Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ას-82-82-2018 09 მარტი, 2018 წელ

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ--- ბ-–ი (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,კ–ია“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2011 წლიდან 07 თებერვლიდან გ- ბ–ი (შემდეგში: დასაქმებული ან კასატორი) მუშაობდა სს „კ-–იაში“ (შემდეგში: დამსაქმებელი ან მოპასუხე ან აპელანტი) აქტებზე დარიცხვის სპეციალისტად და მისი ხელფასი (საშემოსავლოს დარიცხვის ჩათვლით) შეადგენდა 1200 ლარს.

2. დასაქმებული 2014 წლის აგვისტოდან გადაიყვანეს ქსელის ენერგოზედამხედველობის სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. მისი ხელფასი (საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ჩათვლით) შეადგენდა 1400 ლარს.

3. 2015 წლის 03 ივნისიდან დასაქმებულს მოემატა ხელფასი და დარიცხული თანხა განისაზღვრა 1700 ლარით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ჩათვლით.

4. დამსაქმებელმა დასაქმებულს გაუგზავნა 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანება N1612 შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვით ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, დასაქმებულთან 2016 წლის 01 იანვრიდან შეწყვეტილი იყო ხელშეკრულება (შემდეგში - სადავო ბრძანება).

5. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის მიმართ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, ქსელის ენერგოზედამხედველობის სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სახით 2016 წლის 01 თებერვლიდან ყოველთვიურად 1700 ლარის გადახდისა და ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის - 1700 ლარის 0.07%-ის გადახდის მოთხოვნით 2016 წლის 01 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე [საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) მე-6 და 31.3 მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 44-ე, 394 და 411-ე მუხლები}.

6. დამსაქმებელმა სადავო სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითა მასსა და დამსაქმებელს შორის უწყვეტად მოკლე ვადიანი კონტრაქტების გაფორმების ფაქტზე და აღნიშნა, რომ 2015 წლის 31 დეკემბერს დასაქმებულს აცნობეს აღარ გამოცხადებულიყო სამსახურში. მისი მოთხოვნის საფუძველზე მას გადაეცა გათავისუფლებს შესახებ ბრძანება წერილობით, რომელშიც მითითებული გათავისუფლების საფუძველი მოსარჩელის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია.

7. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში უარყო მოსარჩელესთან უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობა.

8. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელე აღდგენილ იქნა მოპასუხე საზოგადოებაში ზედამხედველობის ქსელის სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 01 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე კომპენსაცია ყოველთვიურად 1700 ლარის ოდენობით (საშემოსავლოს ჩათვლით). ასევე, ფულადი ანგარიშსწორების დაყოვნების გამო, ყოველ დაყოვნებულ დღეზე გადასაცემი თანხის 1700 ლარის (საშემოსავლოს ჩათვლით) 0,07 პროცენტი, რაც მოცემულ შემთხვევაში, შეადგენს 1.19 ლარს (საშემოსავლოს ჩათვლით) ყოველდღიურად 2016 წლის 01 თებერვლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.

10. აპელანტმა მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის სადავო ბრძანების შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბათილად ცნობის საფუძველი.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ: 1-6 ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

13. იმავდროულად, მიუთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის - გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სამსახურის წარმომადგენლის (სამსახურის უფროსი) 2017 წლის 26 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ ზეპირ განმარტებაზე, რომლის მიხედვით მოპასუხის კუთვნილი სრული ქონება რეალიზებული იქნა აუქციონზე და მას აღარ გააჩნია ქონება, ასევე არ გააჩნია ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია კ--ის ტერიტორიაზე და სემეკის დადგენილებით იგი გადაეცა სხვა კომპანიას. მანვე 06 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს A11058975-010/001 (11.08.2017) განკარგულება და A11058975-010/004 (15.08.2017) განკარგულება, რომლის მიხედვით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ. ამ განკარგულება შესაბამისად, მოპასუხის კუთვნილი, დანართი N1-ში მითითებული სამეურვეო ქონების შემძენი 2017 წლის 1 აგვისტოს დასრულებულ აუქციონზე გახდა სს ,,ე- -ია“ (შემდეგში: შემძენი ან მესამე პირი). შემძენმა სრულად გადაიხადა შეძენილი ქონების საფასური. 2017 წლის 15 აგვისტოს განკარგულებით კი, იმავე დღეს, 2017 წლის 1 აგვისტოს დასრულებულ აუქციონზე სამეურვეო ქონების (ავტოსატრანსპორტო საშუალებები) მესაკუთრეც გახდა შემძენი.

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ უარყვია ის გარემოება, რომ მოპასუხე საზოგადოება, ჯერ კიდევ, მისი მუშაობის პერიოდში იმყოფებოდა გაკოტრების რეჟიმში. იგი ტელეფონით ესაუბრა ზ- მ–ს და მის ყოფილ კოლეგებს დაახლოებით ერთი თვის უკან და მათგან შეიტყო, რომ მოპასუხე საზოგადოება იყო გაყიდული. ასევე იცის, რომ როდესაც გაიყიდა მოპასუხე საზოგადოება, მის აბონენტებს ელ.ენერგიის გადახდის ქვითრები მიუვიდათ ნაწილი მოპასუხე საზოგადოების სახელით, ხოლო ნაწილი მესამე პირის სახელით, შემდგომ თვეში კი, ქვითრები აბონენტებს მიუვიდათ მხოლოდ მესამე პირის სახელით.

15. ამ გარემოებებში, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მთელი ქონება, როგორც გაკოტრების რეჟიმში მყოფი საწარმოსი, რეალიზდა აუქციონზე და მის ნაცვლად, კ-----ის რეგიონში ელექტროენერგიის დისტრიბუტორს წარმოადგენს მესამე პირი. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოცემული სახით ძალაში დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესი სამსახურში გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე მიუღწეველი და აღუსრულებელი შეიქნებოდა.

16. ხოლო სადავო ბრძანების თანმდევი შედეგის თვალსაზრისით, სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ, მოსარჩელის ფულად კომპენსირებას რაც შეეხება, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხოლოდ თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებით დამდგარ იურიდიულ შედეგს უჭერდა მხარს, რომელიც სსსკ-ის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე წარუმატებელი იყო.

17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკასაციო წესით მოსარჩელის მიერ.

18. კასატორმა მოთხოვნა შეამცირა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ განაცდურის ანაზღაურებასა და ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში მოითხოვა (იხ., საკასაციო საჩივრის მოთხოვნა. შდრ: ამ განჩინების პ - 5).

19. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიკვლია და შეაფასა მოწინააღმდეგე მხარის ფინანსური შესაძლებლობები.

20. კასატორი მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.1 პუნქტზე, სადაც სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი მყარად უჭერდა მხარს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რითაც მისი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა (გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება).

21. კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა გადაწყვეტილების შესაძლო აღუსრულებლობაზე და მთლიანად გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ისე, რომ საერთოდ არ იმსჯელა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

22. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სრულად გასხვისდა მოწინააღმდეგე მხარის ქონება, თუმცა, სასამართლოს არანაირი ინფორმაცია არ აქვს იმის შესახებ, მოწინააღმდეგე მხარეს კრედიტორების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩა თუ არა თანხა.

23. კასატორისათვის გაურკვეველია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად და არა ნაწილობრივ გაუქმების საფუძვლები, სამსახურში აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე მსჯელობის გარეშე. კასატორი აღნიშნავს, რომ დავის პირველ ინსტანციაში განხილვისა და გადაწყვეტის დროს მოწინააღმდეგე მხარე ახორციელებდა საქმიანობას და შესაბამისად, კანონიერი იყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება როგორც განაცდურის ანაზღაურების, ასევე - სამსახურში აღდგენის ნაწილში. კასატორის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარემ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის დროს და სწორედ ამ პერიოდში მოხდა მოწინააღმდეგე მხარის 2017 წლის 01 აგვისტოს დასრულებულ აუქციონზე მესამე პირის მიერ სამეურვეო ქონების შეძენა. შესაბამისად, ამ დროს აღარ არსებობდა მოწინააღმდეგე მხარე და კასატორის სამსახურში აღდგენა ვეღარ დაექვემდებარებოდა აღსრულებას.

24. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო პალატის მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენასთან ერთად, მან მოწინააღმდეგე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2 465,37 ლარის ოდენობით მთლიანად კასატორს დააკისრა და ამით ის უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს პრინციპს.

25. კასატორი აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარზე დართულია 2018 წლის 05 იანვრის #11058975-D067 განცხადებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 იანვრის #A11058975-D067 პასუხი, რომელშიც ნათლად არის აღნიშნული, რომ მოწინააღმდეგე მხარის ქონების რეალიზაცია განხორციელდა სრულად (რაც ასევე დადასტურებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 05 იანვრის #A11058975-011/005 პასუხით), ასევე, აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადმოირიცხა მოწინააღმდეგე მხარის ანგარიშზე იმდროისათვის არსებული (აბონენტებისაგან ამოღებული) თანხები და მათი გადარიცხვა განხორციელდა კრედიტორების ანგარიშზე - სასამართლოს განჩინებისა და დამტკიცებული კრედიტორთა რეესტრის შესაბამისად. ამავე პასუხში აღსრულების ეროვნული ბიურო აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისათვის, 2018 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, მოწინააღმდეგე მხარის აბონენტების ნაწილის მიერ მის მიმართ არ განხორციელებულა ფულადი ვალდებულებების შესრულება და აღნიშნული თანხების ამოღების შემდეგ მათი განაწილება მოხდება მოწინააღმდეგე მხარის კრედიტორებისათვის.

26. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო კასატორის ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში ძალაში დატოვებდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.

27. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც მე-7 რიგის კრედიტორად აღნიშნული კანონი კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობაში, აყენებს დაგვიანებით წარდგენილ კრედიტორთა მოთხოვნებს. შესაბამისად, კასატორი მიჩნეული იქნება ასეთ კრედიტორად, რომელსაც კანონი მე-7 რიგში ჩააყენებს და მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე მხარის აბონენტები ფულად ვალდებულებებს შეასრულებენ, კასატორი გარკვეულ თანხას მიიღებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით.

29. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

30. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა მოთხოვნა შეამცირა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ განაცდურის ანაზღაურებასა და ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში მოითხოვა (იხ., საკასაციო საჩივრის მოთხოვნა. შდრ: ამ განჩინების პ - 5).

31. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იმსჯელებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე მხოლოდ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში და მაშასადამე, შეამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ განაცდურის ანაზღაურებასა და ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.

32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ ნაწილში, მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოები, რომელთან დაკავშირებითაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარმოდგენილი არ არის საკასაციო პრეტენზია:

33. 2011 წლიდან 07 თებერვლიდან დასაქმებული მუშაობდა მოპასუხე საზოგადოებაში აქტებზე დარიცხვის სპეციალისტად და მისი ხელფასი (საშემოსავლოს დარიცხვის ჩათვლით) შეადგენდა 1200 ლარს. იგი 2014 წლის აგვისტოდან გადაიყვანეს ქსელის ენერგოზედამხედველობის სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, რომელ თანამდებობაზეც მისი ხელფასი (საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ჩათვლით) შეადგენდა 1400 ლარს. 2015 წლის 03 ივნისიდან დასაქმებულს მოემატა ხელფასი და დარიცხული თანხა განისაზღვრა 1700 ლარით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ჩათვლით.

34. დამსაქმებელმა დასაქმებულს გაუგზავნა სადავო ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვით ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, დასაქმებულთან 2016 წლის 01 იანვრიდან შეწყვეტილი იყო ხელშეკრულება.

35. კასატორის პრეტენზია იმ გარემოებას ემყარება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის დროს და სწორედ ამ პერიოდში მოხდა მოწინააღმდეგე მხარის 2017 წლის 01 აგვისტოს დასრულებულ აუქციონზე მესამე პირის მიერ სამეურვეო ქონების შეძენა. შესაბამისად, ამ დროიდან აღარ არსებობდა მოწინააღმდეგე მხარე და კასატორის სამსახურში აღდგენა ვეღარ დაექვემდებარებოდა აღსრულებას. თუმცა, კასატორს საგულისხმოდ მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მხოლოდ გადაწყვეტილების შესაძლო აღუსრულებლობაზე მითითებით სარჩელის სრულად უარყოფა უმართებულოა, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეს სამსახურში აღდგენის გარდა წადგენილი ჰქონდა სხვა მოთხოვნებიც, რომელთა საფუძვლინობაზე სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად მე-7 რიგის კრედიტორად აღნიშნული კანონი კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობაში, აყენებს დაგვიანებით წარდგენილ კრედიტორთა მოთხოვნებს. შესაბამისად, კასატორი მიჩნეული იქნება ასეთ კრედიტორად, რომელსაც კანონი მე-7 რიგში ჩააყენებს და მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე მხარის აბონენტები ფულად ვალდებულებებს შეასრულებენ, კასატორი გარკვეულ თანხას მიიღებს.

36. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, კასატორმა წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო შედვება (პრეტენზია).

37. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის შემდეგ მოთხოვნებაზე, რომელთა საფუძვლიანობა შედავებულია საკასაციო საჩივრით: იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სახით 2016 წლის 01 თებერვლიდან ყოველთვიურად 1700 ლარის გადახდა და ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის - 1700 ლარის 0.07%-ის გადახდა მოთხოვნით 2016 წლის 01 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე [საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) მე-6 და 31.3 მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 44-ე, 394 და 411-ე მუხლები}. აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში უარყო მოსარჩელესთან უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობა.

38. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ საკასაციო საჩივრით შედავებულ ნაწილში (იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს გადახდა), მოთხოვნის საფუძვლიანობისათვის უნდა შემოწმდეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართალურთიერთობის ხანგრძლივობა, რამეთუ მოპასუხე სადავო ბრძანების საფუძვლად სწორედ შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვაზე მიუთითებს. იხ., ამ განჩინების პ-4, რომლითაც დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს გაუგზავნა 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანება N1612 შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვით ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, დასაქმებულთან 2016 წლის 01 იანვრიდან შეწყვეტილი იყო ხელშეკრულება.

39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის არსი მოიცავს, როგორც თავისუფალი კონტრაჰირების ისე, ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების თავისუფლებას [სსკ-ის 319-ე და 327-ე მუხლები]. თუმცა, ნორმის დანაწესი იმპერატიული მნიშვნელობის არ არის და ხელშეკრულების მონაწილეთა ეს უფლება ექვემდებარება შეზღუდვას ლეგიტიმური მიზნისთვის [„legitimate purpose“]. სწორედ აღნიშნულს გულისხმობს სშკ-ის ახლად ამოქმედებული ნორმა, რომელიც ნორმით განსაზღვრული წინაპირობების დაცულობის შემთხვევაში, როგორიცაა ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობის ხანგრძლივობა [სსკ-ის მე-6 მუხლის 13 პუნქტი] ვადიან შრომით ურთიერთობას გარდაქმნის უვადო შრომითი ურთიერთობის ფორმატში.

40. აღნიშნულ საკითხზე მყარადაა დადგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მათგან ერთ-ერთ საქმეში (იხ., სუსგ №ას-913-853- 2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი) საკასაციო პალატამ იმსჯელა სშკ-ის მე-6 მუხლის13 ნაწილის მიხედვით დამსაქმებელთან დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების უვადო შრომით ხელშეკრულებად მიჩნევის სამართლებრივ საკითხებზე და განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის ამგვარი ტრანსფორმირებისათვის აუცილებელი იყო ორი პირობის კუმულატიურად არსებობა: ერთსა და იმავე დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობების არსებობა 5 წლით ან მეტი ვადით და ვადიანი ხელშეკრულების მოქმედება კოდექსში განხორციელებული ცვლილების ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში. მსგავს საქმეებზე აგრეთვე იხ., სუსგ №ას-20-20-2018, 09 თებერვალი, 2018 წელი; სუსგ №ას-373-354-2015, 13 ნოემბერი, 2015 წელი.

41. საგულისხმოა ხელშეკრულების მონაწილეთა თავისუფლების კანონისმიერი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის თაობაზე საკასაციო პალატის მიერ სხვა გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტება, რომელშიც დასაქმებულთან გაფორმებული ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დადებულად იქნა მიჩნეული (იხ., სუსგ №ას-1083-1020-2015, 15 აპრილი, 2016 წელი): „..შრომითი ხელშეკრულების სტაბილურობა, კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი შრომის უფლების შემადგენელი ნაწილია (საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი)“. საკასაციო პალატის მითითებული განმარტებიდან და სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილის ნორმატიული დანაწესიდან გამომდინარე საკასაციო საჩივრის პრეტენზია მოსარჩელესთან არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის საკითხთან მიმართებით უარსაყოფია.

42. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (ამ განჩინების პპ: 1-4) იძლევა იმისი დასკვნის საფუძველს, რომ მხარეთა შორის ვადიანი შრომითი ურთიერთობა საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე - ანუ 04.07.2013 წლამდე 5 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში გრძელდებოდა (საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ გამოქვეყნდა 04.07.2013წ-ს, რასაც უკავშირდება ცვლილებების ამოქმედება), კერძოდ, 2011 წლის 07 თებერვლიდან. საბოლოოდ კი, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა 2016 წლის 01 იანვრამდე (სადავო ბრძანება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ), ანუ გასულია სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილის ამოქმედების შემდეგ 2 წელზე მეტი, ხოლო თავის მხრივ, 2011 წლის 07 თებერვლიდან 2016 წლის 01 იანვრამდე დროის მონაკვეთი აღემატება 30 თვეს, მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა გარდაიქმნა უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობად (მსგავს საქმეზე იხ., სუსგ №ას-20-20-2018, 09 თებერვალი, 2018 წელი).

43. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების აბსოლუტური და შესაბამისად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველია.

44. სსსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

45. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე.

46. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დასაქმებულთან გაფორმებული ხელშეკრულება ტრანსფორმირდა რა განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებად, სადავო ბრძანება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შეწყვეტის შესახებ ბათილია [სსკ-ის 52-ე მუხლი].

47. რაც შეეხება სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგს ნიშანდობლივია, რომ კასატორის შემცირებული მოთხოვნის მიხედვით დღის წესრიგში არ დგას სამსახურში აღდგენის საკითხი, თუმცა, კვლავ შედავებულია იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის მართლზომიერება.

48. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს მიერ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის გამოყენების საკითხზე (შდრ., სუსგ №ას-1083-1020-2015, 15 აპრილი, 2016 წელი). დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; ას-931-881-2015., 29.01.2015წ).

49. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე ორგანიზაციას უნდა დაეკისროს იძულებით გაცდენილი დროის მანძილზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება სშკ-ის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 44-ე მუხლის, აგრეთვე, სსკ-ის 408-ე და 411-ე მუხლების სამართლებრივი საფუძვლით (შდრ: სუსგ Nას-469-450-2016, 29.06.2016წ.)., 2016 წლის 01 თებერვლიდან ყოველთვიურად 1700 ლარის ოდენობით 2017 წლის 15 აგვისტომდე, ანუ იმ დრომდე, როდესაც 2017 წლის 1 აგვისტოს დასრულებულ აუქციონზე სამეურვეო ქონების (ავტოსატრანსპორტო საშუალებები) მესაკუთრეც გახდა შემძენი (იხ., ამ განჩინების პ- 13).

50. ხოლო რაც შეეხება ანაზღურების დაყოვნების ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლიანობას, აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით იძულებითი განაცდური თანხის დაყოვნების ყოველი დღისთვის, ამ თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრებაზე მოსარჩელის მოთხოვნას სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია, რადგან სშკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ხოლო თავისთავად პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს ანუ გადახდის ვალდებულების არსებობა სახეზეა საბოლოო ნგარიშსწორების გადაუხდელობის დროს - ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმაოდგენს. ნებისმიერ ანაზღაურებაში თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებს დაყოვნებული დღისათვის გადახდის ვალდებულებას, არ შეიძლება მოვიაზროთ განაცდური, ვინაიდან განაცდური წარმოადგენს არა სახელშეკრულებო შეთანხმებას, არამედ დასაქმებულისათვის დამდგარი ზიანის ანაზღაურების სახეს (იხ. სუსგ 30/09/2013, ას-285-271-2013).

51. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 01 იანვრიდან ყოველთვიურად 1700 ლარი გადახდა (საშემოსავლოს ჩათვლით) 2017 წლის 15 აგვისტომდე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ--- ბ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. გ--- ბ-–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანება N1612 შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და დაეკისროს სს ,,კ-- იას“ გ--- ბ-ის სასარგებლოდ 2016 წლის 01 იანვრიდან ყოველთვიურად 1700 ლარი გადახდა (საშემოსავლოს ჩათვლით) 2017 წლის 15 აგვისტომდე;

5. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

6. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე