Facebook Twitter

საქმე №ას-94-94-2018 23 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ჯ- გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ა- მ-ე, გ-კ-იძე, ნ-- ხ--ე, ე- დ-ე, გ- ხ-ია, ზ- ბ-ე, მ- წ-ია, ბ-ლ-ე, ნ- მ-ე, გ- გ-ე, მ- ჭ-ე, ი- ჭ-ე, ზ- თ-ე, თ--ც--ე, ნ- ჭ----ია, ნ--- მ--ვილი, ზ--- რ-ი, ნ- ჭ-ე, ზ-ბ-ის უფლებამონაცვლე ც- ბ-ე, ჯ-- პ--აიას უფლებამონაცვლე, დ-- პ-აია, ქ-გ-ე, ლ-- მ--ილი, მ-- კე, ა– ს--ი, ლ- გ-ე, ზ- ჭ-ია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჯ- გ-ემ (შემდეგში: ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარე ან მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა მოპასუხეების: დ- ვ-ის (შემდეგში: ერთ-ერთი მოპასუხე), ა- მ--ის, გ--- კ---იძის, ნ-- ხ-ის, ე-- დ-ის, გ--ხ---იას, ზ-ბ-ის, მ- წ-იას, ბ-- ლ--ის, ნ-მ-ის, გ-გ-ის, მ- ჭ---ის, ზ- თ--ის, თ--- ც--ის, ნ- ჭ-იას, ნ--- მ-–ვილის, ზ- რ-ის, ნ- ჭ--ის, ზ- ბ--ის უფლებამონაცვლე ც-- ბ--ის, ჯ-- პ--აიას უფლებამონაცვლე დ- პ--აიას, ქ- გ-ის, ლ---- მ--ილის, მ-- კ---ის, ა- ს--ის, ლ- გ---ის, ზ- ჭ-იას (შემდეგში: მოპასუხეები) მიმართ.

2. მოსარჩელემ მოითხოვა:

3. მოპასუხეებისათვის სოლიდარულად მის მიერ ბინათმშენებლობის ამხანაგობაში შეტანილი და ამხანაგობის სასარგებლოდ დახარჯული თანხების დაბრუნება, სულ 144 073 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით (შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა);

4. დასაბრუნებელი თანხის 144 073 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დროულად დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 75 479 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით;

5. მისთვის წართმეული ბიზნესის საკომპენსაციოდ 654 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

6. სასარჩელო მოთხოვნები ემყარება შემდეგ გარემოებებს:

7. 2008 წლის 20 მარტს ამხანაგობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ერთ-ერთმა მოპასუხემ და სხვა პირებმა ბ--ში, დ-ის ქ№50/52-ის ტერიტორიაზე (შემდეგში: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან მიწის ნაკვეთზე) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით დააფუძნეს ამხანაგობა ,,ს- -მე” (შემდეგში: ამხანაგობა).

8. ამხანაგობის ყოფილ თავმჯდომარეს და ერთ-ერთ მოპასუხეს შენატანის სახით უნდა შეეტანათ დასაწყისისათვის 400 000 ლარი, მათვე უნდა ეხელმძღვანელათ მშენებლობისათვის.

9. ამხანაგობის სხვა პირებს კი, ამხანაგობაში შენატანი უნდა შეეტანათ უძრავი ქონების სახით.

10. სახლის აშენების შემდეგ ამხანაგობის სხვა წევრებს გადაეცემოდათ ფართი, ხოლო დარჩენილ ფართს კი, ერთ-ერთი მოპასუხე და მოსარჩელე გაინაწილებდნენ თანაბრად.

11. ამხანაგობის ყოფილმა თავმჯდომარემ შეასრულა ორგანიზაციული სამუშაოები, კერძოდ, უხელმძღვანელა სამშენებლო მოდნიდან ფართების აღებას, მესაკუთრეებთან ურთიერთობის მოწესრიგებას, მშენებლობის ნებართვის მიღებას და სხვა ტექნიკურ სამუშაოებს. გარდა ამისა, ამხანაგობაში შეიტანა 144 073 აშშ დოლარი. მიუხედავად ამისა, იგი ამხანაგობიდან ისე გარიცხეს, რომ არ დაუბრუნეს მის მიერ შეტანილი თანხა 144 073 აშშ დოლარი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამხანაგობიდან გარიცხვის შემდეგ შენატანის დროულად დაუბრუნებლობით მან განიცადა 75 479 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი, ხოლო მისი ბიზნესიდან ჩამოცილებით მან განიცადა 654 000 აშშ დოლარის ოდენობით ზარალი.

12. მოპასუხეებმა წარმოადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შედავება, რომლითაც სადავოდ გახადეს ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარის მიერ ვალდებულების შესრულება, რაც იმავდროულად, ამხანაგობაში შენატანის განუხორციელებლობაში გამოიხატა.

13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

14. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

15. 2008 წლის 20 მარტს არასასოფლო სამეურნეო დანიშნულოების მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით ამხანაგობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ერთ-ერთმა მოპასუხემ, ა-- მ--ემ, გ-- კ-იძემ, ზ- თ--ემ, გ. დ--ემ და ნ-- ხ--ემ სანოტარო წესით დადეს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება და შექმნეს ამხანაგობა.

16. ამხანაგობის თავმჯდომარედ დაინიშნა მოსარჩელე.

17. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით (შემდეგში: ხელშეკრულება) განისაზღვრა ამხანაგობის თითოეული წევრის შესატანის სახე და ოდენობა. კერძოდ, ა- მ--ეს, გ- კ-იძეს, ზ- თ--ეს, გ. დ-ესა და ნ- ხ--ეს ამხანაგობაში უნდა შეეტანათ კუთვნილი უძრავი ქონება. ერთ-ერთი მოპასუხის და ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარის შენატანს კი წარმოადგენდა 400 000 ლარი, რომელიც მათ ამხანაგობის ანგარიშზე უნდა დაედოთ და ასევე, მათი ინტელექტუალური ვალდებულებები და მომსახურება, რაც გამოიხატებოდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებაში დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით და ექსპლუატაციაში შესვლის ყველა ორგანიზაციულ-ტექნიკური და ფინანსური საკითხების გადაწყვეტაში, ასევე, ბინის ქირისა და სხვა საკომპენსაციო თანხის გაცემაში. ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით შესატანის სახე კიდევ უფრო დაკონკრეტდა და მიეთითა, რომ ეს იყო ამხანაგობის მიზნის მისაღწევად განხორციელებული მშენებლობის ორგანიზება და ფინანსირება. კერძოდ: საცხოვრებელი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება-დამტკიცებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (მშენებლობის ნებართვის ჩათვლით); საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 15-18 თვისა; მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრზე შემოღობვა და ეზოს მოპირკეთება; საცხოვრებელი კორპუსის ექსპლოატაციაში შეყვანა; საცხოვრებელი კორპუსის ექსპლოატაციაში მიღების ყველა ორგანიზაციულ-ტექნიკური და ფინანსური საკითხის გადაწყვეტა; ამხანაგობის მიწის ნაკვეთის გადასახადის აღსრულება წილის შესაბამისად; სანოტარო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, მშენებლობის დამთავრებამდე ბინის ქირის გადახდა. ხელშეკრულების თანახმად ამხანაგობის წევრებს ერთ-ერთ მოპასუხეს და მოსარჩელეს (ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარე) სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ უნდა მიეღოთ ამხანაგობის წევრებზე გადასაცემი ფართების გარდა დარჩენილი ფართები თითოეულს 50-50%.

18. 2008 წლის 20 მარტის შემდგომ ამხანაგობას სხვადასხვა დროს მიუერთდა და მასში გაწევრიანდა ამხანაგობის მისამართზე უძრავი ქონების სხვა მესაკუთრეებიც, რომლებმაც ამხანაგობაში შენატანის სახით ასევე შეიტანეს მათ საკუთრებაში რიცხული ამავე მისამართზე მდებარე უძრავი ქონება, რის შემდეგ, ამხანაგობის წევრთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 27.

19. 2009 წლის 26 იანვარს ამხანაგობამ მიიღო მშენებლობის ნებართვა №11/09. მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანებით ამხანაგობას ნება დაერთო ქ. ბ--ში, დ–ის ქ.№50/52-ის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე.

20. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის შესასრულებლად დ-- ვ-- ამხანაგობაში შენატანის სახით შეიტანა 289 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, რომელიც აისახა ამხანაგობის სალაროში, ხოლო ამხანაგობის თავმჯდომარემ ნაწილობრივ განახორციელა არაქონებრივი შენატანი - უზრუნველყო პროექტის მომზადება, მშენებლობის ნებართვის მიღება, სამშენებლოდ ტერიტორიის მომზადება.

21. სასამართლომ გაიზიარა ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარის მტკიცება, რომ ერთ-ერთი მოპასუხის მიერ სრულად იქნა შესრულებული ვალდებულება და შეტანილი იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შენატანი.

22. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მის მიერ ამხანაგობაში ამხანაგობის საერთო მიზნების მისაღწევად შეტანილი იქნა შენატანი 144 073 აშშ დოლარის ოდენობით.

23. მოსარჩელის წარმომადგენლებმა თანხის შეტანის დამადასტურებელ მტკიცებულებებად წარმოადგინეს საგადასახადო დავალებები, სალაროს შემოსავლის ორდერები, ხელშეკრულებები ბინის ქირის თანხის გაცემის შესახებ. დასახელებული ხელშეკრულების მიხედვით ამხანაგობის ყოფილმა თავმჯდომარემ ამხანაგობის წევრებს გადასცა ბინის ქირის თანხა, სულ 76 000 ლარის ოდენობით. ასევე წარმოდგენილი იქნა შპს ,,ე--ის” დასკვნა, რომლის მიხედვითაც აუდიტორმა შეისწავლა თავმჯდომარის მიერ ამხანაგობაში შენატანი და დაადგინა, რომ მას შენატანის სახით შეტანილი აქვს 144 073.40 აშშ დოლარი. აქედან 55 073.40 აშშ დოლარი ბანკში შენატანის სახით აქვს შეტანილი, 89 000 აშშ დოლარი ამხანაგობის სასარგებლოდ ქირის სახით და ყადაღის მოხსნისათვის გადახდილი თანხაა.

24. სასამართლომ შეისწავლა და გაანალიზა წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები, შეადარა ისინი ერთმანეთს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები არ იყო ის მტკიცებულება, რომლითაც შეიძლებოდა დადგენილიყო ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ შენატანის შეტანა. თითოეული ორდერი შეიცავდა გრაფას ,,დანიშნულება”. მასში კონკრეტულად უნდა ყოფილიყო მითითებული თუ რა დანიშნულებითაა თანხა შეტანილი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ორდერში არ იყო მითითებული, რომ თანხა წარმოადგენს ამხანაგობის თავმჯდომარის შენატანს. უმრავლეს შემთხვევაში, დანიშნულების გრაფაში მითითებულია ,,შემოსავლები ეროვნული ვალუტის გაყიდვის გზით”.

25. სასამართლომ განმარტა, რომ მესამე პირებთან ურთიერთობაში ამხანაგობის სახელით გამოდის ამხანაგობის თავმჯდომარე. იგი მესამე პირებთან აფორმებს ხელშეკრულებებს, მიზნის მისაღწევად ფარავს ხარჯებს, ასრულებს ვალდებულებებს და უძღვება მის საქმიანობას. სხვანაირად ამხანაგობა თავის მიზანს ვერ მიაღწევს. სწორედ თავმჯდომარემ უნდა გადაიხადოს მოსაკრებლები, მიიღოს ნებართვა, დაიქირაოს მშენებლები, დაასაქმოს სათანადო პირები, გადაუხადოს ხელფასი, გადაიხადოს ქირის თანხა და შეასრულოს სხვა მოქმედებები. ამ მიზნის მისაღწევად თავმჯდომარის მიერ გადახდილი თანხა, არ შეიძლება მიჩნეული იქნას მის საკუთარ ფულად. თუ თავმჯდომარე ამხანაგობას ასესხებს, აჩუქებს, ან შეიტანს შენატანის სახით, ის დანიშნულების მიხედვით ასახული უნდა იყოს შესაბამის დოკუმენტში და რათქმა უნდა მის ბუღალტერიაშიც. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სალაროს შემოსავლის ორდერში დანიშნულების გრაფაში არ იყო მითითებული ის, რომ თანხა მის შენატანს წარმოადგენდა. ერთ-ერთი მოპასუხის ყველა შენატანს კი დანიშნულების გრაფაში მითითებული ჰქონდა ერთ-ერთი მოპასუხის შენატანის შეტანა. ორივე თანხის გადამხდელს წარმოდგენდა ამხანაგობის თავმჯდომარე ამიტომ ჩნდებოდა ლოგიკური კითხვა - რა უშლიდა მას საკუთარი შენატანის დანიშნულებაში მიეთითებინა, რომ თანხის შეტანის დანიშნულება იყო ამხანაგობის წევრის შენატანის შეტანა, მაშინ როცა მის მიერ ერთ-ერთი მოპასუხის თანხის შეტანისას ასეთი რამ მითითებული ჰქონდა.

26. გარდა ორდერებისა, სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოადგენილი იყო კრების ოქმები და სხვა კორესპონდენცია, რომელთა ერთობლივი ანალიზი ამყარებდა მოსაზრებას მასზედ, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეს ამხანაგობაში შენატანი არ შეუტანია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი იქნა, რომ ამხანაგობის დაფუძნების შემდეგ დამფუძნებლებმა დაიწყეს მიზნის მისაღწევად ზრუნვა ანუ დაიწყეს სამშენებლო საქმიანობა. ამ მიზნით მათ, ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით სამშენებლო ტერიტორია გამოათავისუფლეს საცხოვრებელი ფართებისაგან, მესაკუთრეებთან დადეს ქირავნობის ხელშეკრულებები, ამხანაგობის თავმჯდომარემ ამხანაგობის სახელით გადაიხადა ქირის თანხა, სამშენებლო ტერიტორია მოამზადა მშენებლობისათვის და ზოგადად შეუდგა სამშენებლო საქმიანობას. მშენებლობის პროცესი გაჭიანურდა სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, რის გამოც, იმ წევრებმა, ვისაც ამხანაგობაში შეტანილი ჰქონდა უძრავი ქონება და სახლის აშენების შემდეგ ელოდებოდნენ ფართებს, უკმაყოფილება გამოხატეს და წერილობით მოითხოვეს მშენებლობის გაჭიანურების დასრულება და ქმედითი ღონისძიებების გატარება. მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლის 26 იანვარს ამხანაგობამ მიიღო მშენებლობის ნებართვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ განხორციელდა მშენებლობის დაწყება, რამაც გამოიწვია ამხანაგობის წევრთა უკმაყოფილება.

27. 2010 წლის 24 მაისს გაიმართა ამხანაგობის კრება. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ამხანაგობის თავმჯდომარის თავმჯდომარეობიდან გადაყენების შესახებ. ამხანაგობის თავმჯდომარედ დაინიშნა ერთ-ერთი მოპასუხე.

28. 2011 წლის 19 აპრილს კვლავ გაიმართა ამხანაგობის კრება. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ამხანაგობის თავმჯდომარის ამხანაგობის წევრობიდან გარიცხვის შესახებ. მისი ამხანაგობიდან გარიცხვის მიზეზად კი მითითებული იქნა ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ ამხანაგობაში ფულადი შენატანის განუხორციელებლობა. ამხანაგობის კრებას თავად ესწრებოდა ამხანაგობის თავმჯდომარე, რომელმაც განმარტა, რომ იმ 400 000 ლარიდან, რომლის შეტანის ვალდებულებაც აიღეს მან და ერთ-ერთმა მოპასუხემ ერთობლივად მისი თავმჯდომარეობის პერიოდში ამხანაგობაში შეტანილი იქნა 289 000 აშშ დოლარამდე, რომელიც ეკუთვნოდა ერთ-ერთ მოპასუხეს. მისი განმარტებით ერთ-ერთმა მოპასუხემ თანხა გადასცა მას, რომელიც მის მიერ შეტანილი იქნა ამხანაგობის ანგარიშზე. აღნიშნული კრების ოქმი მოსარჩელეს სადაოდ არ გაუხდია.

29. ამხანაგობის წევრთა საერთო კრების 2011 წლის 24 ივნისის №2 ოქმით ამხანაგობიდან ამხანაგობის თავმჯდომარის გარიცხვის (მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის) შედეგად გამოთავისუფლებული 50% წილი საკუთრებაში გადაეცა ამხანაგობის ინვესტორ წევრს - ერთ-ერთ მოპასუხეს, რის შემდეგაც, მისი წილი ამხანაგობაში განისაზღვრა 100%-ით, რაც შეადგენდა დამფუძნებელ წევრებზე ხელშეკრულებით გადასაცემი საცხოვრებელი ფართების გარდა დარჩენილ ყველა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართს. ამავე კრებაზე დაფიქსირდა 2011 წლის 24 ივნისის მდგომარეობით ერთ-ერთი მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით ამხანაგობაში 400 000 ლარის შეტანის ფაქტი. ამავე კრებაზე ასევე გადაწყდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელების მიზნით შპს „ვ--”-სთან ნარდობის ხელშეკრულების გაფორმება.

30. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი შპს „ბ--”-ის დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ამხანაგობას 2011 წლის 19 აპრილის მდგომარეობით აქტივების ღირებულება (მოსარჩელეზე გასაცემი ხელფასის 15078 ლარის ჩათვლით) შეადგენდა 1345 580 ლარს, ვალდებულების ღირებულება (მოსარჩელეზე გასაცემი ხელფასის 15078 ლარის ჩათვლით) შეადგენდა 1 362 409,50 ლარს. იმ დროისათვის ამხანაგობას გასანაწილებელი ქონების ღირებულება არ გააჩნდა.

31. სასამართლომ დავა მოაწესრიგა სსკ-ის 930-ე და 938-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებდა, რომ მას შეტანილი ჰქონდა 144 073.40 აშშ დოლარი, ამხანაგობაში შენატანის სახით, რის გამოც, მისი სარჩელი შენატანის უკან დაბრუნებაზე უსაფუძვლო იყო.

32. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

33. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი უარყოფილი იქნა.

34. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ, ერთ-ერთმა მოპასუხემ, ა- მ-ემ, გ- კ--იძემ, ზ-- თ-ემ, გ. დ-ემ და ნ- ხ-ემ დადეს ხელშეკრულება და შექმნეს ამხანაგობა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით. ხელშეკრულებით განისაზღვრა თითოეული წევრის შენატანის სახე და ოდენობა, კერძოდ, ა- მ-ეს, გ-- კ-იძეს, ზ- თ-ეს, გ. დ-ესა და ნ- ხ--ეს ამხანაგობაში უნდა შეეტანათ კუთვნილი უძრავი ქონება. ერთ-ერთი მოპასუხის და ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარის შესატანს კი, წარმოადგენდა 400 000 ლარი, რომელიც მათ ამხანაგობის ანგარიშზე უნდა დაედოთ და ასევე, მათი ინტელექტუალური ვალდებულებები და მომსახურება. ექსპლუატაციაში შესვლის ყველა ორგანიზაციულ-ტექნიკური და ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, ასევე, ბინის ქირისა და სხვა საკომპენსაციო თანხების გაცემა.

35. ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით შესატანის სახე კიდევ უფრო დაკონკრეტდა და მიეთითა, რომ ეს იყო ამხანაგობის მიზნის მისაღწევად განსახორციელებელი მშენებლობის ორგანიზება და ფინანსირება, კერძოდ: საცხოვრებელი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება-დამტკიცებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (მშენებლობის ნებართვის ჩათვლით); საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 15-18 თვისა; მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრზე შემოღობვა და ეზოს მოპირკეთება; საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში შეყვანა; საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების ყველა ორგანიზაციულ-ტექნიკური და ფინანსური საკითხის გადაწყვეტა; ამხანაგობის მიწის ნაკვეთის გადასახადის აღსრულება წილის შესაბამისად; სანოტარო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება; მშენებლობის დამთავრებამდე ბინის ქირის გადახდა. სახლის აგების შემდეგ კი, ერთ-ერთი მოპასუხისა და მოსარჩელის წილი შეადგენდა საცხოვრებელ სახლში საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული მთლიანი ფართის, სხვა დამფუძნებელი პირების მიერ მისაღები ფართის გამოკლებით, 50-50%-ს.

36. მოგვიანებით, ამხანაგობის წევრები გახდნენ დანარჩენი მოპასუხეებიც.

37. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად ერთ-ერთმა მოპასუხემ ამხანაგობაში შეიტანა 400 000 ლარი, ხოლო მოსარჩელემ უზრუნველყო პროექტის მომზადება, მშენებლობის ნებართვის მიღება, სამშენებლოდ ტერიტორიის მომზადება, მშენებლობის დაწყება და ა.შ. მოსარჩელეს ამხანაგობის წინაშე ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია და ფული არ შეუტანია. ამის გამო, ამხანაგობის 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით იგი ამხანაგობიდან გაირიცხა, ე.ი. ამხანაგობამ მასთან ხელშეკრულება მოშალა.

38. პირველ რიგში, სააპელაციო სასამართლომ მხარეებს შორის გაანაწილა ამხანაგობის წინაშე შესასრულებელი ვალდებულების - თანხის შეტანის მტკიცების ტვირთი.

39. ამ თვალსაზრისით, უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ამხანაგობის შექმნის დღიდან 2010 წლის 24 მაისამდე მის საქმეებს მოსარჩელე მართავდა. ამ ვითარებაში, იგი განკარგავდა ამხანაგობის ფინანსებს - იხდიდა სხვადასხვა სახის გადასახდელებს, შეჰქონდა და გაჰქონდა თანხა ანგარიშიდან და ა.შ. დადგენილია ისიც, რომ ფიზიკურად, თანხა ამხანაგობაში ერთ-ერთმა მოპასუხემ შეიტანა და მოსარჩელის მიერ დახარჯული ან ანგარიშზე შეტანილი თანხის ჯამი ერთ-ერთი მოპასუხის მიერ ამხანაგობაში შეტანილი თანხის ჯამს არ აღემატება. ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმის მტკიცება, რომ ამხანაგობის სახელით დახარჯული ან ამხანაგობის ანგარიშზე შეტანილი თანხა, სწორედ მოსარჩელის შესატანის ნაწილი იყო, მოსარჩელეს ეკისრებოდა. ამ პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

40. აპელანტის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი შპს ე---ის დასკვნა მის პოზიციას არ ადასტურებდა, რადგან, პირველ ყოვლისა, აპელანტის მიერ განხორციელებული ფულადი ოპერაციების სამართლებრივი შეფასება და იმის განსაზღვრა, თუ რამდენად ჯეროვნად შეასრულა აპელანტმა ვალდებულებები, საერთოდ არ შედიოდა აუდიტის კომპეტენციაში.

41. ასეც რომ არ იყოს, თავად დასკვნის ტექსტიდან ჩანდა, რომ შეფასების პროცესში აუდიტორი დაეყრდნო, მხოლოდ, აპელანტის მიერ წარდგენილ ინფორმაციას და მას რაიმე სახის სპეციალური შემოწმება წადგენილი დოკუმენტაციის სიზუსტის შესახებ არ ჩაუტარებია. ეს ნიშნავდა, რომ, არსებითად, აუდიტორმა არითმეტიკულად შეაჯამა აპელანტის მიერ წადგენილ საბუთებში ასახული მონაცემები და, მხოლოდ, აპელანტის განმარტების საფუძველზე მიიჩნია ასახული თანხა შენატანად. სხვაგვარ მსჯელობას, რომლითაც გაირკვეოდა, თუ რატომ ჩათვალა აუდიტორმა, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბინის ქირა მის მიერ განხორციელებულ შენატანად, დასკვნა არ შეიცავდა.

42. ის, რომ აპელანტს ამხანაგობაში ფული არ შეუტანია, დასტურდებოდა თავად აპელანტის განმარტებებითაც. მაგ. ერთ-ერთი მოპასუხის სახელზე შედგენილ წერილში აპელანტი აღნიშნავდა: „მშენებლობის ინვესტორი ბრძანდებოდით და ეს ვალდებულება ამხანაგობის წინაშე იკისრეთ თქვენ და კარგად იცით, რომ მე არასოდეს ამიღია თავზე მშენებლობის ინვესტირების ინიციატივა, მე რომ დაფინანსების მოძიება შემძლებოდა, ამისათვის ამ ამხანაგობაში თქვენი მოწვევა საჭირო აღარ იქნებოდა”; „ვიმეორებ, მე ასეთი ვალდებულება არსად არ მიკისრია, მშენებლობის დაფინანსება თქვენი ვალდებულება იყო”. ამხანაგობის 2011 წლის 19 აპრილის კრებაზე აპელანტმა განაცხადა: „ხელშეკრულებით დაიდო ის, რომ 400000 ლარი უნდა შემოტანილიყო, სულ შემოვიდა დაახლოებით 289000 აშშ დოლარამდე”; “ეს თანხა გადმომცა დ--ვ- და მე შევიტანე ამხანაგობის ანგარიშზე”; თანხა „რა თქმა უნდა იყო დ- ვ-ის საკუთრება”. იგივე გაიმეორა აპელანტმა 2013 წლის 12 ივნისის წერილში. კერძოდ, აქ აღნიშნულია: “მე ვეწეოდი ორგანიზაციულ საქმიანობას, ხოლო თქვენ პერიოდულად ამ მიზნით ამხანაგობაში შემოგქონდათ შესაბამისი, თქვენს მიერ ნაკისრი თანხები”; “ამხანაგობის ყველა წევრმა იცოდა, რომ მე არ მევალებოდა ფულადი სახსრების მოზიდვა”.

43. ყველა ჩამოთვლილი მტკიცებულება სასამართლოს წარუდგინა თავად აპელანტმა.

44. მეტიც, სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა, არსებითად, დაადასტურა, რომ უშუალოდ მას ამხანაგობაში შენატანი არ განუხორციელებია. მხოლოდ აღნიშნა, რომ რადგან 400 000 ლარის შეტანის ვალდებულება მას და ერთ-ერთ მოპასუხეს თანაბრად ჰქონდათ, ერთ-ერთი მოპასუხის მიერ შეტანილი თანხის ნახევარი ამხანაგობაში მის შენატანს წარმოადგენდა.

45. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ეს პოზიცია, რადგან მოწინააღმდეგე მხარე ამგვარი შეთანხმების არსებობას უარყოფდა, ხოლო აპელანტს კი თავისი პოზიციის დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

46. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გარდა ფულადი შესატანისა, აპელანტი ვალდებული იყო ამხანაგობის სასარგებლოდ არაქონებრივი შესატანიც განეხორციელებინა.

47. შპს ბ--ს 2016 წლის 31 მაისის აუდიტორული დასკვნით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებისათვის აპელანტი ამხანაგობისაგან იღებდა ხელფასს, 600 ლარს. ამასთან, 2009 წლის იანვრის თვის ხელფასი მოსარჩელემ მიიღო, თუმცა, ამის შემდეგ, ანაზღაურება აღარ აუღია და მის მიერ მისაღები თანხა, ჯამში შეადგენდა 15 078 ლარს. დასკვნაში ასახულია, რომ ანალოგიურ სამუშაოზე მომუშავე პირთა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 200-დან 1000 ლარამდე მერყეობდა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ეს ნიშნავდა, რომ აპელანტის შრომის ანაზღაურება ბაზარზე არსებულ მონაცემებს შეესაბამებოდა. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ იყო. ამის შესაბამისად, აპელანტმა ამხანაგობის სასარგებლოდ 15 078 ლარის ღირებულების სამუშაო გასწია.

48. თუმცა, როგორც აღინიშნა, ამ სამუშაოს შესრულებისათვის აპელანტს ყოველთვიურად უნდა მიეღო შრომის ანაზღაურება. ეს ამხანაგობაში შენატანს არ ნიშნავდა, ხოლო დავალების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას იგი არ ითხოვდა. ამის გამო, მისი მოთხოვნა დაუსაბუთებელია. აპელანტის მიერ ამხანაგობის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაო მის შენატანადაც რომ მიგვეჩნია, სარჩელი მაინც უსაფუძვლო იქნებოდა.

49. სსკ-ის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამავე კოდექსის 932-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, მხარეები ვალდებულნი იყვნენ ამხანაგობაში შეეტანათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კი შესატანი შეიძლება შეტანილი ყოფილიყო როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით.

50. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ როგორც ქონებრივი - ფულადი, ასევე არაქონებრივი შესატანის თაობაზეც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ეს ვალდებულება დაარღვია.

51. სსკ-ის 939-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია ხელშეკრულების მოშლა.

52. სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ არის გარიგება.

53. ამხანაგობის წევრთა გადაწყვეტილება ამხანაგობიდან ერთ-ერთი მონაწილის გარიცხვის შესახებ, არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისაკენ, ამიტომ, ეს გადაწყვეტილება გარიგებაა და რადგან იგი აპელანტს მიუვიდა, სსკ-ის 51-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნამდვილია.

54. პალატამ მიიჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით ამხანაგობის წევრებმა, ამხანაგობის საქმიანობის შეუწყვეტლად, მოშალეს დადებული ხელშეკრულება, უდავოა, რომ ამხანაგობის წევრთა ამ გადაწყვეტილებას აპელანტი არ შეცილებია. მეტიც, ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულის დაბრუნებაც კი მოითხოვა. ეს კი ნიშნავს, რომ აპელანტი ამხანაგობის ხელშეკრულებიდან გასულია.

55. სსკ-ის 938-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთ-ერთი მონაწილის გასვლა იწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ერთ-ერთი მონაწილის გასვლას ერთობლივი საქმიანობის შეუწყვეტლად. ასეთ შემთხვევაში, გამსვლელი მონაწილის წილი ნაწილდება სხვა მონაწილეებს შორის. გამსვლელ მონაწილეს წილის კომპენსაცია მიეცემა ფულადი სახით. ამასთან, მხედველობაში მიიღება გასვლის დროისათვის შეუსრულებელი გარიგებები. თუ გასვლის მომენტისათვის საერთო ქონება ვეღარ ფარავს საერთო ვალებს, გამსვლელი ვალდებულია დანარჩენ მონაწილეებს გადაუხადოს თავისი წილის შესაბამისი თანხა. გამსვლელის ვალდებულება გასვლის მომენტში არსებული კრედიტორების წინაშე უცვლელია. აღნიშნული სპეციალური ნორმაა, რომელიც ამხანაგობიდან გასული წევრისათვის კომპენსაციის გადახდის წესს განსაზღვრავს და დავის გადასაწყვეტად სწორედ იგი უნდა იქნას გამოყენებული.

56. ზემოთმითითებულ ნორმათა საფუძველზე, ამხანაგობიდან გასვლისას მოსარჩელეს უნდა მიეღო მის მიერ განხორციელებული შესატანის შესაბამისი წილის კომპენსაცია.

57. ნორმისაგან გასხვავებული წესი და შეზღუდვა ხელშეკრულებით დადგენილი არ ყოფილა, თუმცა, რომც ყოფილიყო, სსკ-ის 938-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბათილი იქნებოდა.

58. სსკ-ის 938-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით ამხანაგობიდან გასული ან გარიცხული მონაწილისათვის გასაცემი კომპენსაცია იანგარიშება შემდეგნაირად:

59. თავდაპირველად, უნდა შეფასდეს გარიცხვის მომენტისათვის არსებული ამხანაგობის აქტივები; ამას უნდა გამოაკლდეს გარიცხვის მომენტისათვის არსებული ვალდებულებები; ამის შედეგად მიიღება გასანაწილებელი ქონების ღირებულება; გასანაწილებელ ქონებაში გამოთვლილი უნდა იქნას გასული მონაწილის წილი. ეს წილი კი იანგარიშება ხელშეკრულების თანახმად საერთო ქონებაში მოსარჩელის მიერ მისაღები ქონების წილობრივი შეფარდებით გასანაწილებელი ქონების ღირებულებასთან. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აპელანტმა ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და შესატანი სრულად არ შეიტანა.

60. ამ შემთხვევაში, აპელანტს შეიძლება ეკუთვნოდეს წილის ღირებულების ანაზღაურება ფაქტობრივად განხორციელებული შენატანის ოდენობით.

61. ამ სამუშაოს, ანუ მის მიერ განხორციელებული შენატანის ღირებულების შეფასება კი შესაძლებელია იდენტური სამუშაოს შესრულებისათვის ბაზარზე არსებული საშუალო ანაზღაურების პროპორციულად.

62. ამ მსჯელობის შესაბამისად, აპელანტის შენატანი ამხანაგობაში შეიძლება 15 078 ლარით განისაზღვროს. თუმცა, შპს ბ--ის აუდიტორული დასკვნის თანახმად, მოსარჩელის გასვლის მომენტისათვის ამხანაგობის აქტივების ღირებულება შეადგენდა 1 345 580 ლარს, ხოლო ვალდებულებები - 1 362 409,5 ლარს. ამის შესაბამისად, ამ დროისათვის ამხანაგობის ვალდებულებები მის აქტივებს აჭარბებდა და მას გასანაწილებელი ქონება არ გააჩნდა. ეს კი ნიშნავს, რომ აპელანტს წილის კომპენსაცია არ ეკუთვნოდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული ვითარება შეიქმნა, სწორედ, მოსარჩელის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ამხანაგობის საქმეთა არაჯეროვანი მართვის გამო.

63. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს და მოსაზრებებს:

64. კასატორი მიიჩნევს, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ ამხანაგობაში ფულადი სახის შენატანები მხოლოდ ერთ-ერთმა მოპასუხემ განახორციელა და კასატორს არავითარი შენატანი არ განუხორციელებია. სასამართლოს დასაბუთება იმგვარია, რომ სალაროს შემოსავლის ორდერში შესაბამის გრაფაში (დანიშნულებაში) არ არის მითითებული შენატანის განხორციელების თაობაზე და მითითებულია მხოლოდ „შემოსავლები ეროვნული ვალუტის გაყიდვის გზით“. კასატორი მიუთითებს, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში ნაღდი ანგარიშსწორების წესით ფულადი თანხის შეტანა/გამოტანა - ბრუნვა ხდება საკასო ოპერაციების წარმოების წესის შესაბამისად, სალაროს შემოსავლის ორდერი არის მკაცრი აღრიცხვის ფინანსური დოკუმენტი, რომლის ფორმაც დამტკიცებულია ფინანსთა სამინისტროს (შემოსავლების სამსახურის) მიერ და ნიშნავს ნაღდი ანგარიშსწორების წესით თანხის შეტანას ნებისმიერ ორგანიზაციაში ან/და საწარმოში. ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ფორმაში (შემოსავლის ორდერში) მითითებულია შემდეგი რეკვიზიტები: ნაღდი ანგარიშსწორების წესით ფულადი თანხის შეტანის თარიღი, შემტანის (გადამხდელის) მაიდენტიფიცირებელი რეკვიზიტები (შემტანი ორგანიზაციის - სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი; ან შემტანი ფიზიკური პირის - სახელი, გვარი და პირადი ნომერი), მიმღები ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, ფულადი თანხის ვალუტა, ოდენობა და თუ შენატანი განხორციელებულია უცხოურ ვალუტაში, მისი ექვივალენტი ლარის ოდენობა და გაცვლითი კურსი; ხოლო თუ შენატანი განხორციელებულია ლარში და ორგანიზაციის ბალანსზე უნდა აისახოს უცხოურ ვალუტაში, მაშინ აუცილებელი წესით დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს, რომ ერთ შემთხვევაში „შემოსავლები მიღებულია ვალუტის გაყიდვის/კონვერტაციის გზით“, ხოლო მეორე შემთხვევაში „შემოსავლები მიღებულია ეროვნული ვალუტის გაყიდვის/კონვერტაციის გზით“. ასევე, აუცილებელი წესით უნდა იყოს შემტანი პირის ხელმოწერა და მიმღები ორგანიზაციის ხელმოწერა, რაც განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა განახორციელა და ეს ფაქტი ზემოაღნიშნულ რეკვიზიტებთან ერთად დასტურდება შემოსავლის ორდერითა და მისი და მიმღები ორგანიზაციის ხელმოწერით. კასატორი მიუთითებს, რომ სალაროს შემოსავლის ორდერით ხდება მხოლოდ ორგანიზაციაში ნაღდი ფულადი თანხის შეტანა და არა მისი გამოტანა, მესამე პირებზე გაცემა, ან/და მათზე ანგარიშსწორება. ასეთი საკასო ოპერაციები ხდება გასავლის ორდერით, როცა ადგილი აქვს ნაღდი ანგარიშსწორების წესით თანხის მესამე პირებზე გაცემას, რომელიც ასევე მკაცრი აღრიცხვის ფინანსური დოკუმენტია და მისი ფორმაც ასევე დამტკიცებულია ფინანსთა სამინისტროს მიერ, სადაც (ინფორმაციულად) მითითებულია თითქმის ყველა რეკვიზიტები და მონაცემები, რაც შემოსავლის ორდერში, იმ განსხვავებით, რომ შემტანის ნაცვლად მითითებულია გამცემი ორგანიზაციის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მიმღები პირის რეკვიზიტები და მონაცემები. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ასეთი დოკუმენტის წარმოებას.

65. კასატორი განმარტავს, რომ ანგარიშზე ნაღდი ანგარიშსწორების წესით თანხის შეტანა ხდება საგადასახადო დავალების საფუძველზე, რომლის ფორმაც ასევე მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია და დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, კი კასატორის მიერ შენატანის განხორციელება დასტურდება საგადახდო დავალებით, შემტანისა და მისი მიმღები ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საბანკო ოპერაციის წარმოების დროს შესაძლებელია მიეთითოს აღნიშნული ოპერაციის დანიშნულება, თუმცა, ამის მიუთითებლობა არ ნიშნავს, რომ თანხის შეტანა შემოსავლის ორდერით არ შეტანილა ან გასავლის ორდერით არ გაცემულა ან საგადახდო დავალებით არ განხორციელებულა საბანკო ოპერაცია. შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი თვლის, რომ სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები არ შეაფასა სსსკ-ის 102 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

66. კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ კასატორმა მესაკუთრეებისათვის ბინის ქირის საფასური ამხანაგობის სახელით გადაიხადა, ვინაიდან ამხანაგობის თავმჯდომარე მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ამხანაგობას. ამის საწინააღმდეგოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ ამხანაგობის სახელით მისი თავმჯდომარე მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როდესაც მხოლოდ ამხანაგობის სახელით ახორციელებს რაიმე მოქმედებას, რასაც განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან კასატორი მოქმედებდა როგორც ფიზიკური პირი და არა ამხანაგობის სახელით. ეს ფაქტი დასტურდება შესაბამისი მოქმედებებით, როგორიცაა კასატორის მიერ გადასახდების და შენატანების თავისი სახელით ამხანაგობის სასარგებლოდ და მის წინაშე ვალდებულების შესრულების განხორციელება. კასატორი დამატებით განმარტავს, რომ სადავოა იმ ფაქტის სამართლებრივი შეფასება, წარმოადგენდნენ თუ არა ბინის ქირის მიმღები პირები მესამე პირებს, ვინაიდან, ისინი უშუალოდ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილე მხარეები არიან.

67. კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებისას აპელირებს კასატორის მიერ შენატანის სახით გადახდილი თანხების წარმომავლობაზე, რაც მისი კვლევის საგანი არაა და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მოცემულ დავაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შენატანის განმახორციელებელი პირის ვინაობის დადგენა, რაც შესაძლებელია მხოლოდ ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე.

68. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორციაა ერთობლიობის შესახებ ამხანაგობის ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ გაკეთებული დათქმა შენატანების თაობაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე და ერთ-ერთი მოპასუხე ამხანაგობის წინაშე სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ, რადგან შენატანის ფორმა იყო ფულადი, ქონებრივი და არამატერილაური ქონებრივი სიკეთის სახით. ფულადი ვალდებულების ოდენობა განისაზღვრა 400 000 ლარით, მაგრამ არ განსაზღვრულა თუ კონკრეტულად რომელ მხარეს შეეტანა და რა ოდენობით. კასატორი აღნიშნავს რომ თუ ერთ-ერთი მოპასუხის მიერ იქნებოდა სრულად შესრულებული შენატანის შესახებ ნაკისრი ვალდებულება სსკ-ის 463-ე, 464-ე, 467-ე და 935-ე მუხლები მიხედვით, ამხანაგობის წინაშე ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად იქნებოდა შესრულებული.

69. შესაბამისად, ამხანაგობას არ ჰქონდა უფლება მოეშალა ხელშეკრულება მასთან. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს არ გამოიხატავს ნება ამხანაგობიდან გასვლის შესახებ. შესაბამისად, ამ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება სსკ-ის 938-ე მუხლი. კასატორს მიაჩნია, რომ როდესაც მხარის ნების გარეშე ხდება ხელშეკრულების მოშლა მაშინ რელევანტურის სსკ-ის 405-ე და 352-ე მუხლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

70. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

71. მოცემულ შემთხვევაში, დავა წარმოშობილია ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის ხელშეკრულებიდან {სსკ-ის 930-ე მუხლი]. კასატორი სადავოდ ხდის ამხანაგობიდან მისი გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას და მაშასადამე, მასთან ხელშეკრულების მოშლის მართლზომიერებასაც. აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს ამ განჩინების პ-28-ში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით 2011 წლის 19 აპრილს გაიმართა ამხანაგობის მორიგი კრება, რომელზედაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება თავმჯდომარის ამხანაგობის წევრობიდან გარიცხვის შესახებ. მისი ამხანაგობიდან გარიცხვის მიზეზად კი, მითითებული იქნა ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ ამხანაგობაში ფულადი შენატანის განუხორციელებლობა. დადგენილია, რომ კასატორს კრების ოქმი არ გაუსაჩივრებია, პირიქით იგი დაეთანხმა მის იურიდიულ შედეგს და წინამდებარე სარჩელით მოითხოვა მის მიერ ამხანაგობაში განხორციელებული ფულადი შენატანის უკან დაბრუნება.

72. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას (ამ განჩინების პპ-52-54) იმის თაობაზე, რომ სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ არის გარიგება. ამხანაგობის წევრთა გადაწყვეტილება ამხანაგობიდან ერთ-ერთი მონაწილის გარიცხვის შესახებ, არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისაკენ, ამიტომ ეს გადაწყვეტილება გარიგებაა და რადგან იგი აპელანტს მიუვიდა, სსკ-ის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნამდვილია. პალატამ მიიჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით ამხანაგობის წევრებმა, ამხანაგობის საქმიანობის შეუწყვეტლად, მოშალეს დადებული ხელშეკრულება, უდავოა, რომ ამხანაგობის წევრთა ამ გადაწყვეტილებას აპელანტი არ შეცილებია. მეტიც, ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულის დაბრუნებაც კი მოითხოვა. ეს კი ნიშნავს, რომ აპელანტი ამხანაგობის ხელშეკრულებიდან გასულია.

73. კასატორი სადავოდ ხდის ამხანაგობაში მისი ფულადი შენატანის უკან დაბრუნებას და ამ ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას. აქედან გამომდინარე, დავის გადაწყვეტის საკვანძო საკითხი იმაში მდგომარეობს წარმოშობილია თუ ფულადი შენატანის უკან დაბრუნების საფუძველი. სარჩელის უარყოფის თაობაზე გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმ გარემოებას ემყარება, რომ მოსარჩელეს ამხანაგობაში ფულადი შენატანი არ განუხორციელებია, რაც იმავდროულად, საფუძლად დაედო ამხანაგობიდან მის გარიცხვას (ამ განჩინების პ- 70-71). ამ თვალსაზრისით საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია ფაქტობრივი გარემოების არასწორად დადგენის ნაწილში [სსსკ-ოს 393.2]. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარის მხრიდან შენატანის განუხორციელებლობის ფაქტი.

74. კასატორი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კი კასატორის მიერ შენატანის განხორციელება დასტურდება საგადახდო დავალებით, შემტანისა და მისი მიმღები ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებისას აპელირებს კასატორის მიერ შენატანის სახით გადახდილი თანხების წარმომავლობაზე, რაც მისი კვლევის საგანი არაა და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მოცემულ დავაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შენატანის განმახორციელებელი პირის ვინაობის დადგენა, რაც შესაძლებელია მხოლოდ ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე.

75. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

76. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის 6-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

77. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

78. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

79. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. „მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა.“

80. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ამოსავალი წერტილია და იგი დიდი გავლენას ახდენს, ყოველი პირისათვის გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს პრინციპის განხორციელებაზე. დამტკიცების ტვირთის დაკისრება საქმეში მონაწილე ერთ რომელიმე პირზე არ იქნებოდა მიზანშეწონილი არც ფაქტების დადგენისა და არ სამართლიანობის თვალსაზრისით. ეს პროცესში თანასწორობის პრინციპის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს.

81. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგადი წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში. აღნიშნული მუხლი შეიცავს ზოგად დანაწესს მტკიცების ტვირთის განაწილებაზე.

82. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეებს შორის სწორად გაანაწილა ამხანაგობის წინაშე შესასრულებელი ვალდებულების - თანხის შეტანის მტკიცების ტვირთი. ამ ნაწილში, კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. მისი პრეტენზია იმ გარემოებას ემყარება, რომლითაც სასამართლომ დადაგენილად მიიჩნია, რომ კასატორმა ვერ დაადასტურა ამ ვალდებულების შესრულება - თავისი წილი შენატანის შეტანის ვალდებულების შესრულება.

83. მართალია განსახილველ შემთხვევაში, კასატორი აღნიშნავს, რომ დანიშნულების გრაფაში თანხის გადარიცხვის მიზნობრიობის მიუთითებლობა არ შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა მისი მხრიდან თავისი სახელით თანხის შეუტანლობის შესახებ გარემოების დადასტურებულად მიჩნევას, თუმცა საგულისხმოა, რომ მხოლოდ ეს არგუმენტი არ გამხდარა სარჩელის უარყოფის ფაქტობრივი საფუძველი.

84. უდავოდ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ამხანაგობის შექმნის დღიდან 2010 წლის 24 მაისამდე მის საქმეებს მოსარჩელე მართავდა. ამ ვითარებაში, იგი განკარგავდა ამხანაგობის ფინანსებს - იხდიდა სხვადასხვა სახის გადასახდელებს, შეჰქონდა და გაჰქონდა თანხა ანგარიშიდან და ა.შ. დადგენილია ისიც, რომ ფიზიკურად, თანხა ამხანაგობაში ერთ-ერთმა მოპასუხემ შეიტანა და მოსარჩელის მიერ დახარჯული ან ანგარიშზე შეტანილი თანხის ჯამი ერთ-ერთი მოპასუხის მიერ ამხანაგობაში შეტანილი თანხის ჯამს არ აღემატება. მტკიცება იმისა, რომ ამხანაგობის სახელით დახარჯული ან ამხანაგობის ანგარიშზე შეტანილი თანხა, სწორედ მოსარჩელის შესატანის ნაწილი იყო, მოსარჩელეს ეკისრებოდა. ამ პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

85. კასატორის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი შპს „ე--ის“ დასკვნა არ იყო რელევანტური შენატანის შეტანის ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოების მტკიცებისათვის (იხ., ამ განჩინების პპ- 40, 41).

86. ის, რომ აპელანტს ამხანაგობაში ფული არ შეუტანია, დასტურდებოდა თავად აპელანტის განმარტებებითაც. მაგ. ერთ-ერთი მოპასუხის სახელზე შედგენილ წერილში აპელანტი აღნიშნავდა: „მშენებლობის ინვესტორი ბრძანდებოდით და ეს ვალდებულება ამხანაგობის წინაშე იკისრეთ თქვენ და კარგად იცით, რომ მე არასოდეს ამიღია თავზე მშენებლობის ინვესტირების ინიციატივა, მე რომ დაფინანსების მოძიება შემძლებოდა, ამისათვის ამ ამხანაგობაში თქვენი მოწვევა საჭირო აღარ იქნებოდა”; „ვიმეორებ, მე ასეთი ვალდებულება არსად არ მიკისრია, მშენებლობის დაფინანსება თქვენი ვალდებულება იყო”. ამხანაგობის 2011 წლის 19 აპრილის კრებაზე კასატორმა განაცხადა: „ხელშეკრულებით განისაზღვრა ის, რომ 400000 ლარი უნდა შემოტანილიყო, სულ შემოვიდა დაახლოებით 289000 აშშ დოლარამდე”; “ეს თანხა გადმომცა დ ვ--- და მე შევიტანე ამხანაგობის ანგარიშზე”; თანხა „რა თქმა უნდა იყო დ- ვ-ის საკუთრება”. იგივე გაიმეორა კასატორმა 2013 წლის 12 ივნისის წერილში. კერძოდ, აქ აღნიშნულია: “მე ვეწეოდი ორგანიზაციულ საქმიანობას, ხოლო თქვენ პერიოდულად ამ მიზნით ამხანაგობაში შემოგქონდათ შესაბამისი, თქვენს მიერ ნაკისრი თანხები”; “ამხანაგობის ყველა წევრმა იცოდა, რომ მე არ მევალებოდა ფულადი სახსრების მოზიდვა”. ყველა ჩამოთვლილი მტკიცებულება სასამართლოს წარუდგინა თავად აპელანტმა.

87. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შემოწმდა სსკ-ის 938-ე მუხლის დანაწესთან: „ერთ-ერთი მონაწილის გასვლა იწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ერთ-ერთი მონაწილის გასვლას ერთობლივი საქმიანობის შეუწყვეტლად. ასეთ შემთხვევაში, გამსვლელი მონაწილის წილი ნაწილდება სხვა მონაწილეებს შორის. გამსვლელ მონაწილეს წილის კომპენსაცია მიეცემა ფულადი სახით. ამასთან, მხედველობაში მიიღება გასვლის დროისათვის შეუსრულებელი გარიგებები. თუ გასვლის მომენტისათვის საერთო ქონება ვეღარ ფარავს საერთო ვალებს, გამსვლელი ვალდებულია დანარჩენ მონაწილეებს გადაუხადოს თავისი წილის შესაბამისი თანხა. გამსვლელის ვალდებულება გასვლის მომენტში არსებული კრედიტორების წინაშე უცვლელია“.

88. ერთ-ერთ საქმეში (შდრ: სუსგ Nას-195-183-2014, 21 ოქტომბერი, 2016 წელი), რომელშიც სადავო იყო მეწარმე სუბიექტის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლა და ე.წ. რესტიტუციის გზით, გადაცემულის უკან დაბრუნება, საკასაციო პალატამ იმსჯელა ხელშეკრულებიდან გასვლისა და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგის ნორმატიული რეგულირების თავისებურებებზე. დასახელბულ შემთხვევაში, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის ხელშეკრულება მართალია უშვებდა მონაწილის უფლებას გასვლაზე, თუმცა, მხოლოდ ეს გარემოება არ იყო საკმარისი მოსარჩელის ინტერესის მისაღწევად, რადგანაც სარჩელი არ შეიცავდა მითითებას იმ წინაპირობებზე, რომელსაც ხელშეკრულებიდან გამსვლელ მხარეს უდგენდა კანონი, სახელდობრ, რას შეადგენდა გამსვლელი მონაწილის წილი (რომელიც უნდა განაწილებულიყო სხვა მონაწილეებს შორის და გამსვლელ მონაწილეს მისცემოდა წილის კომპენსაცია); არსებობდა თუ არა გასვლის დროისათვის შეუსრულებელი გარიგებები და სხ. იმგვარი საკითხები, რომელსაც აქტუალობას ის გარემოებაც სძენდა, რომ მეწარმე სუბიექტის, როგორც წევრის შენატანი განხორციელებული იყო როგორც ფულადი სახით ისე, ნატურით. წილის ღირებულება და კომპენსაციის ოდენობა კი, დამატებით მტკიცებას საჭიროებდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მეწარმე სუბიექტი თვითონაც წარმოადგენდა ამხანაგობის წევრს და მაშასადამე, იმგვარი ვითარება იქმნებოდა, რომ იგი ანაზღაურებას მოითხოვდა ამხანაგობისა და მისი დანარჩენი წევრებისაგან.

89. განსახილველ დავაშიც, მოსარჩელის მოთხოვნა შენატანის უკუგებისკენაა მიმართული, თუმცა, როგორც ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან იკვეთება მოსარჩელემ ვერ დაადასტურა რომ მას განხორციელებული ჰქონდა ამხანაგობაში ფულადი შენატანი, რაც საფუძვლად დაედო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

90. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

91. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. საკასაციო პალატას არაერთ საქმეში აქვს ნამსჯელი ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობა) ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად უკუგებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის პასუხისმგებლობის ფორმასა და სამართლებრივ საფუძველზე.

92. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

93. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ-გ--ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ჯ- გ-ეს უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 13 თებერვალს საგადახადო დავალება N2 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (3500 ლარი) და 2018 წლის 05 თებერვალს საგადახადო დავალება N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (2500 ლარი) 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე