საქმე №ას-12-12-2018 16 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ- ჯ-ე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ქალაქ სამტრედიის №4 საჯარო სკოლა (მოპასუხე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე დირექტორის ბრძანებების, დისციპლინური კომიტეტის და სამეურვეო საბჭოს სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ-- ჯ--ე (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე ან კასატორი) დასაქმებული იყო სსიპ ქ. სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში (შემდეგში: დამსაქმებელი ან საჯარო სკოლა ან მოპასუხე) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად განუსაზღვრელი ვადით და მისი შრომის ანაზღაურება გათავისუფლების მომენტისათვის შეადგენდა 817.99 ლარს (ხელზე ასაღები).
2. სსიპ ქალაქ სამტრედიის №4 საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 13 მარტის N1/კ-29 ბრძანებით, დასაქმებულს სკოლის შინაგანაწესის დარღვევისათვის, კერძოდ, მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევებისთვის, დაეკისრა დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება.
3. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა საჯარო სკოლის მიმართ და მოითხოვა: საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2016 წლის 28 დეკემბრის N2 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოსარჩელის ნაწილში; საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 17 იანვრის N5 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 18 იანვრის N6 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 07 მარტის N9 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 03 იანვრის N1/კ-2 ბრძანების ბათილად ცნობა; საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 24 იანვრის N1/კ-15 ბრძანების ბათილად ცნობა; საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 24 იანვრის N1/კ-16 ბრძანების ბათილად ცნობა. საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 13 მარტის N1/კ-29 ბრძანების ბათილად ცნობა. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2017 წლის 16 თებერვალს N22 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2017 წლის 27 თებრვლის N23 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელის აღდგენა საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობაზე; საჯარო სკოლისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2017 წლის 13 მარტიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, ყოველ თვეზე 817.99 ლარის გათვალისწინებით.
4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2016 წლის 28 დეკემბრის N2 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 17 იანვრის N5 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 18 იანვრის N6 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 07 მარტის N9 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 03 იანვრის N1/კ-2 ბრძანება. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 24 იანვრის N1/კ-15 ბრძანება. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 24 იანვრის N1/კ-16 ბრძანება. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 13 მარტის N1/ კ-29 ბრძანება. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2017 წლის თებერვალს N22 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2017 წლის 27 თებერვლის N23 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება. მოსარჩელე აღდგენილ იქნა საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობაზე. საჯარო სკოლას მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2017 წლის 13 მარტიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სარგოს (საშემოსავლო გადახდების გარეშე) ყოველ თვეზე 817.99 ლარის ოდენობით.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6. 2016 წლის 28 დეკემბერს ჩატარდა საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის N2 სხდომა. დღის წესრიგის მე-2 საკითხად განხილული იქნა, ამავე სკოლის მასწავლებლის, დასაქმებულის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საკითხი. 2016 წლის 22 სექტემბერს დასაქმებულის მხრიდან ნ-- კ---ს (შემდეგში: დირექტორი) და ი- ზ--ის (შემდეგში: დირექტორის მოადგილე) სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, კერძოდ, უწოდა მათ „დემაგოგები“. დისციპლინურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის - საყვედურის დაკისრების შესახებ. სკოლის დირექტორის 2017 წლის 03 იანვრის N1/კ-2 ბრძანებით, დასაქმებულს, სკოლის შინაგანაწესის დარღვევისათვის, კერძოდ, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის, გამოეცხადა საყვედური.
7. 2017 წლის 17 იანვარს ჩატარდა საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის N5 სხდომა. დღის წესრიგით განხილული იქნა ამავე სკოლის მასწავლებლის, დასაქმებულის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საკითხი. კომიტეტის სხდომაზე დადგინდა, 2016 წლის 14 დეკემბერს, დასაქმებულის მხრიდან პედაგოგ ი- ბ-ს (შემდეგში: სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი) სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, კერძოდ, მას უწოდა „უვიცი“ და რომ „მას არაფერი ეკითხება“. დისციპლინურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის, სასტიკი საყვედურის დაკისრების შესახებ. სკოლის დირექტორის 2017 წლის 24 იანვრის N1/კ-15 ბრძანებით, დასაქმებულს, სკოლის შინაგანაწესის დარღვევისათვის, კერძოდ, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის, დაეკისრა დისციპლინური სახდელი - სასტიკი საყვედური.
8. 2017 წლის 18 იანვარს ჩატარდა საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის N6 სხდომა. დღის წესრიგით განხილული იქნა, ამავე სკოლის მასწავლებლის, დასაქმებულის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საკითხი. კომიტეტის სხდომაზე დადგინდა, რომ დასაქმებულმა, 2016 წლის 13 დეკემბერს, ამავე სკოლის მე-9 კლასში გაკვეთილის მიმდინარეობისას გამოიყენა 2016 წლის 22 სექტემბერს შედგენილი აქტი, რომელიც ასახავდა მის მიერ, სკოლის დირექტორისა და მისი მოადგილისათვის სკოლის სამასწავლებლოში სიტვიერი შეურაცხყოფის ფაქტს. აქტზე ერთ-ერთ ხელისმომწერი პირი იყო მასწავლებელი ნ--- ნ-–ვილი (შემდეგში: სკოლის მეორე პედაგოგი), რომლის შვილი დ-- მ--ე არის ამავე კლასის მოსწავლე, რომლის თანდასწრებითაც დასაქმებულმა (მოსარჩელემ) სკოლის მეორე პედაგოგი დაახასიათა უარყოფითად, უწოდა პასკვილზე ხელის მომწერი და რომ, ის მან ჩამოიყვანა სოფლიდან სამუშაოდ. სკოლის დირექტორის 2017 წლის 24 იანვრის N1/კ-16 ბრძანებით, მოსარჩელეს, სკოლის შინაგანაწესის დარღვევისათვის, კერძოდ, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის, დაეკისრა დისციპლინური სახდელი - ერთი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება.
9. 2017 წლის 16 თებერვალს, საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს N22 სხდომაზე განხილული იქნა დასაქმებულის საჩივარი, მისთვის დისციპლინური სახდელის-საყვედურის დაკისრების შესახებ, ამავე სკოლის დირექტორის, 2017 წლის 03 იანვრის N1/კ-2 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დასაქმებულის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
10. 2017 წლის 27 თებერვალს, საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს N23 სხდომაზე განხილული იქნა დასაქმებულის საჩივარი, მისთვის, დისციპლინური სახდელის-სასტიკი საყვედურის დაკისრების შესახებ, ამავე სკოლის დირექტორის, 2017 წლის 24 იანვრის N1/კ-15 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დასაქმებულის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
11. 2017 წლის 07 მარტს ჩატარდა საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის N9 სხდომა. დღის წესრიგით განხილული იქნა, ამავე სკოლის მასწავლებლის, დასაქმებულის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საკითხი. კომიტეტის სხდომაზე დადგინდა 2017 წლის 02 თებერვალს, დასაქმებულის მიერ, ამავე სკოლის მე-9 კლასში, საგაკვეთილო პროცესიდან მოსწავლეების, რ-- ა–ის, გ-- ლ--ს და დ-- მ--ის უმეთვალყურეოდ გაძევების ფაქტი. დისციპლინურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 13 მარტის N1/კ-29 ბრძანებით, დასაქმებულს სკოლის შინაგანაწესის დარღვევისათვის, კერძოდ, მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევებისთვის, დაეკისრა დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება.
12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და სარჩელი უარყოფილი იქნა.
14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ: 1-2, 6-13. იმავდროულად, აღნიშნა, რომ სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სკოლის დირექტორის 2016 წლის 08 სექტემბრის ბრძანებით, გაკვეთილზე დამსწრე მოსწავლეთა არასწორი აღრიცხვის გამო, მოსარჩელეს შეეფარდა დისციპლინური სახდელი-წერილობითი გაფრთხილება.
15. საჯარო სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელზე გაგზავნილ წერილში მოსარჩელემ დააფიქსირა, რომ 2016 წლის 13 დეკემბერს, სკოლის მე-9 კლასში გაკვეთილის ჩატარების დროს, შეუტანეს საფოსტო გზავნილი. იმ დღეს კლასში განიხილავდა 3 თემას: ,,გაბრიელ ეპისკოპოსი, ოთარ ჭილაძის ,,ადამიანი გაზეთის სვეტში” და ავთანდილის ანდერძი. გაკვეთილზე განასხვავეს ბიოგრაფიული და ავტობიოგრაფიული ტექსტები, გამოიყენეს საქმიანი ქაღალდის ნიმუშები. ასევე, განიხილეს პამლეტის და პასკვილის ნიმუშები. ერთ-ერთ რესურსად კი ამავე გაკვეთილის მსვლელობის დროს გამოიყენა მისი მისამართით შედგენილი აქტის ასლი”.
16. სამტრედიის №4 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილში მოსარჩელემ დააფიქსირა შემდეგი: „დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 17 იანვრის №5 სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს მოვიხსენიებ „უტაქტო, ეთიკის არმქონედ და ჯგუფური შეთქმულების მონაწილედ. რა თქმა უნდა ამას არ უარვყოფ, რადგან ჩემს მიერ ზემოთ აღნიშნული ფაქტები ადასტურებს მის უტაქტობასა და არაეთიკურობას. იგი მართლაც ჯგუფური შეთქმულების თანამონაწილეა ჩემს მიმართ”.
17. სამტრედიის №4 საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარის, ერთ-ერთი პედაგოგისადმი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილში მოსარჩელემ დააფიქსირა, რომ სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, გ--- ლ-მ და დ- მ--ემ, გაკვეთილის მსვლელობის დროს, დირექტორის დაკვეთით მოუწყვეს პროვოკაცია, რაზედაც პროვოცირების დამკვეთმა დირექტორმა, რიგით მე-4 დისციპლინური სახდელი დააკისრა. მოსწავლეების გ--- ლ-ს და დ- მ--ის მხრიდან განმეორებით რომ არ მომხდარიყო მორიგი პროვოკაცია, 2017 წლის 3 თებერვალს განცხადებით მიმართა დირექტორს, გადაეყვანა ისინი სხვა განაყოფში.
18. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეს შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა, სამტრედიის რესურსცენტრის თანამშრომლებმა: ნ--- კ--ემ, ა- თ-ემ და გ-- ა--ემ განმარტეს, რომ 2016 წლის 02 თებერვალს, ისინი იმყოფებოდნენ სკოლაში, სადაც შეხვდნენ სკოლის დერეფანში მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მოსარჩელემ საგაკვეთილო პროცესიდან, მეთვალყურეობის გარეშე გააძევა სამი მოსწავლე: მ--ე, ა–ი და ლ- ისე, რომ მანდატურისათვის არ მიუმართავს ამ მოსწავლეთა მხრიდან დისციპლინის დარღვევის ფაქტზე.
19. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელეს შუამდგომლობით, მოწმის სახით დაკითხულმა კ- (მ--) გ-–ვილმა განმარტა, რომ სკოლის დირექტორის მხრიდან მოთხოვნა იმისა, რომ შეეგროვებინა მოსარჩელის წინააღმდეგ მაკომპრომიტირებელი მასალები, არ ყოფილა.
20. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელეს შუამდგომლობით, მოწმის სახით დაკითხულმა რ-- მ---იამ განმარტა, რომ 2016 წლის დეკემბერში, წვიმიან ამინდში, მის შვილს ელოდებოდა სკოლის დერეფანში, რათა წამალი გადაეცა. დირექტორმა განუმარტა, რომ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის შენობაში გაჩერება არ შეიძლებოდა. დირექტორის მოთხოვნაზე დაეტოვებინა შენობა ხმამაღლა მოუწია შელაპარაკება, ვინაიდან იქ ყოფნაზე თანხმობა აღებული ჰქონდა, როგორც მანდატურიდან, ისე მორიგე მოსარჩელისაგან. მოსარჩელემ სთხოვა დირექტორს დაეშვა გამონაკლისი, რაც კამათში გადაიზარდა. ეს ხდებოდა გაკვეთილის მიმდინარეობისას. ხმაურზე გამოვიდა ი-ბ--. მოსარჩელე ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის შუამდგომლობით, მოწმის სახით დაკითხულმა დ-- კ--ემ განმარტა, რომ არის სკოლის მანდატური. დეკემბრის თვეში, დირექტორის მხრიდან ერთ-ერთ მშობელზე სკოლის შენობის დატოვების მოთხოვნას მოჰყვა შელაპარაკება, რა დროსაც, მოსარჩელემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფ პედაგოგს, ი- ბ-ს.
21. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოპასუხის შუამდგომლობით, მოწმის სახით დაკითხულმა ე--- ფ---მა განმარტა, რომ არის მოსწავლის, გ- ლ-ს მშობელი. მიუხედავად იმისა, რომ მის შვილს მაღალი ნიშნები აქვს, მოსარჩელე დაცინვის მიზნით, გონებრივად ჩამორჩენილს ეძახდა. ეს მოსაზრება თავის განმარტებაშიც დააფიქსირა სადაც დაწერა, რომ გ--- ლ- აკადემიურად ჩამორჩენილია. 2 თებერვალს მოსარჩელემ სკოლაში დაიბარა, როგორც პასკვილებზე ხელისმომწერი მშობელი და დერეფანში ყვირილით მიმართა, რომ სასამართლოში მოუწევდა მისვლა. მას შემდეგ, რაც საგაკვეთილო პროცესი დაიწყო, იგი (ე-- ფ-ი) შევიდა კანცელარიის ოთახში, რათა მასწავლებლები ენახა და მისი შვილის აკადემიური მდგომარეობა ეკითხა. რამდენიმე წუთში, კანცელარიაში შევიდნენ ბავშვები, მათ შორის მისი შვილიც და აცნობეს, რომ მოსარჩელემ ისინი გაკვეთილიდან გააძევა. ბავშვები ტიროდნენ, ხოლო ერთ მოსწავლეს გაბრაზებისგან კედელზე ხელის მირტყმის გამო, ხელი ჰქონდა დაზიანებული.
22. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოპასუხის შუამდგომლობით, მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- კ--ემ განმარტა, რომ არის წარმატებული მოსწავლე და იმავდროულად სკოლის სადისციპლინო საბჭოს წევრი. თავდაპირველად, მოსარჩელეს მასთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ხოლო საბჭოს სხდომებზე პოზიციის დაფიქსირების გამო, კარგ მოსწავლედ აღარ მოიხსენიებდა. გარდა ამისა, კლასის თანდასწრებით ლანძღავდა სხვა მასწავლებლებს.
23. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოპასუხის შუამდგომლობით, მოწმის სახით დაკითხულმა გ-- შ--მ განმარტა, რომ ამჟამად არის მე-10 კლასის მოსწავლე. სასწავლო წლის დასაწყისში, მოსარჩელესა და მოსწავლეებს შორის იყო კარგი დამოკიდებულება, შემდეგ კი, მოსარჩელე კლასის თანდასწრებით ლანძღავდა დირექციას, პედაგოგებს, რისთვისაც საგაკვეთილო პროცესი იხარჯებოდა. ასევე, მათი თანაკლასელის, ნ--- კ--ის მიმართ ამბობდა, რომ მას ხელს აწერინებდნენ და ამხედრებდნენ მოსარჩელის წინააღმდეგ. ერთხელ ნ--- კ-ემ იტირა, რაზედაც აცნობა მანდატურებს.
24. გარდა ამისა, მოსარჩელის მხრიდან ხორციელდებოდა „ბულინგი”, მოსწავლეებს პასკვილებზე ხელისმომწერებს, მსტოვრებს, ენის მიმტანებს ეძახდა. პირადად მას (გ--შ-) მსტოვარს ეძახდა, ხოლო ა-შ-ს, რომელმაც წერილობით დააფიქსირა მოსარჩელის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი- მეპასკვილეს უწოდებდა.
25. სააპელაციო სასამართლომ დავის მოწესრიგების მიზნით იხელმძღვანელა შემდეგი სამართლებრივი აქტებით:
26. საჯარო სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა”, „გ”, „ე”, „პ” ქვეპუნქტების თანახმად, სკოლის თანამშრომლის დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა, სკოლის შინაგანაწესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება (ა ქვეპუნქტი); დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, ზნეობრივ ეთიკური ნორმების დარღვევა (გ ქვეპუნქტი); მასწავლებლის მიერ, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა (ე ქვეპუნქტი); მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, დისციპლინური გადაცდომებისათვის გათვალისწინებულია შემდეგი დისციპლინური სახდელები: წერილობითი გაფრთხილება, საყვედური, სასტიკი საყვედური, ერთ დღემდე სამუშაო დღის ხელფასის დაკავება, სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთან, ყოველი მომდევნო სახდელი გამოიყენება, როცა დასაქმებულის მიმართ, უკვე გამოყენებულია პასუხისმგებლობის წინა ზომა. მე-7 პუნქტის თანახმად, პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოუყენებლობის მიუხედავად, სასტიკი საყვედურის გამოყენების ერთ-ერთ შემთხვევად გათვალისწინებულია მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობელის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა.
27. მე-9 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება.
28. ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს ადმინისტრაციული ავტონომია, რასაც ახორცილებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის ერთ-ერთ სუბიექტს წარმოადგენს სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო-სამეურვეო საბჭო. სწორედ სამეურვეო საბჭოა უფლებამოსილი წარმართოს სკოლის საქმიანობა ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნას მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის და შექმნას საჭირო პირობები მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის.
29. ამ მიზნების განსახორციელებლად საჯარო სკოლის დირექცია და სამეურვეო საბჭო ქმნის სკოლის შინაგანაწესს, რომლის უპირობო შესრულება სავალდებულოა როგორც მოსწავლეებისათვის ისე, საჯარო სკოლაში მომუშავე პირებისათვის, მითუმეტეს, პედაგოგებისათვის, რომლებიც უშუალო მონაწილეობას ღებულობენ მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
30. მითითებული კანონის 21.11 მუხლის მეშვიდე პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, მასწავლებელი ვალდებულია შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.
31. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს სკოლის თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას. უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება, ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას ან არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში.
32. ამავე კანონის 38.1.”ლ” პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის საკითხებს განიხილავს, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით არჩეული დისციპლინური კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიან თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე.
33. გარდა ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა, სასწავლო დაწესებულებებში ასევე მოქმედებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი’’, რომელიც ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მასწავლებლებზე, რომლებიც ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამავე ბრძანების მე-6 მუხლის თანახმად, მასწავლებელი თანაბარი პატივისცემით ეპყრობა სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა.
34. მოცემული დავის განხილვისას, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების, ასევე საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულებების, თავად მოსარჩელის წერილებითა და ახსნა განმარტებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ, სკოლის შინაგანაწესისა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის წესების დარღვევის ფაქტები.
35. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ მოსარჩელის მოქმედებები დირექტორის ნ- კ-ს, მისი მოადგილის ი- ზ---ის, პედაგოგის, ი- ბ-სა და ნ. ნ-ვილის მიმართ წარმოადგენდა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის ფარგლებში გამოთქმულ მოსაზრებებს.სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლებაზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული და აუცილებელია სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-10 მუხლში, დასაშვებ შეზღუდვათა ჩამონათვალი უფრო ვრცელი, მაგრამ გაცილებით კონკრეტულია, რომლის მიხედვით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს იმ პირობებს, შეზღუდვებს ან სასჯელს, რომლებიც განსაზღვრულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთი შეზღუდვები შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ სხვადასხვა ლეგიტიმური მიზნები აქვთ მათ შორის არის სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვა. ვინაიდან, ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით, სკოლის შინაგანაწესითა და ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილია მასწავლებლის მიერ სხვა მასწავლებლის, მოსწავლის მიმართ ისეთი სახის შეფასებისა და აზრის გამოხატვა, რაც შეურაცხყოფს მათ პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას, მოსარჩელის მიერ საჯაროდ, სკოლის შენობაში მასწავლებლების, მოსწავლეების, ასევე მშობლის წინაშე სხვა მასწავლებელთა მიმართ გამონათქვამები ”დემაგოგი”, ”უვიცი” შეთქმულების მონაწილე, პასკვილებზე ხელისმომწერი, არ შეიძლება ჩაითვალოს მისი მხრიდან მართლზომიერ ქმედებად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, სკოლის დირექტორი ახორციელებს მართვას და პასუხისმგებელია სკოლაში მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეებს შორის მშვიდი და ჰარმონიული ურთიერთობისა და სრულყოფილი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფაზე. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელია მასწავლებლის მხრიდან მუდმივი წინააღმდეგობისა და კონფლიქტის ინიცირების პირობებში, რომლის არსებობა დადასტურებულია საქმის მასალებით. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელის მოქმედებები, საკმარის პირობას წარმოადგენდა, როგორც დისციპლინური კომიტეტისათვის, ისე დირექტორისათვის, გამოეყენებიათ დისციპლინური სახდელები, მათ შორის, „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამუშაოდან გათავისუფლება, რაც გამორიცხავს სადავო გადაწყვეტილებებისა და ბრძანებების ბათილად ცნობას და აღნიშნული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
36. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნები: სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება პირდაპირ კავშირშია სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული სადავო გადაწყვეტილებების, ბრძანებების კანონიერებასთან, რომელთა გაუქმების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მითითებული მოთხოვნები დაუსაბუთებელი იყო.
37. იმის გათვალისწინებით, რომ სკოლის დისციპლინური კომიტეტისა და დირექტორის გადაწყვეტილებები შესაბამისობაში იყო მოქმედ კანონმდებლობასთან, სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებები, რომლითაც გაზიარებული არ იქნა მოსარჩელის პრეტენზია (საჩივრები) მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელების გაუქმების მოთხოვნით, დასაბუთებული იყო და არ არსებობდა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მითითებული მოთხოვნები დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.
38. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
39. საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სათანადოთ არ იმსჯელა საქმის მნიშვნელოვან გარემოებებზე და ყურადღება არ გაამახვილა იმ საკითხებზე, რაც აუცილებელი იყო საკითხს სამართლიანად გადასაწყვეტად. კასატორმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტაციის სასამართლომ დეტალურად განიხილა ყველა სავარაუდო გადაცდომა და გააკეთა აბსოლუტურად სწორი შეფასებები, რის შედეგადაც, მოსარჩელეს მიეცა საშუალება დაბრუნებოდა თავის პროფესიას/საქმიანობას. კასატორი აქვე უთითებს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის დამაჯერებელი დასაბუთება სასარჩელო მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის თაობაზე, რის გამოც მისი დასაბუთება არის არასრული და შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
40. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების 4.22 პუნქტში მოყვანილ მსჯელობას, რომლის მიხედვითაც გაზიარებული არ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეხედულება, რომ მოსარჩელის მოქმედებები დირექტორის და მისი მოადგილის, პედაგოგების ი--- ბ-----სა და ნ--- ნ–ვილის მიმართ წარმოადგენდა ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში გამოთქმულ მოსაზრებებს. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-19 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს აზრისა და მისი თავისუფლად გამოხატვის თავისუფლება. ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი უზრნველყოფს სიტყვის, აზრის სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას თითოეული ადამიანისთვის. კასატორი განმარტავს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება ცილისწამებას (,,ა“ ქვეპუნქტი), პირისპირ შეურაცხყოფას (,,გ“ ქვეპუნქტი) და სხვა. იმავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებულად ან უარყოფად ფაქტს. იმავე მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, აბსოლუტური პრივილეგია ნიშნავს, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო განთავისუფლებას.
41. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სათანადო ყურადღება არ გაამახვილა იმ საკითხზე, რომელიც ეხება 3 მოსწავლის თითქოსდა კლასიდან გაძევების ფაქტს. პალატამ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ დისციპლინურმა კომიტეტმა მიზანმიმართულად არ გამოკითხა მოსწავლე რ- ა–ი, მაშინ როცა, მოსაჩელე დისციპლინური კომიტეტისადმი 2017 წლის 27 თებერვალს წარდგენილ ახსნა-განმარტებაში სპეციალურად მიუთითებს რ-- ა-–ის მხრიდან სადავო ფაქტის (გაძევების) უარყოფის შესახებ. კასატორი თვლის, რომ ვინაიდამ მისი სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი გახდა სავარაუდო გადაცდომათა ერთობლიობა და არა ცალკეული გადაცდომა, სააპელაციო სასამართლოს მეტი გულისხმიერებით უნდა გამოეკვლია თითეული მათგანი და ისე მიეღო გადაწყვეტილება, რადგან სავარაუდო გადაცდომებიდან ერთ-ერთის არდადგენილად მიჩნევაც კი, იმის წინაპირობა გახდებოდა, რომ მისი განთავისუფლების უკანონო ბრძანება ჩათვლილიყო ბათილად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
42. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
43. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. ამ თვალსაზრისით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ კასატორის მოთხოვნა (იხ., საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - ტ. 4. ს.ფ. 323) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაში, სახელდობრ, მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელების გაუქმებაში, სამსახურიდან დასაქმებულის გათავისუფლების უკანონოდ აღიარებაში, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაში მდგომარეობს (იხ., ამ განჩინების პ- 3).
45. დადგენილია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელებულია საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 13 მარტის N1/კ-29 ბრძანებით, რომლითაც დასაქმებულს სკოლის შინაგანაწესის დარღვევისათვის, კერძოდ, დადგენილი პროცედურების დაუცველად მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევებისთვის, დაეკისრა დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება (ამ განჩინების პ-2).
46. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (შდრ: სუსგ №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ №ას-602-577-2016, 02 სექტემბერი, 2016 წელი).
47. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დასახელებული ზომის განსაზღვრით (სამსახურიდან გათავისუფლება), რომელიც წარმოადგენს დასაქმებულის პასუხისმგებლობის უკიდურეს ფორმას, გამოყენებულ იქნა როგორც დარღვევის თანაზომიერი და ადეკვატური ზომა. ამ დასკვნის საფუძველს საკასაციო პალატას აძლევს საქმეზე თანმიმდევრულად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემას წინ უსწრებდა დასაქმებულის მიმართ უკვე გამოყენებული საჯარო სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა დისციპლინური სახდელები, სახელდობრ, დადგენილია, რომ:
48. სკოლის დირექტორის 2017 წლის 03 იანვრის N1/კ-2 ბრძანებით, დასაქმებულს, სკოლის შინაგანაწესის დარღვევისათვის, კერძოდ, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის, გამოეცხადა საყვედური.
49. სკოლის დირექტორის 2017 წლის 24 იანვრის N1/კ-15 ბრძანებით, დასაქმებულს, სკოლის შინაგანაწესის დარღვევისათვის, კერძოდ, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის, დაეკისრა დისციპლინური სახდელი - სასტიკი საყვედური.
50. სკოლის დირექტორის 2017 წლის 24 იანვრის N1/კ-16 ბრძანებით, მოსარჩელეს, სკოლის შინაგანაწესის დარღვევისათვის, კერძოდ, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის, დაეკისრა დისციპლინური სახდელი - ერთი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება.
51. კასატორი სადავოდ ხდის მათი გამოცემის მიზანშეწონილობას და აღნიშნავს, რომ ვინაიდან მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა სავარაუდო გადაცდომათა ერთობლიობა და არა ცალკეული გადაცდომა, სააპელაციო სასამართლოს მეტი გულისხმიერებით უნდა გამოეკვლია თითეული მათგანი და ისე მიეღო გადაწყვეტილება, რადგან სავარაუდო გადაცდომებიდან ერთ-ერთის უსაფუძვლობა საფუძვლად დაედებოდა სამსახურიდან მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას (ამ განჩინების პ -42).
52. ამდენად, პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად დაკისრებული პასუხისმგებლობის მიზანშეწონილობა.
53. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს განსახილველ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც წინ უსწრებდა დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით სამსახურიდან გათავისუფლებას.
54. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სკოლის დირექტორის 2017 წლის 03 იანვრის N1/კ-2 ბრძანებას, რომლითაც დასაქმებულს, სკოლის შინაგანაწესის დარღვევისათვის, გამოეცხადა საყვედური, წინ უძღოდა იმავე წლის 28 დეკემბრის სკოლის დისციპლინური კომიტეტის N2 სხდომა, სადაც დღის წესრიგის მიხედვით განხილული იქნა, 2016 წლის 22 სექტემბერს მოსარჩელის მიერ დირექტორისა და დირექტორის მოადგილის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, რაც გამოიხატა სიტყვის: „დემაგოგები“ მიმართვაში (ამ განჩინების პ - 6).
55. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია, რომ დირექტორის 2017 წლის 24 იანვრის N1/კ-15 ბრძანების გამოცემას, რომლითაც დასაქმებულს, სკოლის შინაგანაწესის დარღვევისათვის, კერძოდ, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის, დაეკისრა დისციპლინური სახდელი - სასტიკი საყვედური, წინ უძღოდა საჯარო სკოლის 2017 წლის 17 იანვრის დისციპლინური კომიტეტის N5 სხდომა, რომელზედაც დადგინდა, 2016 წლის 14 დეკემბერს, დასაქმებულის მხრიდან სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, კერძოდ, მას უწოდა „უვიცი“ და რომ „მას არაფერი ეკითხება“.
56. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ორივე ბრძანება მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სკოლის ფარგლებში და ორივე საჩივარი უარყოფილი იქნა (ამ განჩინების პპ- 9, 10).
სკოლის დირექტორის 2017 წლის 24 იანვრის N1/კ-16 ბრძანებას კი, რომლითაც მოსარჩელეს სკოლის შინაგანაწესის დარღვევისათვის, კერძოდ, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის, დაეკისრა დისციპლინური სახდელი - ერთი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება, წინ უძღოდა 2017 წლის 18 იანვარს ჩატარებულ სკოლის დისციპლინური კომიტეტის N6 სხდომაზე განხილული საკითხი 2016 წლის 13 დეკემბერს, ამავე სკოლის მე-9 კლასში გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსარჩელის მიერ 2016 წლის 22 სექტემბერს შედგენილი აქტის გამოყენების შესახებ, რომელი აქტიც ასახავდა მოსარჩელის მიერ სკოლის დირექტორისა და მისი მოადგილისათვის სკოლის სამასწავლებლოში სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს. აქტზე ერთ-ერთ ხელისმომწერი პირი იყო სკოლის მეორე პედაგოგი, რომლის შვილი დ-- მ-ე არის ამავე კლასის მოსწავლე, რომლის თანდასწრებითაც მოსარჩელემ სკოლის მეორე პედაგოგი დაახასიათა უარყოფითად, უწოდა პასკვილზე ხელის მომწერი და რომ, ის მან ჩამოიყვანა სოფლიდან სამუშაოდ.
მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ ბრძანებათა მართლზომიერების შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საჯარო სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა”, „გ”, „ე”, „პ” ქვეპუნქტების შინაარს, რომლის მიხედვით, სკოლის თანამშრომლის დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: სამსახურებრივ მოვალეობათა, სკოლის შინაგანაწესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება (ა ქვეპუნქტი); დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, ზნეობრივ ეთიკური ნორმების დარღვევა (გ ქვეპუნქტი); მასწავლებლის მიერ, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა („ე“ ქვეპუნქტი); მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა.
57. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, დისციპლინური გადაცდომებისათვის გათვალისწინებულია შემდეგი დისციპლინური სახდელები:
58. წერილობითი გაფრთხილება, საყვედური, სასტიკი საყვედური, ერთ დღემდე სამუშაო დღის ხელფასის დაკავება, სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთან, ყოველი მომდევნო სახდელი გამოიყენება, როცა დასაქმებულის მიმართ, უკვე გამოყენებულია პასუხისმგებლობის წინა ზომა. მე-7 პუნქტის თანახმად, პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოუყენებლობის მიუხედავად, სასტიკი საყვედურის გამოყენების ერთ-ერთ შემთხვევად გათვალისწინებულია მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობელის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა. მე-9 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება.
59. ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს ადმინისტრაციული ავტონომია, რასაც ახორცილებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის ერთ-ერთ სუბიექტს წარმოადგენს სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო-სამეურვეო საბჭო. სწორედ სამეურვეო საბჭოა უფლებამოსილი წარმართოს სკოლის საქმიანობა ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნას მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის და შექმნას საჭირო პირობები მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის. ამ მიზნების განსახორციელებლად საჯარო სკოლის დირექცია და სამეურვეო საბჭო ქმნის სკოლის შინაგანაწესს, რომლის უპირობო შესრულება სავალდებულოა როგორც მოსწავლეებისათვის, ისე საჯარო სკოლაში მომუშავე პირებისათვის და პედაგოგებისათვის, რომლებიც უშუალო მონაწილეობას ღებულობენ მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
60. მითითებული კანონის 21.11 მუხლის მეშვიდე პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, მასწავლებელი ვალდებულია შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.
61. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს სკოლის თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას. უფლებამოსილია, ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას ან არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში.
62. ამავე კანონის 38.1.”ლ” პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის საკითხებს განიხილავს სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით არჩეული დისციპლინური კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიან თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე.
63. განსახილველ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა დასაბუთებულს ხდის მოსარჩელის მიმართ გამოყნებული დისციპლინური ღონისძიებების მართებულობას, რაც საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის სადავო ბრძანებათა ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის უარყოფას, სწორად დაედო საფუძვლად (იხ., სარჩელის მოთხოვნა - ამ განჩინების პ -3).
64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ დაცული იყო შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული პროცედურული საკითხები, სახელდობრ, როგორც აღნიშნა, საჯარო სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით დისციპლინური გადაცდომებისათვის გათვალისწინებულია შემდეგი დისციპლინური სახდელები: წერილობითი გაფრთხილება, საყვედური, სასტიკი საყვედური, ერთ დღემდე სამუშაო დღის ხელფასის დაკავება, სამსახურიდან გათავისუფლება.
65. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი განხილული იქნა 2017 წლის 07 მარტის საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის N9 სხდომაზე, რომელზედაც დადგინდა, 2017 წლის 02 თებერვალს, დასაქმებულის მიერ, ამავე სკოლის მე-9 კლასში, საგაკვეთილო პროცესიდან მოსწავლეების უმეთვალყურეოდ გაძევების ფაქტი. დისციპლინურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის სამუშაოდან გათავისუფლების გამოყენების შესახებ. საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 13 მარტის N1/კ-29 ბრძანებით, დასაქმებულს სკოლის შინაგანაწესის დარღვევისათვის, დაეკისრა დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება.
66. იმავდროულად, გასათვალისწინებელია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხული პირების სამტრედიის რესურსცენტრის თანამშრომლების: ნ--- კ--ის, ა-–თ---ის და გ-- ა--ის განმარტება, რომ 2017 წლის 02 თებერვალს, ისინი იმყოფებოდნენ სკოლაში, სადაც შეხვდნენ სკოლის დერეფანში მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მოსარჩელემ საგაკვეთილო პროცესიდან, მეთვალყურეობის გარეშე გააძევა სამი მოსწავლე: მ------ე, ა--–ი და ლ-- ისე, რომ მანდატურისათვის არ მიუმართავს ამ მოსწავლეთა მხრიდან დისციპლინის დარღვევის ფაქტზე.
67. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელეს შუამდგომლობით, მოწმის სახით დაკითხულმა კ- (მ---) გ-–ვილმა განმარტა, რომ სკოლის დირექტორის მხრიდან მოთხოვნა იმისა, რომ შეეგროვებინა მოსარჩელის წინააღმდეგ მაკომპრომიტირებელი მასალები, არ ყოფილა.
68. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელეს შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა რ- მ--იამ განმარტა, რომ 2016 წლის დეკემბერში, წვიმიან ამინდში, მის შვილს ელოდებოდა სკოლის დერეფანში, რათა წამალი გადაეცა. დირექტორმა განუმარტა, რომ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის შენობაში გაჩერება არ შეიძლებოდა. დირექტორის მოთხოვნაზე დაეტოვებინა შენობა ხმამაღლა მოუწია შელაპარაკება, ვინაიდან იქ ყოფნაზე თანხმობა აღებული ჰქონდა, როგორც მანდატურიდან, ისე მორიგე მოსარჩელისაგან. მოსარჩელემ სთხოვა დირექტორს დაეშვა გამონაკლისი, რაც კამათში გადაიზარდა. ეს ხდებოდა გაკვეთილის მიმდინარეობისას. ხმაურზე გამოვიდა ი----- ბ-----. მოსარჩელე ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის შუამდგომლობით, მოწმის სახით დაკითხულმა დ-- კ-–--ემ განმარტა, რომ არის სკოლის მანდატური. დეკემბრის თვეში, დირექტორის მხრიდან ერთ-ერთ მშობელზე სკოლის შენობის დატოვების მოთხოვნას მოჰყვა შელაპარაკება, რა დროსაც, მოსარჩელემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფ პედაგოგს, ი-- ბ-----ს.
69. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოპასუხის შუამდგომლობით, მოწმის სახით დაკითხულმა ე- ფ-------მა განმარტა, რომ არის მოსწავლის, გ--- ლ-–--ს მშობელი. მიუხედავად იმისა, რომ მის შვილს მაღალი ნიშნები აქვს, მოსარჩელე დაცინვის მიზნით, გონებრივად ჩამორჩენილს ეძახდა. ეს მოსაზრება თავის განმარტებაშიც დააფიქსირა სადაც დაწერა, რომ გ--- ლ- აკადემიურად ჩამორჩენილია. 2017 წლის 2 თებერვალს მოსარჩელემ სკოლაში დაიბარა, როგორც პასკვილებზე ხელისმომწერი მშობელი და დერეფანში ყვირილით მიმართა, რომ სასამართლოში მოუწევდა მისვლა. მას შემდეგ, რაც საგაკვეთილო პროცესი დაიწყო, იგი (ე-ფ-ი) შევიდა კანცელარიის ოთახში, რათა მასწავლებლები ენახა და მისი შვილის აკადემიური მდგომარეობა ეკითხა. რამდენიმე წუთში, კანცელარიაში შევიდნენ ბავშვები, მათ შორის მისი შვილიც და აცნობეს, რომ მოსარჩელემ ისინი გაკვეთილიდან გააძევა. ბავშვები ტიროდნენ, ხოლო ერთ მოსწავლეს გაბრაზებისგან კედელზე ხელის მირტყმის გამო, ხელი ჰქონდა დაზიანებული.
70. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოპასუხის შუამდგომლობით, მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- კ---ემ განმარტა, რომ არის წარმატებული მოსწავლე და იმავდროულად სკოლის სადისციპლინო საბჭოს წევრი. თავდაპირველად, მოსარჩელეს მასთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ხოლო საბჭოს სხდომებზე პოზიციის დაფიქსირების გამო, კარგ მოსწავლედ აღარ მოიხსენიებდა. გარდა ამისა, კლასის თანდასწრებით ლანძღავდა სხვა მასწავლებლებს.
71. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოპასუხის შუამდგომლობით, მოწმის სახით დაკითხულმა გ- შ--მ განმარტა, რომ ამჟამად არის მე-10 კლასის მოსწავლე. სასწავლო წლის დასაწყისში, მოსარჩელესა და მოსწავლეებს შორის იყო კარგი დამოკიდებულება, შემდეგ კი, მოსარჩელე კლასის თანდასწრებით ლანძღავდა დირექციას, პედაგოგებს, რისთვისაც საგაკვეთილო პროცესი იხარჯებოდა. ასევე, მათი თანაკლასელის, ნ--- კ---ის მიმართ ამბობდა, რომ მას ხელს აწერინებდნენ და ამხედრებდნენ მოსარჩელის წინააღმდეგ. ერთხელ ნ--- კ--ემ იტირა, რაზედაც აცნობა მანდატურებს.
72. ამდენად, დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცული იყო სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება.
73. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გარდა, სასწავლო დაწესებულებებში ასევე მოქმედებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი’’, რომელიც ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მასწავლებლებზე, რომლებიც ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამავე ბრძანების მე-6 მუხლის თანახმად, მასწავლებელი თანაბარი პატივისცემით ეპყრობა სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა. მოცემული დავის განხილვისას, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების, ასევე საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულებების, თავად მოსარჩელის წერილებითა და ახსნა-განმარტებების შეფასების საფუძველზე დადასტურებულად იქნა მიჩნეული სკოლის შინაგანაწესისა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის წესების დარღვევის ფაქტები, რაც მართლზომიერს ხდიდა მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, რომელიც საბოლოოდ, გამოვლინდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ზომის შეფარდებაში.
74. კასატორის პრეტენზიაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მხრიდან არ ჰქონია ადგილი სხვა პედაგოგების შეურაცხყოფას, არამედ მან გამოხატა მოსაზრება (აზრი, შეხედულება, თვალსაზრისი), რომელიც დაცულია საერთაშორისო და შიდაეროვნული საკანონმდებლო აქტებით და სარგებლობს დაცვის აბსოლუტური პრივილეგიით, საკასციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავაში განხლვის საგანს (დავის საგანი) წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების მართლზომიერება, ადეკატურობა და თანაბარზომიერება და არა აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლებიდან გამომდინარე დავა. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაბუთების პ- 42-ში მითითებული საკითხები და სააპელაციო პალატის ამ განჩინების პ-36 ში მითითებული მსჯელობა წინამდებარე დავაში რელევანტური არ არის.
75. რაც შეეხება სკოლის მე-9 კლასიდან 3 მოსწავლის გაძევების ფაქტთან მიმართებით კასატორის მითითებას, რომ დისციპლინურმა კომიტეტმა მიზანმიმართულად არ გამოკითხა მოსწავლე რ-- ა–ი, მაშინ როცა, მოსარჩელე დისციპლინური კომიტეტისადმი 2017 წლის 27 თებერვალს წარდგენილ ახსნა-განმარტებაში სპეციალურად მიუთითებს რ--- ა–ის მხრიდან სადავო ფაქტის (გაძევების) უარყოფის შესახებ (ამ განჩინების პ-42), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სკოლის დისციპლინურ კომიტეტზე განხილული იქნა კლასიდან მოსწავლეთა გაძევების ფაქტი, რომლის დროსაც მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ პედაგოგის მიერ არ იქნა დაცული საჯარო სკოლის შინაგანაწესით დადგენილი სათანადო პროცედურები, რაც გულისხმობს მოსწავლეთა უმეთვალყურეოდ დატოვების დაუშვებლობას, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს დისციპლინური სახდელის შეფარდებისთვის და არა იმას, თუ რამდენ მოსწავლეს შეეხებოდა გაძევების საკითხი.
76. ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სკოლის დისციპლინური კომიტეტისა და დირექტორის გადაწყვეტილებები კასატორთან მიმართებით შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებები, რომლითაც გაზიარებული არ იქნა მოსარჩელის პრეტენზია (საჩივრები) მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელების გაუქმების მოთხოვნით, დასაბუთებულია.
77. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
78. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, რადგან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
79. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
80. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ჯ----ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ თ-- ჯ-ეს უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 25 დეკემბერს საგადახადო დავალება N45 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე