Facebook Twitter

საქმე №030210017001779933

საქმე №ას-386-386-2018 30 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „ლ.-ა“, დ. გ.-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.-ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „გ.-ომ“ (მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ლ.-ასა“ და დ. გ.-ას (მოპასუხე) მიმართ მიუღებელი შემოსავლის საპროცენტო სარგებლის სახით 14 148 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 5 მაისს მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება. მოსარჩელეს მოპასუხეების მიმართ გააჩნდა თანხის გადახდის მოთხოვნა, რომელიც მოპასუხეებმა არ შეასრულეს და მოსარჩელემ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საზოგადოების მიმართ 85305,80 ლარის დაკისრების შესახებ. მოთხოვნა მოიცავდა ასევე სახელშეკრულებო საპროცენტო სარგებელს 2014 წლის 3 მარტამდე.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო პალატამ დატოვა უცვლელად.

4. მოპასუხეს ნებაყოფლობით თანხა არ გადაუხდია, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით.

5. მოსარჩელემ სარჩელის აღძვრიდან 20 თვის შემდგომ მიიღო 90132,27 ლარი, რომელიც მოიცავდა როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ თანხას, ასევე საპროცენტო სარგებელს 2014 წლის 3 მარტამდე. მოპასუხეებს დროულად რომ გადაეხადათ თანხა, მოსარჩელეს შეეძლო, იგი განეთავსებინა საბანკო ვადიან ანაბარზე, საპროცენტო სარგებლის ვადის ბოლოს გატანით და 2014 წლის 3 მარტიდან 2015 წლის 21 დეკემბრამდე მიეღო საპროცენტო სარგებელი 14148,14 ლარის ოდენობით.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ 2012 წლის 5 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოპასუხეთა მიერ სრულადაა შესრულებული, ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაიმე სახის ზიანი მოპასუხეებს მოსარჩელისათვის არ მიუყენებიათ, შესაბამისად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 3010,24 ლარის გადახდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

განმცხადებლის მოთხოვნა:

8. 2017 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელემ მიმართა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღის დადება 20969 ლარის ფარგლებში მოპასუხე საზოგადოებაში საბანკო ანგარიშებზე, ასევე, მოპასუხე ფიზიკური პირის სახელზე რეგისტრირებულ კონკრეტულ უძრავ ქონებაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე საზოგადოების საბანკო ანგარიშებს 20969 ლარის ოდენობით და მოპასუხე ფიზიკური პირის სახელზე რეგისტრირებულ 143 კვ.მ, 3770 კვ.მ და 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელით დავის საგანს წარმოადგენდა ზიანის – 14148 ლარისა და საპროცესო ხარჯის, სულ – 20969 ლარის ანაზღაურება. ამასთან, 2016 წლის მდგომარეობით მოპასუხე შპს-ს საკუთრებაში აღარ გააჩნდა რეგისტრირებული უძრავი ქონება, ხოლო მოპასუხე ფიზიკური პირის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ღირებულება მთლიანობაში შეადგენს 6620 ლარს. ვინაიდან არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეთათვის თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, იკვეთებოდა დაუკმაყოფილებელ ნაწილში სარჩელის პერსპექტიულობა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, 411-ე მუხლი) და თუკი მოპასუხე შპს საკუთარი შეხედულებით განკარგავდა მის ანგარიშზე არსებულ თანხას, ხოლო მოპასუხე ფიზიკური – უძრავ ქონებას, აღნიშნულის შედეგად საფრთხე შეექმნებოდა სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. ასეთ ვითარებაში, დასაბუთებული იყო მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თობაზე.

საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო პალატის განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.

12. მოპასუხეთა განმარტებით, სასამართლო დაეყრდნო განცხადების ავტორის სიტყვიერ მითითებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე ფიზიკური პირი აპირებდა დარჩენილი უძრავი ქონების გასხვისებას, რაც არ იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს იმის თაობაზე, რომ შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება ან გაძნელდება.

13. მხარეთა მოსაზრებით, მხოლოდ ორი უძრავი ნივთის – 143 კვ.მ და 3770 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ღირებულება შეადგენს 23 478 ლარს, რაც დაუსაბუთებელს ხდის განჩინებას, ამ ნაკვეთების გარდა, დამატებით მოპასუხე შპს-ს საბანკო ანგარიშებსა და 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადების ნაწილში. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნის განხორციელებისათვის სრულიად საკმარისია ყადაღის დადება 143 კვ.მ და 3770 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით საჩივარი მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 1971 მუხლის მეორე ნაწილზე და განმარტა, რომ, სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია, გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე. საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა გამართლებულია და გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების, თუ შეუძლებლობის საფრთხე არ დასტურდება. აღნიშნულის გადაწყვეტის წინაპირობა უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და სარჩელის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლივად განხილვა-გადაწყვეტაა.

16. სსსკ-ის 1911 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ, რომ საჩივრის დაკმაყოფილებისათვის უნდა დადასტურდეს, რომ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქონების ღირებულება სარჩელის ფასს არსებითად აღმატება. ამ ფაქტის დასადასტურებლად მომჩივანმა სასამართლოს წარუდგინა 2018 წლის 22 იანვრის აუდიტის დაკვნა, სადაც დაფიქსირებულია, რომ 3770 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის 1 კვ.მ-ის ღირებულებად შეიძლება მიღებულ იქნას 6 ლარი, შესაბამისად, 3770 კვ.მ-ს ღირებულება იქნება 22620 ლარი.

17. დასკვნაში მითითებულია, რომ იგი მომზადებულია თავად დამკვეთის მიერ წარდგენილი მასალებით, რომლის სისწორეზე და უტყუარობაზე პასუხისმგებელია მხოლოდ დამკვეთი.

18. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აუდიტორულ დასკვნაში დაფიქსირებული შეფასება, რადგან იგი ეფუძნება დამკვეთის და არა თავად აუდიტის მიერ მოძიებული მასალების შესწავლა-შეფასებას, არამედ დამკვეთის მიერ წარდგენილი მასალებით, რომლის სისწორესა და უტყუარობის პასუხისმგებლობაზე აუდიტორმა უარი განაცხადა.

19. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა ვერ ჩაითვლება სათანადო დასაბუთების მქონე მტკიცებულებად, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმებას.

20. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ 3.1. და 3.2. მუხლის მიხედვით, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს, სადაც ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს.

21. ვინაიდან უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფასია 20969 ლარი, თუკი გაზიარებული იქნება აუდიტის დასკვნის შეფასება, ასეთ შემთხვევაშიც დასკვნაში შეფასებული უზრუნველყოფის საგანი პირველ აუქციონზე გასაყიდად უნდა გავიდეს 22620-ის 75%-ად, ეს კი 16965 ლარია, რაც დავალიანებაზე ნაკლებია.

22. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თუკი გაუქმდება უკვე გამოყენებულ ქონების ნაწილზე და ანგარიშებზე სარჩელის უზრუნველსაყოფის ღონისძიება, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაყადაღებული ქონებიდან სრულად ვერ მოხდება 20969 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორის მითითება გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობის თაობაზე არასწორია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

24. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

25. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონიერება.

26. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

27. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

28. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

29. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

30. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.

31. განსახილველ შემთხვევაში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 3010,24 ლარის გადახდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

32. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე საზოგადოების საბანკო ანგარიშებს 20969 ლარის ოდენობით და მოპასუხე ფიზიკური პირის სახელზე რეგისტრირებულ 143 კვ.მ, 3770 კვ.მ და 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს.

33. მოპასუხეებმა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრეს იმ საფუძვლით, რომ დაყადაღებული უძრავი ქონებიდან 143 კვ.მ და 3770 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ღირებულება 23 478 ლარა, შესაბამისად, დამატებით მოპასუხე შპს-ს საბანკო ანგარიშებსა და 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადების საჭიროება არ არსებობდა. თავისი პოზიციის დასადასტურებლად

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

35. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ ზეპირი განმარტება ამა თუ იმ პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

36. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

37. სადავო ქონების სრულად დაყადაღების წინააღმდეგ საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად საჩივრის ავტორებმა წარადგინეს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნები.

38. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნების შინაარსი არ წარმოადგენს სადავო ქონების ღირებულების შეფასების სარწმუნო მტკიცებულებას, რადგან თავად აღნიშნული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ისინი მომზადებულია თავად დამკვეთის მიერ წარდგენილი მასალებით, რომლის სისწორეზე და უტყუარობაზე პასუხისმგებელია მხოლოდ დამკვეთი. შესაბამისად, მოცემული მონაცემები ობიექტურ მაჩვენებლებად ვერ შეფასდება.

39. ასეც რომ არ იყოს, საფუძვლიანია სააპელაციო პალატის მითითება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაზე იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ, რომლის 3.1. და 3.2. მუხლების მიხედვით, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს, სადაც ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს.

40. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფასია 20969 ლარი, ამდენად, დასკვნაში შეფასებული უზრუნველყოფის საგნის პირველ აუქციონზე გასაყიდი ფასი იქნება 22620-ის 75% – 16965 ლარად, რაც არსებულ დავალიანებაზე ნაკლებია.

41. შესაბამისად, საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა სრული მოცულობით უზრუნველყოფილი აღარ იქნება, რამაც შესაძლოა, სამომავლოდ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი შეუშალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ლ.-ასა“ და დ. გ.-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრისა და 21 თებერვლის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე