Facebook Twitter

№010210016001375171

საქმე №ას-59-59-2018 9 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. ი.–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ.–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაბრუნება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს მიკროსაფინანსო ორგანოზაცია „ბ.–მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ი.–ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 11829 აშშ დოლარის გადახდა, რომელშიც შედის სესხის ძირითადი დავალიანება - 8000 აშშ დოლარი, 2016 წლის 7 მარტამდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 2399 აშშ დოლარი, 2016 წლის 7 მარტამდე დარიცხული პირგასამტეხლო - 1430 აშშ დოლარი. მასვე ყოველთვიურად გადასახდელად დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 8000 აშშ დოლარის 3%-ის - 320 აშშ დოლარის გადახდა 2016 წლის 7 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ხოლო პირგასამტეხლოს სახით 2016 წლის 7 მარტიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საპროცენტო სარგებლის 4%-ის, ანუ 12,8 აშშ დოლარის გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე. თანხის ამოღება მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, დარჩენილი დავალიანების ნაწილში აღსრულება გაგრძელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვლებლივ აღსასრულებლად.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს ასესხა 8000 აშშ დოლარი 4% სარგებლით. პირგასამტეხლოს სახით განისაზღვრა ყოველთვიურად საპროცენტო სარგებლის 4%-ის გადახდა. სესხი უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკით. მოპასუხემ ფულადი ვალდებულება დაარღვია, რისთვისაც უნდა დაეკისროს სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდა.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო ძირითადი დავალიანების - 8000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი მხოლოდ ძირითადი თანხის - 8000 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2399 აშშ დოლარის გადახდა, ყოველთვიურად 8000 აშშ დოლარის 3%-ის ანაზღაურება 2016 წლის 7 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე, 0,1 აშშ დოლარის გადახდა 2016 წლის 7 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგინდა, აღსრულება მიექცეს მოპასუხის კუთვნილ კონკრეტულ უძრავ ქონებაზე, მოსარჩელის მოთხოვნა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხის კუთვნილ სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 1 აგვისტოს მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 8000 აშშ დოლარი.

7. ხელშეკრულება დაიდო 18 თვის ვადით. სესხით სარგებლობისათვის მოპასუხეს უნდა გადაეხადა ყოველთვიური სარგებელი - სესხის თანხის 4%.

8. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო, ყოველთვიურად საპროცენტო სარგებლის 4%-ის ოდენობით.

9. ამ სესხის უზრუნველსაყოფად 2011 წლის 1 აგვისტოს მოპასუხემ იპოთეკით დატვირთა კუთვნილი კონკრეტული უძრავი ქონება.

10. 2013 წლის 30 მარტს მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი შეამცირეს 3%-მდე.

11. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად ვერ შეასრულა და, 2016 წლის 7 მარტის მდგომარეობით, მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა სესხის ძირითად თანხას - 8000 აშშ დოლარს და სარგებელს - 2399 აშშ დოლარს.

12. სააპელაციო პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ შეცდომით დაადგინა, რომ 2013 წლის 30 მარტს მოპასუხემ 2011 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა.

13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) მე-4 მუხლის თანახმად, სარჩელისა თუ შესაგებლის საფუძვლებს განსაზღვრავენ მხარეები. აღნიშნული ნიშნავს, რომ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდოს ის ფაქტები, რომლებზეც მხარეებს არ მიუთითებიათ. ამ ვითარებაში დაირღვევა არა მარტო შეჯიბრებითობის პრინციპი, არამედ ამავე კოდექსის 248-ე მუხლი, რომლის თანახმადაც სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - სსკ) 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება წყდება შესრულებით და არა კომპიუტერულ პროგრამაში ტრანზაქციის დაფიქსირებით. მოპასუხეს კი, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ განუცხადებია, რომ 2011 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა და მოსარჩელეს თანხა დაუბრუნა. პირიქით, როგორც შესაგებელში, ისე საქმის არსებითად განხილვის დროს იგი აცხადებდა, რომ 2013 წელს „მოხდა პროცენტის კორექტირება და სესხი გახდა 3% ყოველთვიურად“. საპროცენტო სარგებელს იხდიდა 2015 წლის თებერვლის ჩათვლით, ყოველთვიურად 42 თვის განმავლობაში. მეტიც, შესაგებლით მოპასუხემ არსებითად დაადასტურა 2015 წლის თებერვლიდან საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების არსებობაც.

15. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ვითარებაში იმის დადგენით, რომ 2013 წლის 30 მარტს მოპასუხემ ვალი მთლიანად გადაიხადა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მას მიაკუთვნა ის, რაც არ უთხოვია. ეს კი დაუშვებელია.

16. ამრიგად, ნათელია, რომ 2013 წლის 30 მარტს მოპასუხეს მოსარჩელისათვის ვალი არ დაუბრუნებია. შესაბამისად, 2011 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეწყვეტილა და მოპასუხემ იგი უნდა შეასრულოს.

17. ამის გამო, სსკ-ის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოპასუხემ მოსარჩელეს სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტი უნდა გადაუხადოს.

18. მოსარჩელემ მოპასუხისათვის პროცენტის გადახდის დაკისრება მოითხოვა ვალდებულების წარმოშობიდან 2016 წლის 7 მარტამდე პერიოდისათვის. თანხის ბრუნვის უწყისიდან დგინდება, რომ 2013 წლის 30 მარტიდან 2015 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით, მოპასუხეს პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 7645,17 აშშ დოლარი, მან კი გადაიხადა მხოლოდ 5246 აშშ დოლარი.

19. შესაბამისად, სხვაობა გადახდილსა და გადასახდელ თანხას შორის არის 2399,17 აშშ დოლარი.

20. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტი სარგებელს 2016 წლის 7 მარტამდე ითხოვს, მისი მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისათვის უფრო ნაკლები თანხის - 2399 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.

21. აღსანიშნავია, რომ ზემოთ მითითებული საბუთის თანახმად, 8000 აშშ დოლარის სარგებლის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს წარმოეშვა 2014 წლის 7 მარტს. ამ დროიდან 2016 წლის 7 მარტამდე მას უნდა გადაეხადა პროცენტი, 8000X3%X24=5760 აშშ დოლარი, მაშინ, როცა გადახდილი აქვს 3124 აშშ დოლარი. სხვაობა გადახდილსა და გადასახდელ თანხას შორის არის 5760-3124=2636 აშშ დოლარი, რაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხას აღემატება.

22. ამრიგად, ნებისმიერ შემთხვევაში, საპროცენტო სარგებლის გადახდის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებული იყო და საქალაქო სასამართლომ შეცდომით არ დააკმაყოფილა.

23. სააპელაციო პალატის აზრით, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა 2016 წლის 7 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სარგებლის დაკისრების ნაწილშიც.

24. სსკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებმა იპოთეკის ხელშეკრულების 5.3. პუნქტით გაითვალისწინეს, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხეს სარგებელი - 4% და პირგასამტეხლო - სარგებლის 4% უნდა გადაეხადა სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგაც, სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე. ეს ნიშნავს, რომ მხარეები სარგებლის გადახდის ვალდებულების თაობაზე შეთანხმდნენ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ამიტომ, მოპასუხემ ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს და აპელანტს ყოველთვიურად 8000 აშშ დოლარის 3% უნდა გადაუხადოს 2016 წლის 7 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

25. მართალია, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად მხარეებმა პირგასამტეხლოც გაითვალისწინეს, თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, იგი დარღვეულ ვალდებულებასთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალია.

26. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა და მისი სამართლიანი ოდენობის განსაზღვრისას, სწორედ პირგასამტეხლოს მიზანი უნდა იქნას გათვალისწინებული.

27. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის დროს ყურადღებამისაქცევია დარღვეული ვალდებულების მოცულობა და ხასიათი. მაგალითად, თუ ვალდებულება სარგებლიანია და ეს სარგებელი მოვალეს ვალდებულების შეწყვეტამდე ეკისრება, იგი, შინაარსობრივად, შესრულებას დამოუკიდებლადაც უზრუნველყოფს – თუ მოვალე ვალს დროულად გადაიხდის, ნაკლები სარგებლის გადახდაც მოუწევს. ამიტომ, ამ შემთხვევაში, მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალების, პირგასამტეხლოს ოდენობაც, სარგებლის ოდენობის უკუპროპორციული უნდა იყოს – ე.ი. რაც უფრო მაღალი იქნება სარგებელი, მით მცირე პირგასამტეხლო დაერიცხება ვალდებულების დამრღვევს.

28. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, თანაფარდობა დარღვეულ ვალდებულებასა და პირგასამტეხლოს ოდენობას შორის, დარიცხვის პერიოდი და ა.შ.

29. საბოლოოდ, პირგასამტეხლოს ოდენობა არც იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება გამოიწვოს და არც იმდენად მცირე – მოთხოვნის უზრუნველყოფა რომ ვერ შეძლოს.

30. როგორც აღინიშნა, მოპასუხემ აპელანტს სარგებელი ვალდებულების შესრულებამდე უნდა გადაუხადოს. ეს კი ძირითადი თანხის დაბრუნებას თავისთავადაც უზრუნველყოფს.

31. აღნიშნულის გამო, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და იგი უნდა განისაზღვროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის 0,04%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად 8000X3%X0,04%=0,96, ე.ი 0,1 აშშ დოლარს შეადგენს.

32. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს პირგასამტეხლო - ყოველდღიურად 0,1 აშშ დოლარი 2016 წლის 7 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

33. სსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

34. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით და ეს ვალდებულება მოპასუხემ დაარღვია. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

35. ამავდროულად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის თაობაზე უსაფუძვლოა.

36. სსკ-ის 301-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

37. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, იპოთეკის ხელშეკრულების 6.9.2. ქვეპუნქტი ითვალისწინებდა იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის დროს, თანხის არასაკმარისობისას, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის პირობას, თუმცა მსგავსი შეთანხმება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევისათვის მხარეებს გათვალისწინებული არ ჰქონიათ. აღსანიშნავია, რომ ამის თაობაზე არც მოსარჩელეს მიუთითებია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

38. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

39. კასატორმა მიუთითა, რომ 2011 წლის 1 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 8000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე 4% სარგებლის დარიცხვით. პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველთვირად საპროცენტო სარგებლის 4%-ით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 18 თვე. სესხი უნდა დაფარულიყო 2013 წლის 1 თებერვლამდე თვეში 631,95 აშშ დოლარის გადახდით. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად დაიდო №425 იპოთეკის ხელშეკრულება.

40. 2013 წლის 30 მარტს კასატორმა სრულად შეიტანა 6 000 აშშ დოლარი ძირითადი თანხა. 2013 წლის 30 მარტამდე - დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 1682,10 აშშ დოლარი და 435,43 აშშ დოლარი პირგასამტეხლო. 2011 წლის 1 აგვოსტოს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შესრულდა და ამ დროში დაიფარა.

41. 2013 წლის 30 მარტს დაიდო ახალი ზეპირი სესხის ხელშეკრულება 6 000 აშშ დოლარზე 3% სარგებლის დარიცხვით უვადოდ. ამჯერად მხარეები იპოთეკით სესხის უზრუნველყოფაზე არ შეთანხმებულან. 2014 წლის 7 მარტს დამატებით გაიცა 2000 აშშ დოლარის სესხი და ძირითადი თანხის ოდენობა გაიზარდა 8000 აშშ დოლარამდე.

42. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ 2013 წლის 30 მარტისა და 2014 წლის 7 მარტის ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებებით მხარეები სარგებლისა და ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდაზე არ შეთანხმებულან. სესხი არ ყოფილა უზრუნველყოფილი №425 იპოთეკის ხელშეკრულებით, რომელიც სააპელაციო პალატამ სადავო სესხის ხელშეკრულებებზე არასწორად გაავრცელა.

43. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი სტანდარტი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და კასატორის საკუთრების უფლებას. სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები იპოთეკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

44. სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მან თანხა დააფიქსირა მხოლოდ პროგრამულად. აჩვენა შემოტანა/გატანის ტრანზაქცია, გასცა შესამაბისი ქვითრები ისე, თითქოს რეალურად სალაროში თანხა არც შესულა და არც გასულა.

45. კასატორმა იხელმძღვანელა სსკ-ის 153-ე მუხლით და განმარტა, რომ იპოთეკით დადგენილი პასუხისმგებლობის ფარგლები მთლიანად განისაზღვრება ძირითადი მოთხოვნიდან გამომინდარე ვალდებულების ფარგლებით.

46. მხარის მითითებით, ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაშ არ მიიღო სესხის ხელშეკრულებების ზეპირი ფორმით შეთანხმებული პირობები. სსკ-ის 418-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

47. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

48. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

49. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 1 აგვისტოს მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 8000 აშშ დოლარი.

50. ხელშეკრულება დაიდო 18 თვის ვადით. სესხით სარგებლობისათვის მოპასუხეს უნდა გადაეხადა ყოველთვიური სარგებელი - სესხის თანხის 4%.

51. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ყოველთვიურად საპროცენტო სარგებლის 4%-ის ოდენობით.

52. ამ სესხის უზრუნველსაყოფად 2011 წლის 1 აგვისტოს მოპასუხემ იპოთეკით დატვირთა კუთვნილი კონკრეტული უძრავი ქონება.

53. 2013 წლის 30 მარტს მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი შეამცირეს 3%-მდე.

54. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად ვერ შეასრულა და, 2016 წლის 7 მარტის მდგომარეობით, მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა სესხის ძირითად თანხას - 8000 აშშ დოლარს და სარგებელს - 2399 აშშ დოლარს.

55. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა მიიჩნია, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი იყო მხოლოდ 2011 წლის 1 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება, რომლიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება მოპასუხემ შეასრულა. 2013 წლის 30 მარტისა და 2014 წლის 7 მარტის სესხის ზეპირი ხელშეკრულებები კი დაიდო 2011 წლის 1 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებისაგან დამოუკიდებლად და იპოთეკის ხელშეკრულების ამ გარიგებებზე გავრცელება დაუშვებელია.

56. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

57. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

58. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

59. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის არგუმენტი, რომ 2011 წლის 1 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი დავალიანება მოპასუხემ დაფარა.

60. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სსკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება წყდება შესრულებით. მოპასუხეს კი, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ განუცხადებია, რომ 2011 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა და მოსარჩელეს თანხა დაუბრუნა. შესაგებელსა და საქმის არსებითად განხილვისას იგი აფიქსირებდა, რომ 2013 წელს „მოხდა პროცენტის კორექტირება და სესხი გახდა 3% ყოველთვიურად“. საპროცენტო სარგებელს იხდიდა 2015 წლის თებერვლის ჩათვლით, ყოველთვიურად 42 თვის განმავლობაში. მეტიც, შესაგებლით მოპასუხემ არსებითად დაადასტურა 2015 წლის თებერვლიდან საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების არსებობაც.

61. სწორედ ამიტომ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2013 წლის 30 მარტს მოპასუხეს მოსარჩელისათვის ვალი არ დაუბრუნებია. 2011 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეწყვეტილა და მოპასუხემ იგი უნდა შეასრულოს. სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ დაადასტურა საკასაციო საჩივარში პ. 40-42 აღნიშნული გარემოებები.

62. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და თავად კასატორიც ადასტურებს, რომ 2011 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, შესაბამისად, კასატორის ზემოაღნიშნული არგუმენტი ვერ იქნება გაზიარებული.

63. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

64. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

65. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

66. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

67. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

68. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. ზ.-ას მიერ 2018 წლის 30 იანვარს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 967,06 ლარის 70% – 676,94 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ი.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ გ. ი.-ს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. ზ.-ას მიერ 2018 წლის 30 იანვარს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 967,06 ლარის 70% – 676,94 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე