საქმე №ას-269-269-2018 20 მარტი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორები – ზ.ხ., ს.ა.
მოწინააღმდეგე მხარეები – თერჯოლის მუნიციპალიტეტი, ა(ა)იპ "ს.კ.ს."
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - განცხადების უზრუნველყოფა
აღწერილობითი ნაწილი :
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება) ზ.ხ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე) და ს.ა–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე, პირველი და მეორე მოსარჩელე ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეები ან კერძო საჩივრის ავტორები) სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრისა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებები და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელეების სარჩელები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ა(ა)იპ ს.კ.ს–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან საფეხბურთო კლუბი), პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, 16 875 ლარისა და ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 205 ლარის, ხოლო, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ, 22500 ლარისა და ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 200 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. 2017 წლის 29 სექტემბერს თერჯოლის მუნიციპალიტეტმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც განმცხადებელი ან მუნიციპალიტეტი) განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმისწარმოების განახლება. ამ განცხადების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 191-ე, 193-ე, 194-ე და 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, სადავო გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, მუნიციპალიტეტის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მუნიციპალიტეტმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, მუნიციპალიტეტის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოსარჩელეების სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მუნიციპალიტეტის განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე.
6. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
7.1. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით და მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და მოსარჩელეების სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით განახლდა საქმისწარმოება. ამრიგად, რადგანაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება გაუქმდა, რაც სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების შეწყვეტის საფუძველია, არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საჩივარი დასაბუთებულია. საჩივრის ავტორებს უფლება აქვთ მოითხოვონ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შემდეგი გარემოებების გამო:
8. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სსსკ-ის 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
10. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, მუნიციპალიტეტის განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და შეჩერდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მუნიციპალიტეტის განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განჩინებით, მოსარჩელეების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინება და მუნიციპალიტეტის განცხადება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის განცხადება საქმისწარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ამიტომ ამ განცხადებასთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებებაც უნდა გაუქმდეს.
12. ამრიგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო მუნიციპალიტეტის განცხადება სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ.ხ–ს და ს.ა–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინება; თერჯოლის მუნიციპალიტეტის განცხადება სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს; განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე : მზია თოდუა
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი