Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-759-718-2015 28 ივლისი, 2015 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – მ--ა ა--ა

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ--ს მ--ი“, ჯ--ა ხ--ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლისა და 19 თებერვლის განჩინებები

საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ--ა ა--ა შპს „ქ--ს მ--ს“ (სკ --) პარტნიორი და საზოგადოების 39,5% წილის მფლობელია, ხოლო მეორე პარტნიორი, ჯ--ა ხ--ა კი, 60. 5%-ის მესაკუთრეა.

2. მ--ა ა--მ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე მოპასუხე შპს „ქ--ს მ--ს“ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადება [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, „შემდგომში სსსკ-ის“, 192-ე მუხლის პირველი ნაწილი].

3. განმცხადებლის მოთხოვნა დასაბუთებული იყო შემდეგი გარემოებებით:

ა) მას და ჯ--ა ხ--ს შორის უკანასკნელ ხანს მეტად დაძაბული ურთიერთობაა, რაც განპირობებულია საწარმოს მართვაში მესამე პირის, ხ-ს შვილის, ს--ი მ--ს, მონაწილეობით.

ბ) ბოლო ორი წლის განმავლობაში იგი (განმცხადებელი) ფაქტობრივად არ მონაწილეობს საზოგადოების საქმიანობაში, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება მისი დასწრებისა და აზრის გათვალისწინების გარეშე. ამ ხნის განმავლობაში მას არ მიუღია კუთვნილი დივიდენდები;

გ) 2014 წლის 19 დეკემბერს შპს „ქ--ს მ--ს“ მიერ დაიგეგმა პარტნიორთა მორიგი კრება. დღის წესრიგის მიხედვით, ერთ-ერთი საკითხი საზოგადოების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გასხვისებას შეეხებოდა. ვინაიდან კრებაზე გადაწყვეტილება უმრავლესობით მიიღებოდა, მის დასწრებას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნებოდა და უძრავი ქონება მაინც გასხვისდებოდა.

დ) აღნიშნულის გამო, იგი აპირებს, საზოგადოების წინააღმდეგ აღძრას სარჩელი და მოითხოვოს: შპს „ქ--ს მ--ი“ მისი წილის გამოყოფა, საზოგადოებიდან გასვლა და მიუღებელი შემოსავლის, 2 000 000 ლარის, გადახდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მ. ა--ს განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „ქ--ს მ--ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება ან რაიმე სახის ვალდებულებით დატვირთვა:

4.1. უძრავი ქონება საკადასტრო კოდით #--, მის: ქ. ყვარელი;

4.2. უძრავი ქონება საკადასტრო კოდით #--, მის: ყვარელი, სოფ --;

4.3. უძრავი ქონება საკადასტრო კოდით #--, მის: ქ. ყვარელი, სოფ. „--“;

4.4. უძრავი ქონება საკადასტრო კოდით #--, მის: ქ. ყვარელი, სოფ. „---“;

4.5. უძრავი ქონება საკადასტრო კოდით #--, მის: ყვარელი, სოფ. --;

4.6. უძრავი ქონება საკადასტრო კოდით #--, მის: ყვარელი, სოფ. --;

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინება გაასაჩივრა შპს „ქ--ის მ--ა“. საჩივრის ავტორი სადაოდ ხდიდა, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერებას, ასევე იმ გარემოებასაც, რომ სასამართლომ არ იმსჯელა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზე;

6. საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებამდე, 2014 წლის 29 დეკემბერს, მ--ა ა--მ სარჩელი აღძრა შპს „ქ--ს მა--სა“ და ჯ--ა ხ--ს, წინააღმდეგ. მან ფაქტობრივად შეცვალა სარჩელის აღძვრამდე განცხადებაში მითითებული დავის საგანი და ამჯერად მოითხოვა: მოპასუხეებს საწარმოში მისი კუთვნილი წილის [39.5%] საკომპენსაციოდ 20 000 000 აშშ დოლარი დაჰკისრედებოდათ. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში სსკ-ის) 399-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე და 352-ე, 354-ე მუხლებზე. მან ასევე სსკ-ის 408 (1) და 411-ე და 412-ე მუხლების საფუძველზე მიყენებული ზიანის, 1 500 000 აშშ დოლარის, ანაზღაურებაც მოითხოვა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში;

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მ. ა---ს დაევალა 7 დღის ვადაში საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე განეთავსებინა 645000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ-ის) 199 (1)-ე მუხლი);

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება მ. ა--ს 2015 წლის 11 თებერვალს ჩაჰბარდა.

10. მან განჩინებით დაკისრებული მოქმედება არ შეასრულა და მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე არ განათავსა 645 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 თებერვლის განჩინებით გაუქმდა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული განჩინების მიღების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მ. ა--მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინებით დადგენილი მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება ვერ უზრუნველყო (სსსკ-ის 199.2 მუხლი).

12. მ--ა ა--მ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ნაწილში, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არ არსებობდა სსსკ 199-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, რადგანაც არ იყო დასაბუთებული თუ რა სახისა და რა ოდენობის ზიანი მიადგებოდა შპს „ქ--ს მ--ს“ ქონებაზე ყადაღის დადებით. მისი აზრით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საკითხისადმი ფორმალური მიდგომა საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს საპროცესო უზრუნველყოფის ინსტიტუტის დანიშნულებას;

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით მ. ა–ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ არ არსებობს მ--ა ა--ს საჩივრის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და რაც სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ:

15. საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა სასამართლოს მიერ სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების წინაპირობები, რადგანაც არ იყო დასაბუთებული, „ქ--ს მ--ს“ რა სახის და რა ოდენობის ზიანი მიადგებოდა, შპს ქონებაზე ყადაღის დადებით, სამართლებრივად დაუსაბუთებელია და, შესაბამისად არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს. სარჩელის უზრუნველყოფისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი განსაკუთრებით დროულად და სწრაფად უნდა წარიმართოს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გააანალიზა რა საქმის გარემოებები:

16. ა) შპს „ქ--ს მ--ს“ ქონებაზე ყადაღის დადებით შეეზღუდა მათი რეალიზაციის გზით კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება, ბ) ასევე გააანალიზა მ. ა–ას სასარჩელო მოთხოვნების მოცულობა [21 500 000 აშშ დოლარი], გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და მოსარჩელეს მოსთხოვა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა მოთხოვნის ღირებულების 3%, 645 000 დოლარი;

17. სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 199-ე მუხლის მეორე ნაწილის ბოლო წინადადება და მას შემდეგ, რაც განჩინებით დადგენილ ვადაში მოსარჩელემ არ განახორციელა მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, შპს „ქ--ის მ--ს“ [ს/კ---] ქონებაზე დადებული ყადაღა.

18. ამასთან, საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს შემდეგზე:

სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები უნდა შექმნას. მართალია, სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით და მოითხოვოს მოპასუხეს დაუწესდეს გარკვეული სახის შეზღუდვები დავის საგნის [მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით] განკარგვასთან მიმართებით, მაგრამ მან სათანადოდ უნდა დაასაბუთოს ასეთი შეზღუდვის აუცილებლობა. წარმოდგენილი/ან მომავალში მის მიერ წარმოსადგენი სარჩელის შინაარსი მაღალი ალბათობით უნდა იძლეოდეს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნას გააჩნია პერსპექტივა და მასში მითითებული ფაქტობრივი წინაპირობების განხორციელების [შესრულების] შემთხვევაში, სწორედ ის სამართლებრივი შედეგი დადგება, რისი ინტერესიც გააჩნია მოსარჩელეს, ანუ მხარის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს [„სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე“ სსსკ-ის 191(1)-ე მუხლის ბოლო ორი წინადადება], მ.ა–ას მიერ წარდგენილი სარჩელი კი ასეთი ვარაუდის შესაძლებლობას არ იძლევა. კერძოდ:

19. 2014 წლის 29 დეკემბრის სარჩელით მან მოთხოვნა წაუყენა საწარმო - შპს „ქ--ს მ--ა“ და პარტნიორ ჯ--ა ხო--ას საწარმოში მისი კუთვნილი წილის [39.5%-ის] საკომპენსაციოდ 20 000 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად იგი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში სსკ) 399-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე და 352-ე, 354-ე მუხლებზე. სსკ-ის 399-ე მუხლი არეგულირებს გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობის მოშლის სამართლებრივ შედეგებს და არა სამეწარმეო ურთიერთობიდან გამომდინარე პარტნიორის საზოგადოებიდან გასვლის სამართლებრივ შედეგებს. მართალია, საწარმოს დაფუძნება წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ გარიგებას, მაგრამ პარტნიორების უფლება-მოვალეობები არა სამოქალაქო კოდექსის, არამედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის საფუძველზე, როგორც კანონით, ისე საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) განისაზღვრება. მოცემულ შემთხვევაში, პარტნიორების მიერ კაპიტალის გაერთიანების შედეგად დაფუძნებულია შპს „ქ--ს მ--ი“, რომელიც დამოუკიდებელი სუბიექტია და საკუთარი სახელით მონაწილეობს სამოქალაქო ბრუნვაში. დაყადაღებული ქონება, წარმოადგენს არა პარტნიორების საკუთრებას, არამედ საწარმოს საკუთრებას და შესაბამისად, პარტნიორებს შორის დავის შემთხვევაში, მათ მიერ დაფუძნებული საზოგადოება, შპს „ქ--ს მ--ი“, ვერ იქნება ის პირი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ამ ნაწილში სრულად იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას [იხ. ს.ფ.190-191] .

20. მ--ა ა--ს შპს-დან გასვლის უფლებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონი სპეციალურად არ არეგულირებს პარტნიორის საზოგადოებიდან გასვლის სამართლებრივ შედეგებს. ამ კანონის 46-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ეს საკითხი წესდებით უნდა იქნეს მოწესრიგებული. საზოგადოების წესდების მეოთხე პუნქტით [იხ.ს.ფ.60-61] განსაზღვრულია პარტნიორთა უფლება-მოვალეობები. შეთანხმების მიხედვით, პარტნიორს შეუძლია საზოგადოებიდან გავიდეს წილის გასხვისების [პ.4.7] ან საწესდებო კაპიტალის ოფიციალური შემცირებით და მის მიერ განხორციელებული შენატანის უკან დაბრუნების გზით [პ.4.2.]. ამრიგად, წესდება არ ანიჭებს მ--ა ა--ს უფლებას, მოითხოვოს თავისი კუთვნილი წილის კომპენსაცია. შესაბამისად, მაღალი ალბათობით მის მოთხოვნას წარმატების შანსი არ ექნება. ასეთი უფლების არსებობის შემთხვევაშიც კი, მოთხოვნა, სავარაუდოდ, ნაკლებად პერსპექტიული იქნება, რადგანაც საფრთხის წინაშე დადგება საზოგადოების კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხი.

21. მ--ა ა--ს სასარჩელო მოთხოვნა მიყენებული ზიანის, 1 500 000 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე სამართლებრივ საფუძვლად სსკ-ის 408 (1) და 411-412 მუხლების დანაწესზე, მითითებით ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაკმაყოფილდეს. ჯერ ერთი, მოსარჩელის განცხადება არ შეიცავს ინფორმაციას თუ რა სახისა და რა ოდენობის დივიდენდი ეკუთვნოდა მას, როგორც პარტნიორს. მართალია, შპს-ს კომერციული საქმიანობის მიზანი მოგების მიღებაა, მაგრამ ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ საწარმომ რეალურად ნახა მოგება. ამ სახის მოთხოვნის დასასაბუთებლად აუცილებელია, მინიმუმ იმაზე მაინც იყოს მითითება სარჩელში, თუ ფაქტობრივად რა პერიოდში და რამდენი მოგება მიიღო საწარმომ და დივიდენდი განაწილდა თუ არა ჯ.ხ–ზე. იმ ვითარებაში, როდესაც აუდიტორული დასკვნის მიხედვით, კომპანიას დღეისათვის ჰყავს კრედიტორები და მათ მიმართ მას გააჩნია ფულადი დავალიანება, რომელიც 29 000 000 ლარს აღემატება, ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება საფრთხეს შეუქმნიდა კრედიტორთა ინტერესებსაც და მათ სამართლებრივ სტაბილურობასაც;

22. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ--ა ა--ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი