედეგადაც, მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში აღირიცხა მის სახელზე. ქ. ქუთაისის მერის 2009 წლის 29 აპრილის №629 ბრძანებით დამტკიცდა ქ.ქუთაისში, ნ-ს ქ. მე-2 შესახვევ №58ბ-ში მდებარე მოქალაქე ტ. ი-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები, რის შემდგომაც, შესაბამისი ხარჯების გაღებით, შპს „ჰ. 92-ს” ტ. ი-ემ დაუკვეთა სამშენებლო დოკუმენტის პროექტი. ქალაქ ქუთაისის მერის 2010 წლის 6 მაისის №713 ბრძანების საფუძველზე გაიცა ქ.ქუთაისში, ნ-ს ქ. მე-2 შესახვევ №58ბ-ში მდებარე მოქალაქე ტ. ი-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის მშენებლობის ნებართვა, რომლის თანახმად, მშენებლობის დაწყების თარიღად განისაზღვრა 2010 წლის 15 მაისი, ხოლო აღნიშნული ნებართვა ძალაში იყო 2010 წლის 31 დეკემბრამდე. მშენებლობის დაწყების წინ, ტ. ი-ეს შპს „ს.კომპანიის“ ქუთაისის სერვის-ცენტრის 2010 წლის 1-ლი ივლისის წერილით ეცნობა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ქვეშ გადიოდა მათ ბალანსზე რიცხული თუჯის მაგისტრალური წყლის მილი, რომლისთვისაც თვითმმართველობის მიერ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სანიტარულ-დამცავი ზონის არსებობის ნორმები. ტ.ი-ემ არაერთხელ აცნობა მოპასუხეს იმის შესახებ, რომ კუთვნილი მიწის ნაკვეთზე მაგისტრალური წყლის მილის არსებობის გამო, ვერ ახერხებდა ობიექტის მშენებლობას და ითხოვდა აღნიშნული ქსელის სხვაგან გადატანას. წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, როგორც ხაზოვანი ნაგებობა, საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული არ არის.

ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, პალატამ დადგენილად ცნო, რომ ტ. ი-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის შუაში გადის შპს ,,ს. კომპანიის კუთვნილი დ=300 მმ-იანი წყლის მაგისტრალური მილი, რომლის არსებობაც ტექნიკური თვალსაზრისით ხელს შეუშლის, განხორციელდეს ქ.ქუთაისის მერიის დამტკიცებული პროექტისა და გაცემული ნებართვის შესაბამისად, მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით ობიექტის მშენებლობა. მილსადენის გადატანა ტექნიკურად შესაძლებელია შიგა კვარტალურ სავალ ნაწილში, რაზედაც უნდა შედგეს პროექტი. სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება 10260 ლარია.

პალატამ დამატებით განმარტა, რომ შპს „ჰ-ის“ მიერ, ტ. ი-ის დაკვეთით შესრულებულ, მისავე კუთვნილ მიწის ნაკვეთში, მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის მშენებლობის პროექტის 33-ე გვერდზე მითითებულია: „შეთანხმებულია შპს „ქ-თან“, თუმცა აღნიშნული შეთანხმების დამადასტურებელი მტკიცებულება, შპს „ქ-ის“ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, საქმეში განთავსებული არ არის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები და განმარტა: ვინაიდან სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ ტ.ი-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (დ=300 მმ) თუჯის მაგისტრალური წყლის მილი, რომლითაც ხორციელდება ქალაქის სასმელი წყლით მომარაგება, ათეული წლებია განთავსებულია, პალატამ მიიჩნია, რომ 2008 წლის 30 სექტემბერს, უძრავი ქონების აუქციონზე შეძენისას, ტ. ი-ის საკუთრებაში გადავიდა მიწის ნაკვეთთან, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მაგისტრალურ წყლის მილთან დაკავშირებული მოთხოვნები და უფლებები ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მესაკუთრის – სახელმწიფოს ხელში იყვნენ. ამასთან, რადგან თავდაპირველ მესაკუთრეს - სახელმწიფოს, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მაგისტრალური წყლის მილის გატარებისას პრეტენზია არ გამოუთქვამს, პალატამ მიიჩნია, რომ 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის დღევანდელი მესაკუთრე ვალდებულია, ითმინოს მისი მიწით ამგვარი სარგებლობა. ამდენად, ტ.ი-ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხემ სადავო გახადა მშენებლობის პროექტზე მათი მხრიდან თანხმობის გაცემის ფაქტი, ხოლო საქმეში არც შპს „გ. კომპანიას“ და არც შპს „ქ-ის“ უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული და ხელმოწერილი თანხმობის დოკუმენტი არ მოიპოვება, პალატამ მიიჩნია, რომ ობიექტის მშენებლობის პროექტის 33-ე გვერდზე პროექტის ავტორის მინაწერი, „შეთანხმებულია შპს „ქ-თან“, არ ასახავს რეალურ ვითარებას. გარდა ამისა, საქმის მასალებით არ დგინდება შპს „გ. კომპანიასა“ და შპს „ქ-ის“ უწყებრივი დაქვემდებარება ან უფლებამონაცვლეობა, რაც პროექტის 33-ე გვერდზე არსებული მინაწერის ნამდვილობის შემთხვევაში გამოიწვევდა შპს „გ.კომპანიასათვის“ გარკვეული ვალდებულებების წარმოშობას. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ გაზიარებული არ უნდა ყოფილიყო აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის პროექტი შეთახმებულ იქნა შპს „ქ-თან“, რაც ავალდებულებდა მოპასუხეს, შპს „გ. კომპანიას“ ამ მშენებლობის განხორციელებისათვის აუცილებელი სამუშაოები შეესრულებინა, კერძოდ, გადაეტანა მშენებლობის ხელშემშლელი მაგისტრალური მილი სხვა ადგილას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ი-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: ორივე ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად არასწორად შეაფასა, კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის საკუთრების უფლება ტ. ი-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გამავალ მაგისტრალურ წყალსადენზე არ არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, ასეთი უფლება ფაქტობრივად არც არსებობს და აღნიშნული ხაზობრივი ნაგებობა მხოლოდ ირიცხება მოპასუხის ბალანსზე, ხოლო ტ. ი-ის ობიექტის მშენებლობის პროექტი 2009 წლის 30 აპრილს შეთანხმებულ იქნა შპს „ქ-თან“, რომლის ბალანსზე იმ დროისათვის ირიცხებოდა იგივე მაგისტრალური წყალსადენი, ამ ფაქტობრივ გარემოებებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არც უმსჯელია. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, იგი იძულებული შეიქნა რა განეხილა აღნიშნული გარემოებები, არაერთხელ დააფიქსირა, რომ შპს „ს.კომპანიის“ საკუთრების უფლება სადავო მაგისტრალური წყალსადენზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, მაშინ, როცა ტ. ი-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (მიწის ნაკვეთი) საჯარო რეესტრში იყო და აღრიცხულია დღესაც.

კასატორს დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიაჩნია სააპელაციო პალატის დამატებითი განმარტება იმის შესახებ, რომ შპს „ჰ-ის“ მიერ ტ. ი-ის დაკვეთით შესრულებულ, მისავე კუთვნილ მიწის ნაკვეთში, მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის მშენებლობის პროექტის 33-ე გვერდზე აღნიშნული დამადასტურებელი მტკიცებულება, შპს „ქ-ის“ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, საქმეში განთავსებული არ არის. ეს მაშინ, როცა, კასატორის მითითებით, იგი სააპელაციო საჩივრის ფორმის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი უსწორობების მეორე გრაფაში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ პროექტის 33-ე გვერდზე არსებულ ხელნაწერ ტექსტში ნათლად მითითებულია: „შეთანხმებულია შპს „ქ-თან“. ტექსტს ხელს აწერენ შპს „ქ-ის“ დირექტორის მოადგილე ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში ზ.ბ-ძე და ტექნიკური განყოფილების უფროსი გ.გ-ძე, ხელმოწერებთან ერთად ტექსტზე დასმულია შპს „ქ-ის“ მრგვალგერბიანი ბეჭედი და თარიღი 30.04.2009 წელი, რაც ნიშნავს, რომ შპს „ქ-მა“ შეათანხმა მთლიანად ობიექტის მშენებლობის პროექტი, ხოლო ქსელებთან მიერთებითი სამუშაოების დაწყების წინ გამოძახებული უნდა ყოფილიყო შპს „ქ-ის“ წარმომადგენელი.

პალატამ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მაგისტრალური წყლის მილი დღესაც უკანონოდაა განთავსებული. მის მოწყობასა და ექსპლუატაციაზე არასოდეს არსებობდა და არც დღეს არსებობს რაიმე პროექტი ან ნებართვა. ქ.ქუთაისის მერიისა და ტ. ი-ისათვის აუქციონის ჩატარების პროცესში ცნობილი არ ყოფილა, რომ გასაყიდი მიწის ნაკვეთის ქვეშ გადიოდა თვითნებურად ჩადებული მაგისტრალური წყალსადენის მილი, რომელიც არ ჩანდა. სავარაუდოა, რომ აღნიშნულ ადგილას მაგისტრალური წყლის მილის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა თავად შპს „ქ-ის“ ხელმძღვანელობამაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ შეათანხმებდნენ ამავე ადგილზე ტ. ი-ის სამშენებლო ობიექტის პროექტს. ბუნებრივია, ასეთ პირობებში საკუთრების უფლების დაცვა შეეძლო მოეთხოვა მიწის ნაკვეთის ძველ მესაკუთრეს და ასევე შეუძლია მოითხოვოს მიწის ნაკვეთის ახალმა მესაკუთრე ტ. ი-ემაც.

რაც შეეხება სააპელაციო პალატის მსჯელობას იმასთან მიმართებით, რომ, ვინაიდან თავდაპირველ მესაკუთრეს, სახელმწიფოს, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მაგისტრალური წყლის მილის გატარებისას პრეტენზია არ გამოუთქვამს, ამიტომ სკ-ის 198-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის დღევანდელი მესაკუთრე ვალდებულია ითმინოს მისი მიწით ამგვარი სარგებლობა,- კასატორს მიაჩნია, რომ იგი არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და მოცემული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამეზობლო სამართლის ნორმებით დაუშვებელია. ჯერ ერთი, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლის პირველ ნაწილში საუბარია მხოლოდ ნაკვეთის მესაკუთრეზე, რომელიც მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდება მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, ხოლო, მოცემულ შემთხვევაში, საკითხი ეხება მაგისტრალური წყალსადენის მფლობელს, რომელიც არ გახლავთ მესაკუთრე, ვინაიდან შესაბამისი უძრავი ნივთი, კანონის იმპერატიული მოთხოვნის მიუხედავად, მას არა აქვს რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და, აქედან გამომდინარე, ამავე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოშობილად ვერ ჩაითვლება. ამასთან, უდავოა, რომ შპს „ს. კუთვნილი 30 მ სიგრძის წყლის მაგისტრალური მილსადენი, რომელიც მოწყობილია უნებართვოდ და უპროექტოდ, გადის ტ. ი-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ზუსტად შუაში, რის გამოც ამავე მიწის ნაკვეთზე შეუძლებელია აშენდეს არამცთუ დამტკიცებული პროექტით გათვალისწინებული, არამედ ნებისმიერი სხვა ობიექტიც, რადგან წყლის მაგისტრალური მილი აღმოჩნდება ნაგებობის უშუალოდ ქვეშ, რაც მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესებით დაუშვებელია. ასეთი კი ნიშნავს იმას, რომ, თუ, მაგისტრალური წყალსადენი მილის 30-მეტრიანი მონაკვეთი იმავე ადგილას დარჩება და იგი არ იქნება გადატანილი სხვაგან, რისი ტექნიკური შესაძლებლობა ექსპერტიზის დასკვნით არსებობს, ტ. ი-ის საკუთრებაში რიცხული 210.50 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საერთოდ კარგავს ფუნქციურ დანიშნულებას, ვინაიდან იგი ტ. ი-ემ შეიძინა მასზე ობიექტის აშენების მიზნით და არა სხვა დანიშნულებით გამოსაყენებლად. გარდა ამისა, თავდაპირველი მესაკუთრე - სახელმწიფო თუ ქ.ქუთაისის მერია მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მაგისტრალური წყლის მილის გატარების თაობაზე ადრე პრეტენზიას ვერ გამოთქვამდა, ვინაიდან ეს მილი წლების წინ ფარულად იქნა გაყვანილი სათანადო პროექტისა და ნებართვის გარეშე. ყოველ შემთხვევაში, მოპასუხეს პროცესზე არ წარმოუდგენია საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო ქ.ქუთაისის მერიამ, რომელმაც აუქციონის წესით მიჰყიდა მიწის ნაკვეთი ტ. ი-ეს, არაფერი იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა გასაყიდი მიწის ნაკვეთის ქვეშ მაგისტრალური წყალსადენი მილის არსებობის შესახებ, რადგანაც ეს მილი, როგორც ხაზოვანი ნაგებობა და უძრავი ნივთი, კანონის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არასოდეს ყოფილა და არც დღეს არის.

პალატამ მიუთითა, რომ ტ. ი-ე ვალდებულია, ითმინოს სამეზობლო ზემოქმედება, ე.ი მის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის ქვეშ გამავალი მაგისტრალური წყალსადენი მილი არ დაექვემდებარება გადატანას, ანუ ტ. ი-ე ვერც დამტკიცებული პროექტის შესაბამისად და ვერც სხვაგვარად ამ მიწის ნაკვეთზე ვეღარასდროს შესძლებს ააშენოს ნაგებობა, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება თმენის ვალდებულებისათვის ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების საკითხი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სამართლებრივი შეფასება არ შეესაბამება კანონს, რის გამოც იგი უნდა შეიცვალოს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებას მნიშვნელობა აქვს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, ხოლო სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ტ. ი-ემ ქ.ქუთაისის მერიის მიერ 2008 წლის 30 სექტემბერს ჩატარებულ აუქციონზე, 4422 ლარად შეიძინა 210,50 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქ.ქუთაისში, ნ-ს ქ. მე-2 შესახვევ №58ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, ტ. ი-ეს ქ. ქუთაისის მერიის მიერ გადაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რის შედეგადაც, მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში აღირიცხა მის სახელზე.

ქალაქ ქუთაისის მერის 2010 წლის 6 მაისის №713 ბრძანების საფუძველზე გაიცა ქ.ქუთაისში, ნ-ს ქ. მე-2 შესახვევ №58ბ-ში მდებარე მოქალაქე ტ. ი-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის მშენებლობის ნებართვა, მშენებლობის დაწყების წინ, ტ. ი-ეს შპს „ს.კომპანიის“ ქუთაისის სერვის-ცენტრის 2010 წლის 1-ლი ივლისის წერილით ეცნობა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ქვეშ გადიოდა მათ ბალანსზე რიცხული თუჯის მაგისტრალური წყლის მილი, რომლისთვისაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სანიტარულ-დამცავი ზონის არსებობის ნორმები.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო და კასატორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებნული სადავო წყლის მაგისტარლური ქსელი დამონტაჟდა მრავალი ათეული წლის წინ, რომლითაც ხდება ქ.ქუთაისის მრავალრიცხოვანი მოსახლეობისა და ორგანიზაციების წყლით მომარაგება. ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ტ. ი-ემ მოპასუხე კომპანიის უფლებით დატვირთული მიწის ნაკვეთი შეიძინა. ამდენად, კასატორი უფლების შემძენი გახდა არა სააპელაციო პალატის მიერ მითითებული 198-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დათმობით, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ძალითაც, ტ.ი-ემ სადავო მიწის ნაკვეთზე შეიძინა რა საკუთრების უფლება მას, როგორც მესაკუთრეს უფლება აქვს, დაიცვას კუთვნილი ქონება სხვა პირთა ხელყოფისაგან. ეს უფლება კასატორს უზრუნველყოფილი აქვს სამოქალაქო კოდესის 172- ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის ძალითაც თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.

მოცემულ შემთხვევაში, ტ.ი-ის ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ამ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის კანონით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობის არასებობა, კერძოდ, საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა უნდა აღიკვეთოს მაშინ, თუ ეს ქმედება მართლსაწინააღმდეგოა. როგორც ზემოთ აღინიშნა, უდავოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხემ სადავო ქმედება წყლის მაგისტრალური მილის დამონტაჟება განახორციელა ტ.ი-ის მიერ მიწის ნაკვეთის შეძენამდე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ტ.ი-ემ შეიძინა უფლებრივად დატვირთული ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 487-ე და 489-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია, განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, შემძენი მესამე პირთან მიმართებაში იმ უფლებრივი ტვირთის მატარებელია, რაც ნივთის შეძენამდე არსებობდა და უფლებრივი ნაკლის თაობაზე ვალდებულებითი სამართლის ნორმებიდან გამომდინარე მყიდველს - კრედიტორს პრეტენზია, მხოლოდ გამყიდველს - მოვალის მიმართ შეიძლება გააჩნდეს.

განსახილველ საქმეში სადავოს არ წარმოადგენს არც ის ფაქტიც, რომ მაგისტრალური მილი გადის ზუსტად მიწის ნაკვეთის შუაში და მისი არსებობა ტექნიკური თვალსაზრისით ხელს შეუშლის ქ.ქუთაისის მერის დამტკიცებული პროექტისა და გაცემული ნებართვის შესაბამისად მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით ობიექტის მშენებლობას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებით მესაკუთრეს ქონების თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება ეზღუდება, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი ამგვარ შეზღუდვას უშვებს, თუკი იგი კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შემოჭვის ფარგლებშია. მოცემულ შემთხვევაში, ნივთზე უფლების კანონისმიერ შეზღუდვასთან გვაქვს საქმე, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მყიდველმა უფლებრივად დატვირთული ნივთი შეიძინა და მესამე პირთან მიმართებით იგი ისეთივე უფლება-მოვალეობების მატარებელია, როგორც მისი წინამორბედი მესაკუთრე.

სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებული არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. ამდენად, კასატორის არგუმენტის საწინააღმდეგოდ მოცემულ ნივთთან დაკავშირებული დავა სწორედ სამეზობლო სამართლის ნორმებით უნდა იქნეს განხილული. მოპასუხის მიერ სხვისი მიწის ნაკვეთით სარგებლობა სწორედ ამ სამართლებრივი ინსტიტუტის ფარგლებში უნდა იქნეს განხილული. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სადავო მილის მოაპსუხის ხარჯით სხვა ადგილზე გადატანა და მიწის ნაკვეთის განთავისუფლება, რაზედაც მოპასუხე თანახმა არ არის. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში მოპასუხე იღებს პასუხისმგელობას იმ იურიდიულ შედეგებზე(თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე), რომელიც სხვისი ნივთით, კონკრეტულ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის სარგებლობას შეიძლება მოჰყვეს, თუმცა, ამგვარი პასუხისმგებლობის დაკისრება დავის საგანს არ წარმოადგენს და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს აღნიშნულზე.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ საჯარო რეესტრის შესახებ კანონის 11.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხაზობრივ ნაგებობაზე აუცილებელია რა რეგისტრაცია, სადავო მილი რეეტრში რეგისტრირებული არა არის, რაც მის არაკანონიერებაზე მიანიშნებს. საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო მილის განთავსება განხორციელებულია მითითებული კანონით დადგენილ რეგულაციამდე, ხოლო მისი ამ ეტაპზე საჯარო რეესტრში აღურიცხაობა მისი განთავსების უკანონობაზე არ მეტყველებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ტ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.