Facebook Twitter

№ას-570-538-2012 29 ივნისი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. წ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, სს „... ...“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინება.

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. წ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის არ მთავრობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2005 წლის 30 დეკემბრის მიმართვის და ამავე სამინისტროს 2006 წლის 11 იანვრის №15 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, აჭარის არ ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს 2006 წლის 11 იანვრის N17 ბრძანების სს „... ...-ის“ ნაწილში ბათილად ცნობა, აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავალდებულება აღნიშნულ ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და ტურბაზა „ქ-სათვის“ 31051 კვ.მ-ის ნაცვლად 27 959 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაფიქსირება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 აპრილის განჩინებით ლ. წ-ი სარჩელი აჭარის არ ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს 2006 წლის 11 იანვრის N17 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად გადაეცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 მაისის განჩინებით სს „... ...“ ჩაება მესამე პირად მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ლ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. წ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვისას 2011 წლის 28 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე სს „... ...“ აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად საქმეში მოპასუხედ ჩაება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. წ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. წ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინებით ლ. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2005 წლის 30 დეკემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოსთხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებად დაერეგისტრირებინა ქ. ქობულეთში, .. ა-ის ქ. №28-ში მდებარე ყოფილი ტურბაზა ,,ქ-ის” შენობა და მასზე დამაგრებული 31051 კვ. მ მიწის ნაკვეთი აზომვითი მიწის ნახაზის მიხედვით;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურმა დააკმაყოფილა აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნა და ქ.ქობულეთში, .. ა-ის ქ. №28-ში მდებარე ყოფილი ტურბაზა ,,ქ-ის” შენობა და მასზე დამაგრებული 31051 კვ. მ მიწის ნაკვეთი აზომვითი მიწის ნახაზის მიხედვით დაარეგისტრირა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებად;

აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, როგორც სს ,,... ...-ის” 100%-იანი წილის მფლობელმა პარტნიორმა, 2006 წლის 11 იანვრის №17 ბრძანებით მის საკუთრებაში არსებული, ქ. ქობულეთში, .. ა-ის ქ. №28-ში მდებარე ყოფილი ტურბაზა ,,ქ-ის” შენობა და მასზე დამაგრებული 31051 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიტანა სს ,,... ...-ის” საწესდებო კაპიტალში;

2006 წლის 14 თებერვალს აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო №15 ბრძანება, რომლითაც სს ,,... ...-ის” 100% წილი პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა კომპანია ,,ა. რ. ჰ. ბი.ვი-ს“. აღნიშნული ბრძანებით გასხვისდა სადავო მიწის ნაკვეთიც;

მოსარჩელემ ჩათვალა, რომ სს ,,... ...-ის” საწესდებო კაპიტალში მისი მიწის ნაკვეთი არასწორად იყო შეტანილი და ქ. ქობულეთში, .. ა-ის ქ. №28-ში მდებარე ყოფილი ტურბაზა ,,ქ-ის” შენობის და მასზე დამაგრებული 31051 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწესდებო კაპიტალში შეტანის თაობაზე აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2006 წლის 11 იანვრის №17 ბრძანება გაასაჩივრა სასამართლოში. 2010 წლის 2 სექტემბრის საოქმო განჩინებით სარჩელი განუხილველად დარჩა მოსარჩელის მიერ მისი გამოხმობის გამო;

2010 წლის 20 ოქტომბერს ლ. წ-მა აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარეს მიმართა საჩივრით და მოითხოვა აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2005 წლის 30 დეკემბერის მიმართვის და ამავე სამინისტროს 2006 წლის 11 იანვრის №17 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ასევე აჭარის არ მთავრობის 2006 წლის 14 თებერვლის №15 ბრძანების სს ,,... ...-ის“ ნაწილში ბათილად ცნობა. აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარეს საჩივართან დაკავშირებით, ვინაიდან რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია, ასევე საჩივრის განხილვის ვადა მთავრობის თავმჯდომარეს არ გაუგრძელებია, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და 2011 წლის 28 იანვარს სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2005 წლის 30 დეკემბერის მიმართვის და ამავე სამინისტროს 2006 წლის 11 იანვრის №17 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ასევე აჭარის არ მთავრობის 2006 წლის 14 თებერვალის №15 ბრძანების სს ,,... ...-ის” ნაწილში ბათილად ცნობა;

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით, მიუთითა საკომლო წიგნის ჩანაწერზე, მიწის ნაკვეთის ტექ. პასპორტზე, ასევე მიწის გადასახადებზე. ასევე მის მიერ ამ სადავო ნაკვეთის სარგებლობასთან დაკავშირებითაც იმავეზე მიუთითა, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლოშიც განმარტავდა, რომ ამ ნაკვეთზე მას მოჰყავდა მრავალწლოვანი ნარგავები, რგავდა კაკლის ხეებს და ჩადგმული ჰქონდა სავაჭრო ჯიხური.

ამ განმარტების საპირისპიროდ, სს ,,... ...-ის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2007 წელს მათ განახორციელეს ობიექტის დემონტაჟი. 2008 წლიდან სადავო ტერიტორია შემოღობილია და გამოიყენება მანქანების პარკირებისათვის.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და სს ,,... ...-ის“ პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ლ. წ-ს სასამართლოსათვის არ წარუდგენია სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების ან მფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულები.

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ 1971 წლის 13 ივლისს მიღებული საქართველოს მიწის კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და მისი გადაცემა შეიძლებოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის თანახმად, ძალადაკარგულ კანონთა ნუსხაში მიწის კოდექსი არ შესულა. ამავე კოდექსის 1513-ე მუხლის თანახმად, კერძო საკუთრებად მხოლოდ ის მიწის ნაკვეთები გამოცხადდა, რომელიც ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებობდა და რომლებზეც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები მდებარეობდა, დანარჩენი მიწები კვლავ სახელმწიფო საკუთრებად რჩებოდა, შესაბამისად, ლ. წ-ს საკუთრებაში აქვს ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც საცხოვრებელი სახლი მდებარეობს. 2005 წლის 3 დეკემბრის №542 განკარგულებით სახელმწიფოს მიერ განიკარგა დღეისათვის სადავოდ ქცეული მიწის ნაკვეთი, რომელიც საკუთრების უფლებით გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, რომელმაც შემდეგ ეს ნაკვეთი კვლავ კანონის შესაბამისად გაასხვისა.

სააპელაციო სასამართლომ ასვე მიიჩნია, რომ ლ. წ-ის სარჩელი ხანდაზმული იყო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. წ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. საკასაციო საჩივარი შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ წანამძღვრებს ემყარება:

ლ. წ-ს და მის ოჯახს საკუთრებაში გააჩნდა 1 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც იწყებოდა ამჟამინდელი ა-ის ქ. 168-დან და გრძელდებოდა ყ-ის ქუჩის ჩათვლით, სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სამხრეთით, ამჟამინდელი .. ა-ის ქუჩის მონაკვეთისა და სადავო მიწის ფართის ,,გ-სა“ და რ-ის ქუჩის ჩათვლით. 1 ჰა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა განსაზღვრულია საქმეში არსებული საინვენტარიზაციო გეგმა-ნახაზებითა და საკომლო წიგნის ჩანაწერებით.

აღნიშნული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ლ. წ-ის ოჯახის საკუთრებაში და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების მისამართი დროთა განმავლობაში იცვლებოდა და იგი იწოდებოდა, როგორც ლ-ის ქუჩა N200, ასევე ლ-ის ქ. N156, N188 (ამჟამინდელი ა-ის ქუჩა), რომელიც ამ ეტაპისთვის იწოდება ა-ის ქ. N168-ად. ლ. წ-ი ამ ეტაპისთვის ფლობს 729 კვ. მ მიწის ნაკვეთს. 1941 წლის მდგომარეობით, ლ. წ-ის ოჯახი ფლობდა 6482 კვ. მ მიწის ნაკვეთს, საიდანაც 3092 კვ. მ მიწის ნაკვეთი არაოფიციალურად მიითვისა სამხედრო ტურბაზამ, 400კვ.მ აწ გარდაცვლილმა ნ. ფ-მა, ხოლო მიწის უმეტესი ნაწილი მოხმარდა გზების მშენებლობას. აღნიშნული ქმედებების განხორციელების შემდეგ, ქობულეთის საქალაქო საბჭოს აღმასკომი იძულებული გახდა, არაოფიციალური ქმედებები დაეკანონებინა და მიეღო გადაწყვეტილება, ხ. წ-ზე ნორმაზე მეტი მიწის ნაკვეთის - სულ 1333 კვ.მ-ის სამომავლოდ ჩამოჭრის შესახებ, რომელიც, ფაქტობრივად, ეხებოდა გზების მშენებლობისათვის გამოყენებულ მიწას. სამხედრო ტურბაზას არავითარი ოფიციალური დოკუმენტი არ აქვს ლ. წ-ის მიწის ნაკვეთის ბალანსზე აღრიცხვის, მიწის ნაკვეთის მიითვისა თვითნებურად. მითვისებულ მიწის ნაკვეთზე აიგო სამხედრო ტურბაზის შენობა, მიმდებარე ტერიტორია კი დარჩა აუთვისებელი, რომელსაც კვლავ სრულიად მართლზომიერად დაეუფლა ლ. წ-ის ოჯახი. მათ მოჰყავდათ მრავალწლოვანი კულტურები, რგავდნენ კაკლის ხეებს და ა. შ. ამ მიწის ნაკვეთში ჩადგმული აქვთ სავაჭრო ჯიხური, ამასთან, ლ. წ-ი ყოველთვის გამოთქვამდა მზადყოფნას იმ შენობის შესაძენად, რომელიც მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა ანდა მოითხოვდა ფულად კომპენსაციას. სარჩელით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, ლ. წ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილია, გაგრძელებაა, რომლის დაკანონების უფლებაც აქვს კასატორს, როგორც მართლზომიერ მფლობელს. კასატორის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს პრეზიდენტის №525 ბრძანებულება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწად ითვლება სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, რომელზეც ფიზიკურ პირს მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე და ა. შ.

ფაქტი იმის შესახებ, რომ სამხედრო ტურბაზას არავითარი ოფიციალური დოკუმენტი არ გააჩნდა და არ არსებობს, ლ. წ-ის ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის, სამხედრო ტურბაზის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ, დასტურდება შემდეგი წერილობითი მტკიცებულებებით: 1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №542 განკარგულება (აჭარის არ სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ). აღნიშნული განკარგულების თანდართულ ნუსხაში (სახელმწიფო ქონება) მითითებულია მხოლოდ ტურბაზა ქ-ი (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო) უძრავი ქონება მისამართი და მიზნობრიობა, აღნიშნულ ნუსხაში, მიწის ნაკვეთის გრაფა არის ცარიელი; 2. ქობულეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 13 დეკემბრის №117 დადგენილება, ქ. ქობულეთში .. ა-ის ქ. 28-ში მდებარე ქობულეთის სამხედრო ტურბაზას შენობა-ნაგებობებზე მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ. აღნიშნული დადგენილებით, ქ. ქობულეთში, .. ა-ის ქ. 28-ში მდებარე ქობულეთის სამხედრო ტურბაზას შენობის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებისათვის შენობა-ნაგებობებზე მიწის ნაკვეთის დამაგრებისათვის უძრავ ქონებაზე მიმაგრებული იქნა შენობა-ნაგებობების ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი, თანახმად სამხედრო ტურბაზას ტექნიკური პასპორტისა. ამდენად, აღნიშნული დადგენილებით დაკანონებული იქნა მხოლოდ შენობა-ნაგებობის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი, თანახმად სამხედრო ტურბაზის ტექნიკური პასპორტისა; 3. აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2005 წლის 13 დეკემბრის მიმართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ - ქობულეთში, .. ა-ის ქ. 28-ში მდებარე ქობულეთის სამხედრო ტურბაზის შენობისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ქონებად დარეგისტრირების შესახებ, აღნიშნულ მიმართვაში მოხსენიებულია მხოლოდ შენობის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი. 4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 4 ნოემბრის №284807 წერილი. აღნიშნული წერილით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქ. ქობულეთში, .. ა-ის ქ. 28-ში მდებარე ყოფილი ტურბაზის დარეგისტრირების საფუძველია: სააღრიცხვო ბარათში მითითებული დოკუმენტები: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს №01-22/2048 13.12.2005 წ. მომართვა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 8.12.2005 წ. ბრძანება, აზომვით ნახაზთან ერთად. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 13.12.2005 წ. მომართვაში მოხსენიებულია მხოლოდ შენობის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი.

თავდაპირველად 31 051 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია, ჩნდება-აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2005 წლის 30 დეკემბრის წერილში (მომართვა) ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, კერძოდ, ქობულეთში, .. ა-ის ქ. 28-ში მდებარე ქობულეთის სამხედრო ტურბაზის შენობის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ქონებად დარეგისტრირების შესახებ. აღნიშნული წერილი შეიცავდა არასწორ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №542 განკარგულების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის ნაწილში. აღნიშნული განკარგულებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე გადაცემული იქნა მხოლოდ სამხედრო ტურბაზას შენობა და არა მიწის ნაკვეთი, რაც დასტურდება ზემოთ მითითებული მტკიცებულებებით. თუმცა აღნიშნული წერილი არ გამოყენებულა და ის რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი არ ყოფილა, რაც დასტურდება ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 4 ნოემბრის 284807 წერილით.

ლ. წ-ის შეცდომაში შეყვანის მიზნით, არასწორ ინფორმაციას შეიცავდა 2010 წლის 1 მარტის აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის წერილი, რომლის მიხედვითაც, ქობულეთში, .. ა-ის ქ. 28-ში მდებარე 3092 კვ. მ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო აჭარის არ საკუთრებად, რომელიც შემდგომში აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის №15 ბრძანების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის წესით მიეყიდა სპს ,,ა. რ. ჰ. ბი-ვი-ს”. ასევე არასწორ ინფორმაციას შეიცავდა აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 21 ივლისის მეორე წერილი, ლ. წ-ის სახელზე. სამინისტროს შეგნებულად შეცდომაში შეჰყავდა ლ. წ-ი და აწვდიდა არასწორ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოსდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის 542 განკარგულების საფუძველზე მოხდა-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტურბაზა ,,ქ-ის” 5046,6 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობისა და მათზე დამაგრებული 31051 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აჭარის არ საკუთრებად დარეგისტრირება და შემდგომში აღნიშნული ქონების სს ,,... ...-ის“ კაპიტალში შეტანა.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის 542 განკარგულება, 31 051 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს. რაც შეეხება სამხედრო ტურბაზას შენობის და 31051 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სს ,,... ...-ის” კაპიტალში შეტანას, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2007 წლის 6 ივლისის შპს ,,ქ. კ-ის” პარტნიორთა კრების №2 ოქმით, გადაწყდა, რომ შემცირდეს შპს ,,ქ. კ-ის“ საწესდებო კაპიტალი შემდეგნაირად, საზოგადოების საკუთრებიდან ამოღებული იქნეს და პარტნიორისათვის უკან გადაცემული შემდეგი უძრავი ქონება: ტურბაზა ,,ქ-ი”, მისამართი: ქობულეთი, .. ა-ის ქ. 28. ამდენად, საჯარო რეესტრის ჩანაწერებით სს ,,... ...-ზე” ქობულეთში, .. ა-ის ქ. 28-ში მდებარე ქონება, მათ შორის 31 051 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა, 2007 წლის 6 ივლისის შპს ,,ქ. კ-ის” პარტნიორთა კრების №2 ოქმით და საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 12 ივლისის №4126 ბრძანებით, სადაც (რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებში) არ არის მითითება და არავითარი ინფორმაცია 31051 კვ. მ მიწის ნაკვეთის შესახებ.

ერთადერთი ინფორმაცია, ტურბაზა ,,ქ-ის” შენობა-ნაგებობების და მასთან ერთად 31051 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, სს ,,... ...-ის” კაპიტალში შეტანის შესახებ, მოპოვებულ იქნა აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №17 ბრძანებაში, რომელიც საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. აღნიშნულ ბრძანებას მიიჩნევს უკანონოდ, რადგან არ არსებობს არავითარი მტკიცებულება და ინფორმაცია 31 051 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სამხედრო ტურბაზას ბალანსზე აღრიცხვის, სახელმწიფო საკუთრებად ან/და აჭარის არ საკუთრებად აღრიცხვისა და დარეგისტრირების შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდრე სს ,,... ...-ზე” სადავო მიწის ნაკვეთის გადაცემა მოხდებოდა, მანამდე სამხედრო ტურბაზა სს ,,... ...-ს” ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უკანონოდ ქონდა შეტანილი სს ,,... ...-ის” პასიურ კაპიტალში 2005 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით და იპოთეკით დატვირთული, მათ შორის 31 051 კვ.მ. მიწის ნაკვეთიც, უძრავი ქონების რეგისტრაციის განხორციელებამდე, რაც არის სრული უკანონობა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ თვითნებურად განკარგა, ე.ი. შეიტანა სს ,,... ...-ის” კაპიტალში, ქ. ქობულეთში, .. ა-ის ქ. 28-ში მდებარე 31 051 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის ნაწილზეც, ლ. წ-ი, როგორც მართლზომიერი მფლობელი და მოსარგებლე, აცხადებს პრეტენზიას და მოითხოვს აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ, სს ,,... ...-ის” უძრავი ქონების ჩამონათვალთა ნუსხაში, ტურბაზა ,,ქ-ზე” მიმაგრებული 31 051 კვ. მ მიწის ნაკვეთის ნაცვლად 27 959 კვ. მ მიწის ნაკვეთის დაფიქსირებას ე. ი. 31 051 კვ. მ მიწის ნაკვეთის-3092 კვ. მ მიწის ნაკვეთით შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც ლ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. წ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.