Facebook Twitter

საქმე №ას-142-142-2018 20 მარტი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ.ა–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – სს „ლ.ბ." (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სს „ლ.ბ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბანკი) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა რ.ა–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და გ.ლ–თვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე) 2014 წლის 1 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საკრედიტო ხელშეკრულება) გამომდინარე, დავალიანების ძირითადი თანხის - 4284.84 ლარის, პროცენტის - 1132.57 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1300 ლარის, სულ, 6717.41 ლარის სოლიდარულად დაკისრებას, ასევე, პირველი მოპასუხისათვის, 2013 წლის 26 დეკემბრის საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საკრედიტო ბარათის მომსახურების ხელშეკრულება) გამომდინარე, დავალიანების ძირითადი თანხის - 1400 ლარისა და პროცენტის, 274.01 ლარის, სულ - 1674.01 ლარის დაკისრებას, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 5764.1 ლარის (საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 4284.84 ლარი, პროცენტი - 1132.57 ლარი და პირგასამტეხლო - 348.69 ლარი) სოლიდარულად გადახდა, ხოლო პირველ მოპასუხეს საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითადი თანხის - 1400 ლარისა და პროცენტის - 274.01 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, მე-60, 61-ე, 59-ე, 64-ე, 65-ე, 368-ე და 374-ე მუხლებით.

3.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის აღმოსაფხვრელად აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენა. აღნიშნული განჩინება აპელანტს 2017 წლის 25 დეკემბერს, მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ჩაჰბარდა. პალატის განმარტებით, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2018 წლის 3 იანვრის ჩათვლით უნდა შევსებულიყო;

3.2. სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, ხოლო განცხადება ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ, დაგვიანებით, 2015 წლის 5 იანვარს იქნა წარდგენილი, ამდენად, სსსკ-ის 368-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

4.1. სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობა განპირობებული იყო მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკით, სახელდობრ, იგი სამაშველო სამსახურის თანამშრომელია, საახალწლო დღეებში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და ვერ ახერხებდა სამსახურიდან გასვლას. სწორედ ამიტომ ვერ მოახერხა მან სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა, ამასთან, იგი არ არის იურისტი და მისთვის, როგორც არაპროფესიონალისთვის, შეუძლებელი იყო საპროცესო ვადის სწორად გამოთვლა;

4.2. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმაოდ ბევრი თანხის გადახდა დააკისრა, მას ასანაზღაურებელი თანხის განახევრების მოლოდინი სააპელაციო სასამართლოში აქვს, შესაბამისად, თუ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო მის სააპელაციო საჩივარს არ განიხილავს, იგი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოპასუხის მოთხოვნას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა მისი სამუშაოს სპეციფიკითა და დატვირთული რეჟიმით იყო განპირობებული, ამასთან, მისთვის, როგორც არაიურისტისთვის, შეუძლებელი იყო ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი საპროცესო ვადის სწორად გამოთვლა.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინება აპელანტს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით 2017 წლის 25 დეკემბერს ჩაჰბარდა (იხ. ს.ფ. 167), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 26 დეკემბერს დაიწყო და 2018 წლის 3 იანვარს დასრულდა (ვინაიდან, განჩინების ჩაბარებიდან მე-7 დღე, 2018 წლის 1 იანვარი და იმავე წლის 2 იანვარი, უქმე (დასვენების) დღეები იყო). აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

11. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო პალატას, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი კერძო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

13. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ა–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი