საქმე №010210016001414734
საქმე №ას-254-254-2018 30 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. კ.-ა (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „თ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. კ.-ას (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 7721.53 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირითადი თანხაა 5258.32 ლარი, სარგებელი – 1958.49 ლარი, პირგასამტეხლო – 500.92 ლარი და დაზღვევა – 3.80 ლარი.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 5 აგვისტოს მხართა შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც 2013 წლის 19 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება. მოპასუხემ ბანკისაგან მიიღო კრედიტი 5500 ლარის ოდენობით 1094 დღის ვადით წლიური 19% სარგებელის დარიცხვით.
3. კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს – ფიქსირებული 20 ლარის და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის – დავალიანების 0.5 %-ის გადახდა.
4. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შეწყვიტა სესხის დაფარვა და მნიშვნელოვნად გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკს, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ სარგებლობდა ერთი მიმდინარე სესხით და ორი საკრედიტო ბარათით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლო სესხის დაფარვა. მხარემ მიიჩნია, რომ გადასახდელი აქვს 4313 ლარი, რომელიც მოიცავს როგორც ძირითად სესხს, ისე სარგებელსა და პირგასამტეხლოს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4313 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 2015 წლის 16 ოქტომბრამდე წარმოშობილი დავალიანების – 3408,53 ლარის, 2015 წლის 16 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) წარმოშობილი ერთი წლის ზიანის – (2016 წლის 16 ოქტომბრამდე) 999 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2016 წლის 16 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ზიანის სახით ყოველთვიურად 83,25 ლარის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9. 2012 წლის 5 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება და მოპასუხემ მიიღო 5500 ლარის ოდენობის კრედიტი 1094 დღის ვადით წლიური 19% სარგებელის დარიცხვით. სესხი უნდა დაფარულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
10. კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით. ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო – 20 ლარი.
11. სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ, საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების გარდა, მოპასუხეს ბანკისაგან მიღებული ჰქონდა კიდევ ორი საბანკო პროდუქტი – საკრედიტო ბარათები.
12. საქმის განხილვის მომენტისათვის საკრედიტო ბარათების მეშვეობით მიღებული სესხი დაიფარა.
13. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დავალიანების ცნობისა და სესხის დაფარვის ისტორიის ამსახველი ამონაწერის, ასევე, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი პირადი ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, მოპასუხის მიერ გადახდილი თანხით 34-ჯერ დაიფარა №.. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, ხოლო №.. ხელშეკრულებით ნასესხები 5500 ლარიდან, 2012 წლის 2 აგვისტოდან 2015 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში დაიფარა 241.68 ლარი.
14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მისი მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, თუ რას შეადგენს №.. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დავალიანება და მისგან წარმოშობილი ზიანი, ასევე, არსებობდა თუ არა №.. ხელშეკრულება, რომლის დაფარვისათვის გამოყენებულ იქნა მოპასუხის მიერ შეტანილი თანხები.
15. იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მოპასუხე, №.. საკრედიტო ხელშეკრულების გარდა, ასევე, იმყოფებოდა საკრედიტო (განვადების) ბარათით სარგებლობის №.. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასესხო ურთიერთობაში, მოსარჩელემ წარადგინა ბანკის მიერ გაცემული ცნობები, საკრედიტო ბარათის განაცხადი, სესხის ანგარიშიდან თანხის გატანა-დაფარვის თაობაზე ამონაწერები, მოპასუხის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები და მიუთითა თავად მოპასუხის შესაგებელზე, სადაც დაფიქსირებულია, რომ იგი სარგებლობდა ერთი მიმდინარე სესხით და ორი საკრედიტო ბარათით, საიდანაც ერთი ბარათის დავალიანება – 1810 ლარი დაფარა, ხოლო მეორე ბარათი და მიმდინარე სესხი (№..) დარჩა დასაფარი.
16. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობებისა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით ირკვევა, რომ 2012 წლის 26 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელს გადაეცა 1500 ლარი წლიური 36%-ით, ხოლო 2012 წლის 26 მაისს განვადების ბარათით №.. სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში მოპასუხემ მიიღო კრედიტი 1609,11 ლარის ოდენობით წლიური 34% სარგებლის დარიცხვით.
17. საკრედიტო ბარათით მიღებული სესხი მოპასუხემ დაფარა 2013 წლის თებერვალში.
18. განვადების ბარათის საფუძველზე დამტკიცებული სესხით მოპასუხემ ისარგებლა 2012 წლის 29 მაისიდან, ხოლო ამ ბარათით მიღებული სესხი სრულად დაფარა 2014 წლის 30 დეკემბრისათვის.
19. მოპასუხემ შესაგებელში დაადასტურა 2013 წლის მდგომარეობით არსებული დავალიანებების ფაქტი და მიუთითა, რომ ორი საკრედიტო ბარათიდან ერთი ბარათის დავალიანება – 1810 ლარი დაფარა, ხოლო მეორე ბარათის დავალიანება გაუერთიანდა მიმდინარე სესხს, რის გამოც გადასახდელი დარჩა სამომხმარებლო სესხზე 5500 ლარი და საკრედიტო ბარათზე – 1690 ლარი, თუმცა სხდომაზე მიუთითა, რომ საკრედიტო ბარათის დავალიანების დამოუკიდებლად დაფარვის ვალდებულება აღარ გააჩნდა.
20. მიუხედავად ამ მსჯელობისა, მოპასუხეს მიმდინარე სესხისა (№..) და მეორე საკრედიტო ბარათის დავალიანებათა გაერთიანების დასადასტურებლად, გარდა თავისი ახსნა-განმარტებისა, სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მოსარჩელემ კი უარყო აღნიშნული ფაქტი.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 მუხლისა და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოება, რაზედაც მიუთითებენ. ამავე კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.
22. იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წლის მდგომარეობით მოპასუხე სარგებლობდა ერთი მიმდინარე №.. სესხით და ორი საკრედიტო ბარათით, საიდანაც ერთი ბარათის დავალიანება – 1810 ლარი დაფარა, ამასთან, მოპასუხეს არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მეორე საკრედიტო საბარათისა და №.. სესხის დავალიანების გაერთანების (რეფინანსირების) ფაქტს, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2013 წლის შემდეგ მხარეთა შორის არსებობდა ორი სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა, ერთი – მიმდინარე №.. სასესხო ხელშკრულება და 2012 წლის საკრედიტო (განვადების) ბარათით სარგებლობის შესახებ №.. ხელშეკრულება.
23. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 387-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დამატებით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს გააჩნდა როგორც №.. სასესხო ხელშეკრულებიდან გამომინარე, ისე №.. საკრედიტო (განვადების) ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი თანხის გადახდის ვალდებულება, ამასთან, №.. სესხის სარგებელი შეადგენდა წლიურ 19%-ს, ხოლო საკრედიტო (განვადების) ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებისა – 34%-ს.
24. ვინაიდან, მოვალეს თანხის ჩარიცხვისას არ მიუთითებია, რომ ფარავდა №.. სასესხო ხელშეკრულებიდან გამომინარე დავალიანებას, ამასთან, საკრედიტო (განვადების) ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება უფრო ადრე იქნა გაფორმებული და მისი სარგებლობისათვის უფრო მაღალი საპროცენტო სარგებელი იქნა დაწესებული, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მტკიცება, რომ მოპასუხის მიერ შეტანილი თანხით თავდაპირველად დაიფარა საკრედიტო (განვადების) ბარათიდან წარმოშობილი დავალიანება სრულად, ხოლო №.. სესხის დავალიანება – მხოლოდ 241.68 ლარის ნაწილში და გადასახდელად დარჩენილია 5258.32 ლარი.
25. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა №.. სესხის ძირითადი თანხის სახით 5258.32 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია.
26. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 361-ე მუხლით, 403-ე მუხლის პირველი ნაწილით, 417-418-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხემ შეწყვიტა №.. სესხის გადახდა, საფუძვლიანია ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდზე საპროცენტო სარგებლის – 1958.49 ლარის, პირგასამტეხლოს – 500.92 ლარისა და დაზღვევის თანხის – 3.80 ლარის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა.
27. მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნაზე სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 411-412-ე მუხლებზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის №-ას-1385-1307-2012 გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობის შესაბამისად განმარტა, რომ მოსარჩელე არის საკრედიტო ორგანიზაცია. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კრედიტის გაცემის გზით სარგებლის მიღება, ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება სწორედ იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ამდენად, დასაბუთებულია ვარაუდი, რომ კრედიტის მიმღების მიერ კრედიტის ვადაში დაბრუნების შემთხვევაში კრედიტის გამცემი, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, დაბრუნებულ კრედიტს გამოიყენებდა სარგებლის მისაღებად, ხოლო კრედიტის დაუბრუნებლობით ან დაგვიანებით დაბრუნებით მიადგება ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.
28. განსახილველ შემთხვევაში №.. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, განსაზღვრულ იქნა წლიური 19% სარგებელი. ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემა სწორედ სარგებლის ამ ოდენობით მიღებამ განაპირობა, თუმცა ბანკი, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს.
29. შესაბამისად, მოპასუხისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელი იყო ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა კრედიტორთან მიმართებით, რომელიც ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული.
30. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება, არ გადაიხადა კრედიტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მოსარჩელეს, როგორც კრედიტის გამცემს, უფლება აქვს, მოსთხოვოს მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომი პერიოდისათვის 2015 წლის 16 ოქტომბრიდან ერთი წლის და 2016 წლის 16 ოქტომბრამდე ზიანის, კერძოდ, ძირითადი დავალიანების თანხის 5258.32 ლარის 19%-ის ანაზღაურება, რაც შეადგენს 999 ლარს.
31. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, არსებობს სსკ-ის 411-ე მუხლის გამოყენების საფუძველი, რაც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და დაზუსტებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
32. სსსკ-ის 381-ე მუხლის, 187-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მიუღებელი შემოსავის სახით მოითხოვა სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომი პერიოდისათვის, 2015 წლის 16 ოქტომბრიდან ერთი წლის ზიანის, კერძოდ, ძირითადი დავალიანების თანხის 5258.32 ლარის 19%-ის ანაზღაურება, რაც შეადგენდა 999 ლარს.
33. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ერთ წელზე მეტი დროისათვის – ვალდებულების სრულად შესრულებამდე, აღსრულებამდე ზიანის ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენს დავის საგნის გაზრდას, რაც სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.
34. შესაბამისად, მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა მოპასუხისათვის 2016 წლის 16 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე აღსრულებამდე ზიანის სახით ყოველთვიურად 83,25 ლარის ანაზღაურების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
35. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
36. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ დაადგინა და ვერც მოსარჩელემ მიუთითა, თუ რას შეადგენდა ე.წ №.. საკრედიტო ბარათიდან წარმოშობილი ვალდებულება. რეალურად არც ერთი საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებაში ასეთი ნომერი დაფიქსირებული არ არის. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე კასატორმა გადაიხადა 5118,48 ლარი, შესაბამისად, ივარაუდება, რომ საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა გადაეხადა 5118,48 ლარი მაშინ, როდესაც საბარათე თანხა შეადგენდა 1609,11 ლარს, ხოლო ამ თანხის წლიური 34% – 547,09 ლარს, სულ – 2156,20 ლარს და არა 5118,48 ლარს. ზედმეტად გადახდილია 2962,27 ლარი.
37. კასატორმა ჩათვალა, რომ სასარჩელო მოთხოვნა როგორც საკრედიტო ბარათზე, ისე სამომხმარებლო სესხზე ხანდაზმულია.
38. მხარემ არ გაიზიარა სააპელაციო პალატის მითითება, რომ მოსარჩელემ წარადგინა ცნობები, რომლთა თანახმად მოპასუხე სარგებლობდა ერთი მიმდინარე სესხით და ორი საკრედიტო ბარათით, საიდანაც ერთი ბარათის დავალიანება – 1810 ლარი დაფარულია, ხოლო მეორე ბარათი და მიმდინარე სესხი დასაფარი დარჩა. აღნიშნული ცნობები სარწმუნო მტკიცებულებად არ უნდა შეფასებულიყო, რადგან გაიცა თავად მოსარჩელის მიერ და არ აკონკრეტებს გადასახდელი თანხის ოდენობას.
39. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ სრულად არ შეისწავლა საქმის მასალები. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაადგინეს და მოსარჩელემაც დაადასტურა, რომ ორივე საკრედიტო ბარათი მოპასუხემ დაფარა.
40. კასატორი არ დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ №.. ხელშეკრულებიდან – საკრედიტო ბარათიდან წარმოშობილი ვალდებულება დაიფარა 2014 წლის 30 დეკემბრისათვის.
41. მხარის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის არგუმენტი, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა საკრედიტო ბარათიდან და სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების გაერთიანების დამადასტურებელი მტკიცებულება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხემ გადაიხადა 5118,48 ლარი, რომელიც აღემატება საკრედიტო ბარათის საფუძველზე წარმოშობილ დავალიანებას. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ბანკმა გააერთიანა ვალდებულებები.
42. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავო გარემოებების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისრებინა მოსარჩელისათვის, რომელიც არის კარგად ორგანიზებული დაწესებულება და გააჩნია წესრიგში მოყვანილი დოკუმენტაცია.
43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
44. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
45. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 5 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება და მოპასუხემ მიიღო 5500 ლარის ოდენობის კრედიტი 1094 დღის ვადით წლიური 19% სარგებელის დარიცხვით. სესხი უნდა დაფარულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
46. კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით. ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო – 20 ლარი.
47. სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ, საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების გარდა, მოპასუხეს ბანკისაგან მიღებული ჰქონდა კიდევ ორი საბანკო პროდუქტი – საკრედიტო ბარათები.
48. საქმის განხილვის მომენტისათვის საკრედიტო ბარათების მეშვეობით მიღებული სესხი დაიფარა.
49. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დავალიანების ცნობისა და სესხის დაფარვის ისტორიის ამსახველი ამონაწერის, ასევე, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი პირადი ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხით 34-ჯერ დაიფარა №.. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, ხოლო №.. ხელშეკრულებით ნასესხები 5500 ლარიდან, 2012 წლის 2 აგვისტოდან 2015 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში დაიფარა 241.68 ლარი.
50. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2013 წლის შემდეგ მხარეთა შორის არსებობდა ორი სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა, ერთი – მიმდინარე №.. სასესხო ხელშკრულება და 2012 წლის საკრედიტო (განვადების) ბარათით სარგებლობის შესახებ №.. ხელშეკრულება.
51. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მხარემ მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ შეისწავლა საქმის მასალები. სასარჩელო მოთხოვნა როგორც საკრედიტო ბარათზე, ისე სამომხმარებლო სესხზე ხანდაზმულია. სააპელაციო სასამართლომ ვერ დაადგინა და ვერც მოსარჩელემ მიუთითა, თუ რას შეადგენდა ე.წ №.. საკრედიტო ბარათიდან წარმოშობილი ვალდებულება. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაადგინეს და მოსარჩელემაც დაადასტურა, რომ ორივე საკრედიტო ბარათი მოპასუხემ დაფარა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხემ გადაიხადა 5118,48 ლარი, რომელიც აღემატება საკრედიტო ბარათის საფუძველზე წარმოშობილ დავალიანებას. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ბანკმა გააერთიანა ვალდებულებები.
52. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავო გარემოებების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისრებინა მოსარჩელისათვის, რომელიც არის კარგად ორგანიზებული დაწესებულება და გააჩნია წესრიგში მოყვანილი დოკუმენტაცია.
53. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
54. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
55. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
56. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
57. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლით დადგენილი წესით, სარჩელზე შესაგებლის წარდგენის გზით, ამ ეტაპზევე ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, სადავოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხის მიერ დაგვიანებით წარდგენილი პრეტენზია ამა თუ იმ გარემოების შესახებ მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
58. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს შესაგებლის წარდგენის ეტაპზე სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობის საკითხი სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის საგანი არ გამხდარა, რის გამოც საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის განხილვისას მოპასუხის ახალ არგუმენტს ვერ შეაფასებს, რადგან, სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
59. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც ასახულია სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. ახალ გარემოებებზე მითითება საკასაციო ინსტანციაში დაუშვებელია.
60. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო პალატის იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ მოპასუხეს გააჩნდა როგორც №.. სასესხო ხელშეკრულებიდან გამომინარე, ისე №.. საკრედიტო (განვადების) ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი თანხის გადახდის ვალდებულება, ამასთან, №.. სესხის სარგებელი შეადგენდა წლიურ 19%-ს, ხოლო საკრედიტო (განვადების) ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებისა – 34%-ს.
61. სააპელაციო პალატამ მართებულად გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მოპასუხის მიერ შეტანილი თანხით თავდაპირველად დაიფარა საკრედიტო (განვადების) ბარათიდან წარმოშობილი დავალიანება სრულად, ხოლო №.. სესხის დავალიანება – მხოლოდ 241.68 ლარის ნაწილში და გადასახდელად დარჩენილია 5258.32 ლარი. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა №.. სესხის ძირითადი თანხის სახით 5258.32 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია.
62. რაც შეეხება სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
63. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
64. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
65. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
66. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
67. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
68. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
69. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
70. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
71. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ შეწყვიტა №.. სესხის გადახდა, ამდენად, მას მართებულად დაეკისრა ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდზე საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდა.
72. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
73. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
74. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
75. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
76. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
77. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 26 თებერვალს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. კ.-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ. კ.-ას (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 26 თებერვალს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე