Facebook Twitter

№ ას-486-467-2016 8 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - მ. ტ-ე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შ. შ. რ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება (სარჩელში), ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ტ-ემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „გამყიდველი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. შ. რ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მყიდველი“ ან „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის 950 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

2. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

2.1. 2013 წლის 31 მაისს მხარეებს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება;

2.2. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა სოფელ ---ში მდებარე 373601 მ2 მიწის ნაკვეთი;

2.3. ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. მხარეები შეთანხმდნენ თანხის გადახდის შემდეგ წესზე: ერთი ნაწილი, 50 000 აშშ დოლარი, უნდა გადახდილიყო ნასყიდობის საგნის მყიდველზე რეგისტრაციიდან 5 საბანკო დღის ვადაში, ხოლო მეორე ნაწილი, 950 000 აშშ დოლარი, - ნასყიდობის საგნის მყიდველზე რეგისტრაციიდან ერთი წლისა და ერთი დღის გასვლის შემდეგ 5 საბანკო დღის ვადაში;

2.4. ნასყიდობის საგანი მყიდველის საკუთრებად აღირიცხა 2013 წლის 3 ივნისს;

2.5. ნასყიდობის ფასის პირველი ნაწილი მოპასუხემ გადაიხადა, ხოლო თანხის მეორე ნაწილის გადახდის ვალდებულება, რომლის ვადა იყო 2014 წლის 11 ივნისი, არ შეასრულა.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, აღძრა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა 2013 წლის 31 მაისს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლით, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და მოსარჩელისთვის 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.

4. მოპასუხემ (შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ) მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

4.1. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს უნდა გადასცემოდა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი, მაგრამ ხელშეკრულების დადებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნასყიდობის საგანზე მესამე პირის სასარგებლოდ არსებობდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ ლიცენზია. შესაბამისად, სახეზეა უფლებრივად ნაკლიანი ნივთი;

4.2. მიწის ნაკვეთის შეძენის საფუძველს წარმოადგენდა მიწიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება კლინკერის სახით, რომელიც გამოიყენება ცემენტის წარმოებისთვის, სხვა დანიშნულება ამ მიწის ნაკვეთს არ გააჩნია;

4.3. მყიდველმა ზემოაღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულებას არ გააფორმებდა ან გააფორმებდა სხვა დამატებითი პირობებით.

5. მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელის მოპასუხემ) სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ, თუ მიწის ნაკვეთის შეძენის ინტერესს წარმოადგენდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, მაშინ ეს გარემოება უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების არსებითი პირობა, თუმცა, ხელშეკრულებაში არ არის მითითებული ამის შესახებ, უფრო მეტიც, ამ საკითხით შეგებებული სარჩელის მოსარჩელე არ დაინტერესებულა და ამის შესახებ არც შეგებებული სარჩელის მოპასუხისთვის იყო ცნობილი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 950 000 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; 2013 წლის 31 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლით მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 აშშ დოლარის გადახდა.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1. 2013 წლის 31 მაისს მოსარჩელეს (გამყიდველი) და მოპასუხეს (მყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ გაყიდა, ხოლო მოპასუხემ იყიდა მცხეთის რაიონის სოფელ ----ში მდებარე 373 601,00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №---);

9.2. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენდა 1 000 000 აშშ დოლარს. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად: 50 000 აშშ დოლარი გადახდილი უნდა ყოფილიყო ნასყიდობის საგნის მყიდველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციიდან 5 საბანკო დღის ვადაში, ხოლო 950 000 აშშ დოლარი - ნასყიდობის საგნის მყიდველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციიდან ერთი წლისა და 1 დღის გასვლის შემდეგ 5 საბანკო დღეში;

9.3. 2013 წლის 31 მაისს დადებული ხელშეკრულების მე-2 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება. ხელშეკრულებით გამყიდველის პასუხისმგებლობა ნაკლიანი ქონების გადაცემის შემთხვევაში შეზღუდული ან გამორიცხული არ არის. ხელშეკრულების 2.1.3 პუნქტის თანახმად, თუ ნასყიდობის საგანი აღმოჩნდა დაფარული ნაკლის მქონე, გამყიდველი ვალდებულია საკუთარი ხარჯით გამოასწოროს ეს ნაკლი. „გამყიდველი“ უფლებამოსილია უარი თქვას ნაკლის გამოსწორებაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს. ამ შემთხვევაში „მყიდველი“ უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა;

9.4. მოპასუხემ გადაიხადა ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი;

9.5. 2013 წლის 31 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება უფლებრივი ნაკლის მქონეა. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 31 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №---) შპს „ს-ის“ სასარგებლოდ 2000 წლის 13 ოქტომბერს 20 წლის ვადით გაცემულია წიაღით სარგებლობის შესახებ ლიცენზია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ლიცენზიის არსებობა, ზღუდავს რა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებას, თავისუფლად ისარგებლოს საკუთრებით, წარმოადგენს ნასყიდობის საგნის უფლებრივ ნაკლს;

9.6. სააპელაციო სასამართლომ თავად მხარის ახსნა-განმარტებებით დაადგინა, რომ მოსარჩელემ იცოდა მიწის ნაკვეთზე 20 წლის ვადით გაცემული წიაღით სარგებლობის შესახებ ლიცენზიის არსებობისა და, ამდენად, ნასყიდობის საგნის უფლებრივი ნაკლის შესახებ. თუმცა, მოსარჩელეს მყიდველისთვის აღნიშნული ინფორმაცია არ მიუწოდებია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოპასუხის (შეგებებული სარჩელის მოსარჩელის) შეგებებული სარჩელისაგან თავის დასაცავად წარდგენილ შესაგებელზე, რომელშიც მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხის მსჯელობას მასზედ, რომ მიწის ნაკვეთზე ლიცენზიის არსებობა წარმოადგენს ნასყიდობის საგნის უფლებრივ ნაკლს, ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის შეძენის ინტერესს წარმოადგენდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, ეს გარემოება უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების არსებითი პირობა, წარმოდგენილ ხელშეკრულებაში კი არსად არის მითითებული ამის თაობაზე და, უფრო მეტიც, „მოსარჩელე არ დაინტერესებულა და ამის შესახებ მოპასუხისთვის ცნობილი არ იყო“.

10. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უფლებრივი ნაკლის გამო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 491-ე და 352-ე მუხლებით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: ა. ნასყიდობის საგანი უფლებრივად ნაკლიანი უნდა იყოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის კონტექსტში; ბ. უფლებრივი ნაკლი ხელშეკრულების დადების ეტაპზე უნდა არსებობდეს; გ. სახეზე უნდა იყოს გამოუსწორებადი ნაკლი ან მყიდველს უნდა ჰქონდეს ნაკლის გამოსწორების ნაცვლად ხელშეკრულების მოშლის დასაბუთებული ინტერესი; დ. უფლებრივი ნაკლის თაობაზე მყიდველი ინფორმირებული არ უნდა იყოს და არ უნდა არსებობდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობა; ე. ხელშეკრულებით არ უნდა იყოს გამორიცხული გამყიდველის პასუხისმგებლობა ნივთის ნაკლის გამო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 497-ე მუხლის შესაბამისად; ვ. ნაკლიანი ნივთის გადაცემის შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობა უნდა აღდგეს, მიუხედავად გამყიდველის ბრალისა.

11. სააპელაციო პალატამ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 31 მაისს მოპასუხეს გადაეცა უფლებრივად ნაკლიანი ქონება და ეს უფლებრივი ნაკლი ხელშეკრულების დადების დროს არსებობდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ტერიტორიაზე გაცემული 20-წლიანი წიაღით სარგებლობის ლიცენზიის სპეციფიკა შეუძლებელს ხდიდა განჭვრეტილი ყოფილიყო აღნიშნული მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და მისი ამა თუ იმ ფუნქციური დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ, რაც, თავის მხრივ, შემძენს ნივთზე უფლების შენარჩუნების ინტერესს უკარგავდა. გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად მიიჩნია მოპასუხის მოთხოვნა ხელშეკრულების მოშლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე.

12. სააპელაციო პალატამ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ შემძენი უძრავი ქონების უფლებრივი ნაკლის თაობაზე ინფორმირებული არ იყო და იგი აღნიშნული ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით არ იყო შეზღუდული და, მით უმეტეს, გამორიცხული გამყიდველის პასუხისმგებლობა ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეებს წარმოეშობათ ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შესრულებისა და სარგებლის უკან დაბრუნების ვალდებულება მოვალის ბრალის მიუხედავად ანუ იმის მიუხედავად, გამყიდველმა ნაკლიანი ქონების გაყიდვის ეტაპზე იცოდა თუ არა ნივთის ნაკლის შესახებ ან მიუძღვის თუ არა მას ბრალი ნივთზე ნაკლის წარმოშობაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, მართალია, მოცემულ შემთხვევაში გამყიდველმა ნასყიდობის საგნის უფლებრივი ნაკლი იცოდა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაკლიანი შესრულება ხელშეკრულების მოშლის პირობებში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას ითვალისწინებს მიუხედავად მოვალის ბრალისა. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას გამორიცხავს მყიდველის არაკეთილსინდისიერება და არა - გამყიდველის კეთილსინდისიერება. თუ მყიდველმა არ იცოდა და ისე მიიღო ნაკლიანი შესრულება, იგი უფლებამოსილია დააბრუნოს ნაკლიანი ნივთი. ამდენად, ნაკლიანი შესრულების მიმღებს ყოველთვის აქვს ხელშეკრულების მოშლის უფლება და აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაუშვებელია ნაკლიანი შესრულების ავტორის ბრალეულობის გამომრიცხველ გარემოებებზე აპელირებით.

13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა, რომ მყიდველმა, რომელმაც სამეწარმეო მიზნით შეიძინა უძრავი ნივთი, სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დაკარგა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება, რადგან მის მოქმედებას გამორიცხავდა ამავე მუხლის მეორე ნაწილი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების დადებისას გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე. სააპელაციო პალატის მითითებით, გამყიდველი (მოსარჩელე) ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მისთვის, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო მიწის ნაკვეთზე წიაღით სარგებლობის შესახებ ლიცენზიის არსებობის შესახებ, რომლის თაობაზეც მყიდველისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია, ვინაიდან მყიდველი მოცემული საკითხით არ დაინტერესებულა.

14. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც ნასყიდობის საგნის გამოყენება შესაძლებელია ისეთი სპეციფიკური ფუნქციური დანიშნულებით, როგორიცაა მიწიდან წიაღისეულის მოპოვება, რის თაობაზეც გაცემულია გრძელვადიანი ლიცენზია, გამყიდველი მოვალე იყო აღნიშნული გარემოების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა მყიდველისთვის იმისდა მიუხედავად, თუ რა დანიშნულებით და რა მიზნით ყიდულობდა მყიდველი უძრავ ქონებას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მოსარჩელის მსჯელობის გაზიარების შემთხვევაშიც კი, რომლის მიხედვით, მყიდველს ხელშეკრულების დადებისას არ განუცხადებია ნივთის შეძენის მიზნების თაობაზე, უძრავ ნივთზე გაცემული ლიცენზიის სპეციფიკისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, გამყიდველი ვალდებული იყო შესაბამისი ცნობები მიეწოდებინა მყიდველისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდებოდა, რომ გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე, რაც გამორიცხავდა დავის მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მყიდველს არ დაუკარგავს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გასვლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის უფლება და, ამდენად, საფუძვლიანი იყო მოპასუხის (შეგებებული სარჩელის მოსარჩელის) მოთხოვნა 2013 წლის 31 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლით მოსარჩელისთვის მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილი ნასყიდობის ფასის - 50 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.

16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

17. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

17.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლი. მყიდველისთვის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის ცნობილი იყო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავების თაობაზე. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიცემული ჩვენებებით და სისხლის სამართლის წარმოების შეწყვეტის დადგენილებით, სადაც ცალსახად არის დადგენილი, რომ მოპასუხეს ჯერ კიდევ ხელშეკრულების დადებამდე გადაეცა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარე ყველა სასამართლო დავის შესახებ არსებული გადაწყვეტილებები;

17.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე შეგნებულად დუმდა ნაკლის თაობაზე და არ უცნობებია ამის თაობაზე მყიდველისთვის. მოსარჩელისთვის მოპასუხის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ძიების ფარგლებში ცნობილი გახდა ის გარემოება, რომ მყიდველს მიეწოდა ინფორმაცია მიწის ნაკვეთის სამართლებრივი მდგომარეობის თაობაზე, რის შესახებაც შესაბამისი სისხლის სამართლებრივი დოკუმენტაცია წარდგენილი იყო სააპელაციო სასამართლოში;

17.3. საქმეში მოიპოვება მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების თაობაზე დოკუმენტაცია, თუმცა არ არის მიცემული შეფასება ამ მტკიცებულებისთვის, ასევე არ არის გამოკვლეული 2015 წლის 25 მაისის სხდომაზე წარდგენილი მტკიცებულება - აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 22 მაისის №--- ბრძანება, ასევე სხდომაზე დაფიქსირებული მხარეთა ახსნა-განმარტებები, რაც აუცილებელი იყო გამყიდველის კეთილსინდისიერების ფაქტის დასადგენად. კერძოდ, 2015 წლის 25 მაისის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა ცალსახად დააფიქსირა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობდა ძიება შესაძლო თაღლითობის ფაქტზე, რის გამოც შეჩერდა აღსრულება და ითხოვდა აღსრულების გაუქმებას მთლიანად, შესაბამისად, სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ მიმდინარეობდა ძიება შესაძლო თაღლითობის ფაქტზე, რომელიც სავარაუდოდ განხორციელდა მოპასუხის მიმართ. ამ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში უდავოდ იქნა დადგენილი, რომ მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე გადაეცა ყველა შესაძლო დოკუმენტაცია ნასყიდობის საგნის თაობაზე;

17.4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის მსჯელობა უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებაზე, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კასატორის წარმომადგენელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, სადაც მსჯელობა იყო 2015 წლის 29 ივნისის დადგენილებაზე სისხლის სამართლის (№---) საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ. მოცემულ დოკუმენტთან დაკავშირებით დეტალური მსჯელობა მიმდინარეობდა 2016 წლის 30 მარტის ზეპირ სხდომაზე (დისკზე ფაილი 16 - დრო 34.10-დან 35.05 -მდე), სადაც ცალსახად არის დაფიქსირებული პოზიცია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა დეტალურად გამოიძიეს მხარეების კეთილსინდისიერების ფაქტი დადებულ გარიგებასთან დაკავშირებით და დაადგინეს, რომ მოტყუებას ან იძულებას გამყიდველის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, მყიდველმა იცოდა მიწის ნაკვეთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რის გამოც სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, რაც არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილი წესით და ვადებში. იმ პირობებში, როდესაც ამ კონკრეტულ მტკიცებულებაზე იყო მსჯელობა ზემოაღნიშნულ სხდომაზე და სასამართლოს მიერ არ გამოთქმულა პროტესტი ამ გარემოებასთან დაკავშირებით, უდავოა, რომ სასამართლოსათვის ცნობილი იყო ასეთი ფაქტის არსებობის თაობაზე და არც მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ყოფილა გამოთქმული პროტესტი ან საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენილი საპირისპირო მოსაზრება ან მტკიცებულება, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სასამართლოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოება სწორად;

17.5. ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ იცოდა იმ სასამართლო გადაწყვეტილებების და სხვა მასალების შესახებ, რომლებიც წინ უსწრებდა მიწის ნაკვეთის შეძენას და დაკავშირებული იყო მიწის ნაკვეთის უფლებრივ მდგომარეობასთან, ასევე დასტურდება მოწინააღმდეგე მხარის მიერვე წარდგენილ შეგებებულ სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებითა და ნახაზებით (სადაც ერთ-ერთ მტკიცებულებაზე შეგნებულად არის გადახაზული მოსარჩელის სახელი და გვარი ანუ მას ეს დოკუმენტაცია გადაცემული ჰქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა მიწის ნაკვეთი მოსარჩელის საკუთრებაში იყო). საყურადღებოა, რომ მოცემული მტკიცებულებები სასამართლომ არ შეაფასა;

17.6. კასატორის წარმომადგენელმა 2016 წლის 4 თებერვლის ზეპირ განხილვაზე მისცა ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ ის ადრე იცავდა მოსარჩელის ინტერესებს შპს ,,ს-თან’’ არსებულ დავებში და ეს საბუთები გადაცემული ჰქონდა მყიდველს. ამ გარემოებას, ასევე, ადასტურებს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის, კ. ბ–ის, მიერ მცხეთის პოლიციაში 2014 წლის 24 ოქტომბერს მიცემული ახსნა-განმარტება, სადაც ცალსახად არის დადგენილი ის გარემოება, რომ მყიდველმა იცოდა ლიცენზიის არსებობის თაობაზე ჯერ კიდევ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში;

17.7. მტკიცების ტვირთი იმის შესახებ, რომ მყიდველმა მიწის ნაკვეთი შეიძინა მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოეპოვებინა ე.წ. „კლინკერი“, ეკისრება მყიდველს. საქმეში არ მოიპოვება ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. მხარეთა შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში არსად წერია, რომ მყიდველს მიწის ნაკვეთი უნდა შეეძინა კონკრეტული მიზნის მისაღწევად;

17.8. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მიწის ნაკვეთის შეძენის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და მას სხვა დანიშნულება არ გააჩნდა, ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ გარემოებებს და მტკიცებულებებს, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ნათლად ჩანს, რომ საუბარია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე;

17.9. მყიდველი გარიგების დადებიდან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეგნებულად დუმდა ლიცენზიის საკითხთან დაკავშირებით, არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია ამ საკითხზე და ელოდებოდა ხელსაყრელ მომენტს, რათა ლიცენზიის საკითხი მოეგვარებინა. კასატორმა აღნიშნა, რომ, თუ თავად არ დააყენებდა ფასის გადახდის მოთხოვნას, არც ნაკლზე აქცენტირებას ექნებოდა ადგილი და სავარაუდოდ განუსაზღვრელი ვადით გადაიწევდა ვალდებულების შესრულებაც. ყოველივე ეს ნათლად ადასტურებს მყიდველის არაკეთილსინდისიერებას;

17.10. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ ნასყიდობის საგნის მიმართ შპს „ს-ის“ სასარგებლოდ გაცემულია 20-წლიანი ლიცენზია. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დადგენილებაში მითითებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილულ საქმეებზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა და, რომლებითაც გამოირიცხება შპს „ს-ის“ რაიმე უფლებები ნასყიდობის საგანზე;

17.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ. წინამდებარე შემთხვევაში დასტურდება, რომ მყიდველმა იცოდა არსებული ლიცენზიის შესახებ, თუმცა მან ნივთი მიიღო იმ სამართლებრივი მდგომარეობით, რომელიც არსებობდა ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის;

17.12. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მყიდველს ყოველთვის შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ნივთის ნაკლის გამო მიუხედავად გამყიდველის კეთილსინდისიერებისა, აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 494-ე და 495-ე მუხლებს.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 950 000 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

22. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორმა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

23. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე.

24. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული პრეტენზიის შემოწმებამდე განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ №ას-848-814-2016, 2016 წლის 28 დეკემბერი).

25. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი დავა გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებიდან.

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:

26.1. 2013 წლის 31 მაისს მოსარჩელეს (გამყიდველი) და მოპასუხეს (მყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ გაყიდა, ხოლო მოპასუხემ იყიდა მცხეთის რაიონის სოფელ ---ში მდებარე 373 601,00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №---);

26.2. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენდა 1 000 000 აშშ დოლარს. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად: 50 000 აშშ დოლარი გადახდილი უნდა ყოფილიყო ნასყიდობის საგნის მყიდველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციიდან 5 საბანკო დღის ვადაში, ხოლო 950 000 აშშ დოლარი - ნასყიდობის საგნის მყიდველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციიდან ერთი წლისა და 1 დღის გასვლის შემდეგ 5 საბანკო დღეში.

27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება არის კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი გარიგებაა, რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, გამყიდველის ვალდებულებაში - გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო, მეორე მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში - გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

28. საკასაციო სასამართლო უთითებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მყიდველმა გადაიხადა ნასყიდობის საგნის ღირებულების მხოლოდ ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი, დარჩენილი 950 000 აშშ დოლარი მას არ გადაუხდია. გამყიდველმა მყიდველის სარჩელისგან თავის დასაცავად აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლის დაკმაყოფილება მთლიანად გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. კერძოდ, მყიდველმა მიუთითა უძრავი ქონების უფლებრივ ნაკლზე.

29. მაშასადამე, საქმეში წარმოდგენილია ორი სარჩელი: უძრავი ქონების გამყიდველის პირვანდელი სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვს ნასყიდობის საგნის ღირებულების მეორე ნაწილის - 950 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას მყიდველისთვის და მყიდველის შეგებებული სარჩელი, რომლითაც იგი, უთითებს რა უფლებრივ ნაკლზე, ითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლით, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასა და მოსარჩელისთვის 50 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას.

30. დადგენილია, რომ 2013 წლის 31 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №---) შპს „ს-ის” სასარგებლოდ 2000 წლის 13 ოქტომბერს 20 წლის ვადით გაცემულია წიაღით სარგებლობის შესახებ ლიცენზია.

31. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 489-ე მუხლის თანახმად, ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო. მოცემული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, კანონმდებელი ნივთის უფლებრივი ნაკლის არსებობას უკავშირებს ისეთ გარემოებას, როდესაც მესამე პირს გასასხვისებელი ნივთის მიმართ თავისი სანივთო ან ვალდებულებითი სახის უფლება გააჩნია. შესაბამისად, მესამე პირის უფლების რეალიზაცია იწვევს შემძენის უფლებათა შეზღუდვას, თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს შეძენილ ნივთს და იმავდროულად წარმოშობს გამყიდველის პასუხისმგებლობის საფუძვლებს (იხ. სუსგ. №ას-24-22-2013, 12 დეკემბერი, 2013 წელი).

32. უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულების დარღვევა მყიდველს წარმოუშობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე-492-ე მუხლებით გათვალისწინებულ ნაკლის გამოსწორების, ფასის შემცირების ან ხელშეკრულების მოშლის უფლებას.

33. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსხვავებულ მოწესრიგებას გვთავაზობს მეწარმე სუბიექტებთან მიმართებით. კერძოდ, 495-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.

34. საკასაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ კანონმდებლის მიერ საკითხის მსგავსი მოწესრიგება განპირობებულია იმით, რომ მეწარმე კერძო-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელ რისკებს უკეთ აღიქვამს. ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ბრუნვაში მეწარმის მიერ განხორციელებული ქმედება გონივრული და კონსტრუქციული უნდა იყოს, წარმოადგენს პრეზუმფციას, რომელიც თავისი ბუნებით იურიდიული ფიქციაა და ამ ვარაუდს არ აუქმებს შემდგომში მეწარმე პირის მიერ გამოჩენილი წინდაუხედაობა.

35. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ ზემოაღნიშნული მუხლი მისი გამოყენების წინაპირობად ერთმნიშვნელოვნად მყიდველის მეწარმეობას ადგენს. თუმცა, მისი გამოყენება შესაძლებელია არამხოლოდ მაშინ, როდესაც გარიგების ერთ-ერთი ან ორივე მხარე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტია, არამედ - მაშინაც, როდესაც ნივთის შეძენას სამეწარმეო მიზანი გააჩნია. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის განმარტებისას მხარის სტატუსს განსაზღვრავს სწორედ მის მიერ დადებული ხელშეკრულების მიზანი.

36. საკასაციო სასამართლო უთითებს მყიდველის მიერ წარდგენილ შეგებებულ სარჩელზე, რომლის თანახმად, მიწის შეძენის საფუძველს წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ მიწიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება კლინკერის სახით, რომელიც გამოიყენება ცემენტის წარმოებისათვის და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მყიდველს მიწის ნაკვეთის შეძენასთან მიმართებით გააჩნდა სწორედ სამეწარმეო მიზანი.

37. საკასაციო პალატა უთითებს ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გამყიდველი ხელშეკრულების დადებისას შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე, რაც გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას და, რასთან დაკავშირებითაც კასატორს (მოსარჩელეს) წარმოდგენილი აქვს დასაბუთებული შედავება.

38. სააპელაციო სასამართლომ სადავო ფაქტობრივი გარემოება დაადგინა თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, რომ მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) არ დაინტერესებულა და ამის შესახებ მოსარჩელისთვის (შეგებებული სარჩელის მოპასუხისთვის) ცნობილი არ იყო. სააპელაციო პალატა მოცემულ ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო მიწის ნაკვეთზე წიაღით სარგებლობის შესახებ ლიცენზიის არსებობის თაობაზე, თუმცა, მას აღნიშნული ფაქტის შესახებ მყიდველისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია, ვინაიდან მყიდველი მოცემული საკითხით არ დაინტერესებულა.

39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

40. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის ზემოაღნიშნული ახსნა-განმარტება არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი შეგნებულად დუმდა ლიცენზიის არსებობის თაობაზე, ზემოაღნიშნული განმარტება მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ მისთვის ცნობილი არ იყო მოპასუხის სამეწარმეო მიზნების თაობაზე, რადგან თავად მყიდველი არ დაინტერესებულა აღნიშნული საკითხით.

41. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს სააპელაციო სასამართლოს მეორე არგუმენტზეც. სახელდობრ, სააპელაციო პალატა უთითებს, რომ, რადგან ნასყიდობის საგნის გამოყენება შესაძლებელია სპეფიციკური ფუნქციური დანიშნულებით, როგორიცაა მიწიდან წიაღისეულის მოპოვება და რის თაობაზეც გაცემულია გრძელვადიანი ლიცენზია, გამყიდველი მოვალეა აღნიშნული გარემოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მყიდველს იმისდა მიუხედავად, თუ რა დანიშნულებით და რა მიზნით ყიდულობს მყიდველი უძრავ ქონებას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მყიდველის შეგებებულ სარჩელს, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთს სხვა დანიშნულება არ გააჩნია და მისი შეძენის ერთადერთი საფუძველი იყო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ მიწის ნაკვეთის მხოლოდ სპეციფიკური დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა საქმის მასალებით არ დასტურდება, პირიქით, საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე (იხ. ტ. I, ს. ფ. 53).

42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის უფლებრივ ნაკლზე. ამასთან, სადავო ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი იყო მოპასუხის მხარეზე, რომლის რეალიზება მან ვერ განახორციელა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით.

43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

44. სააპელაციო პალატამ სადავო ფაქტობრივი გარემოება დაადგინა იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა ამ ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები.

45. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებაზე, რომელიც მან მისცა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის ზეპირ სხდომაზე (იხ. ტ. II, ს. ფ. 124-134, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმი CD დისკი: 12:48:03-12:54:40) და მოსარჩელე მხარის კეთილსინდისიერების დასადასტურებლად სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია მოპასუხის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

46. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო წარმოების საქმის მასალებში მოიპოვება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გაცემული №--- ბრძანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის აღსრულების შეჩერების შესახებ (იხ. ტ. II,. ს. ფ. 20, 21). ბრძანებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №--- საქმე, მოპასუხის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით. პროკურორის მომართვის თანახმად, მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების (მდებარე: მცხეთის რაიონი, სოფელი ---, საკადასტრო კოდი: ---) მიმართ სავარაუდოდ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება.

47. სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო მოპასუხის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ადასტურებს იმას, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება გამყიდველის შეგნებულ დუმილთან დაკავშირებით.

48. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევით სრულყოფილად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, მოსარჩელის ახსნა-განმარტება სისხლის სამართლის საქმეზე წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

49. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს კასატორის მიერ მითითებულ იმ გარემოებაზეც, რომ მყიდველი გარიგების დადებიდან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეგნებულად დუმდა ლიცენზიის საკითხთან დაკავშირებით, არ გამოუთქვამს პრეტენზია. მოსარჩელე თუ არ დააყენებდა ფასის გადახდის მოთხოვნას, მოპასუხე არ მიუთითებდა უფლებრივ ნაკლზე და სავარაუდოდ განუსაზღვრელი ვადით გადაიწევდა ვალდებულების შესრულებაც, რაც დამატებით ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ მან დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა ნივთის დაუყოვნებლივ შემოწმებისა და შესაბამის ვადაში გამყიდველისთვის პრეტენზიის წარდგენის თაობაზე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა კი მყიდველს ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლებას უკარგავს.

50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

51. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებების არასათანადო შეფასების შედეგად მივიდა საქმის არასწორ გადაწყვეტამდე, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

52. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება

53. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზიის განხილვის შედეგად არ დადასტურდა სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილის გამომრიცხველი მე-2 ნაწილის შემადგენლობის არსებობა, რაც მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

54. დადგენილია, რომ მყიდველს არ გადაუხდია ნასყიდობის საგნის ღირებულების მეორე ნაწილი - 950 000 აშშ დოლარი.

55. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

56. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 950 000 აშშ დოლარის გადახდა.

57. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

58. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 9 000 (ცხრა ათასი) ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება;

3. მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. შ. შ. რ-ს მ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 950 000 აშშ დოლარის გადახდა;

5. შ. შ. რ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

6. შ. შ. რ-ს (პ/ნ: ---) მ. ტ-ის (პ/ნ: ---) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 9000 (ცხრა ათასი) ლარის გადახდა;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე