საქმე №ას-1084-1034-2014 11 მაისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „რ.ფ.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ჯ., ჯ.კ., სს „ქ.ფ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „რ.ფ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ჯ–ის, ჯ.კ–სა და სს „ქ.ფ–ის“ მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების მასობრივი ინფორმაციის იმავე საშუალებებით უარყოფისა და მორალური ზიანის - 50 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2013 წლის 24 ივნისს ქ.თბილისში, .... მომხდარ აფეთქებას მოჰყვა ორი ადამიანის: ზ.ნ–სა და ა.მ–ის გარდაცვალება. ამ ფაქტის თაობაზე საზოგადოებას ეცნობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოპასუხეების: ჯ.კ–სა და სს „ქ.ფ–ის“ დირექტორ ნ.ჯ–ის მიერ გაკეთებული განცხადებებით. 2013 წლის 24 ივნისიდან 25 ივლისამდე მოპასუხეების განცხადებები გავრცელდა ტელეკომპანიების: „რუსთავი 2-ის“, „მეცხრე არხის“, „მაესტროს“, „პირველი არხის“, „რადიო პალიტრის“ ასევე ინტერნეტგვერდების: „www.interpressnews.ge-ს“, „gbc.ge-სა“ და „www.timer.ge-ს“ მეშვეობით.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა გაავრცელეს შპს „რ.ფ–ის“ სახელის გამტეხი, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი და ცილისმწამებლური ინფორმაცია, მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა მოპასუხეებმა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაუკავშირეს შპს „რ.ფ–ს“.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ სარჩელში მითითებული გამონათქვამები არ წარმოადგენს მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველს, მოთხოვნა კი დაუსაბუთებელია. სარჩელით არ დგინდება თუ რომელი გამონათქვამი რომელმა მოპასუხემ უნდა უარყოს და რომელი მოპასუხის რომელმა განცხადებამ მიაყენა ზიანი შპს „რ.ფ–ს“. მხარე ვერ ასაბუთებს სარჩელში მითითებული განცხადებების ცილისმწამებლურად მიჩნევის წინაპირობას, ასევე არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. გაურკვეველია ისიც, თუ რა პრინციპით გამოიანგარიშა მოსარჩელემ მორალური ზიანის ოდენობა ან რა გარემოებით დასტურდება მოთხოვნილი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „რ.ფ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით შპს „რ.ფ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამ გარემოებების სამართლებრივი შეფასება და სააპელაციო საჩივრის პრეტენზიების გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 24 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ სიუჟეტი დაეთმო სს „ქ.ფ–ის“ ოფისში მომხდარ აფეთქებას, გავრცელდა სს „ქ.ფ–ის“ დირექტორ ნ.ჯ–ის ინტერვიუ: „ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი განხორციელდა იმის გამო, რომ ძალიან ბევრი დარღვევა, როგორც ფინანსური, ისე მაქინაციური, ჩვენ გამოვააშკარავეთ და გამოვავლინეთ. ასე რომ, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ეს არის განხორციელებული იმ კრიმინალური ჯგუფის მიერ, რომელიც დღეს აკონტროლებს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას“. იმავე სიუჟეტში ჯ.კ–მ გააკეთა შემდეგი კომენტარი: „მინდა დაგარწმუნოთ, რომ მაგ ოფისში გაზი არ იყო, ასე რომ გაზით აფეთქება აქ არ არის და იმედი მაქვს გამოძიება დაადგენს, ამ ბოროტმოქმედებს გამოამჟღავნებს. ეს რა თქმა უნდა დაკავშირებული არის ჩემს აქტივობასთან ბოლო დროს თუნდაც იმასთან, რომ ბევრი ადამიანი ვამხილე ჩემი განცხადებებით და ამით შემოვიფარგლები დღეს. ბოროტმოქმედებს და იმ შეთქმულებებს რომლებსაც აწარმოებდა ძველი ხელისუფლება“. ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ აღნიშნა, რომ ჯ. კ–ის წარმომადგენლის ინფორმაციით, ინციდენტს წინ მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები უძღოდა, რომლითაც პ-ებს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთნ დაკავშირებით მაქინაციურ გარიგებებში ადანაშაულებდა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“, 2013 წლის 25 ივნისს გავრცელდა, რომ ჯ.კ–ის ინფორმაციით, ინციდენტს წინ მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები უძღოდა, კომპანია პ.ბ–ს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით მაქინაციურ გარიგებებში ადანაშაულებდა. ჯ.კ–ის შემდეგი კომენტარი: „მინდა დაგარწმუნოთ, რომ მაგ ოფისში გაზი არ იყო, ასე რომ გაზით აფეთქება აქ არ არის და იმედი მაქვს რომ გამოძიება დაადგენს, ამ ბოროტმოქმედებს გამოამჟღავნებს. ეს რა თქმა უნდა დაკავშირებული არის ჩემს აქტივობასთან ბოლო დროს, თუნდაც იმასთან, რომ ბევრი ადამიანი ვამხილე ჩემი განცხადებებით და ამით შემოვიფარგლები დღეს. ბოროტმოქმედებს და იმ შეთქმულებებს რომელსაც აწარმოებდა ძველი ხელისუფლება და მათ ანტურაჟს“.
სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ქ.თბილისში, ...., სს „ქ.ფ–ის“ ოფისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 2013 წლის 24, 25, 26, 27 ივნისს, 2 და 3 ივლისს ტელეკომპანიების: „რუსთავი 2-ის“, „მეცხრე არხის“, „მაესტროს“, „პირველი არხის“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი) საინფორმაციო გამოშვებებსა და დილის გადაცემაში, ინტერნეტ გვერდებზე: „info9.ge“, „Gbc.ge“, „timer.ge“ „for.ge“ გავრცელებულ ჯ.კ–ის და სს „ქ.ფ–ის“ დირექტორ ნ.ჯ–ის განცხადებებში არ იყო მოხსენიებული შპს „რ.ფ–ი“, განცხადება ეხებოდა პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს. ნ.ჯ. ინტერვიუში აცხადებდა, რომ გამორიცხავდა ბუნებრივი აირით გამოწვეულ აფეთქებას და აღნიშნადა, რომ ეს ყველაფერი უკავშირდებოდა მათ მიერ გამოვლენილ ფინანსურ დარღვევებს და განხორციელებული იყო კრიმინალური ჯგუფის მიერ, რომელიც აკონტროლებდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას, უბედური შემთხვევა და შემთხვევითობა კი გამორიცხული იყო. ჯ.კ–ის ინტერვიუში აღნიშნული იყო, რომ ოფისში არ იყო გაზი, გაზით აფეთქებას ადგილი არ ჰქონდა, ეს დაკავშირებული იყო მის ბოლოდროინდელ აქტივობასთან, გამოძიება დაადგენდა ბოროტმოქმედებს, ეჭვი ბევრი ჰქონდა, მაგრამ ვერავის დაადანაშაულებდა, არსებობდა ორი თემა: ერთი გ.უ–თან, ხოლო მეორე „ქ.ფ–თან“ დაკავშირებით, ბრძოლას არ შეწყვეტდნენ და სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებდა.
სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ საქალაქო სასამართლომ დადასტურებული ფაქტები სამართლებრივად არასწორად შეაფასა, კერძოდ ის გარემოება, რომ სადავო განცხადებაში მოსარჩელე უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული. ეს ფორმულირება არ გულისხმობდა იმას, რომ განცხადებაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოხსენიებული მოსარჩელის საფირმო სახელწოდება, სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო კოდი და ა.შ.
სასამართლომ მიუთითა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც განმარტებულია ამ კანონის მიზნებისათვის „აზრის“ მნიშვნელობა და სს „ქ.ფ–ის“ დირექტორ ნ.ჯ–ის ინტერვიუებში ნახსენები: „ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ეს არის განხორციელებული იმ კრიმინალური ჯგუფის მიერ, რომელიც დღეს აკონტროლებს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას“ მიიჩნია, რომ არ შეიძლებოდა აღქმული ყოფილიყო კონკრეტულად შპს „რ.ფ–ის“ პატივისა და ღირსების შემლახავ ცნობად, ვინაიდან განცხადება ეხებოდა პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს, რომელშიც კონკრეტული პირების იდენტიფიცირება არ ხდებოდა, შესაბამისად, ამგვარი განცხადება ცილისწამების შესახებ სარჩელის საგანი არ შეიძლებოდა გამხდარიყო „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.
ჯ.კ–ის განცხადებებში ნახსენები სიტყვა „ბოროტმოქმედები“, რაზეც მიუთითებდა აპელანტი, წარმოადგენდა პირის შეფასებას ზოგადად ფაქტთან მიმართებაში, რომელიც ასევე მიმართული იყო პირთა განუსაზღვრელი ჯგუფისადმი, რაც არც ერთ შემთხევაში არ გულისხმობდა კონკრეტული პირების ან კომპანიის მიმართ პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობის გავრცელებას.
არ იქნა გაზიარებული აპელანტის მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობის თაობაზე, სადაც ნ.ჯ–ის განცხადება შპს „რ.ფ–ის“ მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, კერძოდ, ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარის მოპარვის შესახებ წარმოადგენდა შეფასებით მსჯელობას და ეყრდნობოდა 2011 წლის 27 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებას, საგადასახადო ანგარიშფაქტურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება.
პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხის აღნიშნული განცხადება გავრცელდა 2011 წლის 27 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების, საგადასახადო ანგარიშფაქტურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2013 წლის 10 მაისის №.... წერილის საფუძველზე, განცხადება წარმოადგენდა შეფასებით მსჯელობას და მოპასუხე სადავო ფაქტთან დაკავშირებით ითხოვდა საზოგადოებისათვის განმარტების მიცემას ი.გ–ის, მისი გუნდისა და შპს „რ.ფ–ის“ წარმომადგენლების მიერ, რაც არ შეიძლებოდა ცილისწამებად, სახელის გამტეხ ან საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ინფორმაციად ჩათვლილიყო.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „რ.ფ–მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
არასწორია სასამართლოს მოსაზრება, რომ ნ.ჯ–ის განცხადებები, შპს „რ.ფ–ის“ მიერ ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარის მოპარვის თაობაზე შეფასებითი მსჯელობაა და მოპასუხე ითხოვს მოსარჩელის მიერ საზოგადოებისათვის განმარტების მიცემას, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ცილისწამებად.
სარჩელში მითითებული განცხადებების გავრცელების ფაქტი უდავო გარემოებას წარმოადგენს, განცხადებებით დგინდება არა მხოლოდ მოსარჩელის ვინაობა, არამედ მოპასუხეთა განზრახვა, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ზიანი მიაყენოს შპს „რ.ფ–ის“ საქმიან რეპუტაციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელე არ არის იდენტიფიცირებული, არ გამომდინარეობს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის სწორი განმარტებიდან, ამასთან, განცხადება, რომელშიც მითითებულია დანაშაულის ჩადენის ფაქტი და არ ეფუძნება სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს, ცილისწამებად უნდა იქნას მიჩნეული.
2011 წლის დეკემბერში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სს „ქ.ფ–ის“ აქტივების უდიდესი ნაწილი შეიძინა კასატორმა, შესაბამისად, 2013 წლის ივნისიდან ივლისამდე მოპასუხეების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ორი ადამიანის დაღუპვა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებები დაკავშირებულია იმ ჯგუფთან, „რომელიც დღეს აკონტროლებს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას“ არ შეიძლება ეხებოდეს არც ერთ პირს, გარდა შპს „რ.ფ–ისა“. ამასთანავე, „ქ.ფ–სა“ და „რ.ფ–ს“ შორის მიმდინარეობდა დავა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აქტივების თაობაზე, ხოლო მოპასუხე სადავო განცხადებებში აქცენტს აკეთებდა ამ დავაზე, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებები სწორედ მოსარჩელის მისამართითაა გამოთქმული. გარდა აღნიშნულისა, სადავო განცხადებები სიცრუეა და ზიანის მომტანი კასატორის საქმიანი რეპუტაციისათვის.
სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ ნ.ჯ–ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოსარჩელის მიერ ბიუჯეტიდან თანხის მოპარვის თაობაზე ემყარებოდა 2011 წლის 27 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებას, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს დასკვნა, რომ ნ.ჯ–ის განცხადება წარმოადგენს აზრს, არასწორია, რადგანაც გამოძიების დაწყების ფაქტს არ შეიძლება დაეყრდნოს განცხადება პირის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, უფრო მეტიც, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა დოკუმენტი - თბილისის საქალაქო სასამართლოს წერილი, რომლის თანახმადაც, შპს „რ.ფ–ის“ ან მისი ხელმძღვანელი პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე არასოდეს განხილულა და არც ამჯერად განიხილება.
არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხეების: ნ.ჯ–სა და ჯ.კ–ის გამონათქვამები: „კრიმინალი“ და „ბოროტმოქმედთა ჯგუფი“ ცილისმწამებლური ინფორმაცია არ არის. ეს გამონათქვამები, როგორც ცალკე აღებული, ბუნებრივია, ცილისწამებად უნდა დაკვალიფიცირდეს, თუმცა საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხეები მიუთითებდნენ მოსარჩელის დანაშაულებრივ ქმედებაზე: ბიუჯეტიდან თანხის მოპარვაზე, ადამიანის გარდაცვალებაზე, კრიმინალური და ძალადობრივი ქმედებებით, ფინანსური მაქინაციების გზით თანხის მითვისებასა და ძალადობაზე.
ასევე არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა პატივისა და ღირსების შელახვა და ზიანის მიყენების ფაქტი. ამ თვალსაზრისით სასამართლომ არ გაიზიარა მტკიცება, რომ განცხადებები იყო ცილისმწამებლური, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელდა არაერთგზის და მიზნად ისახავდა კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვას. პალატამ არ გაითვალისწინა დადგენილი სასამართლო პრაქტიკით გათვალისწინებული ის გარემოებაც, რომ არაქონებრივი ურთიერთობები მოკლებულია რა ეკონომიკურ შინაარსს და არ გააჩნია ღირებულება, ამ ზიანის დამტკიცებისათვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია. მოცემულ შემთხვევაში შეილახა მოსარჩელის პატივი და ღირსება, ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები, რომ სს „ქ.ფ–ის“ სარჩელის საფუძველზე დაყადაღებულია კასატორი საწარმოს საბრუნავი ძირითადი საშუალება - წიდა.
კასატორის მოსაზრებით, მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაზე მეტყველებს ისიც, რომ შპს „რ.ფ.“ მსხვილი საწარმოა, რომელსაც საქართველოში მრავალმილიონიანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და საქმიანობას ეწევა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საწარმოში. ცილისწამება ყოველთვის ზიანის მომტანია და კანონი იცავს ნებისმიერი პირის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. იურიდიული პირის ამ უფლებათა დარღვევისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ამ იურიდიული პირის ცნობადობა და საქმიანობის მასშტაბები, რაც, მოცემულ შემთხვევაში, უდავოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების განხილვისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „რ.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
მოსარჩელე შპს „რ.ფ–ის“ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მედიის იმავე საშუალებით უარყოფა, ასევე პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით მიყენებული მორალური ზიანის ფულადი ანაზღაურება.
მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებებს, რომ მოპასუხეების: სს „ქ.ფ–ის“, ნ.ჯ–ისა და ჯ.კ–ის მიერ მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებით (როგორც სხვადასხვა სატელევიზიო ეთერის, ისე ინტერნეტგვერდების მეშვეობით) მოსარჩელის მიმართ გავრცელდა არსებითად მცდარი ინფორმაცია, რაც მიზნად ისახავდა მოსარჩელის დისკრედიტაციას და წარმოადგენდა ცილისწამებას, შესაბამისად, შეილახა როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ისე საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული შპს „რ.ფ–ის“ პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ამავე მასობრივი ინფორმაციის საშუალებით მოპასუხეების მიერ იმის უარყოფა, რომ: შპს „რ.ფ.“ და მისი ხელმძღვანელობა მონაწილეობდა 2013 წლის 24 ივნისს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტში, რასაც შედეგად ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვა; შპს „რ.ფ–მა“ და მისმა ხელმძღვანელობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოიპარა 39 მილიონი ლარი; შპს „რ.ფ–სა“ და მისი ხელმძღვანელობის მიერ ადგილი ჰქონდა ადამიანთა იძულებას; ასევე შპს „რ.ფ–სა“ და მისი ხელმძღვანელობის კრიმინალური და ძალადობრივი ქმედებებით, ფინანსური მაქინაციებით, სახელმწიფო მანქანის ტოტალური მხარდაჭერით განხორციელდა ჯ.კ–ის კუთვნილი კომპანიების გაკოტრება, ნაციონალური მოძრაობის ნარჩენების დაცვა, სახელმწიფოს, სასამართლოსა და საზოგადოების დაშანტაჟება და შეურაცხყოფა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა არაქონებრივი ზიანის ასანაზღაურებდად მოპასუხეებისათვის 50 000 ლარის სოლიდარულად დაკისრება.
ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებმა მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი იმ საფუძვლით განუცხადეს, რომ მოპასუხეთა მიერ გავრცელებული განცხადებები წარმოადგენდა არა ცილისწამებას, არამედ შეფასებით მსჯელობას, ამასთანავე, ზოგიერთ მათგანში მოსარჩელე არ იყო ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.
კასატორის ძირითადი პრეტენზია მიძღვნილია გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების უსწორობისკენ, კერძოდ, შპს „რ.ფ.“ მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა სადავო განცხადებებს და არასწორად მიიჩნია, რომ ისინი არ წარმოადგენდნენ ცილისმწამებლურს, ამასთანავე, სასამართლოს განმარტება მოსარჩელის იდენტიფიცირების თაობაზე არ გამომდინარეობს კანონის სწორი განმარტებიდან.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). თუკი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა, ამდენად, დავის არსებითად განხილვამდე, უნდა შემოწმდეს, ვინ, ვისგან, რას, რის საფუძველზე ითხოვს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესი მოპასუხეების მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფითა და მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციით მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის აღდგენაა.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით აღიარებულია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება - გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პერეცედენტული გადაწყვეტილებებით დასტურდება, რომ ამ ნორმის სუბიექტად აღიარებულია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ იურიდიული პირებიც, ევროპული სასამართლოს განმარტებით, მე-10 მუხლი ვრცელდება „ყველაზე“, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე (Autronic AG v Switzerland, 1990, §47). გამოხატვის თავისუფლების უფლება მოიცავს იმ „იდეებსა“ თუ „ინფორმაციასაც“, რომელიც საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელი ან შეურაცხმყოფელია. ამ მუხლის დაცვის ქვეშ ხვდება უხეში, უტრირებული ფორმითაც გამოთქმული აზრი. დაცვის ხარისხი დამოკიდებულია, ერთი მხრივ, იმ კონტექსტზე, რომელშიც გამოყენებულია ეს ინფორმაცია და მეორეს მხრივ, იმ მიზნებზე, რომელთაც მოცემული კრიტიკა ემსახურება (Thorgeir Thorgeirson v. Iceland, 1992 წელი).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც შეეხებოდა გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე დავას ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ პირს შორის (Steel and Morris v. the United Kingdom) არ გაიზიარა მოდავე მხარის მტკიცება, რომ ისეთ ძლიერ მრავალეროვნულ კომპანიას, როგორიც „მაკდონალდსია“, პრინციპულად უნდა ჩამორთმეოდა დიფამაციური ბრალდებებისაგან თავდაცვის საშუალება, ანდა მოპასუხეებს არ უნდა დაკისრებოდათ გაკეთებული განცხადებების სიმართლის დამტკიცების ვალდებულება. სიმართლეა ის, რომ ძლიერი კომპანიები შეგნებულად და აუცდენლად იყენებენ თავს მდგომარეობაში, როდესაც მათი ქმედებები ღიაა ყოველმხრივი კრიტიკული განხილვისათვის... დასაშვები კრიტიკის ფარგლები ასეთ კომპანიებთან მიმართებაში გაცილებით უფრო ფართოა (იხ. Fayed v. the United Kingdom, 1994 წ.). თუმცა, ბიზნესის პრაქტიკის თაობაზე ღია დებატების საზოგადოებრივ ინტერესთან ერთად, არსებობს კომპანიების კომერციული წარმატებისა და სიცოცხლისუნარიანობის დაცვის კონკურენტული ინტერესიც, ამასთან, არა მარტო ამ კომპანიების აქციონერებისა და თანამშრომელთა ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ფართო ეკონომიკური სიკეთის თვალსაზრისითაც. შესაბამისად, სახელმწიფო სარგებლობს შეფასების თავისუფლებით შიდა კანონმდებლობის საფუძველზე საშუალებების უზრუნველყოფისას, რომელიც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს საკამათოდ გახადოს იმ განცხადებების სიმართლე, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს მის რეპუტაციას, და შეამციროს ზიანი (იხ.markt intern Verlag GmbH and Klaus Beermann v. Germany, 1989 წელი).
ამდენად, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებით რეპუტაციის დაცვაზე სათანადო მხარედ შეიძლება მოგვევლინონ იურიდიული პირებიც, თუმცა ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ თავისუფლება, შიდა კანონმდებლობით დაარეგულირონ სამართლის სუბიექტის რეპუტაციის დაცვის საკითხი, როდესაც სადავო ხდება ცილისწამებიდან გამომდინარე ზიანი.
მოსარჩელის მოთხოვნათა სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც სამოქალაქო კოდექსის, ასევე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები.
სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით რეგლამენტირებულია პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლები. 2004 წლის 16 ივლისამდე მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება.
2004 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2004 წლის 16 ივლისიდან, ახლებურად მოწესრიგდა მე-18 მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა და ნორმის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლებების რეალიზაცია, სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნორმებთან ერთად, შესაძლებელი გახდა სპეციალური კანონით - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად დაადგინა როგორც დაცვის მექანიზმები, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები. ამ მხრივ მნიშვნელოვანია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
ისეთ პირობებში, როდესაც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ ადგენს ცილისწამების შემთხვევაში უფლების დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს, რომლის დადგომაც დამოკიდებულია სასამართლოში აღძრული დავის საგნის სწორ ფორმულირებაზე, სასამართლო ამოწმებს მოთხოვნის შესაბამისობას უფლებადამცავ ნორმებთან, ისე, რომ სასამართლო პასიურია დაეხმაროს მხარეს არასწორი მოთხოვნის სწორად ფორმულირებაში. სხვაგვარად საქმე გვექნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევასთან, რომლის მიხედვითაც სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
პალატის აღნიშნული მსჯელობა სავსებით შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ. სუსგ, #ას-810-1129-07, 16 მაისი, 2008 წელი; #ას-334-654-09, 8 ოქტომბერი, 2009 წელი; #ას-677-638-2011, 24 სექტემბერი, 2012 წელი).
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელე ითხოვს არა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნებას სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, არამედ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების მასობრივი ინფორმაციის იმავე საშუალებით უარყოფას, რაც არ გამომდინარეობს სპეციალური კანონით დადგენილი საფუძვლებიდან, შესაბამისად, მოთხოვნა თავშივე უსაფუძვლოა.
რაც შეეხება მორალური ზიანის ფულად ანაზღაურებას, საკასაციო პალატა შპს „რ.ფ–ის“ ამ მოთხოვნასაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რადგანაც თავად მორალური ზიანი წარმოადგენს მეორად მოთხოვნას და მისი ანაზღაურების საკითხი დღის წესრიგში დგება მას შემდეგ, რაც დადასტურდება მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური განცხადების გავრცელება.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე განიმარტა, სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, იმ საკითხის გარკვევა სწორად მოხდა თუ არა სარჩელისა და შესაგებლის საფუძვლად მითითებული ფაქტების სამართლებრივი შეფასება, აზრს მოკლებულია. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე: საქმეში წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, შპს „რ.ფ.“ მორალური ზიანის დაკისრების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებს იმას, რომ მოპასუხეების მიერ სადავო ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავდა მოსარჩელის დისკრედიტაციას, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას, დანაშაულის მოსარჩელე საზოგადოებისა და მისი ხელმძღვანელობისათვის დაბრალებას, რაც დასტურდება ცილისმწამებლური ინფორმაციის ყველა წამყვანი საშუალებით არაერთხელ გავრცელებით. მოსარჩელის განმარტებით, მას, როგორც მსხვილ ბიზნეს-ორგანიზაციას სერიოზული ზიანი მიადგა, შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
დასახელებული ნორმიდან, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ბრალეული შელახვა), მართალია, გამომდინარეობს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუმცა იურიდიული პირის სარჩელთან მიმართებით სასამართლო პრაქტიკით დადგენილია დამატებითი შეზღუდვები.
იურიდიული პირის მიმართ დიფამაციური განცხადების გავრცელების საკითხის შეფასებისას უნდა გაიმიჯნოს მოდავე სუბიექტის კანონით დაცული ის არაქონებრივი უფლებები, რომელთა ხელყოფამაც შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა. დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, იურიდიული პირი გათანაბრებულია ფიზიკურ პირთან ყველა იმ უფლებაში, რომელიც თვისობრივად არ უკავშირდება ადამიანს. პიროვნულ უფლებათაგან ნაწილი იურიდიულ პირს შეიძლება მხოლოდ მოდიფიცირებული ფორმით გააჩნდეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით (სუსგ N3კ/924-01) განმარტა შემდეგი: „იურიდიულ პირს არ გააჩნია სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცული ისეთი სიკეთე, როგორიცაა პირადი ხელშეუხებლობა, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, ასევე, მორალურ განცდებთან დაკავშირებით მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანი არ შეიძლება მიადგეს იურიდიულ პირს, რადგან მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა, და სხვა). ამდენად, იურიდიული პირის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ იურიდიულად უსაფუძვლოა“.
უდავოა, რომ იურიდიული პირის დაცულ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს საქმიანი რეპუტაცია, რომლის შელახვის გამო შესაძლოა განხილულ იქნას მოპასუხის პასუხისმგებლობის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ასევე მოითხოვს არაქონებრივი ზიანის ფულად ანაზღაურებას მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვის მოტივით.
იმისათვის, რათა გადაწყდეს საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესახებ სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი, პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვას: რა არის საქმიანი რეპუტაცია?
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „საქმიანი რეპუტაციის ქვეშ იგულისხმება საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასება. პროფესია არის ხელობა, საქმიანობა, სპეციალობა, რომელსაც გარკვეული მომზადება სჭირდება და რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს, ხოლო საქმიანი თვისებები, რომელთაც საქმიანი რეპუტაცია გულისხმობს, გააჩნიათ მათ, ვინც მონაწილეობს ეკონომიკურ (კომერციულ) საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რასაც სსკ-ის მე-18 მუხლი ითვალისწინებს, მიმართული უნდა იყოს პირის მიერ განხორციელებული (ან განსახორციელებელი) საქმიანი ოპერაციებისათვის. ასეთი ხელყოფით პირს შეიძლება მიადგეს მატერიალური ზიანიც, ე.ი ხელიდან გაუშვას მოგება, დაეკარგოს კლიენტი და სხვა“ (იხ. სუსგ N3/კ376-01, 18 ივლისი, 2001 წელი). მითითებული განმარტების იურიდიული პირის მიმართ მოდიფიცირებისას შეიძლება დავასკვნათ, რომ საქმიანი რეპუტაციის შელახვა სახეზეა მაშინ, თუ გავრცელებული ცნობები ზეგავლენას ახდენს და ეწინააღმდეგება პირის მიერ შერჩეულ საკუთარ „საბაზრო სახეს“, ანუ კომერციულ შეხედულებას, რომლის დამკვიდრებაც იურიდიულ პირს სურს საზოგადოებაში და გავრცელებული ინფორმაცია მას მესამე პირებთან საქმიან ურთიერთობებში განაცდევინებს მარცხს.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს გარკვეული განცხადებების გავრცელების ფაქტი, კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ გავრცელებული განცხადებების სამართლებრივ შეფასებას. დადგენილია, რომ სადავო შემთხვევასთან მიმართებით გავრცელდა შემდეგი:
1. 2013 წლის 24 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“, რომლის სიუჟეტი დაეთმო სს „ქ.ფ–ის“ ოფისში მომხდარ აფეთქებას, გავრცელდა სს „ქ.ფ–ის“ დირექტორ ნ.ჯ–ის ინტერვიუ: „ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი განხორციელდა იმის გამო, რომ ძალიან ბევრი დარღვევა, როგორც ფინანსური, ისე მაქინაციური, ჩვენ გამოვააშკარავეთ და გამოვავლინეთ. ასე, რომ ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ეს არის განხორციელებული იმ კრიმინალური ჯგუფის მიერ, რომელიც დღეს აკონტროლებს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას“. იმავე სიუჟეტში ჯ.კ–მ გააკეთა შემდეგი კომენტარი: „მინდა დაგარწმუნოთ რომ, მაგ ოფისში გაზი არ იყო, ასე რომ გაზით აფეთქება აქ არ არის და იმედი მაქვს გამოძიება დაადგენს, ამ ბოროტმოქმედებს გამოამჟღავნებს. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებული არის ჩემს აქტივობასთან ბოლო დროს თუნდაც იმასთან, რომ ბევრი ადამიანი ვამხილე ჩემი განცხადებებით და ამით შემოვიფარგლები დღეს. ბოროტმოქმედებს და იმ შეთქმულებებს რომლებსაც აწარმოებდა ძველი ხელისუფლება“. ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ აღნიშნა, რომ ჯ.კ.ის წარმომადგენლის ინფორმაციით, „ინციდენტს წინ მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები უძღოდა, რომლითაც პ.ს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით მაქინაციურ გარიგებებში ადანაშაულებდა“;
2. 2013 წლის 24 ივნისს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ 9-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, რომლის სიუჟეტი დაეთმო სს „ქ.ფ–ის“ ოფისში მომხდარ აფეთქებას, გავრცელდა სს „ქ.ფ–ის“ დირექტორ ნ.ჯ–ის შემდეგი ინტერვიუ: „ყველაფერი ეს დაკავშირებულია იმ განცხადებებთან და იმ მოვლენებთან, რაც უკავშირდება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ეს არის განხორციელებული იმ კრიმინალური ჯგუფის მიერ რომელიც დღეს აკონტროლებს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას“;
3. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით ახალი ამბების გამოშვებაში 2013 წლის 24 ივნისს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, შენობაში სადაც აფეთქება მოხდა სს „ქ.ფ–ის“ ოფისი მდებარეობს, კომპანიის დირექტორი ნ.ჯ. გამორიცხავს, რომ აფეთქება ბუნებრივმა აირმა განაპირობა, ჯ-ის თქმით დღევანდელი აფეთქება იმ პირების მოწყობილია ვინც ამჟამად რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ფლობს. კომპანიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მომხდარი სწორედ მათთან არის დაკავშირებული. ნ.ჯ. აცხადებს: „ეს არის იმ კრიმინალური ჯგუფის მიერ გაკეთებული, ვინც დღეს აკონტროლებს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას. ბუნებრივ აირს მე პირადად გამოვრიცხავ, რადგან იქ ბუნებრივი აირი სამი კვირა საერთოდ არ იყო’“;
4. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“, 2013 წლის 25 ივნისს გავრცელდა, რომ ჯ.კ–ის ინფორმაციით, ინციდენტს წინ მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები უძღოდა, კომპანია პ.ს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით მაქინაციურ გარიგებებში ადანაშაულებდა. ჯ.კ–ის შემდეგი კომენტარი: „მინდა დაგარწმუნოთ, რომ მაგ ოფისში გაზი არ იყო, ასე რომ გაზით აფეთქება აქ არ არის და იმედი მაქვს რომ გამოძიება დაადგენს, ამ ბოროტმოქმედებს გამოამჟღავნებს. ეს რა თქმა უნდა დაკავშირებული არის ჩემს აქტივობასთან ბოლო დროს, თუნდაც იმასთან, რომ ბევრი ადამიანი ვამხილე ჩემი განცხადებებით და ამით შემოვიფარგლები დღეს. ბოროტმოქმედებს და იმ შეთქმულებებს რომელსაც აწარმოებდა ძველი ხელისუფლება და მათ ანტურაჟს“;
5. პირველი არხის (საზოგადოებრივი მაუწყებლის) ეთერში, გადაცემაში „მოამბე“ 2013 წლის 25 ივნისს გავრცელდა ჯ.კ–ის შემდეგი კომენტარი: „თბილისში ააფეთქეს ჩემი ოფისი ნუცუბიძეზე და ერთი ადამიანი მოკვდა, მეორე დამწვარია 95%-ით. წავიკითხე თითქოსდა გაზიო, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ რომ მაგ ოფისში გაზი არ იყო, ასე რომ გაზით აფეთქება აქ არ არის. იმედი მაქვს რომ გამოძიება ამ ბოროტმოქმედებს გამოამჟღავნებს. ეს რა თქმა უნდა ალბათ დაკავშირებულია ჩემს აქტივობასთან... ეჭვი ბევრი მაქვს ესე ვერავის დავადანაშაულებ“;
6. 2013 წლის 25 ივნისს „მეცხრე არხის“ გადაცემაში გავრცელდა ჯ.კ–ის შემდეგი კომენტარი: „ეს რა თქმა უნდა დაკავშირებული არის ჩემს აქტივობასთან ბოლო დროს, მე ვგულისხმობ იმ ბოროტმოქმედებებს და იმ შეთქმულებებს, რომელსაც აწარმოებდა ძველი ხელისუფლება და მათ ანტურაჟს“. იმავე გადაცემაში ნ.ჯ. აცხადებს: „ზ.ნ–ზე ვამბობ, ის ადამიანი რომელიც ფინანსურ პოლიციაში არის მთავარი მოწმე და ჩვენ ისეთ რაღაცეებზე დავიწყეთ ხმამაღლა საუბარი, თუნდაც ქარხნის თემაზე, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრ გავლენიან ადამიანს არ აძლევდა ხელს“. „მეცხრე არხის“ სიუჟეტში აღნიშნული იყო შემდეგი: „ქ.ფ–ს მფლობელი ჯ.კ–ი და მისი კომპანია რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ფლობდა, თუმცა სააკაშვილის მთავრობასა და პ–ის ოჯახს შორის 2011 წლის 6 ივლისს გაფორმებული მემორანდუმის შედეგად ქარხანა ოჯახს გადაეცა. დაახლოებით 2 კვირის წინ კ–მ პრესკომფერენცია გამართა, სადაც მან მეტალურგიული ქარხნის ამჟამინდელი მფლობელები ფინანსურ მაქინაციებში და ბიუჯეტისთვის 39 მილიონი ლარის დამალვაში დაადანაშაულა. კ–მ განაცხადა, რომ პ–ის წინააღმდეგ ქარხნის დასაბრუნებლად სამართლებრივ დავას აგრძელებს“.
7. 2013 წლის 26 ივნისის გადაცემაში „ახალი ამბები“, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ჯ.კ–იმ გააკეთა შემდეგი კომენტარი: „არსებობს გარკვეული ეჭვები, შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ იცით არსებობს ორი თემა, ერთი არის გ.უ–თან მიმართებაში და მეორე თემა დაკავშირებულია ქ.ფ–ის საქმესთან. ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ და სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს“:
8. 2013 წლის 26 ივნისს „მეცხრე არხის“ გადაცემაში „დილა“, მოპასუხე ჯ.კ–მ გააკეთა შემდეგი კომენტარი: „ქ.ფ. დღეს აწარმოებს სამართლებრივ დავას, სადაც ეს ორი ადამიანი, ერთი, რომელიც სამწუხაროდ უკვე გარდაიცვალა და მეორე, რომელიც ებრძვის სიკვდილს, არიან და იყვნენ აქტივისტები, ქ.ფ–ის ერთგული აქტივისტები. ქ.ფ. აუცილებლად გაიმარჯვებს, ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ და სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს“;
9. 2013 წლის 26 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „კურიერი“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჯ.კ. მომხდარს (აფეთქებას ნუცუბიძის ქუჩაზე) კომპანია რ.ფ–ს უკავშირებს თუმცა კონკრეტული პირების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს“. ამავე გადაცემით გავრცელდა მოპასუხე ჯ. კ–ის შემდეგი კომენტარი: „თქვენ თუ ძალიან გაინტერესებთ ვინ, სად და რა ოჯახია ჩართული, მაშინ მოგიწოდებთ, რომ მოვიძიოთ ის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა 6 ივლისს 2011 წელს. რომელიც გახდა საბედისწერო ქ.ფ–თვის და რომლის მეშვეობითაც ჩვენ გამოგვაძევეს იქედან ჯარის მეშვეობით სააკაშვილის ხელისუფლებამ და მერე გადასცა ბოროტმოქმედ ჯგუფს, რომელიც დღეს ფარფაშობს მეტალურგიულ ქარხანაში, რომელიც მეკუთვნის მე და ამ ბრძოლას არ შევწყვეტთ, ვიბრძოლებ ბოლო სისხლის წვეთამდე და ეს სისხლი, რომელიც დაიღვარა უდანაშაულო ხალხის, იმედია ამ ბოროტმოქმედებს თუ არიან ბოროტმოქმედები არ შერჩებათ“.
10. 2013 წლის 27 ივნისს პირველი არხის (საზოგადოებრივი მაუწყებლის) გადაცემაში „მოამბე“ გავრცელდა მოპასუხე სს „ქ.ფ–ის“ შემდეგი განცხადება: „ზ.ნ. იყო გაბედული ადამიანი, რომლიც ებრძოდა უკანონობას და უ-ვა-კ-ის კრიმინალურ დაჯგუფებას. ის გახლდათ მთავარი მოწმე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით. მთელი გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ა.მ–ის და უკვე ზ.ნ–ის დაღუპვის გამო და მოითხოვს, სასწრაფოდ და სათანადო გულისყურით ჩატარდეს გამოძიება, რათა შეწყდეს „ქ.ფ–სა“ და მისი თანამშრომლების დევნა“ ;
11. ინტერნეტ-გვერდზე http://info9.ge/ 2013 წლის 24 ივნისს, ნ-ის ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში მოცემულია მოპასუხე ჯ.კ–ის კომენტარი: „კრიმინალური და ძალადობრივი ქმედებებით, ფინანსური მაქინაციებით, მაშინდელი სახელწიფო მანქანის ტოტალური მხარდაჭერით მათ ჩემი კომპანიები გააკოტრეს და „ქ.ფ–სა“ და „თუჯი XXI-ის“ აქტივები ორი დღით ადრე შექმნილ შპს „რ.ფ–ს“ გადასცეს, რომელიც დღეს ჩემს მეტალურგიულ ქარხანას აკონტროლებს“. აქვე ჯ.კ. კომპანიას საქართველოს მოქალაქეების გაძარცვაში, კერძოდ ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარის მოპარვაში ადანაშაულებს;
12. ინტერნეტ-გვერდზე http://TIMER.GE/ 2013 წლის 24 ივნისს, ამავე დღეს ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით, გავრცელდა მოპასუხე სს „ქ.ფ–ის“ დირექტორ ნ.ჯ–ის განცხადება: „როგორც ცნობილია მიმდინარეობს სასამართლო პროცესი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ძიების პროცესში გამოვლინდა არა ერთი უმძიმესი დანაშაული, რომელიც იმ კრიმინალურმა დაჯგუფებამ ჩაიდინა, ვინც უკანონოდ შეიჭრა და დაისაკუთრა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა“;
13. ინტერნეტ-გვერდზე GBC.GE 2013 წლის 25 ივნისს გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია: „ნ.ჯ–ის განცხადებით, ოფისში ბუნებრივი აირი არ იყო, ამდენად მათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ თავდასხმას. „ქ.ფ–ის“ წარმომადგენელი მომხდარს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაბრუნებასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესს უკავშირებს და აცხადებს, რომ „ძიების პროცესში არა ერთი უმძიმესი დანაშაული გამოვლინდა იმ კრიმინალური დაჯგუფების მხრიდან, რომელიც უკანონოდ შეიჭრა და დაისაკუთრა ქარხანა“;
14. 2013 წლის 25 ივნისს „რადიო პალიტრას“ მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია თბილისში, ნ-ის ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „ჯ.კ–ის ინფორმაციით, ინციდენტს წინ მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები უძღოდა, რომლითაც კომპანია პ–ს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებულ მაქინაციურ გარიგებებში ადანაშაულებდა“.
15. 2013 წლის 2 ივლისის გადაცემაში, „მეცხრე არხზე“ ჯ.კ–იმ გააკეთა შემდეგი კომენტარი: „სააკაშვილის ხელისუფლებისა და ი.გ–ის გაერთიანება მოხდა ჩემს წინააღმდეგ, მათ გადაწყვიტეს, რომ ჩამოეყალიბებინათ ერთობლივი დანაშაულებრივი, დამნაშავეთა ჯგუფი, რომლებსაც უკვე ვხედავთ, რომ მკვლელობისგანაც არ იხევენ უკან. ჩემთვის სააკაშვილის ხელისუფლება, გ.უ., ი.გ. არიან ერთნი“. იმავე გადაცემაში გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია: „ჯ.კ. საყურადღებო დეტალს უწოდებს აფეთქებამდე ორი თვით ადრე კომპანია ქ.ფ–ის საპროტესტო აქციას. როგორც კომპანია ქ.ფ–ის მფლობელი აცხადებს, რუსთავის მეტალურგიული კომბინატის იძულებით წართმევა მისმა თანამშრომლებმა ა.მ–მ და ზ.ნ–მ კარიკატურებით გააპროტესტეს. კარიკატურები, რომელიც ი.გ–სა და მ.ს–ის გარიგების თემას ეხებოდა“;
16. 2013 წლის 3 ივლისს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გადაცემაში სს „ქ.ფ–ის“’ დირექტორმა ნ.ჯ–მა გააკეთა შემდეგი კომენტარი: „მათი წინასწარი დასკვნა და შეფასება მომხდარის არის ასეთი. უბედური შემთხვევა და შემთხვევითობა აქ გამორიცხულია. ქ.ფ–ის ოფისზე თავდასხმის მოტივი ჰქონდათ იმ ადამიანებს, ვინც ვამხილეთ თუნდაც ბიუჯეტიდან 39 მილიონის მოპარვაში“;
17. 2013 წლის 5 ივლისს ტელეკომპანია პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ სს „ქ.ფ–ის“ დირექტორმა ნ.ჯ–მა გააკეთა კომენტარი: „რამდენიმე თვეა უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ გასაჯაროვდეს 2011 წლის 6 ივლისის ხელშეკრულება რომელიც დაიდო ი.გ–სა და მ.ს–ის ხელისუფლებას შორის. ამ ორ ჯგუფს ჰქონდა ინტერესი, რომ ეს ტერაქტი მომხდარიყო“;
18. 2013 წლის 5 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში სს „ქ.ფ–ის“ დირექტორმა ნ.ჯ–მა გააკეთა კომენტარი: „უბედურ შემთხვევაზე და საერთოდ შემთხვევითობაზე საუბარი ასი პროცენტით უკვე გამორიცხულია. თქვენ გაინტერესებთ მოტივაცია, ვის შეიძლებოდა საერთოდ მოტივი ჰქონოდა ამ ქმედების. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას აკონტროლებს ი.გ. და მისი ჯგუფი, მისი კრიმინალური ჯგუფი, მინდა ვთქვა, ეს შეთანხმება დადებულია, 2011 წლის 6 ივლისის შეთანხმებაზე ვსაუბრობ, ი.გ–სა და მ.ს–ის მთავრობას შორის“;
19. 2013 წლის 5 ივლისს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერში სს „ქ.ფ–ი“-ს დირექტორმა ნ.ჯ–მა გააკეთა კომენტარი: „გასაჯაროვდეს ის შეთანხმება, რომელიც დაიდო 2011 წლის 6 ივლისს ი.გ–სა და მ.ს–ის მთავრობას შორის, ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დღევანდელმა მენეჯმენტმა, ანუ „რ.ფ–ის“ მენეჯმენტმა საქართველოს ბიუჯეტიდან მოიპარა 39 მილიონი“;
20. 2013 წლის 5 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში სს „ქ.ფ–ის“ დირექტორმა ნ.ჯ–მა გააკეთა კომენტარი: „უბედურ შემთხვევაზე და, ზოგადად, შემთხვევითობაზე საუბარი ასი პროცენტით უნდა გამოირიცხოს. თქვენ გაინტერესებთ მოტივაცია, ვის შეიძლება საერთოდ მოტივი ჰქონოდა ამ ქმედების. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას დღეს აკონტროლებს ი.გ. და მისი ჯგუფი, მისი კრიმინალური ჯგუფი, ეს შეთანხმება დადებულია, 2011 წლის 6 ივლისის შეთანხმებაზე ვსაუბრობ, ი.გ–სა და მ.ს–ის მთავრობას შორის“;
21. 2013 წლის 5 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში სს „ქ.ფ–ის“ დირექტორმა ნ.ჯ–მა გააკეთა კომენტარი: „გასაჯაროვდეს 2011 წლის 6 ივლისის ხელშეკრულება რომელიც დაიდო ი.გ–სა და მ.ს–ის ხელისუფლებას შორის, მე არ მესმის ი.გ. და მისი კრიმინალური ჯგუფი ასე გამალებით რატომ იცავს ნაციონალური მოძრაობის ნარჩენებს, ამ შემთხვევაში გ.უ. მაქვს მხედველობაში. ამ ორ ჯგუფს ჰქონდა ინტერესი რომ ეს ტერაქტი მომხდარიყო“;
22. 2013 წლის 15 ივლისს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ვებ-გვერდების მეშვეობით გავრცელდა სს „ქ.ფ–ის“ დირექტორ ნ.ჯ–ის განცხადება, რომელშიც ის აღნიშნავს: „თ. ბ-ს და შპს „რ.ფ–ის“ მფლობელებს ურჩევნიათ საზოგადოების რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გასცეს პასუხი:
1. 2011 წლის 6 ივლისს რა შეთანხმებას მოაწერა ხელი ი.გ.მ და მ.ს–მა?
2. 2011 წლის 6 ივლისს რატომ შემოიყვანეს ჯარი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში და ძალის გამოყენებით რატომ წაართვეს კანონიერ მეპატრონეს თავისი ქარხანა?
3. როგორ მოიპარეს საქართველოს ბიუჯეტიდან წინა ხელისუფლების მხარდაჭერით, სწორედ იმ წიდის ამორალური გაყიდვით 39 მილიონი ლარი?
4. რატომ ჰგავს გაჭრილი ვაშლივით ი.გ–ის და მისი ხელქვეითების გაცხადებები გ.უ–სა და გ.ვ–ის განცხადებებს მიმდინარე სასამართლოს საქმეებზე?
5. და საერთოდ, რატომ აძლევს ი.გ. და მისი გუნდი თავის თავს უფლებას დააშანტაჟოს ქართული სახელმწიფო, სასამართლო, საზოგადოება...? ი.გ–ს და მის გუნდს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ნაციონალების“ მმართველობა დასრულდა, რაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში შანტაჟის და სპეკულაციების დრო დამთავრდა“;
23. 2013 წლის 18 ივლისს საინფორმაციო საშუალების „FOR.GE-ს“ მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სს „ქ.ფ–ის“ დირექტორი ნ.ჯ–ი მოითხოვს 2013 წლის 24 ივნისს მომხდარი აფეთქების საფუძველზე დაწყებული გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლას, რადგან, მისივე განცხადებით, იმ შენობაში გაზი არ ყოფილა და რომ იქ გაზი გაჩნდა, ეს არაა შემთხვევითობა. ეს არის ხელოვნურად მოწყობილი ტერორისტული აქტი, რომლის უკან ყოფილი ხელისუფლება და ბ.პ–ის ოჯახი დგას.
ჟურნალისტი: ტერორისტული აქტის ორგანიზატორად თქვენ ბ.პ–ის ოჯახი და წინა ხელისუფლება დაასახელეთ. თუ გაქვთ მტკიცებულება, რომელიც მათ დანაშაულს დაადასტურებს?
ნ.ჯ. ზ.ნ., ა.მ. იყვნენ ადამიანები, რომლებსაც პირადი მტერი არ ჰყოლიათ, ამ ადამიანებმა ისე იცხოვრეს, რომ სიკეთის გარდა არაფერი უკეთებიათ. მათი პირადი ინტერესი ნამდვილად არავის ჰქონია გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები იდგნენ სიმართლის და სამართლიანობის გვერდით, იბრძოდნენ ჩვენს გვერდით. უბრალოდ, ვინც შეუკვეთა და შეასრულა ეს ტერორისტული აქტი, მათ გათვლა უფრო მეტ მსხვერპლზე ჰქონდათ, ვიდრე იმაზე რაც მიიღეს. ამით უნდოდათ მთელი ჯგუფის განადგურება. სამწუხაროდ, ეს ორი ადამიანი შეეწირა ამ ბრძოლას. მე არ მესმის რა მოტივი შეიძლება გქონდეს, როცა საუბარია ორი ან 10 ადამიანის სიკვდილზე, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იმას უკავშირდება, რომ ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეა, ვითხოვთ 2011 წლის 6 ივნისს ხელისუფლებასა და ი.გ–ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლითაც ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარის უკანონო მითვისება დასტურდება და ამ ხელშეკრულებით „ქ.ფ.“ რუსთავის მეტალურგიული ქარხნიდან ჯარის მეშვეობით გამოაგდეს.
ჟურნალისტი: ანუ პ–ის ოჯახმა 39 მილიონი ლარი მიითვისა, რაც თქვენ გაახმაურეთ და ამის გამო დაიგეგმა ეს ტერორისტული აქტი?
ნ.ჯ–ი: დიახ.
ჟურნალისტი: როგორ და რა გზით მიითვისა ი.გ–მ 39 მილიონი?
ნ.ჯ–ი: 39 მილიონის თემა წარმოქმნილია იქიდან, რომ ი.გ–მ და მისმა ჯგუფმა ხელოვნურად შექმნილი მაქინაციებით ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარი მოიპარეს, ჩვენ ხმამაღლა ვსაუბრობდით რამდენიმე თემაზე და მათ შორის 39 მილიონის მითვისებაზე. ზ. და ა. იყვნენ „ქ.ფ–ის“ თანამშრომლები, ისინი იყვნენ ჩემი თანამშრომლები და ამ ბრძოლაში, რომელიც პირველ ოქტომბერს არჩევნების შემდეგ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დასაბრუნებლად დავიწყეთ, ვიყავით ერთად. უბრალოდ, ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, რომ ეს ორი ადამიანი შეეწირა ბრძოლას. ი.გ.მ და მისმა ჯგუფმა ბიუჯეტიდან 39 მილიონი მოიპარა. 2011 წლის 6 ივნისს ჯარის გამოყენებით ძალით გამოგვყარეს ქარხნიდან. ვითხოვდით და ახლაც ვითხოვთ გაასაჯაროონ 2011 წლის 6 ივნისის ხელშეკრულება, რომელიც ი.გ–მ გააფორმა მიხეილ სააკაშვილის მთავრობასთან. ამ ხელშეკრულების გასაჯაროებით ძალიან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.
ჟურნალისტი: თქვენ დაახლოებით თუ იცით რა წერია ამ ხელშეკრულებაში, რომელიც ყოფილ ხელისუფლებასა და ი.გ–ს შორის დაიდო?
ნ.ჯ: ამ დოკუმენტს, რატომღაც დღეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ზ.ნ. იყო ის ადამიანი რომელიც კარდაკარ არკვევდა როგორ შეიძლებოდა ამ დოკუმენტის გასაჯაროება, რომ იურიდიული გზით სწორად წავსულიყავით. რაც შეეხება იმას, ვიცი თუ არა ამ დოკუმენტში რა წერია, თბილისი პატარა და ჭორიკანა ქალაქია, 2 წლის განმავლობაში სხვადასხვა წყაროებიდან ერთი და იგივე ინფორმაცია მომდის იმაზე რა წერია ამ დოკუმენტში და მინდა გითხრათ, რომ კარგი არაფერი არ წერია. აბსოლუტურად განსხვავებული წყაროები არ შეიძლება ერთი და იგივეს გვიყვებოდნენ. 99%-ის სიზუსტით ვიცი რა წერია ამ შეთანხმებაში. მარტო ამ დოკუმენტის გამო არა, ყველა იმ ქმედების გამო მოხდა ეს უბედურება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით. ძალიან მკვეთრ განცხადებებზე გადავედით, ამას ემატება ჯ. ქ–ის განცხადებები და ჩვენებები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს თ.ბ–ის, გ.ვ–ის და გ.უ–ას მიერ ჯ. ქ–ის მისამართით გაკეთებული გაცხადებები“;
24. 2013 წლის 18 ივლისს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, რომლებმაც გააშუქა შპს „რ.ფ–ის“ მუშა-მოსამსახურეთა აქცია, სს „ქ.ფ–ის“ დირექტორმა ნ.ჯ–მა გააკეთა შემდეგი განცხადება: „დღეს, ი.გ–მ და მისმა გუნდმა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები აიძულა გასულიყვნენ და მცდარი ინფორმაცია მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის. გასაკვირი არაფერია, იძულება მათი ხელწერაა, ასე აიძულებდნენ ამ ადამიანებს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ ხმა ნაციონალური მოძრაობისთვის მიეცათ. მათ დღეს იყენებენ რათა მათი მეშვეობით დააშანტაჟონ სახელმწიფო, სასამართლო, საზოგადოება, ცდილობენ ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარის მოპარვის ფაქტი გადაფარონ! დიახ, ეს ყადაღა მათი კრიმინალური მაქინაციების შედეგია! ი.გ–მ და მისმა გუნდმა ბიუჯეტიდან 39 მილიონი მოიპარა და ახლა ასეთი მეთოდებით ცდილობს თავის გადარჩენას, იარაღად კი ხალხს იყენებს“; იმავე საკითხზე, „რუსთავი 2-ის“ მეშვეობით ნ.ჯ–მა განაცხადა: „ი.გ–სა და მისი ჯგუფის დღევანდელი ქმედება უსუსური მცდელობაა სახელმწიფოს, საზოგადოების და სასამართლოს დაშანტაჟების. დღევანდელი მათი ქმედებით ისინი ცდილობენ ბიუჯეტიდან მოპარული 39 მილიონის თემის გადაფარვას, რომელიც სწორედ წიდის გადაყიდვის მაქინაციებით შეძლეს“; პირველი არხის მეშვეობით ნ.ჯ–მა განაცხადა: „ჩვენი კომენტარი, როგორც ქ-ის დირექტორის, იქნება ასეთი: იძულება და ძალადობა საერთოდ ი.გ–ის და მისი ჯგუფის ხელწერაა. დღესაც ადამიანები აიძულეს მცდარი ინფორმაცია მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის“;
25. საინფორმაციო საშუალება „პირველის“ მეშვეობით, 2013 წლის 25 ივლისს სს „ქ.ფ–ის“ დირექტორმა ნ.ჯ–მა შემდეგი განცხადება გაავრცელა: „საინტერესოა შპს „რ.ფ–ის“ წარმომადგენელები რატომ აძლევენ თავს უფლებას შეურაცხყონ სახელმწიფო, სასამართლო და ქართული საზოგადოება. იქნებ უმჯობესია საქმის განხილვისას რაიმე არგუმენტი წარმოადგინონ. კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვითხოვ ი.გ–მ და შპს „რ.ფ–ის“ წარმომადგენელმა განუმარტონ საზოგადოებას:
1. რა ქონებაში გაუცვალეს ტელეკომპანია „იმედი“ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას და რა გარიგებას მოაწერა ხელი ი.გ–მ და მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის 6 ივლისს?
2. წინა ხელისუფლების მხარდაჭერით, წიდის ამორალური გადაყიდვით როგორ მოიპარეს საქართველოს ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარი?
3. როდემდე უნდა აშანტაჟოს ი.გ–მ და მისმა გუნდმა ქართული სახელმწიფო, სასამართლო და საზოგადოება?!“
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, შესაბამისად, იგი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კერძო პირია, რომლის მიმართ გავრცელებული განცხადებები წარმოადგენს თუ არა ცილისწამებას, უნდა შეფასდეს ამავე კანონის მე-13 მუხლის კონტექსტში. მითითებული ნორმით კი, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) გავრცელებული ინფორმაცია უნდა ეხებოდეს მოსარჩელეს; ბ) გავრცელებული ინფორმაცია უნდა იყოს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი; გ) იურიდიული პირის შემთხვევაში, გავრცელებული ინფორმაცია ზიანს უნდა აყენებდეს მის საქმიან რეპუტაციას. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა მოიხმობს ამავე კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნტს, რომელშიც გადმოცემულია „აზრის“ დეფინიცია და კანონმდებელი აზრის სტატუსის მატარებლად განიხილავს შეფასებით მსჯელობს, თვალსაზრისს, კომენტარს, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვას, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (იხ. სუსგ, №ას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი). აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (სუსგ, №ას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ, №ას-179-172-2012, 1 ოქტომბერი, 2014 წელი).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მოსაზრების (შეფასებითი მსჯელობის) ფაქტებით დამტკიცება შეუძლებელია, ამიტომ არც ის შეიძლება, რომ ვინმეს ამ მოსაზრების სისწორის დამტკიცება დაევალოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცება გადაუჭრელი ამოცანაა. ფაქტის არსი შეიძლება დემონსტრირებულ იქნეს, მაგრამ შეფასებითი მსჯელობის სიმართლე არ შეიძლება მტკიცების საგანი იყოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცების მოთხოვნა წარმოადგენს იერიშის მიტანას აზრის თავისუფლებაზე (Lingens v. Austria).
საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას სადავო განცხადებების შეფასებით მსჯელობად მიჩნევის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილთაგან უმრავლესი (N1-5; N7-8; N10; N12-13; N15-18; N20-21) წარმოადგენს მოპასუხეების დამოკიდებულებას მომხდარ უბედურ შემთხვევასთან, გადმოცემულია მათი შეფასებები, რაც სრულად ჯდება „აზრის“ კვალიფიკაციაში, რამდენადაც არ შეიცავს დადასტურებად ფაქტებს, რომელიც შეიძლება მტკიცებას დავუქვემდებაროთ, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც მისი ავტორის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების აბსოლუტური საფუძველია.
რაც შეეხება განცხადებათა დანარჩენ ნაწილს, ისინი შეიცავენ როგორც „აზრის“, ისე „ფაქტის“ ელემენტებს, კერძოდ, „მეცხრე არხის“ სიუჟეტში (N6) საუბარია ფინანსურ მაქინაცებსა და ბიუჯეტიდან თანხის მოპარვაზე, თუმცა ადრესატი არაა ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული, არამედ საუბარია ზოგადად „მეტალურგიული ქარხნის ამჟამინდელ მფლობელებზე“; 2013 წლის 26 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გავრცელებულ ინფორმაციაში (N9) ჟურნალისტი გადმოსცემს ჯ.კ–ის შეფასებით მსჯელობას, მის მოსაზრებას. ჯ.კ–ის ინტერვიუში კი გადმოცემულია რესპოდენტის ვარაუდი, მოსაზრება, სადაც კ-ი იმედს გამოთქვამს, რომ მომხდარი არ შერჩებათ ბოროტმოქმედებს, თუ არიან ბოროტმოქმედები; „info.ge-ზე“ გავრცელებული ინფორმაცია (N11), საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ასევე აზრის სტატუსის მატარებელია, ხოლო ჟურნალისტის მითითებაში, რომ კეი ადანაშაულებს კომპანიას, არ არის იდენტიფიცირებული ადრესატი, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მოსარჩელის მიმართ გავრცელებულ განცხადებად.
პალატა მიუთითებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეების მიერ გავრცელებული ის განცხადებები, სადაც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული, არ შეიძლება შეფასდეს მისი საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობის გავრცელებად.
საკასაციო პალატა ასევე მოიხმობს ტელეკომპანია მე-9 არხის ეთერში გავრცელებულ სს „ქ.ფ–ის“ დირექტორ ნ.ჯ–ის განცხადებას (N19), სადაც გადმოცემულია ფაქტი, ასევე მოხსენიებულია მოსარჩელე, თუმცა გამოთქმის კონტექსტის, ასევე ნ.ჯ–ის შემდგომი განცხადებების (N22; 23; 24; 25) შესწავლით დასტურდება განცხადების ადრესატი - ი.გ., მ.ს., პ–ის ოჯახი ... ამასთანავე, ამ განცხადებებში ასევე გადმოცემულია ფაქტები, რომელთაც საკასაციო პალატა ვერ შეაფასებს, ვინაიდან განცხადებაში მითითებული პირები წინამდებარე დავაში მოსარჩელე მხარეს არ წარმოადგენენ, რაც შეეხება „რადიო პალიტრის“ მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეყრდნობა ჯ.კ–ის განცხადებას (N14), საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მასში გადმოცემულია ჟურნალისტის შეფასება, ამასთანავე, განცხადების ადრესატი არ არის მოსარჩელე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო გავრცელებული განცხადებებით მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვის დამტკიცება, რაც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შეზღუდვის ინიციატორს ეკისრებოდა. ამავე ნორმით კი, დადგენილია, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „რ.ფ–ის“ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
რაც შეეხება კასატორის მიერ 2015 წლის 22 იანვარს წარმოდგენილ Nა-170-15 განცხადებაზე დართულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, პალატა მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს მათ წარმომდგენს, კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ წარმოდგენილი გადაწყვეტილებებით დასტურდება მოპასუხეების მიერ გავრცელებული რიგი განცხადებების უკანონობა, ხოლო მათ დაგვიანებით წარმოდგენის მიზეზად უთითებს ამ გადაწყვეტილებების გამოტანის თარიღს. პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალური ფარგლები და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „რ.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კასატორს დაუბრუნდეს 2015 წლის 22 იანვრის განცხადებაზე დართული სასამართლო გადაწყვეტილებების ასლები 26 ფურცლად.
4. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე