საქმე №-60210016001420104
საქმე №ას-272-272-2018 23 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა., შ.- და ა. ა.-ები, ა.-ი (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.-ო“ (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.-ომ“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.- ა.-ას (შემდგომში – მსესხებელი მოპასუხე), ა. ა.-ის (შემდგომში – ქონების მესაკუთრე მოპასუხე), ა. ა.-ებისა და ა.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ სოლიდარულად 11312,71 აშშ დოლარის გადახდის შესახებ, საიდანაც ძირითადი თანხაა 8450 აშშ დოლარი, პროცენტი – 1660,58 აშშ დოლარი, დაზღვევა – 137,55 აშშ დოლარი, საკომისიო – 39,55 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 1025,03 აშშ დოლარი დავალიანების გადახდის მიზნით, მოსარჩელემ მოითხოვა იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების რეალიზაცია, იმ შემთხვევაში კი, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულების მიქცევა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 17 ოქტომბერს მსესხებელ მოპასუხესთან გააფორმა სასესხო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება 240 თვის ვადით, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, პერიოდულად განეხილა მსესხებლისათვის სესხის გამოყოფის საკითხი. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის მაქსიმალური ოდენობა 50000 ლარი, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა, გაცემულიყო სესხი პერიოდულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით. სესხების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად იპოთეკით დაიტვირთა ქონების მესაკუთრე მოპასუხის უძრავი ქონება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, კრედიტორის მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას.
3. 2014 წლის 29 ოქტომბერს, სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელემ მსესხებელ მოპასუხეს ასესხა 11000 აშშ დოლარი 23 თვის ვადით, ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2,35%-ს. სესხის ხელშეკრულების 3.8 პუნქტის მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ – 150 დღის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია, გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 6.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია, მოსთხოვოს „მსესხებელს“ სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით.
4. სესხის ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა, ამავე დროს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება. ამავდროულად, ხელშეკრულების 8.1 პუნქტის მიხედვით, თუ მსესხებელი სისტემატიურად არღვევს ხელშეკრულების პირობებს, გამსესხებელს ასევე აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის და სესხის ხელშეკრულების 8.2 მუხლში გათვალისწინებული თანხის სრულად მოთხოვნის უფლება.
5. მოპასუხეები წარმოადგენენ მსესხებლის თავდებებს. მათ იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია, თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თითოეული თავდები გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს: სესხის ძირითად თანხაზე მაქსიმალურ – 11000 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხული პროცენტზე მაქსიმუმ – 3800 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელზე – 220 აშშ დოლარზე; მომსახურების ყოველწლიურ გადასახადზე – 40 აშშ დოლარზე, რაც მთლიანობაში შეიძლება შეადგენდეს 15060 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.
6. მოსარჩელის მითითებით, მსესხებელი უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2015 წლის 7 აგვისტოს შემდგომ, შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების პირობების დარღვევამ მიიღო სისტემატური და უწყვეტი ხასიათი. სესხის თანხის გრაფიკით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელსა და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რათა მოეხდინათ ვადაგადაცილებული თანხის გადახდა, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეებს დავალიანება არ დაუფარავთ.
მოპასუხის პოზიცია:
7. მსესხებელმა მოპასუხემ სარჩელი ძირითადი თანხის ნაწილში ცნო. მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. ასევე, სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაუსაბუთებელია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 10492,68 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 8450 აშშ დოლარი, სარგებელი – 1660,58 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა – 137,55 აშშ დოლარი, საკომისიო – 39,55 აშშ დოლარი, ხოლო შემცირებული ჯარიმა – 205 აშშ დოლარი, მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, იმ შემთხვევაში კი, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება უნდა განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან, რაც მოპასუხეებმა ნაწილობრივ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 17 ოქტომბრის მსესხებელ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება. სესხის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 50 000.00 ლარი, რომელიც შეიძლება გაცემულიყო რამდენჯერმე ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში (17.10.2034წ.) და დადგენილი პირობებით.
11. ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, სესხის ხაზის ფარგლებში თითოეული სესხის გაცემის შემთხვევაში გამსესხებელს და მსესხებელს შორის უნდა გაფორმებულიყო ცალკე სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრებოდა მოცემული კონკრეტული სესხის მოცულობა, ვადები, საპროცენტო (სარგებელი) განაკვეთი, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის ყოველთვიური გადასახდელი ოდენობა და ა.შ.
12. 2014 წლის 17 ოქტომბრის მოსარჩელესა და ქონების მესაკუთრე მოპასუხეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება.
13. 2014 წლის 17 ოქტომბრის სესხის ხაზის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 29 ოქტომბერს მოსარჩელემ მსესხებელს სესხის სახით გადასცა 11 000 აშშ დოლარი 23 თვის ვადით, 2016 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით. სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა კლებადი საპროცენტო სარგებელი, ყოველთვიურად 2.35% პროცენტის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სესხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27%-ის ოდენობით.
14. სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას, კერძოდ, ხელშეკრულების 5.1, 5.2 და 5.3. პუნქტები შეიცავდა შემდეგ დათქმას: „გამსესხებლის“ და „მსესხებლის“ რისკების შემცირების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. მსესხებელი ვალდებულია, დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახადის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად. მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო დაზღვევის პირობებს. ასევე ადასტურებს, რომ გადაეცა სიცოცხლის დაზღვევის პირობების შესახებ მცირე ბუკლეტი.
15. ამასთან, ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა ყოფილიყო თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები მოიცავდა სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას.
16. მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 17 ოქტომბერს მოპასუხეებთან დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები. თავდებობის ზღვრული თანხა შეადგენდა 15 060 აშშ დოლარს, საიდანაც 11 000 აშშ დოლარი იყო სესხის თანხა, მასზე დარიცხული პროცენტი – მაქსიმუმ 3800 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი – 220 აშშ დოლარი და მომსახურების ყოველწლიური გადასახადი – 40 აშშ დოლარი.
17. 2016 წლის 4 ივლისის ცნობის თანახმად, ცნობის გაცემის დღის მონაცემებით მოპასუხეთა დავალიანება შეადგენდა 11 312.71 – აშშ დოლარს, საიდანაც 8 450 აშშ დოლარი იყო სესხის ძირითადი თანხა, 1660.58 აშშ დოლარი – პროცენტი, 137.55 აშშ დოლარი – სიცოცხლის დაზღვევა, 1025,03 აშშ დოლარი – ჯარიმა და 39.55 აშშ დოლარი – საკომისიო. სწორედ აღნიშნული თანხა მოითხოვა მოსარჩელემ სარჩელით.
18. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 10 492,68 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 8450 აშშ დოლარი, სარგებელი – 1660,58 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა – 137,55 აშშ დოლარი , საკომისიო – 39,55 აშშ დოლარი და 1025,03 აშშ დოლარიდან 205 აშშ დოლარამდე შემცირებული ჯარიმა.
19. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით აპელანტებმა გადაწყვეტილება სადავოდ გახადეს მხოლოდ სარგებლის, სიცოცხლის დაზღვევისა და ჯარიმის დაკისრების ნაწილში. მათ მიუთითეს, რომ ხელშეკრულებები გაფორმებულია ქართულ ენაზე და აზერბაიჯანულად ნათარგმნი არ არის, შესაბამისად, ხელშეკრულების ხელმოწერის დროს მათთვის ხელშეკრულების პირობები სრულად არ იყო ცნობილი. ყველა პირობა ცნობილი რომ ყოფილიყო, პირგასამტეხლოს ოდენობას და პროცენტის განაკვეთს არ დაეთანხმებოდნენ.
20. სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად ჩათვალა ის ფაქტი, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკის და თავდებობის ხელშეკრულებები. არც ის ფაქტია სადავო, რომ ამ ხელშეკრულებებზე ხელმოწერა შესრულებულია პირადად მოპასუხეების მიერ ქართულ ენაზე. ენის ცოდნა-არცოდნაზე საუბრისას დაუსაბუთებელია მითითება მხოლოდ პროცენტის, პირგასამტეხლოს თუ დაზღვევის პირობების ნაწილში შინაარსის ვერგაგებაზე.
21. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ამა თუ იმ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა. მართალია, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევებს, როგორიცაა თუნდაც გარიგების დადება მოტყუებით თუ შეცდომით, თუმცა მოტყუებისა და შეცდომის ფაქტები უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით და სათანადო გარემოებებზე მითითებით.
22. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
23. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიძებნება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ აპელანტებისათვის ცნობილი არ იყო ხელშეკრულების პირობები და ისინი ხელშეკრულების დადებისას მოატყუეს ან შეცდომაში შეიყვანეს. ასეთზე ვერც მხარეები უთითებენ. პირიქით, მსესხებელი თვეების განმავლობაში სწორედაც რომ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით იხდიდა სასესხო დავალიანებას. გრაფიკში კი, ცალ-ცალკე პუნქტად არის ჩამოთვლილი, რისგან შედგებოდა ყოველთვიური გადასახადი (ძირითადი თანხა, პროცენტი, სადაზღვევო თანხა, ყოველთვიური საკომისიო) და რა ოდენობით. შესაბამისად, უსაფუძვლოა ასევე მითითება, რომ მოპასუხეები არსებული დავალიანების შესახებ მოსარჩელის მხრიდან სათანადოდ ინფორმირებული არ ყოფილან, რადგან გაფრთხილება არ არის ნათარგმნი მათთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე.
24. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობით ბოჭვისას მხარე ვალდებულია, გაეცნოს ხელშეკრულებას, მოითხოვოის მისი თარგმნა და ა.შ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისთვის უარყოფითი შედეგებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.
25. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას რაიმე პრეტენზია ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ და არც თარჯიმანი მოუთხოვიათ. ხელშეკრულებებზე ხელმოწერა დაფიქსირებულია ქართულ ენაზე, ასევე, წარმოდგენილია ქართულ ენაზე შედგენილი თავდები პირების განცხადებები, რაც ქმნის იმის ვარაუდს, რომ მოპასუხეებმა იციან ქართული ენა და მათთვის ხელშეკრულების პირობები ნათელი იყო. შესაბამისად, გაფრთხილება განხორციელდა ქართულ ენაზე.
26. მეტიც, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ უშუალოდ მსესხებელმა მოპასუხემ საქმის წარმოების ეტაპზე გამოხატა ნება ქართულ ენაზე, კერძოდ, მან 2016 წლის 25 ივლისს სასამართლოს მიმართა ქართულ ენაზე შედგენილი განცხადებით, სადაც აღწერდა, რომ სასამართლო გზავნილის ჩაბარების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ კორესპონდენცია განკუთვნილი იყო მოპასუხისათვის გადასაცემად, რომელიც იმყოფებოდა აზერბაიჯანში, რის გამოც განმცხადებელი ვერ შეძლებდა გზავნილის ადრესატისათვის გადაცემას.
27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, 623-ე მუხლის, 625-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოტივები და განმარტა, რომ მოსარჩელემ მოითხოვა 2016 წლის 4 ივლისის მდგომარეობით არსებული გადაუხდელი პროცენტი 1660.58 აშშ დოლარის ოდენობით. უსაფუძვლოა აპელანტის მითითება სსკ-ის 625-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რადგან იმავე მუხლის მე-4 ნაწილით (ხელშეკრულების დადების დღეს მოქმედი რედაქციით), ეს პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე.
28. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლოა აპელანტის მსჯელობა დაკისრებული პირგასამტეხლოს შეუსაბამო ოდენობაზეც. სსკ-ის 417-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს, როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან მიმართებით. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
29. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მოპასუხეებისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 1025.03 აშშ დოლარი შეამცირა 205 აშშ დოლარამდე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა გასაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობით.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
30. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
31. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა ის დანაწესი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
32. სსკ-ის 625-ე მუხლისა და 868-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, კასატორებმა განმარტეს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება სარგებლის, პირგასამტეხლოსა და სიცოცხლის დაზღვევის ნაწილში კანონშეუსაბამოდ მაღალია. იმთავითვე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მითითებული პირობები კაბალური იყო მოპასუხეებისათვის.
33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
34. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
35. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 17 ოქტომბრის მსესხებელ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება. სესხის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 50 000.00 ლარი, რომელიც შეიძლება გაცემულიყო რამდენჯერმე ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში (17.10.2034წ.) და დადგენილი პირობებით.
36. ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, სესხის ხაზის ფარგლებში თითოეული სესხის გაცემის შემთხვევაში გამსესხებელს და მსესხებელს შორის უნდა გაფორმებულიყო ცალკე სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრებოდა მოცემული კონკრეტული სესხის მოცულობა, ვადები, საპროცენტო (სარგებელი) განაკვეთი, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის ყოველთვიური გადასახდელი ოდენობა და ა.შ.
37. 2014 წლის 17 ოქტომბრის მოსარჩელესა და ქონების მესაკუთრე მოპასუხეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება.
38. 2014 წლის 17 ოქტომბრის სესხის ხაზის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 29 ოქტომბერს მოსარჩელემ მსესხებელს სესხის სახით გადასცა 11 000 აშშ დოლარი 23 თვის ვადით, 2016 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით. სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა კლებადი საპროცენტო სარგებელი, ყოველთვიურად 2.35% პროცენტის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სესხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27%-ის ოდენობით.
39. სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას, კერძოდ, ხელშეკრულების 5.1, 5.2 და 5.3. პუნქტები შეიცავდა შემდეგ დათქმას: „გამსესხებლის“ და „მსესხებლის“ რისკების შემცირების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. მსესხებელი ვალდებულია, დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახადის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად. მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო დაზღვევის პირობებს. ასევე ადასტურებს, რომ გადაეცა სიცოცხლის დაზღვევის პირობების შესახებ მცირე ბუკლეტი.
40. ამასთან, ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა ყოფილიყო თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები მოიცავდა სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას.
41. მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 17 ოქტომბერს მოპასუხეებთან დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები. თავდებობის ზღვრული თანხა შეადგენდა 15 060 აშშ დოლარს, საიდანაც 11 000 აშშ დოლარი იყო სესხის თანხა, მასზე დარიცხული პროცენტი – მაქსიმუმ 3800 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი – 220 აშშ დოლარი და მომსახურების ყოველწლიური გადასახადი – 40 აშშ დოლარი.
42. 2016 წლის 4 ივლისის ცნობის თანახმად, ცნობის გაცემის დღის მონაცემებით მოპასუხეთა დავალიანება შეადგენდა 11 312.71 – აშშ დოლარს, საიდანაც 8 450 აშშ დოლარი იყო სესხის ძირითადი თანხა, 1660.58 აშშ დოლარი – პროცენტი, 137.55 აშშ დოლარი – სიცოცხლის დაზღვევა, 1025,03 აშშ დოლარი – ჯარიმა და 39.55 აშშ დოლარი – საკომისიო. სწორედ აღნიშნული თანხა მოითხოვა მოსარჩელემ სარჩელით.
43. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 10 492,68 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 8450 აშშ დოლარი, სარგებელი – 1660,58 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა – 137,55 აშშ დოლარი, საკომისიო – 39,55 აშშ დოლარი და 1025,03 აშშ დოლარიდან 205 აშშ დოლარამდე შემცირებული ჯარიმა.
44. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორებმა მიიჩნიეს, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულება იმთავითვე კაბალურ პირობებს შეიცავდა და სარგებლის, პირგასამტეხლოსა და სიცოცხლის დაზღვევის ნაწილში ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს.
45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
46. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
47. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
48. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება ხელშემკვრელი მხარეების მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას.
49. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის.
50. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგის მიღების სურვილსა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.
51. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კასატორებმა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენის გზით ვერ უარყვეს ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება ზემოთ მოყვანილი პირობებით.
52. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორების მითითება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მათ მიმართ იყო კაბალური და არღვევდა სსკ-ის 625-ე მუხლის მესამე ნაწილსა და 868-ე მუხლის მოთხოვნებს.
53. დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ, მართალია, სსკ-ის 625-ე მუხლის მესამე ნაწილი ადეგნდა საპროცენტო განაკვეთის ზღვრულ ოდენობას, თუმცა ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (ხელშეკრულების დადების დღეს მოქმედი რედაქციით), ეს პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე.
54. რაც შეეხება პირგასამტეხლოს საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
55. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
56. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
57. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
58. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
59. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
60. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
61. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
62. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
63. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებს გააჩნდათ მოსარჩელის მიმართ დაუფარავი დავალიანება, მათ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვიეს და წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
64. ამავდროულად, კასატორებმა უკვე მოახდინეს მათ სასარგებლოდ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობის რეალიზება და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა გონივრული მოცულობით.
65. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
66. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
67. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
68. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
69. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
70. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით შ. ა.-ას მიერ 2018 წლის 1 მარტს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.-, ა., და ა. ა.-ებისა და ა.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს – ა.-ს (პირადი №..), ა. ა.-ს (პირადი №..), შ.- ა.-ას (პირადი №..) და ა. ა.-ს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით შ. ა.-ას მიერ 2018 წლის 1 მარტს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე