Facebook Twitter

საქმე №330210017001810080

საქმე №ას-278-278-2018 23 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ი.-ო“ (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს საფინანსო კომპანია „ლ.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს საფინანსო კომპანია „ლ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ი.-ოს“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული 15480 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 11 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც, სხვა პირობებთან ერთად, განისაზღვრა დამატებითი დაფარვა შემდეგი შემთხვევისათვის: დაზღვეული ავტომობილის გაუჩინარების შემთხვევაში, როდესაც სესხის უზრუნველყოფის საგნის დამზღვევის მფლობელობაში ან/და საკუთრებაში გადასვლა ან/და რეალიზაცია ვერ ხერხდება საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებლისათვის გირავნობის მოწმობის იძულებითი აღსრულების მიზნით, სააღსრულებო დოკუმენტების წარმოებაში მიღებიდან ორი თვის ვადაში. გირავნობის საგნის ფიზიკური ადგილსამყოფელის დაუდგენლობის და დაკავების შეუძლებლობის გამო, სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა აღნიშული ორთვიანი ვადის გასვლის შემდგომ. დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის წერილობითი მიმართვიდან და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. ამასთან, წლიური მაქსიმალური ლიმიტი აღნიშნული დაფარვისათვის შეადგენდა 50 000 ლარს. ანაზღაურებას კი ექვემდებარებოდა წელიწადში მხოლოდ 3 შემთხვევა.

3. 2015 წლის 14 დეკემბრის შეთანხების საფუძველზე, დაზღვევის ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით შეთანხმებული დამატებითი დაფარვის ფარგლებში სამი კომპანიისათვის განისაზღვრა დაფარვის ერთიანი ლიმიტი 50 000 ლარი და წელიწადში მხოლოდ სამი შემთხვევა. მოსარჩელემ მოსთხოვა მოპასუხეს მითითებული პირობის შესრულება, რაზეც უარი მიიღო.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფად დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუჩინარების ფაქტი არ წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული ავტოტრანსპორტის N.., N.. და N.. სადაზღვევო პოლისებით გათვალისწინებული დაფარული რისკებით გამოწვეულ სადაზღვევო შემთხვევას, რის შედეგად მოპასუხე მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15480 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 799-ე მუხლით და დაადგინა, რომ 2015 წლის 11 ნოემბერს მოსარჩელესა (დამზღვევი) და მოპასუხეს (მზღვეველი) შორის დაიდო №.. ხელშეკრულება „დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“.

8. ხელშეკრულების 1.1. მუხლით ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა მზღვევლის მიერ დამზღვევსა და ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს (მსესხებელს) შორის არსებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაგირავებული/იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა.

9. ხელშეკრულების საერთო პირობების 1.1. მუხლით, დაზღვევის საგანია სესხის გადაუხდელობით გამოწვეული ზარალი, რომლის მიზეზია ავტომობილის (რომელიც წარმოადგენს სესხის უზრუნველყოფას) ნაწილობრივი დაზიანება ან სრული განადგურება სადაზღვევო რისკების შედეგად. 1.3 მუხლით დაზღვევის საგნად მოიაზრება ასევე დაზღვეული ავტოტრანსპორტის და მისი დეტალების დაკარგვა, დაზიანება ან განადგურება სადაზღვევო პოლისით გათვალისინებული სადაზღვევო რისკების დადგომის შედეგად.

10. ხელშეკრულების საერთო პირობების (დანართი 1.2) მე-3 მუხლით მხარეები ცალკე შეთანხმდნენ ე.წ. დამატებით დაფარვაზე შემდეგი ფორმულირებით: დაზღვეული ავტომობილის გაუჩინარების შემთხვევაში, როდესაც სესხის უზრუნველყოფის საგნის დამზღვევის მფლობელობაში ან/და საკუთრებაში გადასვლა ან/და რეალიზაცია ვერ ხერხდება საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს/კერძო აღმასრულებლისათვის გირავნობის მოწმობის იძულებითი აღსრულების მიზნით, სააღსრულებო დოკუმენტების წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში, გირავნობის საგნის ფიზიკური ადგილსამყოფელის დაუდგენლობისა და დაკავების შეუძლებლობის გამო, სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა აღნიშული ორთვიანი ვადის გასვლის შემდგომ, დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის წერილობითი მიმართვიდან და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში (თუ ამ პერიოდში ავტომანქანა არ იქნება ნაპოვნი). მზღვევლის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ, უზრუნველყოფის საგნის პოვნის/დაკავების შემთხვევაში, დამზღვევი ვალდებულია, გადასცეს ნაპოვნი/დაკავებული ავტომობილის მზღვევლს საკუთრებაში, უზრუნველყოფის საგნის მის მფლობელობაში გადაცემიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. იქვე განისაზღვრა, რომ წლიური მაქსიმალური ლიმიტი აღნიშნული დაფარვისათვის შეადგენდა 50 000 ლარს და ანაზღაურდებოდა წელიწადში მხოლოდ 3 შემთხვევა.

11. 2015 წლის 14 დეკემბერს გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც 2015 წლის 11 ნოემბრის №.. ხელშეკრულებით შეთანხმებული დამატებითი დაფარვის ფარგლებში შევიდა ცვლილება და სამი კომპანიისათვის განისაზღვრა დაფარვის ერთიანი ლიმიტი 50 000 ლარის ოდენობით და წელიწადში მხოლოდ სამი შემთხვევა.

12. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორედ ზემოაღნიშნული დამატებითი დაფარის პირობის საფუძველზე 3 დაზღვეული ავტომობილის გაუჩინარების გამო, მზღვეველს დაეკისრა დამზღვევის სასარგებლოდ სულ – 15 480 აშშ დოლარის გადახდა.

13. სააპელაციო პალატის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მსესხებლებმა – სამმა ფიზიკურმა პირმა დაარღვიეს მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებების პირობები, რის შედეგადაც კრედიტორმა მიმართა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნის დაკმაყოფილების ღონისძიებებს, თუმცა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხერხდა გირავნობით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიება და მათზე აღსრულების მიქცევა. სამივე მსესხებელთან მიმართებით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობამ შეადგინა 15 480 აშშ დოლარი.

14. როგორც მზღვეველის უარი სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე, ისე გადაწყვეტილების უკანონობაზე მსჯელობისას აპელანტის (მზღვეველის) ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ ზიანი მოსარჩელეს არ მიადგა დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკის/რისკების შედეგად, ანუ მოვლენა, რასაც ეფუძნება მოთხოვნა, არ წარმოადგენს დაფარულ სადაზღვევო რისკს, ხოლო შემთხვევა – სადაზღვევო შემთხვევას და, ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმებული დაზღვევის პირობების თანახმად, არ უნდა ანაზღაურდეს, ხოლო სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: როგორც აპელანტიც უთითებს, სადაზღვევო რისკის და სადაზღვევო შემთხვევის დეფინიცია მოცემულია №.. ხელშეკრულების №1.2. დანართის ტერმინთა განმარტებაში, რომელიც მოცემულ დავაში არსებულ შემთხვევის აღწერილობას არ შეიცას. წინამდებარე შემთხვევაში, დამზღვევის მოთხოვნა წაყენებულ იქნა მე-3 მუხლის საფუძველზე – დამატებითი დაფარვა.

16. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე დავის გადასაწყვეტად უნდა განიმარტოს ხელშეკრულების საერთო პირობების (დანართი 1.2.) მე-3 მუხლით რეგულირებული ე.წ. დამატებითი დაფარვის პირობის ამოქმედება უკავშირდება მხოლოდ რისკების ჩამონათვალში მითითებული მოვლენით გამოწვეულ სადაზღვევო შემთხვევებს, თუ დამატებითი დაფარვის პირობა თავად მოიცავს შეთანხმებას სპეციალურ რისკზე, რაც გამოწვეულია დამზღვევის საქმიანობის სპეციფიკით – მის პრაქტიკულ საქმინობაში არსებული ისეთი პრობლემური საკითხით, როგორიცაა გირავნობის საგნის ფიზიკური ადგილსამყოფელის დაუდგენლობისა და დაკავების შეუძლებლობის გამო იძულებით აღსრულების შეუძლებლობა სააღსრულებო დოკუმენტების წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში.

17. სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დასახელებული ნორმა ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს, კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნება უნდა განიმარტოს იურიდიულ-დოგმატური მეთოდოლოგიის (ე.ი. გარიგებათა განმარტების მეთოდოლოგიის) საფუძველზე. არსებობს განმარტების „სუბიექტური“ (ანუ ნების) და „ობიექტური“ (ანუ გამოხატვის) თეორიები. ნების თეორიის საფუძველზე თითოეული ხელშეკრულების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების ანალიზის შედეგად უნდა განიმარტოს მხარეთა ნამდვილი ნება. მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. გამოხატვის თეორია უპირატესობას ანიჭებს ნების გარეგნულ გამოხატულებას, ე.ი. გამოხატვას და ამას ხსნის იმით, რომ სამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობა სხვაგვარად წარმოუდგენელია. რთულია შემთხვევები, როცა მხარეებმა ხელშკრულების დადების დროს კი განსაზღვრეს გარკვეული პირობა, მაგრამ თითოეულმა მათგანმა მასში განსხვავებული აზრი ჩააქსოვა ანდა ერთ-ერთს მოგვიანებით შეეცვალა აზრი ნაგულისხმევზე. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია საუბარი მხარეთა „საერთო ნებაზე“. გადამწყვეტი ამ დროს არის ის მნიშვნელობა, რომელსაც გონიერი ადამიანი მოცემულ გამონათქვამებს მიანიჭებდა და უნდა წარმოვიდგინოთ, თუ რა მნიშვნელობას მიანიჭებდა იგი გამოთქმულ პირობებს საქმის კონკრეტულ, მნიშვნელოვან გარემოებათა გათვალისწინებით.

18. ამავე კოდექსის 342-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 338-ე მუხლის შესაბამისად, წინამდებარე დაზღვევის ხელშეკრულების პირობების ერთობლივი, სისტემური, ლოგიკური და ხელშეკრულების შინაარსის შესაბამისი განმარტების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ხელშეკრულების მე-3 მუხლი მოიცავს შეთანხმებას სპეციალურ რისკზე და მოცემული სადაზღვევო შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას დამატებით დაფარვის პირობის საფუძველზე.

19. სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა შესაბამისობაშია მხარეთა შორის შეთანხმებულ სპეციალურ შემადგენლობასთან – დაფარვის დამატებით პირობასთან და დაზღვევის ხელშეკრულების არსებითი პირობაა. ანუ მე-3 მუხლი კონკრეტული შემთხვევის მარეგულირებელი სპეციალური წესია, რომელიც მნიშვნელოვანია ისეთი სპეციალური სუბიექტის საქმიანობისათვის, როგორიცაა საფინანსო კომპანია, რომლის საქმიანობის საგანიც სესხების გაცემაა.

20. ერთ-ერთი ფიზიკური პირის სახელზე რიცხულ ავტომობილზე აღსრულების შეუძლებლობის გამო, მოპასუხე ამ ნაწილში სადაზღვევო თანხის დაკისრებაზე პრეტენზიას დამატებით აცხადებს იმ საფუძვლით, რომ ეს ავტომობილი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გაუჩინარებულად და სასამართლოს უნდა ემსჯელა ანაზღაურების გამომრიცხავ ისეთ საფუძველზე, როგორიცაა მე-3 მუხლში მითითებული გარემოება – ავტომანქანის პოვნა.

21. საქმის მასალებში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მიერ 2016 წლის 28 მარტს გაცემული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმად ირკვევა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული ფიზიკური პირის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნით. გამომძიებლის მიერ ამოღებულ იქნა „..ის“ მარკის ავტომანქანის ძარა, დაზიანებულ მდგომარეობაში. როგორც დადგინდა, ავტომანქანა რეგისტრიებული იყო ზემოთ დასახელებული ფიზიკური პირის სახელზე. მითითებული ავტომანქანის სხვა ნაწილები დღეის მდგომარეობით ამოღებული არ არის.

22. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს 2017 წლის 23 თებერვლის წერილში აღნიშნულია, რომ ძარა ამოღებულია დაშლილ და შუაზე გაჭრილ მდგომარეობაში.

23. მოსარჩელე მოცემულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი არ არის, შესაბამისად, დავის გადასაწყვეტად უნდა დადგინდეს: მხოლოდ ძარის და ისიც დაზიანებულ/დაშლილ მდგომარეობაში აღმოჩენა მანქანის სხვა ნაწილების გარეშე, შეიძლება თუა არა მიჩნეულ იქნეს ანაზღაურების გამომრიცხავ ისეთ გარემობად, როგორიცაა ანაზღაურების გაცემამდე ავტომანქანის პოვნა.

24. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პასუხი უარყოფითია, რამეთუ ნაპოვნი ნაწილი არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს – ავტომობილს (სატრანსპორტო საშუალებას), რომლის მიზნობრივი გამოყენება და სამოქალაქო ბრუნვაში მიმოქცევაც იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეებს შორის შეთანხმებული დამატებითი დაფარვის პირობის ამოქმედებას და სადაზღვევო თანხის გაცემას.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

25. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

26. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 52-ე, 342-ე და 799-ე მუხლები. გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან, არასწორად განმარტა კანონი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 393-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების კანონის დარღვევით მიღების მიჩნევის წინაპირობას.

27. სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შორის 2015 წლის 11 ნოემბერს დადებული №.. ხელშეკრულების №1.2 დანართის (დაზღვევის პირობები) საერთო პირობების შესაბამისად, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრულია სადაზღვევო შემთხვევისა და სადაზღვევო რისკის განმარტებები, კერძოდ: სადაზღვევო შემთხვევა – დაზღვეული რისკებით გამოწვეული შემთხვევა, რომლის დადგომისას, წინამდებარე პირობების შესაბამისად, მზღვეველს წარმოეშობა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულება დამზღვევის/მოსარგებლის წინაშე; სადაზღვევო რისკი – მოვლენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სადაზღვევო შემთხვევა. ამავე პირობების მე-2 ნაწილის პირველი პუნქტში მოცემულია სადაზღვევო რისკების ჩამონათვალი, კერძოდ ხსენებული პუნქტის თანახმად, სადაზღვევო რისკებს განეკუთვნება სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი შემდეგი მოვლენები: ავტოტრანსპორტის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა; ავტოსაგზაო შემთხვევა; ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება; ვანდალიზმი; სხვადასხვა საგნის დაცემა; სტიქიური უბედურებები – მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ქარიშხალი (ატმოსფეროში ბუნებრივი პროცესებით გამოწვეული ჰაერის მასების მოძრაობა 25 მ/წმ-ზე მეტი სიჩქარით), მეწყერი, ღვარცოფი. ასევე, ცალკეული დეტალებისა და აქსესუარების დაზღვეული რისკების შედეგად დაზიანება ან დაკარგვა, გარდა მინებისა და სარკეებისა, რაც ასევე ასახულია შესაბამის დაზღვევის ხელშეკრულება/პოლისებში.

28. კასატორმა მიიჩნია, რომ თავად მოსარჩელის განმარტებით და მის მიერ თავდაპირველად – მზღვეველთან (მოპასუხე), ხოლო შემდგომში სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაციით, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, არ დადასტურდა, რომ ზიანი (მისი არსებობის შემთხვევაში) კომპანიას მიადგა დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკის/რისკების შედეგად, ანუ მოცემულ შემთხვევაში მოვლენა, რაზეც მოსარჩელე აპელირებდა, არ წარმოადგენდა დაფარულ სადაზღვევო რისკს, ხოლო შემთხვევა – სადაზღვევო შემთხვევას, შესაბამისად, ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმებული დაზღვევის პირობების თანახმად, არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ხოლო სარჩელი - დაკმაყოფილებას. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ დამზღვევი დაზღვეული იქნებოდა „ნებისმიერი“ მოვლენის შედეგად დამდგარი ზიანის გამო, არ შეესაბამება, როგორც სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულებას, ასევე, მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულების პირობებს, ამასთან, გასათვალისწინებელია მითითებული კოდექსის 52-ე მუხლის დანაწესი, რომლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

29. კასატორის მოსაზრებით, საყურადღებოა და წინააღმდეგობრივია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სტანდარტულ პირობებთან დაკავშირებით და აღნიშნულ პირობებთან შედარებით შეთანხმებული პირობების უპირატესობაზე, ვინაიდან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რის საფუძველზე მივიდა მითითებულ დასკვნამდე და იმის გათვალისწინებით, რომ ხელშემკვრელი მხარეები წარმოადგენდნენ მეწარმე სუბიექტებს, ხელშეკრულების დადებისას ხელშეკრულების ყველა პირობა (მათ შორის დაზღვევის პირობები) მხარეთა მიერ დეტალურად იქნა განხილული და განსაზღვრული, რით არის განპირობებული, რომ სასამართლო არ დაეყრდნო სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილის დებულებას, რომლის შესაბამისად, ასეთ ვითარებაში ხელშეკრულების პირობები არ მიიჩნევა ხელშეკრულებათა სტანდარტულ პირობად.

30. კასატორმა მიიჩნია, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების დებულებათა საწინააღმდეგოდ, სარჩელი არ შეიცავდა მონაცემებს თითოეულ შემთხვევაში, დარიცხული საურავების გარეშე, მიმდინარე დავალიანების შესახებ, ამასთან, სარჩელს არ ერთვოდა აღნიშნულის ამსახველი მტკიცებულებები.

31. კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის (17 200 აშშ დოლარი) შემცირების შემდეგაც (15 480 აშშ დოლარი), გაუჩინარებასთან დაკავშირებით მოსარჩელის პოზიციის დამაჯერებლობის შემთხვევაშიც, დაუსაბუთებელია და უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ერთ-ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ (სასარჩელო მოთხოვნა – 6 150 აშშ დოლარი), ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებით მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ნაპოვნია, ამდენად, შემთხვევა ვერანაირად ვერ იქნება განხილული ხელშეკრულების მითითებული დებულების შესაბამისად.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

34. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 11 ნოემბერს მოსარჩელესა (დამზღვევი) და მოპასუხეს (მზღვეველი) შორის დაიდო №.. ხელშეკრულება „დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“.

35. ხელშეკრულების 1.1. მუხლით ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა მზღვევლის მიერ დამზღვევსა და ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს (მსესხებელს) შორის არსებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაგირავებული/იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა.

36. ხელშეკრულების საერთო პირობების 1.1. მუხლით, დაზღვევის საგანია სესხის გადაუხდელობით გამოწვეული ზარალი, რომლის მიზეზია ავტომობილის (რომელიც წარმოადგენს სესხის უზრუნველყოფას) ნაწილობრივი დაზიანება ან სრული განადგურება სადაზღვევო რისკების შედეგად. 1.3 მუხლით დაზღვევის საგნად მოიაზრება ასევე დაზღვეული ავტოტრანსპორტის და მისი დეტალების დაკარგვა, დაზიანება ან განადგურება სადაზღვევო პოლისით გათვალისინებული სადაზღვევო რისკების დადგომის შედეგად.

37. ხელშეკრულების საერთო პირობების (დანართი 1.2) მე-3 მუხლით მხარეები ცალკე შეთანხმდნენ ე.წ. დამატებით დაფარვაზე შემდეგი ფორმულირებით: დაზღვეული ავტომობილის გაუჩინარების შემთხვევაში, როდესაც სესხის უზრუნველყოფის საგნის დამზღვევის მფლობელობაში ან/და საკუთრებაში გადასვლა ან/და რეალიზაცია ვერ ხერხდება საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს/კერძო აღმასრულებლისათვის გირავნობის მოწმობის იძულებითი აღსრულების მიზნით, სააღსრულებო დოკუმენტების წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში, გირავნობის საგნის ფიზიკური ადგილსამყოფელის დაუდგენლობისა და დაკავების შეუძლებლობის გამო, სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა აღნიშული ორთვიანი ვადის გასვლის შემდგომ, დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის წერილობითი მიმართვიდან და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში (თუ ამ პერიოდში ავტომანქანა არ იქნება ნაპოვნი). მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ, უზრუნველყოფის საგნის პოვნის/დაკავების შემთხვევაში, დამზღვევი ვალდებულია, გადასცეს ნაპოვნი/დაკავებული ავტომობილის მზღვეველს საკუთრებაში, უზრუნველყოფის საგნის მის მფლობელობაში გადაცემიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. იქვე განისაზღვრა, რომ წლიური მაქსიმალური ლიმიტი აღნიშნული დაფარვისათვის შეადგენდა 50 000 ლარს და ანაზღაურდებოდა წელიწადში მხოლოდ 3 შემთხვევა.

38. 2015 წლის 14 დეკემბერს გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც 2015 წლის 11 ნოემბრის №.. ხელშეკრულებით შეთანხმებული დამატებითი დაფარვის ფარგლებში შევიდა ცვლილება და სამი კომპანიისათვის განისაზღვრა დაფარვის ერთიანი ლიმიტი 50 000 ლარის ოდენობით და წელიწადში მხოლოდ სამი შემთხვევა.

39. სააპელაციო პალატის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მსესხებლებმა – სამმა ფიზიკურმა პირმა დაარღვიეს მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებების პირობები, რის შედეგადაც კრედიტორმა მიმართა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნის დაკმაყოფილების ღონისძიებებს, თუმცა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხერხდა გირავნობით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიება და მათზე აღსრულების მიქცევა. სამივე მსესხებელთან მიმართებით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობამ შეადგინა 15 480 აშშ დოლარი.

40. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა მიიჩნია, რომ თავად მოსარჩელის განმარტებით და მის მიერ თავდაპირველად – მზღვეველთან (მოპასუხე), ხოლო შემდგომში სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაციით, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, არ დადასტურდა, რომ ზიანი (მისი არსებობის შემთხვევაში) კომპანიას მიადგა დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკის/რისკების შედეგად, ანუ მოცემულ შემთხვევაში მოვლენა, რაზეც მოსარჩელე აპელირებდა, არ წარმოადგენდა დაფარულ სადაზღვევო რისკს, ხოლო შემთხვევა – სადაზღვევო შემთხვევას.

41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

43. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

44. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად განიმარტა, რომ ხელშეკრულების საერთო პირობების (დანართი 1.2.) მე-3 მუხლით რეგულირებული ე.წ. დამატებითი დაფარვის პირობის ამოქმედება უკავშირდება მხოლოდ რისკების ჩამონათვალში მითითებული მოვლენით გამოწვეულ სადაზღვევო შემთხვევებს, თუ დამატებითი დაფარვის პირობა თავად მოიცავს შეთანხმებას სპეციალურ რისკზე, რაც გამოწვეულია დამზღვევის საქმიანობის სპეციფიკით – მის პრაქტიკულ საქმინობაში არსებული ისეთი პრობლემური საკითხით, როგორიცაა გირავნობის საგნის ფიზიკური ადგილსამყოფელის დაუდგენლობისა და დაკავების შეუძლებლობის გამო იძულებით აღსრულების შეუძლებლობა სააღსრულებო დოკუმენტების წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში.

45. სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე მხარეთა შორის არსებული შეთანხმების პირობების ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მე-3 მუხლი მოიცავს შეთანხმებას სპეციალურ რისკზე და მოცემული სადაზღვევო შემთხვევა წარმოშობდა ანაზღაურების ვალდებულებას დამატებით დაფარვის პირობის გამო. ამდენად, დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა შესაბამისობაშია მხარეთა შორის შეთანხმებულ სპეციალურ შემადგენლობასთან – დაფარვის დამატებით პირობასთან და დაზღვევის ხელშეკრულების არსებითი პირობაა. ანუ მე-3 მუხლი კონკრეტული შემთხვევის მარეგულირებელი სპეციალური წესია, რომელიც მნიშვნელოვანია ისეთი სპეციალური სუბიექტის საქმიანობისათვის, როგორიცაა საფინანსო კომპანია, რომლის საქმიანობის საგანიც სესხების გაცემაა.

46. რაც შეეხება წინამდებარე განჩინების 31-ე პუნქტში მითითებულ კასატორის პრეტენზიას 6150 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო და მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად უთხრა უარი ამ პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე (იხ. მოცემული განჩჲნების 21-24 პუნქტები).

47. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

48. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

50. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

52. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 5 თებერვალს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 1907 ლარის 70% – 1334,9 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ი.-ოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ი.-ოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 5 თებერვალს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 1907 ლარის 70% – 1334,9 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე