№ ას-1113-1044-2012 25 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. ბ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – რ. დ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. დ-მ სარცელი აღძრა სასამართლოში სს „ს. ბ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა რ. დ-ის სახელფასო განაკვეთიდან ჩამოჭრილი 9126,33 ლარიდან, 5737,55 ლარის გადახდილად ჩათვლა მხარეებს შორის არსებული 2008 წლის 12 ივნისის თავდებობის ხელშეკრულებიდან და მ. მ-ის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით; მოსარჩელის განთავისუფლება ს/ს ‘ს. ბ-სა~ და რ. დ-ს შორის არსებული 2008 წლის 12 ივნისის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 10 261,69 ლარის გადახდისაგან; ასევე, მოსარჩელისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის - 3388,87 ლარის დაბრუნება და მიყენებული ზიანის 373.76 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 12 ივნისს ს/ს ‘ს. ბ-სა~ და მ. მ-ს შორის დაიდო №567123 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც, მოსარჩელე რ. დ-მ და კ. გ-მ განაცხადეს წერილობითი თანხმობა სოლიდარულ თავდებობაზე. 2009 წლის ოქტომბრის ბოლოს მოსარჩელეს მოუვიდა ს/ს ‘ს. ბ-ის“ პრობლემური სესხების დეპარტამენტის დასავლეთის განყოფილების წერილი, რომლითაც აცნობდნენ, რომ ძირითადი მოვალის მ. მ-ის მიერ დარღვეული ხელშეკრულების გამო მისგან მოითხოვდნენ 7781,62 ლარის გადახდას. ამავდროულად 2009 წლის 20 ოქტომბრიდან დაიწყო მისი ხელფასის მთლიანად ჩამოჭრა პროცენტის დასაფარავად. 2008 წლის 29 სექტემბრისათვის, ბანკისათვის ცნობილი იყო ძირითადი მოვალის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევა, როცა მან პრაქტიკულად ვეღარ შეძლო დავალიანების დაფარვა და მისი გადახდისუუნარობა აშკარა გახდა. ბანკმა ერთი წლის დაგვიანებით აცნობა თავდებს ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადაგადაცილების ფაქტი, რითაც მან არ შეასრულა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის მოთხოვნა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე უფლებამოსილი იყო ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილებიდან არაუგვიანეს მესამე დღისა, უაქცეპტოდ ჩამოეჭრა თანხები თავდების ანგარიშიდან.
მოპასუხე ს/ს ‘ს. ბ-ის~ წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მისი მითითებით, მოსარჩელე რ. დ-მ სრულად იკისრა იმ ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება, რაც გამომდინარეობდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან, გაცემული თანხის ორმაგი ოდენობით, შესაბამისად, მისი საბანკო ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხა შეესაბამებოდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას. (ს. ფ. 95-101; 2011 წლის 28 დეკემბრის სხდომის ოქმი 14:42:46; 15:31:28).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით რ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სს „ს. ბ-ს“ მოსარჩელე რ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზედმეტად გადახდილი 126 ლარის გადახდა; რ. დ-ის მოთხოვნა მისი სახელფასო განაკვეთიდან ჩამოჭრილი თანხის ძირითადი და საპროცენტო განაკვეთში ჩათვლის, პირგასამტეხლოს გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; რ. დ-ის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. დ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლების, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით რ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს „ს. ბ-ს“, რ. დ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ ზედმეტად გადახდილი (ჩამოჭრილი) 3262.78 ლარი, მოპასუხე სს „ს. ბ-ს“ რ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის - 373.76 ლარის გადახდა, სს „ს. ბ-ს“ რ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ ორივე ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 254.56 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს წარმოადგენდა პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლებისა და ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების, მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში რ.დ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერება.
აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის 12 ივნისს სს „ს. ბ-სა“ და მ. მ-ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ამ უკანასკნელზე გაიცა სესხი 4500 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 24% დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% ოდენობით (ტ. I. ს.ფ. 17-18).
2008 წლის 12 ივნისის №567123 სოლიდარული თავდებობის შესახებ წერილობითი განცხადებით მოსარჩელე რ. დ-ე სოლიდარულ თავდებად დაუდგა ძირითად მოვალეს, მ. მ-ს; მოსარჩელემ რ. დ-მ სს „ს. ბ-ის“ წინაშე აიღო ვალდებულება 2008 წლის 12 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 1.4. პუნქტში მითითებული თანხის (4500 ლარი) ორმაგი ოდენობით დაფარვის შესახებ, რომელშიც შედიოდა ძირითად ვალი, პროცენტი და პირგასამტეხლო (ტ. I. ს.ფ. 20, 17-18).
ძირითადი მოვალის, მ. მ-ის პირადი ანგარიშის ნაერთი ამონაწერიდან და წერილობითი გაფრთხილებებიდან გაირკვა, რომ მის მიერ გადახდის ვადაგადაცილება დაფიქსირდა 2008 წლის 29 სექტემბრიდან (ტ. I. ს.ფ. 21-25, 70, 72).
თავდები რ. დ-ე ძირითადი მოვალის, მ. მ-ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის თაობაზე წერილობით გაფრთხილებულ იქნა, მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევიდან 1 წლის შემდეგ, 2009 წლის 17 ოქტომბერს, ხოლო გაფრთხილებიდან მესამე დღეს სახელფასო ანგარიშიდან ჩამოეჭრა თანხა, 2011 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით, - სულ 9126,33 ლარი (ტ. I. ს.ფ. 26, 27-69, ტ. II. 31.05.2012 სხდომის ოქმი, 14:36:21).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მხარეებს შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891.1-ე და 898.1-ე მუხლზე მითითებით არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ვალდებულებას იღებდა ბანკის წინაშე დაეფარა ხელშეკრულების 1.4. პუნქტში მითითებული თანხის ორმაგი ოდენობა, რომელიც შეადგენდა 9000 ლარს, ხოლო მოპასუხის მიერ ჩამოჭრილი თანხის ოდენობა შეადგენდა – 9126.33 ლარს, თითქოს, მოპასუხემ მოსარჩელეს ზედმეტად ჩამოაჭრა მხოლოდ 126.33 ლარი. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნებოდა სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ძირითადი მოვალის, მ. მ-ის მიერ გადახდის ვადაგადაცილება დაფიქსირდა 2008 წლის 29 სექტემბრიდან. ამასთან, თავდებ რ. დ-ს ძირითადი მოვალის, მ. მ-ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის თაობაზე წერილობით გაფრთხილებულ იქნა ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის 17 ოქტომბერს და გაფრთხილებიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოეჭრა სახელფასო ანგარიშიდან თანხა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას 2012 წლის 31 მაისის სხდომაზე, მოსამართლის შეკითხვაზე, მოწინააღმდეგე მხარის - სს „ს. ბ-ის“ წარმომადგენელმა განმარტებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკით, ვადაგადაცილებისას ძირითად მოვალეს, მის საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობისას, დავალიანება ჩამოეჭრებოდა დაუყონებლივ (ტ. II. 31.05.2012 სხდომის ოქმი, 14:41:13-14:41:50) და მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია კანონმდებლობით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპი; პალატის მოსაზრებით, დაუშვებელია, თავდები დაზარალდეს ძირითად მოვალეზე მეტად. უარეს შემთხვევაში, შესაძლებელია მხოლოდ, თავდების მოვალეობები გაუთანაბრდეს ძირითადი მოვალის მოვალეობებს, მაგრამ არა - მეტად დამძიმდეს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს განმარტებით, ბანკს რომ ძირითადი მოვალის, მ. მ-ის მიერ გადახდის ვადაგადაცილების დროიდან, ყოველთვიურად, ჩამოეჭრა თავდების სახელფასო ანგარიშიდან დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მას არ დაერიცხებოდა პირგასამტეხლო პერიოდული დაფარვის ვადაგადაცილებისათვის, ყოველდღიურად 0,5%-ის ოდენობით, შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლების და ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, შესაბამისად, მოპასუხე სს „ს. ბ-ს“ რ. დ-ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ამ უკანასკნელის მიერ ზედმეტად გადახდილი (ჩამოჭრილი) 3262,78 (3388,78-126) ლარი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 412-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენდა მოპასუხე ბანკში ეროვნული ვალუტით გათვალისწინებული დეპოზიტების წლიური საპროცენტო განაკვეთი, რასაც კრედიტორი მიიღებდა ბრუნვაუნარიანი ობიექტის - ფულის, შეგროვებად ანაბარზე განთავსების შედეგად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანი იყო და სს „ს. ბ-ს“ რ. დ-ის სასარგებლოდ, 2009 წლის 20 ოქტომბრიდან 2011 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე, ყოველთვიურად ზედმეტად გადახდილი 147.33 (3388.78 : 23 თვეზე) ლარის გაანგარიშებით, უნდა დაეკისრებოდა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 373.76 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. ბ-ი“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ იყო დასაბუთებული
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ს. ბ-ის“ დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 12 სექტემბერს, №89 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300) ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. სულხანიშვილი