საქმე №330210015001067347
საქმე №ას-37-37-2018 16 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ფ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.-ი“ (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. ფ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის – 4494,92 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და 2.5% წილის მფლობელია. 2013 წლის 12 აპრილს მოსარჩელემ კლინიკის დირექტორის შეთავაზებით გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულების დაპირებით შეიძინა 25 800 აშშ დოლარის ღირებულების ულტრაბგერითი კვლევითი აპარატი, ხოლო 2013 წლის 15 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა როგორც იჯარის ხელშეკრულება, ასევე, შრომითი კონტრაქტი განუსაზღვრელი ვადით. 2015 წლის ივლისამდე მოპასუხე მოსარჩელეს ურიცხავდა როგორც იჯარის ქირას, ასევე ხელფასს მის მიერ შენატანი თანხებიდან.
3. 2014 წლის 22 ოქტომბერს მოპასუხემ შეიძინა სხვა ულტრაბგერითი კვლევის აპარატი, მოიწვია სხვა ექიმი რადიოლოგი, რის შედეგადაც მოსარჩელე არასრულად იღებდა შრომით ანაზღაურებას.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არანაირი დავალიანება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო. ამავე სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განჩინებით კი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 დეკემბრის მოსამზადებელი სხდომის ოქმის საფუძველზე დაადგინა, რომ მოცემული სამოქალაქო საქმე ჩაითვალა მომზადებულად და საქმის არსებითი განხილვისათვის მთავარი სხდომის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 18 თებერვლის 12:00 სააათი.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენელს 2016 წლის 18 თებერვალს დანიშნული სხდომის შესახებ აცნობა 2015 წლის 10 დეკემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს 2016 წლის 18 თებერვალს, 12:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით (ტ. II, ს.ფ. 214).
9. 2016 წლის 17 თებერვალს მოსარჩელის წარმომადგენელმა სხდომის გადადების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და აღნიშნა, რომ, ჯანმრთელობის მწვავე გაუარესების გამო, ვერ ახერხებს 2016 წლის 18 თებერვლის სხდომაზე გამოცხადებას. განმცხადებელმა აღნიშნულის დამადასტურებლად წარადგინა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული სამედიცინო ბარათის ასლი.
10. 2016 წლის 18 თებერვალს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელსაც სხდომის დღე ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
11. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, იშუამდგომლა გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
12. მოსარჩელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 18 თებერვალს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
13. მოცემულ შემთხვევაში სადავოა, მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.
14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივრის შესწავლით დასტურდება, რომ მხარე მის გაუქმებას ითხოვს საპატიო მიზეზის არსებობით, საპატიო მიზეზად კი მიიჩნევს შემდეგს: 2016 წლის 16 თებერვალს ჰქონდა ძლიერი ტკივილები, რის გამოც გამოძახებული ჰყავდა სასწრაფო დახმარება. მას დაუდგინდა თირკმლის ჭვალი და ინექციით მიიღო ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. ძლიერი შეტევითი ტკვილები ჰქონდა რამდენიმე საათშიც, რის გამოც ჩაიტარა ულტრასონოგრაფიული კვლევა და მიიღო ექიმის შესაბამისი დანიშნულება. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ამავდროულად ჰქონდა მწვავე ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, რის გამოც 2016 წლის 18 თებერვალს კვლავ ჰქონდა ვიზიტი ექიმთან და დამატებით დაენიშნა მკურნალობა.
15. საჩივარში ასახული გარემოებების დასადასტურებლად საჩივრის ავტორმა მიუთითა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემულ №.. სამედიცინო ბარათზე, 2016 წლის 16 თებერვალს ჩატარებულ გამოკვლევასა და 20 თებერვალს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე.
16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სსსკ-ის 241-ე მუხლი.
17. საპატიო მიზეზის დეფინიციას განამტკიცებს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
18. კანონის აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული გამოწვეულია ავადმყოფობით. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
19. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“ გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი და მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე.
20. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული №.. სამედიცინო ბარათისა და 2016 წლის 16 თებერვალს ჩატარებული გამოკვლევების შედეგების) ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული მასალები სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრული საპატიო მიზეზის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ შეფასდება, რადგან დოკუმენტაცია არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის საფუძველს, რომ 2016 წლის 18 თებერვალს მოსარჩელის წარმომადგენელს არ შეეძლო სასამართლოში გამოცხადება, კერძოდ: ა) სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული №.. სამედიცინო ბარათით და სამედიცინო დახმარების ცენტრის 2016 წლის 18 მარტის მიმართვით დგინდება, რომ წარმომადგენლის მისამართზე 2016 წლის 13 თებერვალს (01:46 სთ-ზე) გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, დიაგნოზით №23 (თირკმლის ჭვალი დაუზუსტებელი), პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე (ტ. II, ს.ფ. 234,248). დასახელებული სამედიცინო ბარათი ასახავს მოსარჩელის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობას 2016 წლის 13 თებერვლისთვის. ამასთან, მასში არ არის მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს გაეწია რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის აუცილებლობის შესახებ, რომელმაც გასტანა 2016 წლის 18 თებერვლამდე (სასამართლო სხდომის თარიღი). ბ) სამედიცინო დაწესებულების ცნობით დგინდება მოსარჩელის წარმომადგენლისათვის 2016 წლის 16 თებერვალს ჩატარებული თირკმლის კლინიკურ-დიანგონსტიკური გამოკვლევის შედეგები (ტ. II, ს.ფ. 235).
21. რაც შეეხება ინდივიდუალური მეწარმის მიერ 2016 წლის 20 თებერვალს გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, აღნიშნული ცნობით დგინდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა ექიმს მიმართა 2016 წლის 18 თებერვალს, ხოლო გაეწერა 2016 წლის 20 თებერვალს. პაციენტის დიაგნოზია: სასუნთქი გზების ინფექცია, გართულებული მწვავე ბრონქიტი, თირკმლის კოლიკის შემგომი მდგომარეობა. ავადმყოფის მდგომარეობა მწვავე. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: მიემართა პაციენტს საკონსულტაციოდ უროლოგთან (ტ. II, ს.ფ. 233, 252).
22. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2016 წლის 25 მარტის ბრძანებით დგინდება, რომ მოპასუხის ადვოკატის განცხადებაში (№..- 17.03.2016წ.) მოყვანილი ფაქტებისა და ზემოთ მითითებული ინდივიდუალური მეწარმის მიერ გაწეული სავარაუდო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტის გამოვლენის, ასევე, №1 დანართში მოყვანილ დაწესებულებაში „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შემოწმების მიზნით, შეიქმნა და მივლინებულ იქნა კომისია (ტომი II, ს.ფ. 387-388).
23. 2016 წლის 6 მარტის შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ზემოთ მითითებული ექიმი ფლობს სახელმწიფო სერთიფიკატს საექიმო საქმიანობაში – „პედიატრია“. სადავო პაციენტის – მოსარჩელის წარმომადგენლის მიმართ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის მას უნდა ჰქონოდა სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში „შინაგანი მედიცინა“, რაც არ გააჩნია. ამდენად, მოსარჩელის წარმომადგენლის მიმართ გაწეული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა წარმოადგენდა უკანონო საექიმო საქმიანობას, რითაც დაირღვა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნა (ტ. II, ს.ფ. 410-411).
24. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ზემოაღნიშნული ინდივიდუალური მეწარმე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით (ტ. II, ს.ფ. 390-393).
25. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ინდივიდუალური მეწარმის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის №4-148-16 დადგენილებაზე და დარჩა უცვლელად.
26. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე მხარის ავადმყოფობის გამო გამოუცხადებლობის შემთხვევაში ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
27. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, მართალია, მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმადგინა ექიმის მიერ გაცემული ცნობა ავადმყოფობის შესახებ, თუმცა ის ვერ ჩაითვლება სათანადო მტკიცებულებად, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა, ვინაიდან ცნობის გამცემ ინდივიდუალურ მეწარმეს არ გააჩნდა საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში „შინაგანი მედიცინა“ და, შესაბამისად, მის მიერ 2016 წლის 20 თებერვალს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ მიიჩნევა უფლებამოსილი პირის მიერ გაცემულ დოკუმენტად.
28. ასევე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ინდივიდუალური მეწარმის 2016 წლის 30 მარტის განმარტება მოწმის ჩვენებად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან სსსკ-ის XVIII თავის საფუძველზე მოწმის ჩვენება მტკიცებულებად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, თუ ის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში ზემოაღნიშნული პირი პროცესზე მოწმედ არ გამოძახებულა და არ დაკითხულა. ამდენად, აღნიშნული განცხადება ვერ მიიჩნევა სადავო გარემოების დამადასტურებელ მოწმის ჩვენებად.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა სათანადო მტკიცებულებაზე მითითებით ვერ დაადასტურა 2016 წლის 18 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობა. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
30. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
31. კასატორმა მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა საქმის განხილვაზე მოსარჩელის რწმუნებულის გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, იგი იმყოფებოდა ავად და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა საშუალებას, გამოცხადებულიყო სასამართლოში 2016 წლის 18 თებერვალს. როგორც პირველი ინსტანციის, ასევე, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზი ჩათვალა არასაპატიოდ, თუმცა სხვადასხვა შეფასებებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ წარმოდგენილი ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, რომელსაც ხელის მოწერითა და ბეჭდით ადასტურებდა ინდივიდუალური მეწარმე ექიმი, არ ჩათვალა სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან ექიმმა ცნობის გაცემის შემდეგ უარყო ცნობაში მითითებული გარემოებები ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილით, თუმცა მას ჩვენება სასამართლოსათვის არ მიუცია.
32. რაც შეეხება სააპელაციო პალატის მსჯელობას გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელ დოკუმენტზე, კერძოდ, ინდივიდუალური მეწარმე ექიმის მიერ გაცემულ ცნობაზე ჯანმრთელობის შესახებ, პალატამ მიუთითა, რომ, მართალია, მოსარჩელის წარმომადგენელმა წარადგინა ექიმის მიერ გაცემული ცნობა ავადმყოფობის შესახებ (აქ მეტად საყურადღებოა რომ პალატა ხაზს უსვამს ცნობის გამცემი პირის სტატუსს – ექიმი), თუმცა ის ვერ ჩაითვლება სათანადო მტკიცებულებად, ვინაიდან აღნიშნულ პირს არ გააჩნდა საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში – „შინაგანი მედიცინა“ და, შესაბამისად, ცნობა ჩათვალა არაუფლებამოსილი პირის მიერ გაცემულ დოკუმენტად, რაც, თავის მხრივ, არასწორია, ვინაიდან ამავე განჩინებასა და საქმის მასალებში ასევე მითითებულია, რომ ინდივიდუალური მეწარმე არ ფლობს სახელმწიფო სერთიფიკატს სპეციალობაში – „შინაგანი მედიცინა“, თუმცა იგი ფლობს ექიმის სერთიფიკატს – „პედიატრი“. მოსარჩელის წარმომადგენლის მიმართ 2017 წლის 20 თებერვალს გაცემული ცნობა ავადმყოფობის შესახებ შეიცავს ინფორმაციას, რომ პაციენტს აქვს ზედა სასუნთქი გზების ანთება და მაღალი ტემპერატურა. აღნიშნული სიმპტომებით ნებისმიერ ექიმს შეუძლია დაადგინოს, პაციენტის ჯანმრთელობა რამდენად იძლევა საშუალებას იყოს სრულად შრომისუნარიანი.
33. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა მეტად მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მოსარჩელის წარმომადგენლისათვის უცნობი იყო ინდივიდუალური მეწარმე ექიმის მიერ შესაბამისი სერთიფიკატის არქონის ფაქტი. ექიმი ეწეოდა საჯარო რეკლამით საექიმო საქმიანობას და იღებდა ზრდასრულ პაციენტებს, აძლევდა მათ დანიშნულებას და მკურნალობდა, რაც დადასტურებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ საქმეზე, რითაც დაჯარიმდა უკანონო საექიმო საქმიანობისათვის. ამ გარემოებით დასტურდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი არ იყო ინფორმირებული ექიმის უკანონო საქმიანობის შესახებ. მან, როგორც პაციენტმა, მიმართა ექიმს, რომელსაც ქალაქის ცენტრში გახსნილი ჰქონდა სამედიცინო კაბინეტი და საჯაროდ ეწეოდა საექიმო საქმიანობას, ამდენად, კონკრეტული ცნობის აღებისას, მისი კეთილსინდისიერების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას სადავო ცნობისთვის მტკიცებულების ძალა უნდა მიენიჭებინა, რათა არ დაისაჯოს ის პირი და, მით უფრო, პაციენტი, რომელიც ექიმმა შეცდომაში შეიყვანა მისი სპეციალიზაციის ნაწილში, თუმცა ინდივიდუალური მეწარმე რომ ექიმია (მხოლოდ პედიატრი) დადასტურებულია.
34. ასევე, მნიშვნელოვანია სამართლის იმ ნორმის განმარტება, რომელიც საფუძვლად დაედო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას და შემდგომში მისი ძალაში დატოვებას. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 26-ე თავით განსაზღვრული ნორმებით (დაუსწრებელი გადაწყვეტილება), სადაც მითითებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და მისი გაუქმების საფუძვლებზე. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი არ აზუსტებს, თუ რა დაუძლებელ ძალას ან „სხვა მოვლენებს“ გულისხმობს, რასაც ხელი შეიძლება, შეეშალა მხარისათვის სასამართლოში დროულად გამოცხადებაში და ამ საკითხს სასამართლოს სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით შეფასებას ანდობს.
35. სასამართლოს გადაწყვეტილება უფრო მეტად სამართლიანი უნდა იყოს, ვიდრე კანონიერი, კერძოდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც კანონის ესა თუ ის ნორმა სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ არასამართლიანად არის მიჩნეული და უქმდება, მაგალითისათვის, მრავლადაა სხვადასხვა კანონთა კრებულში (კოდექსებში) კონკრეტული ნორმის გასწვრივ ჩანაწერს „ამოღებულია“. იმ შემთხვევაში კი, თუ სასამართლო იხელმძღვანელებს სამართლიანობის პრინციპით, რაც თავის თავში მოიცავს კონსტიტუციური პრინციპების დაცვას, სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით დადგენილ პრინციპების ერთობლიობას, გადაწყვეტილებაც შესაბამისად იქნება კანონიერი. ყოველივე აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე კი, სასამართლო ვალდებულია, ასევე, ყურადღება გაამახვილოს მხარის კეთილსინდისიერებაზე.
36. მოცემულ შემთხვევაში კასატორის განმარტებით, მან სასამართლოს წინასწარ აცნობა ისეთი მოვლენის შესახებ, რაც მის მარწმუნებელს ხელს უშლიდა სასამართლოში გამოცხადებაში, ამის შესახებ შემდგომაც წარმოადგინა ექიმის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც აღმოჩნდა პედიატრი, თუმცა ამ გარემოებას არ უმხელდა პაციენტებს. ნებისმიერი პირისათვის შეუძლებელი იყო იმის დადგენა, რომ ექიმი, რომელიც ქალაქის ცენტრში განთავსებულ მისსავე კლინიკაში, ეწეოდა უკანონო საქმიანობას.
37. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლიანობის დადგენისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი. კონკრეტული ნორმის დეფინიცია უთითებს, რომ ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამ ნორმაში მითითებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი და არა სერტიფიკატის მქონე ექიმი. მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ ცნობას კი ხელს აწერს ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც, მართალია, არ ფლობდა სახელმწიფო სერთიფიკატს – „შინაგანი მედიცინა“, მაგრამ არის ექიმი, აქვს სახელმწიფო სერთიფიკატი – „პედიატრი“ და წარმოადგენს კლინიკის ხელმძღვანელს. ამდენად, სადავო ცნობა გაიცა დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, რაც შეეხება ცნობაში სავალდებულო მითითებაში გამოუცხადებლობის შეუძლებლობას, წარმოდგენილ ცნობაში გარკვევით არის ჩანაწერი, რომ პაციენტს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა (39 გრადუსი c), რაც დგინდება ტექნიკური საშუალების – თერმომეტრის გამოყენებით, ხოლო იმის შეფასება, რამდენად შესაძლებელია ასეთი ტემპერატურის შემთხვევაში სასამართლოში პროცესის წარმოება, სასამართლოსათვისაც კი მარტივი შესაფასებელია.
38. კასატორმა ასევე მიუთითა საქმეზე დართულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გაცემულ ცნობაზე და სამედიცინო კლინიკის მიერ 2016 წლის 16 თებერვალს გაცემულ დოკუმენტებზე, რომელთა შინაარსითაც დადასტურებულია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს ამავდროულად დაუდგინდა თირკმლის კოლიკაც, რომელსაც ახასიათებს მწვავე ტკივილი, შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე დღე, თუ არ იქნა ჩატარებული შესაბამისი მკურნალობა.
39. კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ მისი სარჩელისა და საჩივრის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში თითქმის ორი წელი გრძელდებოდა. ჩანიშნული იყო მრავალი სხდომა, რაც მოსარჩელეს არცერთხელ გაუცდენია ან დაუგვიანია. მათ შორის, სასამართლო სხდომები რამდენიმე თვით გადაიდო მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. თუკი მოსამართლეს ჰქონდა იმის უფლება, რომ შრომითი დავა განეხილა კანონით დადგენილი ვადების დარღვევით და საპატიო მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აპელირებდეს, როცა შეიძლებოდა სხვა მოსამართლეს გადასწერებოდა განსახილველად საქმე, თუკი კონკრეტული მოსამართლე კანონით დადგენილ ვადაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებდა დროულად საქმის განხილვას, სწორედ სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით სასამართლოს მძიმე მდგომარეობაში არ უნდა ჩაეყენებინა მხარე იმის გამო, რომ ექიმმა მოატყუა და არ იყო უფლებამოსილი, გაეცა მსგავსი სახის ცნობა. სასამართლომ საწინააღმდეგოდ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დავაზე, სადაც სადავო იყო მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოსარჩელის შრომითი უფლებების დარღვევით გაცემული ბრძანება, შრომითი უფლებები კი დაცული და გარანტირებულია არა მხოლოდ კანონით, არამედ კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით.
40. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
41. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
42. სააპელაციო პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 დეკემბრის მოსამზადებელი სხდომის ოქმის საფუძველზე დაადგინა, რომ მოცემული სამოქალაქო საქმე ჩაითვალა მომზადებულად და საქმის არსებითი განხილვისათვის მთავარი სხდომის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 18 თებერვლის 12:00 სააათი.
43. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენელს 2016 წლის 18 თებერვალს დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა 2015 წლის 10 დეკემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს 2016 წლის 18 თებერვალს, 12:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.
44. 2016 წლის 17 თებერვალს მოსარჩელის წარმომადგენელმა სხდომის გადადების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და აღნიშნა, რომ, ჯანმრთელობის მწვავე გაუარესების გამო, ვერ ახერხებს 2016 წლის 18 თებერვლის სხდომაზე გამოცხადებას. განმცხადებელმა აღნიშნულის დამადასტურებლად წარადგინა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული სამედიცინო ბარათის ასლი.
45. 2016 წლის 18 თებერვალს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელსაც სხდომის დღე ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
46. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, იშუამდგომლა გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
47. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 18 თებერვალს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
48. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ სადავო გახადა სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით. მხარემ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური მეწარმე ექიმის მიერ გაცემული ცნობა ხელმოწერილი იყო სამედიცინო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ და კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. ამასთან, პაციენტისათვის არ იყო ცნობილი, რომ ექიმს სათანადო სერთიფიკატი არ გააჩნდა. მისი მოსაზრებით, საქმის განხილვაზე მოსარჩელის წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობას ადასტურებს მხარის მიერ წარდგენილი სხვა სამედიცინო დოკუმენტებიც.
49. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
50. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
51. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
52. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
53. მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, კერძოდ: 1. საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე; 2. მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა სასამართლოს სხდომის დანიშვნის თაობაზე; 3. მოსარჩელე არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე და არ აცნობა სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ; 4. მოსარჩელის გამოუცხადებლობა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობა გამოწვეული არ იყო საპატიო მიზეზით; 5. მოპასუხემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.
54. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
55. კანონის აღნიშნული დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. (სუსგ 25.11.2017წ. საქმე №ას-1078-998-2017)
56. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნია წარმომადგენლის ავადმყოფობა, რის დასადასტურებლადაც წარადგინა შემდეგი მტკიცებულებები: სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული №.. სამედიცინო ბარათი და სამედიცინო დახმარების ცენტრის 2016 წლის 18 მარტის მიმართვა, რომლებითაც დგინდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მისამართზე 2016 წლის 13 თებერვალს (01:46 სთ-ზე) გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, დაისვა დიაგნოზი №23 (თირკმლის ჭვალი დაუზუსტებელი), პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე; სამედიცინო დაწესებულების ცნობა, რომლის შესაბამისად მოსარჩელის წარმომადგენლისათვის 2016 წლის 16 თებერვალს ჩატარებული თირკმლის კლინიკურ-დიანგონსტიკური გამოკვლევის შედეგები; ინდივიდუალური მეწარმე ექიმის მიერ 2016 წლის 20 თებერვალს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა ექიმს მიმართა 2016 წლის 18 თებერვალს, ხოლო გაეწერა 2016 წლის 20 თებერვალს. პაციენტის დიაგნოზია: სასუნთქი გზების ინფექცია, გართულებული მწვავე ბრონქიტი, თირკმლის კოლიკის შემგომი მდგომარეობა. ავადმყოფის მდგომარეობა – მწვავე. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: მიემართა პაციენტს საკონსულტაციოდ უროლოგთან.
57. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2016 წლის 25 მარტის ბრძანებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის ადვოკატის განცხადებაში (№..- 17.03.2016წ.) მოყვანილი ფაქტებისა და ზემოთ მითითებული ინდივიდუალური მეწარმის მიერ გაწეული სავარაუდო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტის გამოვლენის, ასევე, №1 დანართში მოყვანილ დაწესებულებაში „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შემოწმების მიზნით, შეიქმნა და მივლინებულ იქნა კომისია.
58. 2016 წლის 6 მარტის შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ზემოთ მითითებული ექიმი ფლობს სახელმწიფო სერთიფიკატს საექიმო საქმიანობაში – „პედიატრია“. სადავო პაციენტის – მოსარჩელის წარმომადგენლის მიმართ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის მას უნდა ჰქონოდა სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში – „შინაგანი მედიცინა“, რაც არ გააჩნია. ამდენად, მოსარჩელის წარმომადგენლის მიმართ გაწეული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა წარმოადგენდა უკანონო საექიმო საქმიანობას, რითაც დაირღვა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნა.
59. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ზემოაღნიშნული ინდივიდუალური მეწარმე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
60. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ინდივიდუალური მეწარმის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის №4-148-16 დადგენილებაზე და იგი დარჩა უცვლელად.
61. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებული არც ერთი სამედიცინო ცნობა არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 215-ე მუხლის მოთხოვნებს და არ შეიცავს პირდაპირ მითითებას, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2018 წლის 18 თებერვლის ობიექტურად არ შეეძლო საქმის განხილვაზე გამოცხადება.
62. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ დაუსახელებია არცერთი მიზეზი, თუ რატომ ვერ გამოცხადდა სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს პროცესზე თავად მოსარჩელე.
63. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
64. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
65. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
66. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
67. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
68. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 22 იანვარს №... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ. ფ.-ს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 22 იანვარს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე