საქმე №330210116001647700
საქმე №ას-274-274-2018 23 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს სადაზღვევო კომპანია „ჯ.-ი“ (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. და ა. წ.-ები (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. დ. (შემდგომში – მესაკუთრე მოსარჩელე) და ა. წ.-ებმა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს სადაზღვევო კომპანია „ჯ.-ისა“ (შემდგომში – მოპასუხე) და გ. წ.-–ის (შემდგომში – მოვალე მოპასუხე) მიმართ მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელეთა განმარტებით, 2015 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი მოპასუხის სასარგებლოდ მოვალე მოპასუხის წინააღმდეგ, რომლითაც ამ უკანასკნელს დაეკისრა 2284,88 აშშ დოლარისა და 152 ლარის გადახდა. მოვალემ თანხა ნებაყოფლობით არ გადაიხადა, რის შემდეგაც 2016 წლის 6 დეკემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა შეადგინა მოძრავი ნივთების აღწერისა და დაყადაღების შესახებ №.. აქტი.
3. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მოძრავი ნივთები, რომლებიც აღმასრულებელმა დააყადაღა, მოვალეს არ ეკუთვნის და მოსარჩელეთა საკუთრებაა.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ხოლო მოვალე მოპასუხე სასარჩელო განცხადებას სრულად დაეთანხმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო მოძრავი ნივთები ყადაღისაგან გათავისუფლდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 6 დეკემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა შეადგინა ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი და მოვალე მოპასუხის ვალის უზრუნველსაყოფად დააყადაღა მოსარჩელეთა კუთვნილ ბინაში არსებული მოძრავი ნივთები.
8. ასევე დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომელშიც დაყადაღებული მოძრავი ნივთები იმყოფება, ეკუთვნის მესაკუთრე მოსარჩელეს.
9. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2016 წლის 6 დეკემბერს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ლეპტოპი „HP – 65531“, მეორადი, პატარა ზომის, მოწითალო; 2. ტელევიზორი „SONY – 65532“ – მეორადი, შავი ფერის, პლაზმური; 3. სარეცხი მანქანა „BEKO – 65533“ – მეორადი, მოთეთრო ფერის „WML“; 4. მაცივარი „BOKO – 65534“ მეორადი, მოთეთრო ფერის ორკამერიანი; 5. პერსონალური კომპიუტერი, კომპლექტი 65535, მეორადი, შავი ფერის, მონიტორი – შავი რუხი დეტალებით, მაუსი, ერთი ხმის გამაძლიერებლით და ორი დინამიკი; 6. კომპიუტერის მაგიდა 65536, მეორადი, მუქი ყავისფერი, სამი უჯრით, ორი პატარა ზომის თარო.
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელეთა საკუთრებას.
11. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტის ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად).
12. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი უფლებამოსილია, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები).
13. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია, პასუხი აგოს მოვალე მოპასუხის ვალდებულებებზე.
14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილითა, 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 158-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, მფლობელის კეთილსინდისიერებაზე დაყრდნობას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ უნდა ჩაითვალოს.
15. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. სააპელაციო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნა აღძრულია მოძრავ ნივთებზე (ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა და სხვა, რომელიც წარმოადგენს საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებს. (ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა) და ივარაუდება, რომ განკუთვნილია საცხოვრებელი ბინით სრულფასოვანი სარგებლობისთვის.
16. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონება წარმოადგენს მესაკუთრე მოსაჩელის საკუთრებას, ივარაუდება რომ აღნიშნულ უძრავ ნივთში არსებული მოძრავი ნივთებიც მისივე საკუთრებაა და აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი იმას აკისრია, ვინც პრეზუმფციის საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითებს. ასეთ პირს კი, კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე წარმოადგენს. ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით იმის დადასტურება, რომ სადავო მოძრავი ნივთები მოვალე მოპასუხის საკუთრებაა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
18. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:
19. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ „[კონვენციის} მე-6 (§1) მუხლი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული საჩივარი (იხ. Golder c. Royaume-Uni, 21 pévrier 1975, §§ 28-36, série A No 18). სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული უწყებების მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას (იხ. Hornsby, ხსენებული ზემოთ §§ 40 და შემდგომ)." ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ აღსრულება სასამართლო პროცესის განუყოფელი ნაწილია (Bourdov c. Russie, No 59498/00, §34, CEDH 2002-III).
20. კასატორის მოსაზრებით, როდესაც მოვალის მიმართ არსებულ სააღსრულებო საქმეზე დაყადაღებულ ქონებაზე მესამე პირები აცხადებენ პრეტენზიას როგორც მესაკუთრეები, სასამართლომ რომელიც იხილავს მათ სარჩელს, წარმოდგენილი დოკუმენტაციით უნდა გაარკვიოს უტყუარად დგინდება თუ არა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება დაყადაღებულ ქონებაზე და ხომ არ არის სარჩელის მიზანი კრედიტორის სასარგებლოდ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული აღსრულების ხელშეშლა და აღსრულებას დაქვემდებარებული ნივთების ამორიცხვა აღსასრულებელი ქონებიდან. სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხების გარკვევა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებითვე არ მოხდეს იმ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა, რომელიც სასამართლოს მიერ მიღებულია კრედიტორის სასარგებლოდ.
21. შესაბამისად, როდესაც საკითხი ეხება ქონების ყადაღისგან გათავისუფლებას, მნიშვნელოვანია, იმ პირებმა, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ ქონების მესაკუთრეობაზე წარმოადგინონ ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებს მათი საკუთრების უფლებას ყადაღადადებულ ქონებაზე. განსახილველ შემთხვევაში მტკიცებას ენიჭება განსაკუთრებული როლი.
22. სსსკ ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. აღნიშნულის გარდა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება მტკიცების ტვირთს სრულად აკისრებს მოსარჩელეს, კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლში მითითებულია დათქმა – „თუ მესამე პირი ამტკიცებს“. მტკიცებულებებს განსახილველ შემთხვევაში ჩამოთვლის სსსკ-იოს 102-ე მუხლის მეორე ნაწილი.
23. ერთადერთი მტკიცებულება, რომელზეც სასამართლომ დააფუძნა გადაწყვეტილება, წარმოადგენს იმ უძრავი ნივთის ამონაწერს, რომელშიც განთავსებული ქონებაც დააყადაღა სააღსრულებო ბიურომ. წარმოდგენილი ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის მესაკუთრეებად მითითებული არიან მესაკუთრე მოსარჩელე და სხვა მესამე პირები. მათ შორის მეორე მოსარჩელე არ არის. შესაბამისად, თუ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენდა იმ უძრავი ნივთის საკუთვნებელს, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრეც მოსარჩელეა, გაურკვეველია რა საფუძვლით დაკმაყოფილდა მეორე არამესაკუთრე მოსარჩლის სარჩელი და სააპელაციო სასამართლოს მიერ რა ქონება მიეკუთვნა მას.
24. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ სარჩელის მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია მათი შემდეგი კლასიფიკაცია: „1. მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი – მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ. 2. აღიარებითი სარჩელი – რომელიც აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. 3. გარდაქმნითი სარჩელი – მოთხოვნა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-შეწყვეტისაკენ. იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით.
25. ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, წარმოადგენს აღიარებით სარჩელს, რადგან ქონების ყადაღისგან გათავისუფლებას წინ უძღვის პირის აღიარება მესაკუთრედ. სარჩელში არ არის მითითებული, რომელი მოსარჩელე რომელი ქონების მესაკუთრეა და კონკრეტულად რომელი მოსარჩელე ჩამოთვლილი ქონებიდან უშუალოდ რა ქონების ყადაღისგან გათავისუფლებას ითხოვს, როგორც მესაკუთრე.
26. სასამართლოს მიერ განმარტებული იქნა, რომ ქონების ყადაღისგან გათავისუფლების დავებში მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რომ ქონება არ ეკუთვნის მოვალეს, მესაკუთრის დადგენას კი არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება.
27. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“ შესაბამისად, მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ეხებოდეს უშუალოდ მისი უფლების შელახვას, განსახილველ შემთხვევაში – არ გაიყიდოს მისი კუთვნილი ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის სარჩელებში საკვლევია, დაყადაღებული ნივთები ეკუთვნის თუ არა უშუალოდ მოსარჩელეს.
28. კასატორმა ყურადღება გაამახვილა სააპელაციო პალატის მსჯელობაზე სსკ-ის 151-ე მუხლთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ მასში მოცემულია საკუთვნებლად მიჩნევის მთავარი კრიტერიუმები: 1. ნივთი უნდა იყოს განკუთვნილი მთავარი ნივთის სამსახურისათვის; 2. მთავარ ნივთთან დაკავშირებული უნდა იყოს საერთო სამეურნეო დანიშნულებით. შესაბამისად, საკუთვნებელს შეიძლება წარმოადგენდეს გათბობის სისტემები, სამზარეულოს ტექნიკა, თუმცა გაუგებარია, რა სამეურნეო ფუნქციას ემსახურება დაყადაღებული კომპიუტერი ან ტელევიზორი, ლეპტოპი და კომპიუტერის მაგიდა. ასევე, საინტერესოა, როგორ გადაწყვეტდა საკითხს სასამართლო ერთ-ერთი მოსარჩელე რომ არ ყოფილიყო უძრავი ნივთის მესაკუთრე.
29. კასატორმა მიუთითა, რომ მოსარჩელეები არიან მოვალე მოპასუხის მშობლები. მოვალე არამარტო რეგისტრირებულია, არამედ ცხოვრობს კიდეც მითითებულ მისამართზე. აღწერა-დაყადაღების აქტით დასტურდება, რომ დაყადაღების მომენტში მოვალე იმყოფებოდა მითითებულ მისამართზე. მოსარჩელეთა მიერ არ იქნა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც დადგენილია სსსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით და მსგავსი კატეგორიის საქმეებზე წარმოადგენენ ხოლმე მოსარჩელეები, გარდა ამონაწერისა საჯარო რეესტრიდან, სადაც ერთ-ერთი მოსარჩელე არ არის რეგისტრირებული, როგორც მესაკუთრე. შესაბამისად, მოსარჩელეებმა არა თუ ვერ დაადასტურეს საკუთრების უფლების არსებობა მოძრავ ნივთებზე, შინაგანი რწმენაც ვერ შექმნეს, რომ მათ მიერ სარჩელის წარდგენა არ ემსახურებოდა მოვალის მიმართ არსებული აღსრულების ხელშეშლას.
30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
31. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
32. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 6 დეკემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა შეადგინა ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი და მოვალე მოპასუხის ვალის უზრუნველსაყოფად დააყადაღა მოსარჩელეთა კუთვნილ ბინაში არსებული მოძრავი ნივთები.
33. ასევე დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომელშიც დაყადაღებული მოძრავი ნივთები იმყოფება, ეკუთვნის მესაკუთრე მოსარჩელეს.
34. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2016 წლის 6 დეკემბერს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ლეპტოპი „HP – 65531“, მეორადი, პატარა ზომის, მოწითალო; 2. ტელევიზორი „SONY – 65532“ – მეორადი, შავი ფერის, პლაზმური; 3. სარეცხი მანქანა „BEKO – 65533“ – მეორადი, მოთეთრო ფერის „WML“; 4. მაცივარი „BOKO – 65534“ მეორადი, მოთეთრო ფერის ორკამერიანი; 5. პერსონალური კომპიუტერი, კომპლექტი 65535, მეორადი, შავი ფერის, მონიტორი – შავი რუხი დეტალებით, მაუსი, ერთი ხმის გამაძლიერებლით და ორი დინამიკი; 6. კომპიუტერის მაგიდა 65536, მეორადი, მუქი ყავისფერი, სამი უჯრით, ორი პატარა ზომის თარო.
35. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელეთა საკუთრებას.
36. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს იმ პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც, რომ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენდა იმ უძრავი ნივთის საკუთვნებელს, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრეც მოსარჩელეა, გაურკვეველია რა საფუძვლით დაკმაყოფილდა მეორე არამესაკუთრე მოსარჩლის სარჩელი და სააპელაციო სასამართლოს მიერ რა ქონება მიეკუთვნა მას.
37. ამავდროულად, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ სსსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული არანაირი მტკიცებულება, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გარდა, სადაც ერთ-ერთი მოსარჩელე არ არის რეგისტრირებული, როგორც მესაკუთრე. შესაბამისად, მოსარჩელეებმა საკუთრების უფლების არსებობა სადავო მოძრავ ნივთებზე ვერ დაადასტურეს.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
40. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
41. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება (სუსგ 22.06.15წ. საქმე №ას-1021-979-2014, 11.12.2015წ. საქმე №ას-952-902-2015).
42. სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
43. სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც, იგი სივრცობრივად მთავარ ნივთს უკავშირდება და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. თუ საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია კონკრეტული პირის სახელზე, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელიც აღნიშნული პირია.
44. სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს (სუსგ 6.02.2015წ. საქმე №ას-1202-1144-2014, 25.06.2012წ. ას-262-253-2012).
45. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეაფასებს კასატორის არგუმენტს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა სადავო ნივთებზე საკუთრების უფლების არსებობა.
46. უდავოდ დადგენილია, რომ სადავო მოძრავი ნივთები განთავსებულია მესაკუთრე მოსარჩელის კუთვნილ ბინაში.
47. ამასთან, სარჩელზე თანდართული მოძრავი ნივთების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ისინი შეძენილ იქნა 2009, 2011 წლებში (იხ. ტომი 1, ს.ფ. 28-32). ამავე საქმის მასალებში წარმოდგენილია მოვალე მოპასუხის მიერ გაცემული რწმუნებულება (ტომი 1, ს.ფ. 66), სადაც მისი დაბადების თარიღად მითითებულია 1994 წლის 12 აგვისტო. შესაბამისად, 2009 და 2011 წლებში მოვალე მოპასუხე სრულწლოვანი არ იყო. აღნიშნული გარემოება ასევე მოწმობს, რომ იგი დაყადაღებული საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას ვერ მოახერხებდა.
48. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა ვერ გახდება კასატორის მითითება, რომ დაყადაღებული ნივთები იმ უძრავი ნივთის საკუთვნებელს რომც წარმოადგენდეს, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრეც მოსარჩელეა, გაურკვეველია რა საფუძვლით დაკმაყოფილდა მეორე არამესაკუთრე მოსარჩლის სარჩელი და სააპელაციო სასამართლოს მიერ რა ქონება მიეკუთვნა მას.
49. უპირველესად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის საგანია ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება და არა მოსარჩელეთა შორის სადავო უძრავ ნივთებზე ინდივიდუალური საკუთრების განაწილება. შესაბამისად, ქონებაზე ყადაღის მოსახსნელად საკმარისია იმ ფაქტის დადგენა, რომ მოძრავი ნივთები ეკუთვნის მოსარჩელეებს და არა მოვალე მოპასუხეს. აღნიშნული გარემოება კი პრეზუმირებულად დადგინდა ბინის მესაკუთრე მოსარჩელისათვის კუთვნილების დადასტურების პირობებში. ამავდროულად, სარჩელზე დართულ „BEKO-ს“ სერვისების ქვითარზე მომსახურების მიმღებად დასახელებულია სწორედ არამესაკუთრე მოსარჩელე (ტომი 1, ს.ფ 32).
50. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
51. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
52. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
53. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
55. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს №… საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს სადაზღვევო კომპანია „ჯ..-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს სადაზღვევო კომპანია „ჯ..-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი