Facebook Twitter

საქმე №811210016001654633

საქმე №ას-297-297-2018 30 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. ი.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ფ.-ე, ნ. კ.-ე, ლ. მ.-კ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა– გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ. ი.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ფ.-ის, ნ. კ.-ისა და ლ. მ.-კ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ სოლიდარულად ზიანის – 503,98 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მშობლებთან ერთად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე. 2016 წლის აგვისტოში მოპასუხეებმა დააზიანეს მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კარი, რის გამოც მხარემ განცხადებით მიმართა რაიონულ პოლიციას, გამოძიების დაწყების მიზნით.

3. 2016 წლის 31 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, ვინაიდან ქმედებით მიყენებული ზიანი მცირე მნიშვნელობის იყო.

4. მოსარჩელის ინიციატივით ჩატარდა საინჟინრო ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც კარის აღდგენის ღირებულება განისაზღვრა 103,98 ლარით, ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელის მიერ გაწეული იქნა ადვოკატის მომსახურების ხარჯი – 400 ლარი.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია. ერთ-ერთმა მოპასუხემ უროს გამოყენებით გააღო სადარბაზოში გამავალი კარი, რომლით სარგებლობის უფლებასაც უსაფუძვლოდ არ აძლევდა მოსარჩელის დედა. საცხოვრებელი სახლის კარს კი მხარე საერთოდ არ შეხებია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო პალატის მითითებით, წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენდა 503,98 ლარს. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად გაასაჩივრა.

9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო საჩივრის შესაბამის გრაფაზე, რომელშიც საჩივრის ფასად მითითებულია 890 ლარი, თუმცა სარჩელით დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეთათვის 503.98 ლარის დაკისრება, ასევე დადგენილია, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოცულობა განისაზღვრება 503,98 ლარით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქონებრივი ხასიათისაა და მისი მოცულობა 1000 ლარს არ აღემატება, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

12. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის სხდომის ოქმი საქმეში წარმოდგენილ იქნა შესწორებული ვარიანტის სახით. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამომძიებლის ჩვენება განზრახ ჩასწორდა. შესაბამისად, თუკი საქმეს ერთვის გაყალბებული ოქმი, როგორ შეიძლება გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და შემდგომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების კანონიერებაზე მსჯელობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მხრიდან სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების კანონიერება.

15. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

16. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 1000 ლარს სცილდება. 1000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

17. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.

18. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოცემული სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენდა 503,98 ლარს. სააპელაციო საჩივრის შესაბამის გრაფაში საჩივრის ფასად აპელანტმა მიუთითა 890 ლარი.

19. ამდენად, დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ ზემოაღნიშნული თანხა კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე საგრძნობლად ნაკლებია. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

20. გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდეს კერძო საჩივრის ავტორის მითითება სასამართლოს სხდომის ოქმში ასახული განმარტების ჩასწორების შესახებ. აღნიშნული საკითხი მოცემული დავის საგანს სცდება და საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას მას ვერ შეაფასებს.

21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ი.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე