საქმე №330210016001572741
საქმე №ას-181-181-2018 23 მარტი, 2018 წელი
№ას-181-181-2018 გარემოსდაცვითი დეპარტამენტი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „X.“ (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „X.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ №.. და №.. ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს – 932 939.02 ლარის დაეკისრების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2015 წლის 10 დეკემბრის №.. და 2015 წლის 16 დეკემბრის №.. ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, მაღალ დონეზე და სრულფასოვნად, განეხორციელებინა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის პირველი სართულის მარჯვენა ფლიგელში განლაგებული საოფისე ფართისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ასევე ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის საოფისე ფართისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები მიმწოდებლის მიერ უნდა შესრულებულიყო სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული სატენდერო წინადადების ტექნიკური დავალების სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროექტისა და შესასრულებელი სამუშაოს უწყისის შესაბამისად.
3. მოსარჩელის განმარტებით, №.. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, მოპასუხეს სამშენებლო სამუშაოები უნდა დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში და დაესრულებინა არაუგვიანეს 2016 წლის 7 აპრილისა, ხოლო №.. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის მიხედვით კი, მიმწოდებელი ვალდებულები იყო, სამშენებლო სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში და დაესრულებინა არაუგვიანეს 2016 წლის 28 მარტისა.
4. ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე ანგარიშსწორება მოხდებოდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებზე, რაზეც მიმწოდებელს უნდა წარმოედგინა, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციის მიერ გაცემული დასკვნა, ასევე, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი – ფორმა №2. აღნიშნული პუნქტის თანახმად, ვალდებულების შესრულების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ წარმოდგენილი და შესაბამისი საექსპერტო დასკვნით დადასტურებული სამუშაოების ღირებულება არ უნდა ყოფილიყო სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ზე ნაკლები და დასკვნა შემსყიდველთან წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2015 წლის 24 დეკემბრისა, რაც მოპასუხემ №.. ხელშეკრულებაზე წარადგინა 2016 წლის 26 თებერვალს, ე.ი. 64 კალენდარული დღის დაგვიანებით, ხოლო №.. ხელშეკრულებაზე – 2016 წლის 25 თებერვალს, 63 კალენდარული დღის დაგვიანებით.
5. 2015 წლის 10 დეკემბრის №.. ხელშეკრულების შესაბამისად, შემსყიდველს უნდა გადაეხადა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება – 379 819 ლარი ხელშეკრულების პირობების დაცვით შესრულებული სამუშაოსათვის. აღნიშნული ხელშეკრულების 8.4. პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის მიერ გადახდა შეიძლება განხორციელდეს წინასწარი 100%-იანი საავანსო ანგარიშსწორების ფორმით, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ბანკის მიერ გაცემული უპირობო საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე განხორციელდა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ 2015 წლის 30 დეკემბერს.
6. 2015 წლის 16 დეკემბრის №.. ხელშეკრულების შესაბამისად, შემსყიდველს უნდა გადაეხადა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება – 300 580 ლარი სრულფასოვნად შესრულებული სამუშაოსთვის. აღნიშნული ხელშეკრულების 8.4. პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის მიერ გადახდა შეიძლება განხორციელდეს წინასწარი 100%-იანი საავანსო ანგარიშსწორების ფორმით, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ბანკის მიერ გაცემული უპირობო საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის საფუძველზე. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე განხორციელდა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ 2015 წლის 30 დეკემბერს.
7. მხარის განმარტებით, დასრულებული სამუშაოების შესახებ შედგა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის თანახმად შემსყიდველმა ჩაიბარა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის პირველი სართულის მარჯვენა ფლიგელში განლაგებული საოფისე ფართისა და მიმდებარე ეზოს სარემონტო-სარეკონსქტრუციო სამუშაოები, ასევე, მეორე ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის სარემონტო და მიმდებარე მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები.
8. მოსარჩელის მითითებით, №.. და №.. ხელშეკრულებების 11.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი კისრულობს პასუხისმგებლობას, გადაუხადოს პირგასამტეხლოს სახლით შემსყიდველს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების ვადების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების 2% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. №.. ხელშეკრულების შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 7596,38 ლარს, სულ – 2016 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით შეადგინა 486168,32 ლარი, ხოლო №.. ხელშეკრულების შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 6011,6 ლარს, მთლიანობაში 2016 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით კი – შეადგინა 378730,80 ლარი.
9. ამასთან, ხელშეკრულების 11.2 პუნქტის შესაბამისად, თუ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს საერთო რაოდენობა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 60% შემსყიდველი უფლებამოსილია, ვადაგადაცილებულ დღეებზე დაკისრებულ პირგასამტეხლოსთან ერთად დააკისროს მომწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც №.. ხელშეკრულებაზე – 37981,90 ლარია, ხოლო №.. ხელშეკრულებაზე – 30058 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2015 წლის 10 დეკემბრის №.. და 2015 წლის 16 დეკემბრის №.. ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობები არ დაურღვევია, დროულად განახორციელა ყველა ის ქმედება და შეასრულა ყველა ვალდებულება, რაც ევალებოდა და უშუალოდ მის აქტივობაზე იყო დამოკიდებული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 10 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო №.. ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა – მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, მაღალ დონეზე და სრულფასოვნად განეხორციელებინა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის პირველი სართულის მარჯვენა ფლიგელში განლაგებული საოფისე ფართისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული სატენდერო წინადადების ტექნიკური დავალების, სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროექტისა და შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობათა უწყისის შესაბამისად, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (ხელშეკრულების 2.1. პუნქტი).
14. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულებამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადისა და ხარჯის გათვალისწინებით შეადგინა 379 819.00 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
15. 4.1. პუნქტის მიხედვით კი, შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ეტაპობრივი ან სრული შესრულება დასტურდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით, №2 ფორმით, ფარული სამუშაოების აქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაუთვალისწინებელი სამუშაოების აქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელიც წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო №2 ფორმის სახით), შემსყიდველის ანუ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიერ განსაზღვრული ინსპექტირების ჯგუფის დასკვნითა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციის მიერ გაცემული დასკვნით.
16. 4.3. პუნქტის საფუძველზე შემსყიდველი მიღება-ჩაბარების აქტის მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს აქტში დაფიქსირებული სამუშაოების შესაბამისობას ხელშეკრულებით დადგენილთან, ხოლო შესაბამისობის შემთხვევაში იღებს სამუშაოს.
17. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, სამშენებლო სამუშაოები დაეწყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში და დაესრულებინა არაუგვიანეს 2016 წლის 31 იანვრისა.
18. 8.3. პუნქტის საფუძველზე ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს 2 (ორ) ეტაპად: პირველ ეტაპზე ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებზე, რაზეც მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციის მიერ გაცემული დასკვნა, ასევე, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2, ფარული სამუშაოების ჩატარების აქტი ასეთის არსებობის შემთხვევაში; (აუცილებელი პირობა: 1. დასკვნა წარდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2015 წლის 24 დეკემბრისა; 2 ექსპერტიზის დასკვნის მომზადებასთან და წარმოდგენასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა წარმოადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას; 3. პირველ ეტაპზე წარმოდგენილი და შესაბამისი საექსპერტო დასკვნით დადასტურებული სამუშაოების ღირებულება არ უნდა იყოს სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ზე ნაკლები). მეორე ეტაპზე ანგარიშსწორება განხორციელდება პრეტენდენტების მიერ დარჩენილ თანხაზე წარმოდგენილ ბანკის მიერ გაცემული უპირობო საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის საფუძველზე (აუცილებელი პირობა: 1. პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს ბანკის მიერ გაცემული უპირობო საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია, რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი ბანკი თანახმაა, შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს მოთხოვნილი თანხა ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნისა და დასაბუთების გარეშე; 2. საავანსო გარანტიის წარმოდგენა უნდა მოხდეს 2015 წლის 24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე პერიოდში, რომლის მოქმედების ვადაც 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას).
19. ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, თუ მხარეები წააწყდებოდნენ რაიმე ხელისშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამოც ხელშეკრულების პირობების შესრულება ფერხდება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
20. 11.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი კისრულობს პასუხისმგებლობას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების ვადების დარღვევის შემთხვევაში ან/და მომსახურების არაჯეროვნად განხორციელების შემთხვევაში ან/და ხელშეკრულების ნებისმიერი პირობების დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლოს სახით შემსყიდველს ხელშეკრულების ღირებულების 2 (ორი) პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
21. 11.2. პუნქტის მიხედვით კი, მხარეები თანხმდებიან, რომ თუ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 60 (სამოცი) პროცენტს, შემსყიდველი უფლებამოსილია, ვადაგადაცილებული დღეებზე დაკისრებულ პირგასამტეხლოსთან ერთად, დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10 (ათი) პროცენტის ოდენობით და შეწყვიტოს ხელშეკრულება, უარი თქვას სამუშაოს მიღებაზე ან ანაზღაურებაზე.
22. ხელშეკრულების 14.1 პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორი ნიშნავს მხარეებისთვის გადაულახავ და მათი კონტროლისგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება იქნას გამოწვეული ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვა.
23. 16.1. პუნქტის შესაბამისად, იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გამო, გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 4 (ოთხი) პროცენტის ოდენობით, რომელიც ძალაშია 2016 წლის 5 აპრილამდე.
24. აღნიშნულ ხელშეკრულებაში სახელშეკრულებო პირობები რამდენჯერმე შეიცვალა, კერძოდ, 2015 წლის 23 დეკემბრის №.. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებას დაემატა 8.4. პუნქტი, რომლის მიხედვითაც გადახდა შეიძლება განხორციელდეს წინასწარი 100% საავანსო ანგარიშსწორების ფორმით, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ბანკის მიერ გაცემული უპირობო საავანო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის საფუძველზე.
25. 2016 წლის 29 იანვრის №.. ურთიერთშეთანხმების მიხედვით, 5.2. პუნქტი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 5.3. მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღიან ვადაში და დაასრულოს არაუგვიანეს 2016 წლის 24 თებერვლისა. ამავე ურთიერთშეთანხმების აქტით ასევე შეიცვალა 8.4. პუნქტი და 16.1. პუნქტი.
26. 2016 წლის 24 თებერვლის №.. ურთიერთშეთანხმების აქტით, ცვლილება შევიდა 5.3. პუნქტში, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში და დაასრულოს არაუგვიანეს 2016 წლის 6 მარტისა. ამავე ურთიერთშეთანხმების აქტით ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 8.4.; 16.1. და 18.1 პუნქტებში. ასევე, 2016 წლის 7 მარტის №.. ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე, ცვლილება შევიდა 5.3. პუნქტში და სამუშაოების დასრულების თარიღად 2016 წლის 13 მარტი განისაზღვრა.
27. 2016 წლის 14 მარტის №.. ურთიერთშეთანხმების აქტის მიხედვით, კვლავ შევიდა ცვლილება 5.3. პუნქტში და სამუშაოების დასრულების თარიღად 2016 წლის 28 მარტი განისაზღვრა.
28. 2016 წლის 28 მარტის №.. ურთიერთშეთანხმების აქტის თანახმად, ცვლილება შევიდა 5.3. პუნქტში და სამუშაოების დასრულების თარიღად განისაზღვრა არაუგვიანეს 2016 წლის 7 აპრილი.
29. 2016 წლის 28 აპრილის №.. ურთიერთშეთანხმების აქტით ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 8.4. პუნქტში, 16.1. პუნქტში, ასევე 18.1 პუნქტში.
30. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 თებერვლის №001012816 ექსპერტის დასკვნის მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე (ხელშეკრულება №..) ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის პირველი სართულის მარჯვენა ფლიგელში განლაგებული საოფისე ფართის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი №2 ფორმის მიხედვით, დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს 126 761.09-126 410,2= 350,89 ლარს.
31. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 16 მაისის №.. დასკვნის თანახმად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის პირველი სართულის მარჯვენა ფლიგელში განლაგებული საოფისე ფართის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების (II ეტაპი საბოლოო) ღირებულება წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტი №2 ფორმის მიხედვით დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს 253 255,71 ლარს, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს 251 956,5 ლარს, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 253 255,71-251 956,5=1299,21 ლარს.
32. 2015 წლის 16 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო №.. ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა ვალდებულება იკისრა, მაღალ დონეზე და სრულფასოვნად, განეხორციელებინა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის საოფისე ფართისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული სატენდერო წინადადების ტექნიკური დავალების, სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროექტისა და შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობათა უწყისის შესაბამისად, რომელიც ხელშეკრულებას თან ერთვის და ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
33. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულებამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადისა და ხარჯის გათვალისწინებით შეადგინა 300 580.00 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
34. 4.1. პუნქტის მიხედვით კი, შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ეტაპობრივი ან სრული შესრულება დასტურდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით, №2 ფორმით, ფარული სამუშაოების აქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაუთვალისწინებელი სამუშაოების აქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელიც წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო №2 ფორმის სახით), შემსყიდველის, ანუ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიერ განსაზღვრული ინსპექტირების ჯგუფის დასკვნითა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციის მიერ გაცემული დასკვნით.
35. 4.3. პუნქტის საფუძველზე, შემსყიდველი მიღება-ჩაბარების აქტის მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს აქტში დაფიქსირებული სამუშაოების შესაბამისობას ხელშეკრულებით დადგენილთან, ხოლო შესაბამისობის შემთხვევაში იღებს სამუშაოს.
36. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, სამშენებლო სამუშაოები დაეწყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში და დაესრულებინა არაუგვიანეს 2016 წლის 31 იანვრისა.
37. 8.3. პუნქტის საფუძველზე, ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს 2 (ორი) ეტაპად: პირველ ეტაპზე ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებზე, რაზეც მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციის მიერ გაცემული დასკვნა, ასევე, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, №2 ფორმა, ფარული სამუშაოების ჩატარების აქტი ასეთის არსებობის შემთხვევაში; (აუცილებელი პირობა: 1. დასკვნა წარდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2015 წლის 24 დეკემბრისა; 2 ექსპერტიზის დასკვნის მომზადებასთან და წარმოდგენასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა წარმოადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას; 3. პირველ ეტაპზე წარმოდგენილი და შესაბამისი საექსპერტო დასკვნით დადასტურებული სამუშაოების ღირებულება არ უნდა იყოს სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ზე ნაკლები). მეორე ეტაპზე ანგარიშსწორება განხორციელდება პრეტენდენტების მიერ დარჩენილ თანხაზე წარმოდგენილ ბანკის მიერ გაცემული უპირობო საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის საფუძველზე (აუცილებელი პირობა: 1. პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს ბანკის მიერ გაცემული უპირობო საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია, რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი ბანკი თანახმაა შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს მოთხოვნილი თანხა ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნისა და დასაბუთების გარეშე; 2. საავანსო გარანტიის წარმოდგენა უნდა მოხდეს 2015 წლის 24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე პერიოდში, რომლის მოქმედების ვადაც 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას).
38. ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, თუ მხარეები წააწყდებოდნენ რაიმე ხელისშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამოც ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა ეცნობებინა მეორე მხარისთვის თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
39. 11.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი კისრულობს პასუხისმგებლობას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების ვადების დარღვევის შემთხვევაში ან/და მომსახურების არაჯეროვნად განხორციელების შემთხვევაში ან/და ხელშეკრულების ნებისმიერი პირობების დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლოს სახით შემსყიდველს ხელშეკრულების ღირებულების 2 (ორი) პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
40. 11.2. პუნქტის მიხედვით კი, მხარეები თანხმდებიან, რომ თუ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 60 (სამოცი) პროცენტს, შემსყიდველი უფლებამოსილია ვადაგადაცილებული დღეებზე დაკისრებული პირგასამტეხლოსათან ერთად დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10 (ათი) პროცენტის ოდენობით და შეწყვიტოს ხელშეკრულება, უარი თქვას სამუშაოს მიღებაზე ან ანაზღაურებაზე.
41. ხელშეკრულების 14.1 პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორი ნიშნავს მხარეებისთვის გადაულახავ და მათი კონტროლისგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება იქნას გამოწვეული ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვა.
42. 16.1. პუნქტის შესაბამისად, იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გამო, გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 4 (ოთხი) პროცენტის ოდენობით, რომელიც ძალაშია 2016 წლის 5 აპრილამდე.
43. აღნიშნულ ხელშეკრულებაში, სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით, რამდენჯერმე იქნა შეტანილი ცვლილებები, კერძოდ: 2015 წლის 23 დეკემბრის №.. ურთიერთშეთანხმების აქტით ჩამოყალიბდა 8.4. პუნქტი, რომელიც დაემატა ხელშეკრულებას.
44. 2016 წლის 29 იანვრის №.. ურთიერთშეთანხმების აქტის მიხედვით კი, ცვლილება შევიდა 5.3. პუნქტში და სამუშაოების დასრულების თარიღად განისაზღვრა არაუგვიანეს 2016 წლის 22 თებერვალი. ასევე, ცვლილებები შევიდა 8.4. პუნქტში, 16.1. პუნქტსა და 18.1. პუნქტში.
45. 2016 წლის 22 თებერვლის №.. ურთიერთშეთანხმების აქტით ცვლილება შევიდა 5.3. პუნქტში და სამშენებლო სამუშაოების დასრულების თარიღად არაუგვიანეს 2016 წლის 7 მარტი განისაზღვრა; ასევე, ცვლილება შევიდა 8.4. პუნქტში, 16.1. პუნქტსა და 18.1. პუნქტში.
46. 2016 წლის 7 მარტის №.. ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე სამუშაოების შესრულების თარიღად განისაზღვრა არაუგვიანეს 2016 წლის 14 მარტი.
47. 2016 წლის 14 მარტის №.. ურთიერთშეთანხმების აქტის მიხედვით, სამუშაოების დასრულების თარიღად არაუგვიანეს 2016 წლის 28 მარტი განისაზღვრა.
48. 2016 წლის 28 აპრილის ურთიერთშეთანხმების აქტით №.. ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 8.4. პუნქტში, 16.1. პუნქტსა და 18.1. პუნქტში.
49. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 24 თებერვლის №.. დასკვნის მიხედვით, მოპასუხის მიერ 2015 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული №.. ხელშეკრულების ფარგლებში მეორე ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის საოფისე ფართისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის შუალედურად (I ეტაპზე) შესრულებული სამუშაოების ღირებულება სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვაში ნაჩვენები დანარიცხების გათვალისწინებით 99,18 ათას ლარს შეადგენს, ნაცვლად წარმოდგენილი შესრულებულ სამუშაოს აქტში (ფორმა №2) დაფიქსირებული 105,85 ათასი ლარისა, სხვაობა ნაკლებობით 6,67 ათასი ლარისა.
50. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 25 მაისის №.. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოპასუხის მიერ 2015 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის საოფისე ფართისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის საბოლოო შესრულებული სამუშაოების ღირებულება სახელშეკრულებო (კორექტირებული) ხარჯთაღრიცხვაში ნაჩვენები დანარიცხების გათვალისწინებით 194.88 ათას ლარს შეადგენს, ნაცვლად წარმოდგენილ შესრულებულ სამუშაო აქტში დაფიქსირებული 201.39 ათასი ლარისა. სხვაობა ნაკლებობით 6.51 ათასი ლარისა.
51. №.. ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხემ პირველი ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ წერილობით მიმართა 2015 წლის 21 დეკემბერს, ხოლო №.. ხელშეკრულების საფუძველზე კი – 2015 წლის 22 დეკემბერს.
52. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ 2015 წლის 10 დეკემბრისა და 2015 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მიწოდებული საქონელი, გაწეული მომსახურება ან/და შესრულებული სამუშაო აკმაყოფილებს მომთხოვნი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ მოთხოვნილ და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების პირობებს, რისთვისაც მოპასუხემ მიიღო ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურება.
53. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო ამ უკანასკნელის მიერ ჩატარებული ფარული სამუშაოები №.. და №.. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად.
54. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებებია 2015 წლის 11 დეკემბრის ფარული სამუშაოების შესახებ აქტი №1; 2015 წლის 11 დეკემბრის ფარული სამუშაოების შესახებ აქტი №2, 2015 წლის 14 დეკემბრის ფარული სამუშაოების შესახებ აქტი №3; 2015 წლის 15 დეკემბრის ფარული სამუშაოების აქტი №4; 2016 წლის 17 იანვრის ფარული სამუშაოების შესახებ აქტი №5; 2015 წლის 21 დეკემბრის ფარული სამუშაოების აქტი №6; 2015 წლის 21 დეკემბრის ფარული სამუშაოების შესახებ აქტი №7; 2015 წლის 21 დეკემბრის ფარული სამუშაოების შესახებ აქტი №8; 2015 წლის 21 დეკემბრის ფარული სამუშაოების შესახებ აქტი №9; 2015 წლის 15 დეკემბრის ფარული სამუშაოების აქტი №10; 2015 წლის 19 დეკემბრის ფარული სამუშაოების შესახებ აქტი №11; 2015 წლის 19 დეკემბრის ფარული სამუშაოების შესახებ აქტი №12; 2015 წლის 17 დეკემბრის ფარული სამუშაოების შესახებ აქტი №13; 2015 წლის 18 დეკემბრის ფარული სამუშაოების აქტი №1; 2015 წლის 19 დეკემბრის ფარული სამუშაოების აქტი №2; 2015 წლის 20 დეკემბრის ფარული სამუშაოების შესახებ აქტი №3; 2015 წლის 20 დეკემბრის ფარული სამუშაოების შესახებ აქტი №4; 2015 წლის 22 დეკემბრის ფარული სამუშაოების აქტი №5; 2015 წლის 21 დეკემბრის ფარული სამუშაოების აქტი №6; 2015 წლის 22 დეკემბრის ფარული სამუშაოების აქტი №7; 2015 წლის 23 დეკემბრის ფარული სამუშაოების აქტი №8.
55. 2016 წლის 26 თებერვლის №5-118 წერილი №.. ხელშეკრულების შესაბამისად, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების თაობაზე და ასევე 2016 წლის 25 თებერვლის №5-117 №.. ხელშეკრულების შესაბამისად ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შესახებ, სადაც მოპასუხე მხარის წარმომადგენელი ასევე ითხოვს ცნობას ბანკში წარსადგენად საავანსო გარანტიის თანხის შემცირებაზე.
56. 2016 წლის 1 ივნისსა და 2016 წლის 28 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით აცნობა ხელშეკრულების პირობების დარღვევის თაობაზე და განესაზღვრა ვადა პირგასამტეხლოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, რასაც მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა და უარი განაცხადა თანხის გადახდაზე.
57. სააპელაციო წესით საქმის განხილვის ეტაპზე დადგინდა, რომ მოპასუხემ მასზე დაკისრებული ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ჯეროვნად შეასრულა, კერძოდ, მეტეოროლოგიური მოვლენების გათვალისწინებით, ხელშეკრულება მისადაგებულ იქნა შეცვლილი გარემოებებისადმი. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სწორედ მხარეთა მიერ ურთიერთშეთანხმებით დადგენილ (კორექტირებულ) ვადაში შესრულდა. შესაბამისად, მხარე (აპელანტი) ადასტურებს, რომ ვალდებულება მიმწოდებელმა ჯეროვნად, დათქმულ დროს შეასრულა, თუმცა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლად ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანებით წარდგენის ფაქტი მიიჩნია.
58. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულებაა. მოცემულ შემთხვევაში არ არის პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობები ვალდებულების ჯეროვნად შესრულების გამო, რასაც მხარეც ადასტურებს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დარიცხვას ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანებით წარდგენის საფუძვლით, აღნიშნული გარემოება პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან, თავის მხრივ, ექსპერტიზის დასკვნის მომზადება კი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სახელშეკრულებო ვალდებულებას, არამედ აღნიშნული დასკვნის წარმოდგენა სწორედ სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დადასტურების მიზნებს ემსახურება. მოპასუხემ ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რითაც ვალდებულების ჯეროვნად შესრულება დაამტკიცა. თვით ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანებით წარდგენა კი ცალკე პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობად არ უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენამდე, მხარემ ფარული სამუშაოების აქტებით ვალდებულების შესრულების ჯეროვანება დაადასტურა, ამასთან, სრული სამუშაოების მოცულობით საბანკო გარანტიაც წარმოადგინა. გარდა ამისა, მოგვიანებით წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნითაც დადგინდა, რომ ვალდებულება ჯეროვნად იყო შესრულებული.
59. მეტიც, სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანებით წარდგენა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობად რომ ჩათვალოს, პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძვლები მაინც არ იარსებებს, ვინაიდან თვით ექსპერტიზის დასკვნაც დაგვიანებით მხარის ბრალის გარეშე იქნა წარმოდგენილი.
60. საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათებითა და ხელშეკრულებებით საექსპერტო მომსახურების თაობაზე (ს.ფ. 326-334) დასტურდება, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების 8.3. პუნქტის შესაბამისად, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში – 2015 წლის 24 დეკემბრამდე მიმართა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხემ ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის პირველი სართულის მარჯვენა ფლიგელში განლაგებული საოფისე ფართის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით 2015 წლის 21 დეკემბერს მიმართა, ხოლო მეორე ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით 2015 წლის 22 დეკემბერს მიმართა. თუმცა, მოწინააღმდეგე მხარეს ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაჩქარებული წესით განაცხადის მიღებასა და ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი უთხრა. შედეგად ხელშეკრულება 30 სამუშაო დღეში სამუშაოს შესრულებაზე გაფორმდა. ექსპერტიზა ჩატარდა და დასკვნა გაიცა დაგვიანებით, №.. ხელშეკრულებაზე – 2016 წლის 26 თებერვალს, ხოლო №.. ხელშეკრულებაზე – 2016 წლის 25 თებერვალს. ამ შემაფერხებელი გარემოების შესახებ მოპასუხემ მოსარჩელეს დაუყოვნებლივ აცნობა. შედეგად მხარეებს შორის დამატებითი შეთანხმებები შედგა, რომელთა მიხედვითაც მიმწოდებელმა, ნაცვლად რეალურად დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების 70%-სა, შემსყიდველს მთლიანი შესასრულებელი სამუშაოების 100%-იანი ღირებულების საბანკო გარანტიები წარუდგინა. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანებით წარდგენა მოპასუხის ბრალეული ქმედებიდან გამომდინარე არ მომხდარა, არამედ დგინდება, რომ მხარემ საექსპერტო დაწესებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მიმართა, ამ უკანასკნელმა კი, თავისი მუშაობის სპეციფიკისა და დატვირთულობის შესაბამისად, დასკვნა მოგვიანებით გასცა. ასევე ფაქტია და დასკვნებითაც დასტურდება, რომ 2015 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით, მიუხედავად დაგვიანებით შედგენილი დასკვნებისა, მოპასუხეს ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარემონტო სამუშაოების 30% უკვე შესრულებული ჰქონდა, რომელიც მოსარჩელე მხარის წარმომადგენლების მიერ შესაბამისი აქტებითაც ჩაბარებული იყო, თუმცა, ერთადერთი, რაც აკლდა, ექსპერტიზის დასკვნა იყო, რომელიც მოგვიანებით გაიცა. აღნიშნულის საკომპენსაციოდ მხარემ შესრულების უზრუნველმყოფი სრული საბანკო გარანტია წარადგინა.
61. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თავად მოპასუხის დამოკიდებულებაზე ხელშეკრულებისადმი და მის მოქმედებაზე იმ დროს, როდესაც, მისი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ხელშეკრულების პირობა ირღვეოდა. მოპასუხემ მოსარჩელეს ნაცვლად 70%-იანი საბანკო გარანტიისა, 100%-იანი საბანკო გარანტია წარუდგინა, რითაც ის რისკები დააზღვია, რაც ექსპერტიზის დაგვიანებით გაცემასა თუ გაუცემლობას შეიძლება მოჰყოლოდა. შედეგად კი, მოსარჩელის მიერ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საერთოდ არ წარადგენდა მოპასუხე სამუშაოების 30%-ის დამადასტურებელ ექსპერტიზის დასკვნას, რაიმე სახის ზიანი არ ემუქრებოდა.
62. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ დაურღვევია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადების გადაწევა ურთიერთშეთანხმებით მოხდა, რითაც სახელშეკრულებო პირობები შეცვლილ გარემოებებთან შესაბამისობაში მოვიდა. რაც შეეხება დაგვიანებით შედგენილ ექსპერტიზის დასკვნებს, მართალია, ისინი დაგვიანებით შედგა, თუმცა თავის დროზე ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება დაადასტურა. მარტოოდენ ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანებით შედგენა პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობა არ უნდა გახდეს იმ პირობებში, როდესაც დაგვიანებული ექსპერტიზის დასკვნებით ვალდებულების ჯეროვანი შესრულება დასტურდება, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს ექსპერტიზის დასკვნების დაგვიანებით შედგენაში ბრალი არ მიუძღვის.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
63. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
64. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამართლებრივი აქტი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა მისი შინაარსი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, თუმცა საბოლოოდ ჩათვალა, რომ მოპასუხის მიერ დათქმულ დროს ვალდებულების შეუსრულებლობა არ წარმოადგენდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
65. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 398-ე მუხლი, თუმცა არასწორად განმარტა მისი შინაარსი. მან მიუთითა, რომ ვინაიდან არ მომხდარა ხელშეკრულებებში ცვლილებების განხორციელება და მისი მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ამიტომ ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრი დაცვა, თუმცა მხარეებს შორის დადებული „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ 2015 წლის 10 დეკემბრის №.. და 2015 წლის 16 დეკემბრის №.. ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ მასში არაერთი ცვლილება შევიდა. როგორც კი შესაბამისი საჭიროება დაუდგა მოპასუხეს და წერილობითი შეთავაზება განახორციელა.
66. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ როდესაც საფრთხე შეექმნა ვალდებულების შესრულებას, მხარემ დამკვეთს წარუდგინა 70%-იანი საბანკო გარანტიის ნაცვლად 100%-იანი საბანკო გარანტია, რითაც ვალდებულების შეუსრულებლობის რისკები დააზღვია და დამკვეთს მისი ვალდებულების შეუსრულებლობით ზიანი არ მისდგომია, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის გარეშე შეუძლებელი იყო, ჩაეთვალა ვალდებულება ჯეროვნად შესრულებულად.
67. კასატორის მოსაზრებით, სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ის ფაქტი, რომ მოპასუხემ დროულად მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ შესაბამისი დასკვნის მისაღებად, თუმცა ექსპერტიზის ბიუროს მიერ მას ეთქვა უარი დაჩქარებული წესით განაცხადის მიღებისა და ექსპერტიზის ჩატარებაზე. შედეგად მოპასუხეს ხელშეკრულება გაუფორმდა 30 სამუშაო დღეში სამუშაოს შესრულებაზე. ექსპერტიზა ჩატარდა და დასკვნა გაიცა დაგვიანებით, №.. ხელშეკრულებაზე – 2016 წლის 26 თებერვალს, ხოლო №.. ხელშეკრულებაზე – 2016 წლის 25 თებერვალს. ამასთან, შემაფერხებელი გარემოების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა მოსარჩელეს.
68. კასატორმა განმარტა, რომ, მართალია, მოპასუხემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მიმართა უფლებამოსილ ორგანოს ექსპერტიზის ჩასატარებლად, თუმცა მასთან გააფორმა 30-დღიანი და არა დაჩქარებული წესით ჩასატარებელი მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, როგორც მხარის ზეპირი განმარტების შესაბამისად, უთითებს სასამართლო. მოსარჩელემ არაერთხელ მიუთითა სასამართლო განხილვის პროცესში, რომ მოპასუხეს წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულება, რაც შესაბამისად გამორიცხავდა მათ ბრალეულობას დასკვნის დაგვიანებით წარმოდგენასთან დაკავშირებით, თუმცა არც სასამართლო განხლვამდე და არც განხილვის ეტაპზე არ ყოფილა ამგვარი დოკუმენტი წარდგენილი, შესაბამისად, მტკიცებულების წარუდგენლობის გამო, ვერ დადგინდა, რომ მხარემ მიმართა შესაბამის დაწესებულებას, თუმცა დაჩქარებულ წესზე უარი მიიღო.
69. კასატორის განმარტებით, მოპასუხეს რომ მიემართა ხელშეკრულების 8.3 პუნქტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, იგი აღნიშნულ ვადაზეც იმსჯელებდა, როგორც სხვა დანარჩენზე. როგორც ჩანს კომპანიამ იმ დროისთვის არ ჩათვალა საჭიროდ, რათა არ მომხდარიყო ხელშეკრულებაში მითითებული ვადის დარღვევა, მოსარჩელე კი, თავის მხრივ ვერ განსაზღვრავს მეორე მხარეს რა ვადა ესაჭიროება შესასრულებელ სამუშაოებზე.
70. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
71. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
72. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 10 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო №.. ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა – მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, მაღალ დონეზე და სრულფასოვნად განეხორციელებინა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის პირველი სართულის მარჯვენა ფლიგელში განლაგებული საოფისე ფართისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული სატენდერო წინადადების ტექნიკური დავალების, სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროექტისა და შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობათა უწყისის შესაბამისად, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (ხელშეკრულების 2.1. პუნქტი).
73. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულებამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადისა და ხარჯის გათვალისწინებით შეადგინა 379 819.00 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
74. 4.1. პუნქტის მიხედვით კი, შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ეტაპობრივი ან სრული შესრულება დასტურდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით, №2 ფორმით, ფარული სამუშაოების აქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაუთვალისწინებელი სამუშაოების აქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელიც წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო №2 ფორმის სახით), შემსყიდველის ანუ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიერ განსაზღვრული ინსპექტირების ჯგუფის დასკვნითა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციის მიერ გაცემული დასკვნით.
75. 4.3. პუნქტის საფუძველზე შემსყიდველი მიღება-ჩაბარების აქტის მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს აქტში დაფიქსირებული სამუშაოების შესაბამისობას ხელშეკრულებით დადგენილთან, ხოლო შესაბამისობის შემთხვევაში იღებს სამუშაოს.
76. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ მასზე დაკისრებული ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ჯეროვნად შეასრულა, კერძოდ, მეტეოროლოგიური მოვლენების გათვალისწინებით, ხელშეკრულება მისადაგებულ იქნა შეცვლილი გარემოებებისადმი. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სწორედ მხარეთა მიერ ურთიერთშეთანხმებით დადგენილ (კორექტირებულ) ვადაში შესრულდა.
77. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით მას უკანონოდ ეთქვა უარი მოწინააღმდეგე მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. სააპელაციო პალატამ მხოლოდ მოპასუხის ზეპირ განმარტებაზე დაყრდნობით არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მიმართა უფლებამოსილ ორგანოს ექსპერტიზის ჩასატარებლად. ფაქტობრივად მოპასუხემ გააფორმა 30-დღიანი და არა დაჩქარებული წესით ჩასატარებელი მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. მოსარჩელემ არაერთხელ მიუთითა სასამართლო განხილვის პროცესში, რომ მოპასუხეს წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულება, რაც შესაბამისად გამორიცხავდა მათ ბრალეულობას დასკვნის დაგვიანებით წარმოდგენასთან დაკავშირებით, თუმცა არც სასამართლო განხლვამდე და არც განხილვის ეტაპზე არ ყოფილა ამგვარი დოკუმენტი წარდგენილი.
78. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
79. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
80. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
81. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიუთითოს პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობებთან დაკავშირებული სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ:
82. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
83. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
84. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
85. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
86. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
87. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
88. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
89. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
90. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
91. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარადგინა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემობის გასაქარწყლებლად, რომ მოსარჩელეს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა არ დაურღვევია, შესაბამისად, მას პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა არ წარმოშობია.
92. სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადების გადაწევა ურთიერთშეთანხმებით მოხდა, რითაც სახელშეკრულებო პირობები შეცვლილ გარემოებებთან შესაბამისობაში მოვიდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი დაგვიანებით შედგენილი ექსპერტიზის დასკვნების თაობაზე, მართალია, ისინი დაგვიანებით შედგა, თუმცა თავის დროზე ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება დაადასტურა.
93. ასევე დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მარტოოდენ ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანებით შედგენა პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობად ვერ შეფასდება მით უფრო, რომ მოპასუხეს ექსპერტიზის დასკვნების დაგვიანებით შედგენაში ბრალი არ მიუძღვის.
94. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
95. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
96. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
97. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
98. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე