№ას-1721-1704-2011 15 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს „ტ. ქ-ის“ დირექტორი ბ. გ-ი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე უ. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ა-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმისა და ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ტ. ქ-ის“ მიმართ და მოითხოვა სს „ტ. ქ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2010 წლის 14 სექტემბრის სხდომის №1 ოქმისა და ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს „ტ. ქ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2010 წლის 14 სექტემბრის სხდომის №1 ოქმი და ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სს „ტ. ქ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სააქციო საზოგადოება „ტ. ქ-ი“ რეგისტრირებულ იქნა 1996 წლის 4 სექტემბერს.
საკანონმდებლო მაცნეს 2010 წლის 17 აგვისტოს გამოცემაში გამოქვეყნდა სააქციო საზოგადოება „ტ. ქ-ის“ ადმინისტრაციის განცხადება, 2010 წლის 14 სექტემბერს ქ. ქუთაისში, ნ-ას ქ. №25-ში, 15 საათზე სს „ტ. ქ-ის“ გაერთიანებულ აქციონერთა მორიგი, განმეორებითი საერთო კრების მოწვევის შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 14 სექტემბრის სს „ტ. ქ-ის“ განმეორებითი აქციონერთა საერთო კრების №2 ოქმი.
2010 წლის 14 სექტემბერს ჩატარდა სს „ტ. ქ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები – უ. გ-ი, ბ. გ-ი, ე. ნ-ძე, ზ.გ-ძე, მ.ყ-ი და გ. ნ-ძე.
სს „ტ. ქ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბ.გ-ძე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ – ე.ნ-ძე.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე პუნქტების, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა ა. ა-ის სარჩელი და სწორად ცნო ბათილად სააქციო საზოგადოება „ტ. ქ-ის“ 2010 წლის 14 სექტემბრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის №1 ოქმი და ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რადგან მიიჩნია, რომ 2010 წლის 14 სექტემბერს სს „ტ. ქ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ჩატარდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით – მოსარჩელე მხარისათვის სხდომის ჩატარების შესახებ წერილობითი მოწვევა არ გადაუციათ და არც სავარაუდო დღის წესრიგი უცნობებიათ. ასევე, სხდომა არ მოწვეულა არც სს „ტ. ქ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ. კანონის მოთხოვნათა ამ უხეში დარღვევის გამო მართებულად დადგინდა გასაჩივრების ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადაც.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „ტ. ქ-ის“ დირექტორმა ბ. გ-მა და უ. გ-მა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი და არასწორად განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი, რადგან არ არსებობდა ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადის გამოყენების წინაპირობა.
სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რადგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევა მოხდა 55-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით, რაც გამორიცხავდა 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის გამოყენებას.
საკასაციო სასამართლოს საქმის წარმოების დროს ა. ა-ემ გამოიხმო სარჩელი და მოითხოვა მისი განუხილველად დატოვება.
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი ა. ბ-ე დაეთანხმა სარჩელის გამოხმობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მისი სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე გამოიხმოს სარჩელი, რის შედეგადაც იგი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში ა. ა-ემ თავისი სარჩელი გამოიხმო, რასაც მოწინააღმდეგე მხარეთა – სს „ტ. ქ-ის’’ დირექტორ ბ. გ-ისა და უ. გ-ის წარმომადგენელი ა. ბ-ე დაეთანხმა. ავ.ბ-ემ ასევე წერილობით დაადასტურა, რომ მისი მარწმუნებლები არ ითხოვენ ა. ა-ისაგან რაიმე სახის სასამართლო ხარჯების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ა-ის მოთხოვნა სარჩელის გამოხმობის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიღებული ყველა გადაწყვეტილება თუ განჩინება, ხოლო მისი სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლით, 275-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ა-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები.
ა. ა-ის სარჩელი სს „ტ. ქ-ის’’ დირექტორ ბ. გ-ისა და უ. გ-ის მიმართ სს „ტ. ქ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2010 წლის 14 სექტემბრის სხდომის №1 ოქმისა და ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.