საქმე №130210016001341079
საქმე №ას-69-69-2018 16 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. მ.–ი, მ. ხ.–ი (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. დ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ნივთის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ი. მ.-მა და მ. ხ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ვ. დ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია 20700 აშშ დოლარის ოდენობით მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელეების განმარტებით, 2014 წლის 20 ივნისს მოპასუხესთან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურში დადეს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. გამოსყიდვის ვადად განისაზღვრა სამი თვე, ხოლო ნასყიდობის ფასმა შეადგინა 20700 აშშ დოლარი, რაც მოპასუხეს გადაეცა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მხარეებს შორის დადებული 2014 წლის 20 ივნისის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. სასამართლომ ჩათვალა, რომ იგი წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულება 20700 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად იმავე ქონებაზე დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება.
4. 2014 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულებით გამოსყიდვის ვადა შეადგენდა სამ თვეს, ნასყიდობის ღირებულება იყო 20700 აშშ დოლარი, სარჩელის წარდგენის მდგომარეობით გასულია წელიწადი და 10 თვე, ამდენად, მოპასუხეს სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩათვლილი სესხის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას არ შეუსრულებია, მას არ დაუკმაყოფილებია მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაცაა იპოთეკა.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის 20 ივნისს მხარეებს შორის მართლაც დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე. ხელშეკრულება იყო თვალთმაქცური, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადგინდა. რეალურად არსებობდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის ოდენობა შეადგენდა 10 000 აშშ დოლარს. 20700 აშშ დოლარი იყო სახლის რეალური ღირებულება და არა გადახდილი თანხა.
6. მოპასუხემ მიუთითა, რომ მან დაფარა სესხის ნაწილის და მოსარჩელეებს გადაუხადა 1200 ევრო, რაც სრულ თანხას უნდა გამოაკლდეს. ამასთან, სესხის გადახდის ვადა არ დადგენილა. მისი მოსაზრებით, მოსარჩელეებისათვის გადასახდელი აქვს სულ 13000 აშშ დოლარი. მოპასუხემ არ ცნო მოსარჩელეების მოთხოვნა უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის ნაწილში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 აშშ დოლარის გადახდა, სესხის უზრუნველსაყოფად სადავო უძრავი ქონება მიექცა სარეალიზაციოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 20 ივნისს მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. გამოსყიდვის ვადა შეადგენდა 3 თვეს. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 20 700 აშშ დოლარით.
10. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა და მხარეთა შორის 2014 წლის 20 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით ბათილად იქნა ცნობილი.
11. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 2014 წლის 20 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება ჩათვალა სესხის ხელშეკრულებად, სესხის უზრუნველსაყოფად დადებულად მიიჩნია იპოთეკის ხელშეკრულება და აღნიშნული უძრავი ქონება მოსარჩელეების სასარგებლოდ დაიტვირთა იპოთეკით. საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღირიცხა მოპასუხე. იპოთეკარებად კი დარეგისტრირდნენ მოსარჩელეები.
12. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და იგი შესულია კანონიერ ძალაში.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 106-ე მუხლის მიხედვით მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
14. ამდენად, სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დამტკიცებას არ საჭიროებენ ე.წ. პრეიუდიციურად დადგენილი ფაქტები. კერძოდ, ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
15. პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას, ანუ სავალდებულო ძალის მქონედ მიიჩნევა არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი უკლებლივ ყველა გარემოება, არამედ მხოლოდ ისინი, რომლებსაც ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ემყარება. ამდენად, ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ), არამედ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება).
16. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მითითებული ნორმა ათავისუფლებს მხარეებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ისეთი ფაქტების სარწმუნოდ დადასტურების ვალდებულებისაგან, რომელთა არსებობა სასამართლოს მიერ უკვე დადგინდა იმავე მხარეებს შორის მიმდინარე სხვა სამოქალაქო დავის ფარგლებში. კანონის ამგვარ დანაწესს განაპირობებს ის გარემოება, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე შეაფასა მხარეთა მიერ სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით წარდგენილი მტკიცებები, გამოიკვლია და დაადგინა ფაქტები იმავე მხარეებს შორის სხვა სამოქალაქო საქმეზე, რომლის წარმოება დასრულდა. შესაბამისად, აღარ არსებობს იმის საჭიროება, რომ სასამართლომ ხელახლა დააკისროს მხარეებს იმავე გარემოებების მტკიცება.
17. მოსარჩელეები სარჩელში მიუთითებენ, რომ მოპასუხეს გადაუხადეს 20 700 აშშ დოლარი ნასყიდობის გაფორმებისთანავე, მაგრამ ხაშურის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ ნასყიდობის ხელშეკრულებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: მოპასუხემ მოსარჩელეთაგან ისესხა 10 000 აშშ დოლარი.
18. სააპელაციო პალატამ კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა ისე, რომ მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა. ამდენად, ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ დავაში პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონეა და ამ გარემოების გაბათილება სხვა რაიმე სახის მტკიცებულებით პრაქტიკულად შეუძლებელია.
19. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტის მიხედვით, მოპასუხესა და ერთ-ერთ მოსარჩელეს შორის 2014 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულება ჩაითვალა სესხის ხელშეკრულებად; მე-5 პუნქტის მიხედვით სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხესა და მოსარჩელეებს შორის დადებულად ჩაითვალა იპოთეკის ხელშეკრულება. მე-6 პუნქტის მიხედვით, აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელეების სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება.
20. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენელი აპელირებდა, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში სასამართლოს მიერ მითითებული „აღნიშნული სესხის“ ხელშეკრულებაში მოიაზრება 2014 წლის 20 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც სასამართლომ ცნო ბათილად და ჩათვალა სესხის ხელშეკრულებად. აქედან გამომდინარე, მისი მოსაზრებით, სესხის თანხა შეადგენდა 20 700 აშშ დოლარს, რომლის უზრუნველსაყოფადაც უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
21. სააპელაციო პალატამ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია ზემოაღნიშნული მოსაზრება, რადგან, მართალია, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო 2014 წლის 20 ივნისს მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც ნასყიდობის ფასი განისაზღვრებოდა 20 700 აშშ დოლარით და აღნიშნული ხელშეკრულება ჩათვალა სესხის ხელშეკრულებად, მაგრამ სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილებაში არსად არ ფიქსირდება სესხის ოდენობა, მით უფრო – 20700 აშშ დოლარი. ამდენად, ის ფაქტი, რომ სასამართლომ ბათილად ცნო მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ჩათვალა იგი სესხის ხელშეკრულებად, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ნასყიდობის ფასით უნდა განისაზღვროს მხარეთა შორის არსებული სესხის ოდენობა, მით უფრო, რომ სასამართლომ გადაწყვეტილებაში დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის 10 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის არსებობა, რაზეც ზემოთ უკვე იმსჯელა სასამართლომ.
22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეებს შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2014 წლის 20 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და უძრავი ქონება მოსარჩელეების სასარგებლოდ დატვირთულია იპოთეკით.
23. სსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 302-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოპასუხის შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა მოსარჩელეების მიმართ განისაზღვრება 10 000 აშშ დოლარით და აღნიშნული მოთხოვნა მოპასუხეს არ დაუკამყოფილებია. ამდენად, აღნიშნული თანხის უზრუნველსაყოფად 2014 წლის 20 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება უნდა მიექცეს სარეალიზაციოდ.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
25. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მათი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, 2014 წლის 20 ივნისის ხელშეკრულებაში მითითებული 20 700 აშშ დოლარი მოპასუხეს სრულად გადაუხადეს.
26. კასატორებმა აღნიშნეს, რომ როგორც მოპასუხის, ისე მოსარჩელეთა სარჩელების გამო, საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული და გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიიღო ერთი და იმავე კოლეგიამ. იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის ნასესხები თანხის ოდენობად დადგინდა არა 20 700, არამედ 10 000 აშშ დოლარი, ლოგიკურია, რომ იგივე კოლეგია ვერ მიიღებდა საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას და სარჩელს ნაწილობრივ – 10 000 აშშ დოლარის ფარგლებში დააკმაყოფილებდა.
27. კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ გვერდი აუარა იმ გარემოებას, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დავის საგანს წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერება და არა სესხის მოცულობის დადგენა. მართალია, სასამართლო აღწერილობით ნაწილში მიუთითებდა სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მოსარჩელე სარჩელში მიმოიხილავდა, მაგრამ სასარჩელო მოთხოვნა ეხებოდა მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და მის ჩათვლას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად. სასამართლომ მოპასუხის მოთხოვნის ფარგლებში ცნო ბათილად ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ჩათვალა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად. რა თქმა უნდა სესხის მოცულობა განისაზღვრებოდა ხელშეკრულებაში მითითებული თანხით და არა მოპასუხის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებით.
28. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, გადაწყვეტილება ახალი ხედვაა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებასა და ვალდებულებით სამართალში, სულ სხვა მიდგომას გვთავაზობს, რაც განსხვავდება არსებული პრაქტიკისაგან, ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება, რამაც გამოიწვია უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილების მიღება.
29. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, კერძოდ, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რითაც 2014 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულება ჩათვალა სესხის ხელშეკრულებად და აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად კასატორთა სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება.
30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
31. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
32. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 20 ივნისს მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. გამოსყიდვის ვადა შეადგენდა 3 თვეს. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 20 700 აშშ დოლარით.
33. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა და მხარეთა შორის 2014 წლის 20 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით ბათილად იქნა ცნობილი.
34. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 2014 წლის 20 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება ჩათვალა სესხის ხელშეკრულებად, სესხის უზრუნველსაყოფად დადებულად მიიჩნია იპოთეკის ხელშეკრულება და აღნიშნული უძრავი ქონება მოსარჩელეების სასარგებლოდ დაიტვირთა იპოთეკით. საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღირიცხა მოპასუხე. იპოთეკარებად კი დარეგისტრირდნენ მოსარჩელეები.
35. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და იგი შესულია კანონიერ ძალაში.
36. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, კერძოდ, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რითაც 2014 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულება ჩათვალა სესხის ხელშეკრულებად და აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად კასატორთა სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება.
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
39. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც, თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შინაარსს (იხ. სუსგ №ას-824-790-2016, 2016 წლის 23 დეკემბერი, სუსგ 2017 წლის 30 იანვარი, საქმე №ას-684-655-2016).
41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, რათა სააპელაციო პალატას კასატორთა მიერ სადავოდ გამხდარი, მოცემული დავისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები დაედგინა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში ასახული, იმავე მოდავე მხარეებს შორის მიმდინარე დავაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭების გზით. როგორც სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არც მხარეს, მათ შორის, არც მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი დაეთანხმნენ მის შინაარსს. შესაბამისად, კასატორთა პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტების არასწორად შეფასების შესახებ დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება.
42. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
43. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
44. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
45. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
47. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ხ.-ის მიერ 2018 წლის 30 იანვარს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 1247,50 ლარის 70% – 873,25 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. მ.-ისა და მ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს – ი. მ.-სა (პირადი №..) და მ. ხ.-ს (პირადი №…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ხ.–ის მიერ 2018 წლის 30 იანვარს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 1247,50 ლარის 70% – 873,25 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე