საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
18 მაისი, 2015 წელი №ას-97-91-2015
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა.პ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ფ.-ა, მ.ფ.-ა
კასატორი – დ.ფ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ა.პ.-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორ ა. პ.-ს მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
კასატორ დ.ფ.-ას მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მამობის დადგენა, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა დ.ფ.-ამ მოპასუხე ა.პ.-ას მიმართ და მოითხოვა:
1.199.. წლის .. თებერვალს დაბადებული მ.ფ.-ას მამად ა.პ.-ას დადგენა;
2. მ.ფ.-ასათვის მოპასუხის გვარის მინიჭება;
3. ა.პ.-ასთვის მ.ფ.-ას სარჩოდ ალიმენტისა და ერთჯერადი გადასახდელის დაკისრება;
4. მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დავალება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ.ფ.-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა დ.ფ.-ამ.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის განჩინებით:
1. დ.ფ.-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ფ.-ამ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 1 ნოემბრის განჩინებით:
1. დ.ფ.-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. გაუქმდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება და დადგინდა საქმის არსებითი განხილვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით:
1. დ.ფ.-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. ასევე არ დაკმაყოფილდა დ.ფ.-ას სარჩელი ა.პ-ას მიმართ მ.ფ.-ას მამად ცნობისა და მისთვის გვარის მინიჭების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება დ.ფ.-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 20 ივლისის განჩინებით:
1. დ.ფ.-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული – 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.
2006 წლის 5 იანვარს დ.ფ.-ამ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლების დარღვევის ფაქტის დასადგენად საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
2014 წლის 4 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავა გადაწყვეტილად მიიჩნია და გამოიტანა განჩინება, რომლითაც საჩივარი კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებით ამორიცხა საქმეთა ნუსხიდან, ხოლო საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლთან მიმართებით მიიჩნია დაუშვებლად.
2014 წლის 20 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ.ფ.-ას სარჩელი მამობის დადგენისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ; აღნიშნულ ნაწილში დ.ფ.-ას სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით განახლდა საქმის წარმოება; საქმის განხილვაში მხარედ ჩაერთო მ.ფ.-აც.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
1. დ.ფ.-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. დ.ფ.-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
3. ა.პ.-ა ცნობილ იქნა 199.. წლის ... თებერვალს დაბადებული მ.ფ.-ას მამად;
4. ა.პ.-ას დ.ფ.-ას სასარგებლოდ დაეკისრა 9730 ლარის გადახდა;
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დ.ფ.-ამ სარჩელი აღძრა ა. ფ.-ას წინააღმდეგ და მოითხოვა 199.. წლის ... თებერვალს დაბადებული მ.ფ.-ას მამად ა.პ.-ას აღიარება, მ.ფ.-ასთვის მოპასუხის გვარის მინიჭება, ასევე, მ.ფ.-ას სარჩოდ მოპასუხისათვის ალიმენტისა და ერთჯერადი გადასახდელის დაკისრება და მორალური ზიანის ანაზღაურება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაასაჩივრა დ.ფ.-ამ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 1 ნოემბრის განჩინებით დ.ფ.-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება გაუქმდა და დადგინდა საქმის არსებითი განხილვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით დ.ფ.-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დ.ფ.-ას საჩივარი ა.პ.-ას მიმართ მ.ფ.-ას მამად ცნობისა და მისთვის გვარის მინიჭების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება დ.ფ.-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა მისი საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.
2006 წლის 5 იანვარს დ.ფ.-ამ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლების დარღვევის ფაქტის დასადგენად საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოების პროცესში საქართველოს მთავრობა და დ.ფ.-ა მორიგდნენ. ამ მორიგებით საქართველოს მთავრობამ აღიარა, რომ სამოქალაქო კოდექსში იყო რიგი ნაკლოვანებები, რამაც ხელი შეუშალა მომჩივანს სრულად განეხორციელებინა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებები.
საქართველოს მთავრობამ აღიარა დ.ფ.-ას უფლება, ხელახლა წამოეწყო სამართალწარმოება ეროვნული სასამართლოების წინაშე მამობის დადგენისა და ალიმენტის გადახდის მოთხოვნით, სამართალწარმოების დაწყების დღიდან.
ზემოაღნიშნულის გამო, 2014 წლის 4 მარტს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავა გადაწყვეტილად მიიჩნია და განჩინება გამოიტანა, რომლითაც საჩივარი კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებით, საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა, ხოლო – კონვენციის მე-6 მუხლთან მიმართებით დაუშვებლად მიიჩნია.
ამ განჩინების საფუძველზე, 2014 წლის 20 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ.ფ.-ას სარჩელი მამობის დადგენისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ. აღნიშნულ ნაწილში დ.ფ.-ას სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით განახლდა საქმის წარმოება. საქმის განხილვაში მხარედ ჩაერთო მ.ფ.-აც.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს განჩინებით საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტს დნმ-ის ანალიზის საფუძველზე უნდა დაედგინა, იყო თუ არა ა.პ.-ა 199.. წლის ... თებერვალს დაბადებული მ.ფ.-ას ბიოლოგიური მამა.
ექსპერტიზა არ ჩატარდა იმ მიზეზით, რომ საექსპერტო კვლევისთვის განკუთვნილ ვადაში ა.პ.-ა ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზის ნიმუშების ასაღებად არ გამოცხადდა.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლით, 245-ე მუხლის პირველი ნაწილით, 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 394-ე მუხლით.
დადგინდა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 1 ნოემბრის განჩინებით დ.ფ.-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება გაუქმდა და დადგინდა საქმის არსებითი განხილვა.
ამის შესაბამისად, საოლქო სასამართლომ გამოიტანა ნაწილობრივი გადაწყვეტილება, რომლითაც გადაწყვიტა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი. ამავდროულად დადგინდა საქმის არსებითი განხილვაც. ეს განჩინება კანონიერ ძალაში იყო შესული და, ამის შესაბამისად, სასამართლო იხილავდა სააპელაციო საჩივარს იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ.ფ.-ას მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ დ.ფ.-ა და ა.პ.-ა დაქორწინებული არ ყოფილან და მათ, ასევე, შვილის წარმოშობის შესახებ ერთობლივად არ განუცხადებიათ. ამის გამო, დავა უნდა გადაწყვეტილიყო სასამართლო წესით.
სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ დანიშნა ბიოლოგიური - დ.ნ.მ. ექსპერტიზა და, ამასთან, მხარეებს განუმარტა, რომ თუ რომელიმე მათგანი არასაპატიო მიზეზით არ შეასრულებდა ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს შეუშლიდა ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია დადასტურებულად მიიჩნეოდა. მიუხედავად ამისა, ა.პ.-ამ ექსპერტის მითითებები არ შეასრულა და ექსპერტიზის ნიმუშების ასაღებად ექსპერტიზის ბიუროში არ გამოცხადდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია აპელანტის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ ა.პ.-ა იყო მ.ფ.-ას მამა. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება ა.პ.-ას სასამართლოსთვის არ წარუდგენია და არც მათზე მიუთითებია, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ დ.ფ.-ას მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმართ საქართველოს სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, ალიმენტის დაკისრების ნაწილში განეახლებინა საქმის განხილვა სამართალწარმოების დაწყების დღიდან, ე.ი. 2001 წლის 7 აგვისტოდან. ამ ვალდებულების აღების მომენტისთვის მ.ფ.-ა უკვე სრულწლოვანი იყო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლზე და განმარტა, რომ მ.ფ.-ა იმ დროს უკვე სრულწლოვანი იყო და არ იყო შრომისუუნარო. შესაბამისად, ა.პ.-ას მისი რჩენის ვალდებულება ჰქონდა მხოლოდ სრულწლოვანებამდე, ანუ 2012 წლის 15 თებერვლამდე. ამდენად, სასამართლოს შეიძლებოდა ემსჯელა ა.პ.-ასთვის იმ მიუღებელი სარჩოს დაკისრების შესახებ, რომელიც მას მ.ფ.-ასთვის უნდა გადაეხადა 2001 წლის 7 აგვისტოდან 2012 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ არც სარჩელსა და არც სააპელაციო საჩივარში დ.ფ.-ას მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა კონკრეტულად არ განუსაზღვრავს. საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას მან ამ მოთხოვნაზე საერთოდ უარი თქვა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება არ გამოუტანია. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო არა მარტო აპელანტის, არამედ, ასევე, ა.პ.-ას შემოსავლები და მისი ოჯახური მდგომარეობა 2001-2012 წლებში.
სასამართლოს ინიციატივით მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ზემომითითებულ პერიოდში ა.პ.-ას ჰქონდა მხოლოდ სახელფასო შემოსავალი და იგი პერიოდულად იცვლებოდა: 2007 წელს ა.პ.-ას წლიურად დაერიცხა ხელფასი – 6756 ლარი, 2008 წელს – 10808 ლარი, 2009 წელს – 12488 ლარი; 2010 წელს – 13108.82 ლარი, 2011 წელს – 12745.76 ლარი, ხოლო 2012 წლის იანვარში 1112.5 ლარი. ამასთან, ამ თანხას აკლდებოდა საშემოსავლო გადასახადი 20%-ის ოდენობით. ა.პ.-ას შემოსავლების შესახებ უფრო ადრინდელი პერიოდის ინფორმაცია სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა, თუმცა მის მიერ დაკავებული თანამდებობის, ზოგადად, ქვეყანაში 2001-2005 წლებში ხელფასის ოდენობისა და მისი ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ პერიოდში ა.პ.-ას წლიური შემოსავალი უთუოდ 6756 ლარზე ნაკლები იქნებოდა. მიუხედავად ამისა, კიდეც რომ მიჩნეულიყო, რომ 2001-2005 წლებში ა.პ.-ას წლიური დარიცხული ხელფასი 6756 ლარი იყო, მისი ყოველთვიური შემოსავალი 450.4 ლარი იქნებოდა.
საქმეზე დადგინდა, რომ ა.პ.-ას ჰყავდა მეუღლე, ლ. რ.-ა და სამი შვილი: 199.. წლის ... იანვარს დაბადებული თ. პ.-ია, 199... წლის ... იანვარს დაბადებული ნ. პ.-ია და 200..წლის .. აპრილს დაბადებული ს. პ.-ია. ცხადი იყო, რომ თ. პ.-ია და ნ.პ.-ია 2012 წლის 15 თებერვლის ჩათვლით არასრულწლოვნები იყვნენ, ხოლო ს. პ.-ია სრულწლოვანი ჯერაც არ იყო და, შესაბამისად, ა.პ.-ას მათი რჩენის ვალდებულებაც ეკისრებოდა.
იმის გათვალისწინებით, რომ 2001 წლის 7 აგვისტოდან 2012 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში ა.პ.-ას კმაყოფაზე იმყოფებოდა სამი არასრულწლოვანი, რომელთა რჩენის ვალდებულებაც მას ეკისრებოდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა.პ.-ას მ.ფ.-ას სარჩოდ ყოველთვიურად 70 ლარი უნდა გადაეხადა. შესაბამისად, 2001 წლის 7 აგვისტოდან 2012 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში ა.პ.-ას მთლიანობაში უნდა გადაეხადა 9660 ლარი, რომელიც მას გადახდილი არ ჰქონდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა.პ.-ამ და დ.ფ.-ამ.
ა.პ.-ას საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
კასატორს არასწორად დაეკისრა ალიმენტი, ვინაიდან ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ.ფ.-ას მოთხოვნა ა.პ.-ას მიმართ მ.ფ.-ას მამად ცნობისა და მისთვის გვარის მინიჭების თაობაზე, ხოლო ალიმენტის დაკისრების მოთხოვნაზე დ.ფ.-ამ უარი განაცხადა და ეს შუამდგომლობა სასამართლომ დაუკმაყოფილა;
გარდა ამისა, წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდებოდა სადავო პერიოდში კასატორის შემოსავალი. 2001-2006 წლებში კასატორის სახელფასო შემოსავალი არ აღემატებოდა 150 ლარს;
სასამართლომ მონაცემები არასწორად დაიანგარიშა, კერძოდ, გადაწყვეტილების 4.44 პუნქტით განსაზღვრული პერიოდი, 2001 წლის 7 აგვისტოდან 2012 წლის 15 თებერვლამდე, მოიცავს არა 138 თვეს, არამედ 126 თვეს, შესაბამისად, ამ პერიოდისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა არა 9660 ლარს, არამედ 8820 ლარს შეადგენს;
დ.ფ.-ას საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მოთხოვნის მიუხედავად, სარჩოს ოდენობა არ განსაზღვრა სამართლიანი და გონივრული შეფასების საფუძველზე, ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაითვალა მოწინააღმდეგე მხარის შემოსავლები, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში იქნა მიღებული ა.პ.-ას ოჯახის წევრების რაოდენობა, თუმცა, იმ დროს მას ჰყავდა მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი შვილი, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა, მოპასუხის ხელფასი 450 ლარიდან 1400 ლარამდე გაიზარდა, შესაბამისად, უნდა გაზრდილიყო ალიმენტის ოდენობაც. მიუხედავად ზუსტი ინფორმაციის არარსებობისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2001-2005 წლებში ხელფასის ოდენობისა და მისი დინამიკის გათვალისწინებით, ა.პ.-ას წლიური შემოსავალი, 6756 ლარზე ნაკლები იქნებოდა. აღნიშნულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და უტყუარი მტკიცებულებების ნაცვლად ვარაუდებს ემყარება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.პ.-ასა და დ.ფ.-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
კასატორი ა.პ.-ა მიიჩნევს, რომ ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ უარი თქვა ალიმენტის მოთხოვნაზე და ეს შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2005 წლის 5 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეს უარი კი არ უთქვამს ალიმენტის მოთხოვნაზე, არამედ მოხსნა ეს მოთხოვნა, რაც შეიძლება შეფასდეს როგორც სარჩელის გამოხმობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლოს არანაირი საპროცესო დოკუმენტი მოსარჩელის ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ მიუღია.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სასამართლოს მოსარჩელის მოთხოვნაზე ალიმენტის დაკისრების შესახებ, ამ ნაწილში საქმის წარმოების განახლება ნებისმიერ შემთხვევაში სავალდებულო იქნებოდა, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის განჩინებით დამტკიცდა მორიგება საქართველოს მთავრობასა და მომჩივანს შორის, რომლის ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ საქართველოს მთავრობამ აღიარა დ.ფ.-ას (მომჩივნის) უფლება, ეროვნულ დონეზე ხელახლა წამოეწყო სამართალწარმოება (საქართველოს სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად) მამობის დადგენისა და ალიმენტის გადახდის მოთხოვნით ეროვნული სასამართლოების წინაშე სამართალწარმოების დაწყების დღიდან.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ალიმენტის ოდენობასთან (თვეში 70 ლარი) დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ალიმენტის მითითებული ოდენობა შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას.
კასატორის პრეტენზია შეეხება ასევე უზუსტობას (უსწორობას) ალიმენტის ოდენობის გაანგარიშებაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი შესაძლებელია გადაწყდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით დადგენილი წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ.
კასატორი დ.ფ.-ა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ალიმენტი უფრო მეტი ოდენობით უნდა დაკისრებოდა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან სასამართლომ გაითვალისწინა როგორც შვილის, ასევე მშობლის მატერიალური მდგომარეობა და მართებულად განსაზღვრა ალიმენტის ყოველთვიური ოდენობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა.პ.-ასა და დ.ფ.-ას საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორ ა.პ.-ას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 487 ლარის) 70% – 340.90 ლარი. რაც შეეხება დ.ფ.-ას, იგი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.პ.-ასა და დ.ფ.-ას საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ა.პ.-ას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 487 ლარი, მათ შორის: 2015 წლის 12 იანვარს ა.პ.-ას მიერ გადახდილი 300 ლარი, საგადახდო დავალება №... და 2015 წლის 3 თებერვალს ლ. რ-ს მიერ გადახდილი 187 ლარი, საგადახდო დავალება №...5) 70% – 340.90 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე