Facebook Twitter

საქმე №ას-246-246-2018 20 მარტი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ბ.მ–ძე (მოპასუხე), გ.ბ–ძე, ე.მ–ძე (დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირები მოპასუხის მხარეზე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.კ–ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით, მ.კ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და მ.მ–ეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) შორის წარმოშობილი დავის ფარგლებში, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე საქმეში მესამე პირებად ჩაბმული იქნენ გ.ბ–ძე და ე.მ–ძე (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მესამე პირები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები).

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ქ. ქობულეთში, .... მდებარე # 18 საცხოვრებელი ბინის, ს/კ № .... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება) გამოთხოვასა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას, დაკმაყოფილდა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხემ და მესამე პირებმა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მესამე პირების სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 91-ე, 364-ე და 374.1 მუხლებით.

4.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ჩაბმული მესამე პირების მიმართ გამოტანილი არ არის და იგი არ ხელყოფს მათ კანონიერ ინტერესს, ამასთან, რადგანაც ისინი არც მხარეები არიან და არც დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირები, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხემ და მესამე პირებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებით, მათ დაერღვათ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლება - სასამართლოსთვის მიმართვისა და მისი ხელმისაწვდომობის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმული მესამე პირების მიმართ გამოტანილი არ არის, იგი არ ხელყოფს მათ კანონიერ ინტერესებს, ამასთან, ისინი არც მხარეები არიან და არც დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირები. კერძო საჩივრის ავტორების ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, მათ სასამართლოსთვის მიმართვისა და ხელმისაწვდომობის უფლება შეეზღუდათ.

9. სსსკ-ის 91-ე მუხლის მიხედვით, მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე, სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით და მათ ეკისრებათ მხარეთა საპროცესო მოვალეობები, გარდა უფლებისა, გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ, აღძრან შეგებებული სარჩელი, მოითხოვონ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.

10. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

მითითებული ნორმა ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს, სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს, კერძოდ, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს თანამონაწილეებს (თანამოსარჩლეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, პირებს, რომლებიც, მართალია, არ ფიგურირებენ საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის ობიექტს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი. სააპელაციო საჩივრით აპელანტი მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და ეს შედეგი, მისი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღწევადი და მისთვის სასარგებლო უნდა იყოს.

12. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი უფლებამოსილია, სასამართლოს განცხადებით, სარჩელით ან საჩივრით (სააპელაციო) მიმართოს მხოლოდ თავისი უფლების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, კერძო საჩივრის ავტორები სააპელაციო საჩივრით, ფაქტობრივად, სხვა პირის საწინააღმდეგოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რაც ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-1075-1033-2016, 03.02.17).

13. სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვაზე, კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ "იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ") დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (შდრ. სუსგ #ას-254-239-2011, 11.05.2011).

14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობა შეიძლება, შეზღუდვას დაექვემდებაროს. მისაღწევი მიზნის გათვალისწინებით კი, შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპთან თავსებადი უნდა იყოს. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ლეგიტიმური მიზნისა და დასაბალანსებელი ინტერესების მრავალ მითითებას შეიცავს. გოლდერის საქმის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკით დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას საჭიროებს, რომელიც, საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავებული იყოს ("გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ", საქმე #4451/70).

15. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირები არ წარმოადგენენ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილ სუბიექტებს, რადგანაც მათ მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ მათ უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს არ ეხება, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.მ–ძის, გ.ბ–ძის და ე.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი