Facebook Twitter

საქმე №820210018002043796

საქმე №ას-286-286-2018 16 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქედის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.“ (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება, ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ლ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქედის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 2016 წლის 21 მარტს გაფორმებული №36 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს – 12613,67 ლარის (შესრულებული სამუშაოს 35 %) შემცირება 10%-მდე – 3550 ლარამდე, დარჩენილი 9063,67 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2016 წლის 21 მარტს გაფორმებული №36 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულდა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება შეადგენდა 37999,98 ლარს. რეალურად შესრულდა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 35485,74 ლარის სამუშაოებზე. ამით ხელშეკრულება შესრულებულად ჩაითვალა, დოკუმენტაცია გაფორმდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მაგრამ ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, ვადაგადაცილების გამო, დაკისრებულმა ჯარიმის რაოდენობამ შეადგინა არაგონივრულად მაღალი თანხა – 16011,19 ლარი, რაც წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს 45%-ს. საჯარიმო სანქციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი მიმწოდებელ ორგანიზაციას აყენებს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და საფრთხეს უქმნის მის ფუნქციონირებას. აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებდა 6 საყრდენი კედლის მოწყობას, საიდანაც მოგვიანებით, ხელშეკრულების მხარეებისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზის გამო, გამოირიცხა ერთი კედლის მშენებლობა და დარჩა ხუთი საპროექტო (სამშენებლო) წერტილი.

3. მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა შესრულება და მასალათა მიწოდება დაიწყო სამუშაოებისათვის განსაზღვრულ პერიოდში, მაგრამ 2016 წლის ზაფხულის სტიქიური მოვლენების დროს მოვარდნილმა ღვარცოფმა და მეწყერმა მწყობრიდან გამოიყვანა და ნატანით აავსო საპროექტო კედლების საძირკვლები, რა დროსაც განადგურდა საძირკველი, ახლად მოწყობილი რკინაბეტონის კონსტრუქციის გარდა, ასევე, მოწყობილი კედლის დასაბეტონებლად განსაზღვრული არმატურის პერანგი და ყალიბის ქარგილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებელს თავიდან მოუწია, როგორც სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ასევე, მატერიალური რესურსის მობილიზება. აღნიშნული მდგომარეობა დაფიქსირდა ქედის მუნიციპალიტეტის სპეციალისტების მიერ. ამ გარემოებათა გათვალისწინებით გაგრძელდა სამუშაოთა შესრულების ვადა. სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულდა 2016 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, ამ დროისთვის შესრულებული სამუშაოების ოდენობა განისაზღვრა ორი შუალედური და ორი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით, სულ – 27513,59 ლარით. 2016 წლის დეკემბერში აღნიშნული სამუშაოების ჩაბარების პარალელურად მოსარჩელემ გადაიხადა უკვე დაკისრებული ჯარიმა – 6572, 79 ლარი, თუმცა რეალურად შესასრულებელი 7972, 15 ლარის სამუშაოების წარმოების პროცესში კომპანია კვლავ დაჯარიმდა 6040,88 ლარით. ჯარიმის ჯამური მაჩვენებელი გასცდა ამ კონკრეტული ხელშეკრულებისათვის წარმოსადგენ და შესაძლებელ გონივრულ ზღვარს, რამაც დააზარალა მიმწოდებელი კომპანიის და მისი მოსამსახურე პერსონალის ინტერესები.

4. საბოლოოდ შესრულებული სამუშაოების ჯამური მაჩვენებლის - (35485,74 ლარი) პარალელურად დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამურმა მაჩვენებელმა შეადგინა 12613,67 ლარი, რაც შესრულებული სამუშაოს ანუ მიმწოდებელი მომსახურების 35,5%-ს წარმოადგენს. ხელშეკრულების დაგვიანებით შესრულების გამო იზარალა მხოლოდ მიმწოდებელმა. შემსყიდველის მიზნები, რომელსაც ეს ხელშეკრულება ითვალისწინებდა შესრულებულია, პროექტის მიმდინარეობის პერიოდში წამოჭრილი სირთულეები აღმოფხვრა მიმწოდებელმა. ხელშეკრულება, რომელიც ტენდერის მეშვეობით იქნა დადებული, იმთავითვე ითვალისწინებდა სახელმწიფოსთვის ეკონომიას, რადგანაც ტენდერზე ვაჭრობის შედეგად გამოცხადებული სავარაუდო ღირებულების 81%-ზე იქნა მორგებული და ხელშეკრულებაც შესაბამისად ამ თანხაზე გაფორმდა.

5. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და მოითხოვა მის შემცირება.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სატენდერო ხელშეკრულების 4.1 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადად განსაზღვრული იყო 2016 წლის 1 ივლისი. ხელშეკრულების 17.2 მუხლით ყოველი დაგვიანებული დღისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,1% პროცენტის ოდენობით. მხარე არის მეწარმე, რომელიც საქმიანობს სწორედ სამშენებლო სფეროში, შესაბამისად, მას ჰქონდა ყველა გონივრული შესაძლებლობა, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ევარაუდა ვალდებულების დროულად შესრულების შესაძლო ხელშემშლელი პირობების არსებობის შესახებ და შესაბამისად განესაზღვრა ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე გულგრილად მოეკიდა ნაკისრ ვალდებულებებს და სწორედ ამან გამოიწვია ე.წ გაუთვალისწინებელი ხარვეზები. შესაბამისად, მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირებაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ორგანიზაციის თანამშრომელს.

10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება 2018 წლის 11 იანვარს.

11. სსსკ-ის 369-ე და 2591 მუხლების თანახმად სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

12. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტები ამომწურავად და დეტალურად შეიცავს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს, სახელდობრ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში მითითებულია იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით (ეს წესი არ მოქმედებს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, სსსკ-ის 46-ე მუხლის თანახმად გადაეგზავნება გადაწყვეტილება) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, ხოლო მე-6 პუნქტში კი მიეთითა იმ ვალდებულების შესახებ, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-დღეს, რომლის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

13. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხე წარმოადგენს სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც სასამართლოს ინიციატივით ეგზავნება გადაწყვეტილების ასლი, რაც ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ კანონშესაბამისად განახორციელა, შესაბამისად, აპელანტს გადაწყვეტილება უნდა გაესაჩივრებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.

14. სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიმართვით დასტურდება, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით სასამართლოს ინიციატივით გაეგზავნა მოპასუხეს და აღნიშნული მოპასუხის თანამშრომელს ჩაბარდა 2018 წლის 11 იანვარს. შესაბამისად, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან მომდევნო დღეს – 2018 წლის 12 იანვრიდან და ამოიწურა ამავე წლის 25 იანვარს, 24:00 საათზე. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით სასამართლოში წარდგენილ იქნა 2018 წლის 29 იანვარს, ხოლო, თავის მხრივ კი, ასეთი მოპასუხემ ფოსტას ჩააბარა 2018 წლის 26 იანვარს (ს.ფ 153), ანუ გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით (ერთი დღის გადაცილებით).

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

16. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევის ფაქტი, რადგან აღნიშნული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 12 იანვრიდან და იგი ამოიწურა 25 იანვარს. სააპელაციო საჩივარი კი მხარემ ფოსტას ჩააბარა 2018 წლის 25 იანვარს, კანონით დადგენილ დროის პერიოდში. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა.

17. კერძო საჩივარს დაერთო საქართველოს ფოსტის 2018 წლის 25 იანვრის კორესპონდენციის რეესტრიდან ამონაწერი, რომელშიც მითითებულია, რომ დასახელებულ დღეს ფოსტას ჩაბარდა №.. გზავნილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

19. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

20. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

21. ამავე კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

22. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხე წარმოადგენს სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა მისთვის გზავნილის გაგზავნის გზით.

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქმეში არსებული სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიმართვით დასტურდება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლის კანონით დადგენილი წესით სასამართლოს ინიციატივით მოპასუხისათვის გაგზავნისა და 2018 წლის 11 იანვარს აღნიშნული გზავნილის მოპასუხე ორგანიზაციის თანამშრომლისათვის ჩაბარების ფაქტები. შესაბამისად, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან მომდევნო დღეს – 2018 წლის 12 იანვრიდან და ამოიწურა ამავე წლის 25 იანვარს.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარზე დართული კონვერტის საფუძველზე მართებულად ჩათვალა, რომ მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2018 წლის 26 იანვარს (ს.ფ 153), თუმცა მოპასუხემ კერძო საჩივარს დაურთო საქართველოს ფოსტის 2018 წლის 25 იანვრის კორესპონდენციის რეესტრიდან ამონაწერი, რომელშიც მითითებულია, რომ დასახელებულ დღეს ფოსტას ჩაბარდა №.. გზავნილი (ს.ფ. 175). აღნიშნული ნომერი დასმულია მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე დართულ კონვერტზე, რაც მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი მხარემ ფოსტას ჩააბარა არა 2018 წლის 26 იანვარს, როგორც ეს სააპელაციო პალატამ დაადგინა, არამედ ერთი დღით ადრე. აღსანიშნავია, რომ დასახელებული გარემოების შესახებ სააპელაციო სასამართლოს ინფორმაცია არ გააჩნდა.

25. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია, შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივრის ამ საფუძვლით განუხილველად დატოვების სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე