3გ-ად-62-კს-02 29 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: კერძო საჩივრის დასაშვებობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 11 ივნისს შპს “შ.-მ” განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და სარჩელის აღძრამდე ქ. თბილისის საკრებულოს 2002წ. 18 ივნისის ¹7-1 გადაწყვეტილების დანართის ¹14 პუნქტის შეჩერება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივლისის განჩინებით სასამართლომ მითითებული პუნქტის შეჩერება გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნია და შეაჩერა იგი.
2002წ. 2 აგვისტოს თბილისის საკრებულომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიიჩნია, რომ მის მიერ შეჩერებული აქტი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა, რომლის შეჩერებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ითვალისწინებდა, ადმინისტრაციული აქტის შეჩერება კი მხოლოდ სარჩელის აღძვრის შემდგომ დაიშვებოდა. კერძო საჩივრის ავტორმა მიღებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 აგვისტოს განჩინებით სასამართლომ თბილისის საკრებულოს კერძო საჩივარი ვადის გაშვების გამო დაუშვებლად მიიჩნია და იგი, საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თბილისის საკრებულომ განცხადებით მომართა სასამართლოს და მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების დროისათვის (2002წ. 18 ივლისს), 2002წ. ივნისიდან, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის კონსულტანტი _ ი. შ.-ი გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან და იგი არ იყო უფლებამოსილი, სასამართლო განჩინება ჩაებარებინა. ამდენად, საკრებულოს მოსაზრებით განჩინება სამოქალაქო საპროცესო ნორმათა დარღვევით ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, რის გამოც მათი კერძო საჩივარი ვადაში შეტანილად უნდა იქნეს მიჩნეული.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ თბილისის საკრებულოს კერძო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად და განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს შესაბამისად სასამართლოს დადგენილებები (უწყებები, გადაწყვეტილებები თუ განჩინებები) კანონით დადგენილ ვადაში უნდა ჩაბარდეთ მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში და ვადის ათვლაც მხარეთა ან მათი წარმომადგენლებისათვის სასამართლო დოკუმენტების (უწყებები, გადაწყვეტილებები თუ განჩინებები) ჩაბარების დღიდან უნდა დაიწყოს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის განჩინება ი. შ.-ს იმავე დღეს ჩაბარდა ხელზე. აღნიშნული განჩინებით მხარეს გასაჩივრების ვადად 5 დღე განესაზღვრა, თბილისის საკრებულომ კი მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი სასამართლოში მხოლოდ 2002წ. 2 აგვისტოს წარადგინა. საკასაციო სასამართლო ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ, მართალია, ი. შ.-ის მიერ განჩინების ჩაბარებიდან დადგენილ 5 დღეზე მეტი იყო გასული, მაგრამ თვით იგი თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის კონსულტანტად 2002წ. 1 ივნისიდან აღარ ითვლებოდა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მის მიერ განჩინების ხელზე მიღებას ვერ მიიჩნევს სასამართლოს მიერ მხარისა ან მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის (უფლებამოსილი პირისათვის) განჩინების ჩაბარებად და, შესაბამისად, საპროცესო ვადის ათვლის დასაწყისად.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხარის _ თბილისის საკრებულოსათვის განჩინება კანონით დადგენილი წესითა და პირობებით არ ყოფილა გადაცემული და ამდენად, საპროცესო ვადა დარღვეულად ვერ იქნება მიჩნეული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 აგვისტოს განჩინება.
2. ქ. თბილისის საკრებულოს კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.