№ას-1509-1424-2012 14 იანვარი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჯ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ვალდებულების ოდენობის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ნ.ჯ-ის სარჩელი მოპასუხე მ.ს-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
ბათილად იქნა ცნობილი ნ.ჯ-სა და მ.ს-ეს შორის 2010 წლის 16 დეკემბერს ქ.ბათუმში, ფ. მ-ის ქ.№59-ში მდებარე 58.04კვ.მ ფართზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით; დადგინდა დასახელებული ფართის ნ.ჯ-ის საკუთრებაში კვლავ აღრიცხვა და მითითებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა ნ.ჯ-სა და მ.ს-ეს შორის 2010 წლის 16 დეკემბერს 17700 აშშ დოლარზე დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. ამავდროულად, დადგინდა აღნიშნული ცვლილების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აგვისტოს განჩინებით მ.ს-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ხოლო ამავე სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით ნ.ჯ-სა და მ.ს-ეს შორის 2010 წლის 16 დეკემბერს 17700 აშშ დოლარზე დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ნ.ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქ.ბათუმში, ფ. მ-ის ქ.№59-ში მდებარე 58.04კვ.მ ფართი იპოთეკით დაიტვირთა ნ.ჯ-სა და მ.ს-ეს შორის 2010 წლის 16 დეკემბერს 14500 აშშ დოლარზე დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2010 წლის 16 დეკემბერს ნ. ჯ-ის მინდობილ პირს, თ. გ-სა და მ.ს-ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება;
ამ ხელშეკრულებით მხარეებმა ნ. ჯ-ის კუთვნილი, ქ.ბათუმში, ფ. მ-ის ქ.№59-ში მდებარე ქონება იპოთეკით დატვირთეს მ.ს-ის სასარგებლოდ;
მხარეებმა იპოთეკით უზრუნველყვეს მ.ს-ის მიმართ ნ. ჯ-ის ვალდებულების, 17700 აშშ დოლარის შესრულება. ეს თანხა მოიცავდა სესხად გადაცემულ 8200 აშშ დოლარს, სხვა ვალდებულებებს და ნ. ჯ-ის ვალს მ.ს-ის მამამთილის, თ. ზ-ის მამის, გარდაცვლილი თ. ზ-ის მიმართ – 3200 აშშ დოლარს;
თ. ზ-ის მიმართ არსებული დავალიანება ნ. ჯ-მა გაისტუმრა 2012 წელს. აქედან გამომდინარე, მას მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ გადასახდელი დარჩა 14500 (17700-3200) აშშ დოლარი;
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება და დადგინდა ქონების იპოთეკით დატვირთვა, კონკრეტულ თანხაში გამოხატული ვალდებულების უზრუნველსაყოფად, შესული იყო კანონიერ ძალაში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ აპელანტის ვალდებულების მოცულობა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავო იყო, რომ მ.ს-ეს ნ. ჯ-ის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა სრულად არ უსესხებია. ეს თანხა იყო მხარეთა შორის არსებული ვალდებულებების ჯამი და მოიცავდა ნ. ჯ-ის ვალს თ. ზ-ის მიმართ – 3200 აშშ დოლარს. როგორც დადგინდა, ეს ვალი აპელანტმა გაისტუმრა, ე.ი. მითითებულ ნაწილში, მან ვალდებულება შეასრულა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. რამდენადაც აპელანტმა ვალდებულება შეასრულა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მ.ს-ეს დასახელებულ ნაწილში, მის მიმართ მოთხოვნა აღარ გააჩნდა. აქედან გამომდინარე, 3200 აშშ დოლარის ნაწილში იპოთეკა გაქარწყლებული იყო.
სამოქალაქო კოდექსის 288-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც არსებობს იპოთეკა ქარწყლდება, მაშინ იპოთეკა გადადის უძრავი ნივთის მესაკუთრეზე. იმის გათვალისწინებით, რომ 3200 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში მ.ს-ეს აპელანტის მიმართ მოთხოვნა აღარ გააჩნდა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ნაწილში იპოთეკა გადასული იყო აპელანტზე და იგი უფლებამოსილი იყო, მოითხოვა მისი გაუქმება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მისი ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარის მიმართ უნდა შემცირებულიყო 10824 აშშ დოლარამდე. საქმეში წარდგენილი ხელშეკრულებიდან უთუოდ დგინდებოდა, რომ მხარეებმა აპელანტის ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარის მიმართ განსაზღვრეს 17700 აშშ დოლარით. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარდგენა ევალებოდა აპელანტს, მას კი თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია. აპელანტის პოზიცია არ დასტურდება არც საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით და არც ფარული ჩანაწერით. ყველა შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ აპელანტის ვალდებულება მის მიმართ შეადგენდა 17700 აშშ დოლარს. მხოლოდ ის, რომ კრედიტორმა საუბარში ზუსტად ვერ დააჯამა ვალდებულებები, აპელანტის მოთხოვნას არ ამტკიცებდა და საბუთში დაფიქსირებულ მონაცემს არ აბათილებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მ.ს-ის მოთხოვნა აპელანტის მიმართ უნდა განსაზღვრულიყო 14500 აშშ დოლარით (17700-3200) და ქონება იპოთეკით უნდა დატვირთულიყო ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ს-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
საქმეში წარმოდგენილია წერილობითი ფორმით შედგენილი ხელშეკრულება, რის გამოც მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია საწინააღმდეგოს დამტკიცება. მხარემ, რომელმაც ხელი მოაწერა ამ გარიგებას, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო რაზეც ხელს აწერდა. მოცემულ შემთხვევაში ფაქტია, რომ ნ.ჯ-ს სურდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება, ოღონდ სხვა სახის ხელშეკრულებაზე. მხარეთა შორის შეთანხმება შედგა, თუმცა არა იმ პირობებზე, რომლებიც მხარეებს სურდათ. გარიგებას შედეგი მოჰყვა, ვინაიდან სადავო ქონება დარეგისტრირდა მყიდველის სახელზე და მესაკუთრე შეუდგა საკუთრების მართვას, კერძოდ, მან გამყიდველი ბინიდან გამოასახლა. დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სახეზეა თვალთმაქცური გარიგება, რადგან მისი დადება მოხდა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მხარეთა თავისუფალი ნებით;
სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ გარიგების თანხაში შედიოდა 3200 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გამოკლებოდა დაკისრებულ თანხას, რადგან მხარეები ცალკე შეთანხმდნენ გარიგების ფასზე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა თანხები შედიოდა დასახელებულ თანხაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ.ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.მ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1205.60 ლარი) 70% – 843.92 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ მ.ს-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. მ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1205.60 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 17 დეკემბერი, საგადახდო დავალება №...) 70% – 843.92 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე