Facebook Twitter

საქმე №ას-218-218-2018 23 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „თ--ა - 1“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ- ყ-ვილი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება და ამავე სასამართლოს ამავე თარიღის განჩინება მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის შესახებ.

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ- ყ-–ვილმა (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა შპს „თ--ა - 1“-ის (შემდეგში: მოპასუხე საზოგადოება ან მოპასუხე) წინააღმდეგ და მოითხოვა 129 700 აშშ დოლარის გადახდა.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 2014 წლის ზაფხულამდე, მხარეებს შორის მიმდინარეობდა ზეპირი მოლაპარაკება უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) შეძენაზე. მოლაპარაკებების წარმოების მანძილზე ნაღდი ანგარიშსწორებით რამდენჯერმე იქნა გადახდილი თანხა მოპასუხე საზოგადოებისათვის. თანხის მთლიანობაში გადახდილმა ოდენობამ შეადგინა 129 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის არ დაიდო გარიგება, რომლისთვისაც იქნა გადახდილი მითითებული თანხა, სადავო თანხა უსაფუძვლოდ გამდიდრების წესებიდან გამომდინარე უკან უნდა დაბრუნდეს.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელით მოთხოვნილი თანხიდან დაეკისრა 129 700 აშშ დოლარი.

5. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 16 ოქტომბრის ხელწერილის შედგენის მომენტისათვის მოპასუხის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, როგორც კომპანიის დირექტორი, ახორციელებდა მ-- კ--ი (შემდეგში: მოპასუხე საზოგადოების დირექტორი ან დირექტორი).

6. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, მოწმის ჩვენებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის ხელწერილი ადასტურებდა დირექტორის, როგორც მოპასუხე საზოგადოების სახელით მოქმედი პირის მიერ მოსარჩელისაგან 129 700 აშშ დოლარის ოდენობით თანხის მიღების ფაქტს.

7. მოპასუხე საზოგადოების დირექტორმა დაკითხვის დროს უარყო ხელწერილში მითითებული თანხის მიღება საზოგადოების სახელით. მან აღნიშნა, რომ მოსარჩელისაგან სხვადასხვა დროს გარკვეულ თანხას იღებდა, როგორც ფიზიკური პირი. მიუხედავად ამისა, მოწმემ ვერ შეძლო მიღებული თანხის მიზნობრიობის დასახელება და ვერც იმის ახსნა, თუ რატომ მოაწერა ხელწერილს ხელი საზოგადოების სახელით ან/და რატომ იქნა დამოწმებული ეს ხელწერილი საზოგადოების ბეჭდით (2016 წლის 16 მაისის სხდომის ოქმი 10:17:19).

8. იმავდროულად, მხარეთა ახსნა-განმარტებებით ირკვეოდა, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მოპასუხე საზოგადოების ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე გარკვეულ საქმიან ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე საზოგადოებასთან და მისი ქონების შესაძენად გაღებული ჰქონდა გარკვეული თანხა (იხ. სხდომის ოქმი 2016.16.05. 10:35:29-დან 10:39:20). ასევე მხარეთა პოზიციების მოსმენის შედეგად გაირკვა, რომ საბოლოოდ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ დაიდო.

9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის ხელწერილით დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მოპასუხე საზოგადოებისაგან სხვადასხვა დროს საზოგადოების სასარგებლოდ თანხის გადახდა. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საშუალებას საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, იძლეოდა ხელწერილის შინაარსი, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ თანხა მიღებულია მოპასუხე საზოგადოებასთან ანგარიშსწორებისათვის; ხელწერილს ხელს აწერდა მოპასუხე საზოგადოების დირექტორი და დამოწმებული იყო ამავე კომპანიის ბეჭდით.

10. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული ხელწერილის შინაარსი და მასში მითითებული იურიდიული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები - წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, მისი ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი - საკმარისი მონაცემები იყო იმისათვის, რომ მოპასუხე საზოგადოება მიჩნეული ყოფილიყო ხელწერილში მითითებული თანხის მიმღებ პირად.

11. გარდა ამისა, სასამართლომ ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით, რომლის ანგარიშსწორებისთვისაც მოპასუხე საზოგადოებისათვის მოსარჩელის მიერ საერთო ჯამში გადახდილი იქნა 129 700 აშშ დოლარი, ხოლო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა.

12. საქალაქო სასამართლომ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგში: სსკ-ის) 976-ე მუხლით [დისპოზიცია: პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა].

13. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით, რომლის ანგარიშსწორებისთვისაც მოპასუხე საზოგადოებისათვის მოსარჩელის მიერ საერთო ჯამში გადახდილი იქნა 129 700 აშშ დოლარი. ასევე დადგენილი იქნა, რომ მოდავე მხარეებს შორის უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება არ დადებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სსკ-ის 976-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა. კერძოდ, არ არსებული გარიგების საფუძველზე გადახდილი თანხით მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება მოსარჩელის ხარჯზე, რაც უსაფუძვლოდ მიღებული თანხის უკან დაბრუნების საფუძველს წარმოადგენდა

14. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით წარდგენილი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი უარყოფილი იქნა.

15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ამ განჩინების პპ: 5-11.

16. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით, რომლის ანგარიშსწორებისათვისაც მოპასუხე საზოგადოებისათვის მოსარჩელის მიერ ჯამში გადახდილი იქნა 129 700 აშშ დოლარი. დადგენილი იქნა, რომ გარიგება არ დადებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოშობილი იყო სსკ-ის 976-ე მუხლის წინაპირობები, რაც მოსარჩელის ხარჯზე მოპასუხე საზოგადოების უსაფუძვლო გამდიდრებაში მდგომარეობდა და მოსარჩელეს თანხის უკან მოთხოვნის უფლებას წარმოუშობდა.

17. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს-ს მართვის ორგანოებს წარმოადგენდა პარტნიორები, როგორც საზოგადოების ნების ჩამოყალიბებლი ორგანო და ხელმძღვანელი (დირექტორი), როგორც მმართველობითი ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობდა საზოგადოების საქმეებს და წარმოადგენდა საზოგადოებას მე-3 პირებთან ურთიერთობაში. დირექტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიზარებს მესამე პირებთან ურთიერთობებში საზოგადოების სახელით გარიგებების დადებას, მათ შორის, მოლაპარაკებების წარმოების უფლებამოსილებასაც. აღნიშნული უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს საზოგადოების წესდებით.

18. აპელანტის მოსაზრებით, დირექტორს უფლება არ ჰქონდა საზოგადოების სახელით ეწარმოებინა მოლაპარაკებები უძრავი ქონების გასხვისების თაობაზე პარტნიორთა კრების შესაბამისი თანხმობის გარეშე.

19. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის ზემოთმითითებული მოსაზრება და აღნიშნა, რომ წესდებით დაწესებული დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის ფარგლების დარღვევისას, იმგვარ ვითრებაში, როდესაც ამგვარი შეზღუდვა არ იყო დარეგისტრიორებული სამეწარმეო რეესტრში, წარმოადგენდა არა მესამე პირთა მიმართ საზოგადოების პასუხისმგებლობის გამორიცხვის, არამედ საზოგადოების წინაშე დირექტორის შიდა კორპორაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ. იმავდროულად კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებას მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის შესახებ, სახელდობრ, მოპასუხე საზოგადოების წესდების, სამეწარმეო საზოგადოების ამონაწერის და აუდიტორული კომპანიის 2017 წლის 1 დეკემბრის წერილის.

21. კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, კერძოდ, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა დროს გადახდილია თანხა, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. მოწმედ დაკითხულმა საზოგადოების ყოფილმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მან ეს თანხა აიღო როგორც ფიზიკურმა პირმა და მისი გამოყენება მოხდა როგორც მისი, ასევე, მოსარჩელის მიზნებისათვის. მან ასევე დაადასტურა, რომ შპს-ს აღნიშნულთან დაკავშირებით თანხა არ მიუღია.

22. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ უძრავი ქონების შეძენის თაობაზე მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება და შპს-ს მოსარჩელემ ჯამში გადაუხადა 129 700 აშშ დოლარი, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა. კასატორი განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საქმის მასალებით არ დგინდება. თუმცა, თუ ჩავთვლით, რომ თანხა გადახდილი იქნა მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დირექტორი, საზოგადოების წესდების 8.13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ იყო უფლებამოსილი პირი აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკება ეწარმოებინა და უძრავი ნივთის გასხვისებასთან დაკავშირებით მოქმედება განეხორციელებინა. კასატორი მიუთითებს სსკ-ის 113-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს პარტნიორთა კრების თანხმობა უძრავი ნივთის გასხვისებასთან დაკავშირებით და დირექტორის მიერ მოლაპარაკების წარმოება და თანხის მიღება სცდება საზოგადოების წარმომადგენლის უფლებამოსილებას, რის გამოც, პასუხისმგებლობა ეკისრება ყოფილ დირექტორს, როგორც ფიზიკურ პირს. კასატორის განმარტებით, საზოგადოების დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე ცნობილი იყო მეორე მხარისათვის, ვინაიდან, შპს-ს წესდება რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და ხელმისაწვდომია ყველასათვის. აღნიშნულის თაობაზე მიუთითებს სასამართლოს დადგენილი პრაქტიკაც, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სამეწარმეო სუბიექტის წესდებით დაწესებული შეზღუდვა გავლენას არ ახდენს გარიგების ნამდვილობაზე იმ შემთხვევაში თუ იგი რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში ან თუ ამგვარი შეზღუდვის არსებობა ცნობილი იყო სადავო გარიგების ხელშემკვრელი მხარისათვის [სუსგ №ას-252-240-2016, 2016 წლის 10 ივნისი].

23. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს განმარტებით, იგი ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისას დაეფუძნა მოსარჩელის, მოპასუხისა და მოწმის ახსნა-განმარტებასა და ხელწერილს. აღნიშნულს არ იზიარებს კასატორი და განმარტავს, რომ არც მოპასუხეს და არც მოწმეს არ უღიარებია საზოგადოების სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ 129 700 აშშ დოლარის გადახდა, არამედ, მოწმემ დაადასტურა შპს-ის წილის გასხვისების თაობაზე მოლაპარაკებების არსებობის ფაქტი, სადაც მოლაპარაკების მხარეების იყვნენ მოსარჩელე და საზოგადოების წილის მფლობელი ტ- ე–ვილი და არა შპს. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ დასახელებული თანხები შესაძლოა გადახდილი იყო შპს-ის წილის შეძენის მიზნით, ამ წილის მფლობელის და არა საზოგადოების სასარგებლოდ, ვინაიდან, შემდგომში სასამართლო დავები სწორედ ამ ნასესხები თანხის თაობაზე მიმდინარეობდა და დღემდე გრძელდება მოსარჩელესა და ტ- ე–ვილს შორის.

24. კასატორი განმარტავს, რომ 2017 წლის 01 დეკემბერს შპს-ს გადმოეგზავნა აუდიტორული კომპანია „ა- პ-ის“ წერილი, საზოგადოების ყოფილი დირექტორის მიერ ხელწერილში აღნიშნული ფულადი ვალდებულებების მოპასუხე საზოგადოების საგადასახადო-საბუღალტრო დოკუმენტაციასთან შედარების თაობაზე. დასახელებულ წერილში მითითებულია, რომ შემოწმდა კომპანიის სალარო აპარატის ფისკალური ჩანაწერები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, სხვადასხვა დოკუმენტაცია და სააღრიცხვო ჩანაწერები, ასევე, 2013 წლის 21 დეკემბერს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი, რომელიც ნაწილობრივ მოიცავდა ზემოაღნიშნული ხელწერილის პერიოდს - 2013 წლიდან 2014 წლის 16 ოქტომბრამდე. კასატორი აღნიშნავს, რომ 2013 წლის 14 ნოემბერს კომპანიაში დაიწყო საგადასახადო შემოწმება, რომელსაც დაექვემდებარა 2008-2013 წლებიც. დასკვნის სახით დადგინდა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ დასახელებული თანხების მოძრაობა არსებულ დოკუმენტაციაში არ დადასტურდა, რის გამოც, მისი მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

25. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებების მიღებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებასაც. ამ თვალსაზრისით, კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან, საქმე ეხებოდა საქმეზე საზოგადოების წესდების დართვას, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია. შესაბამისად, ეს იყო არა ახალი გარემოება, არამედ დაზუსტება იმისა, რომ დირექტორი არ იყო უფლებამოსილი პირი. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ სასამართლოს აღნიშნული დოკუმენტის დართვისას არ უნდა ეხელმძღვანელა ფორმალური თვალსაზრისით. ასევე, „ა-პ-ის“ წერილის საქმის მასალებში დართვაზე უარის თქმა კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია, რადგან მისი მომზადება 2017 წლის 01 დეკემბერს მოხდა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2016 წლის 25 მაისს იქნა მიღებული, რის გამოც შეუძლებელი იყო ამ მტკიცებულების წარდგენა საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის დროს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

19. საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი როგორც ფაქტის, ისე სამართლის ნაწილში.

20. კასატორი არ ეთანხმება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ უძრავი ქონების შეძენის თაობაზე მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და შპს-ს მოსარჩელემ ჯამში გადაუხადა 129 700 აშშ დოლარი, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა.

21. კასატორი განმარტავს, რომ დირექტორი, საზოგადოების წესდების 8.13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ იყო უფლებამოსილი ეწარმოებინა მოლაპარაკება უძრავი ნივთის გასხვისებასთან დაკავშირებით და განეხორციელებინა მოქმედება. ამგვარად, დირექტორის მიერ მოლაპარაკების წარმოება და თანხის მიღება სცდება საზოგადოების წარმომადგენლის უფლებამოსილებას, რის გამოც, პასუხი უნდა აგოს არა საზოგადოებამ, არამედ დირექტორმა, როგორც ფიზიკურმა პირმა. კასატორის განმარტებით, საზოგადოების დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე ცნობილი იყო მეორე მხარისათვის, ვინაიდან, შპს-ს წესდება რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და ხელმისაწვდომია ყველასათვის.

26. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების (ამ განჩინების პპ: 5-11) მიმართ წარმოდგენილ კასატორის პრეტენზიას არ გააჩნია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი.

27. პირველ რიგში, საკასაციო პალატა მიუთითებს 2014 წლის ხელწერილზე, რომლითაც დადასტურებულად იქნა მიჩნეული მოპასუხე საზოგადოების დირექტორის, როგორც მოპასუხე საზოგადოების სახელით მოქმედი პირის მიერ მოსარჩელისაგან 129 700 აშშ დოლარის მიღების ფაქტი.

28. მართალია ამ გარემოებას კასატორი სადავოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ როგორც მოწმედ დაკითხულმა საზოგადოების ყოფილმა დირექტორმა აღნიშნა სადავო თანხა აიღო როგორც ფიზიკურმა პირმა და გამოიყენა მისი და მოსარჩელის მიზნებისათვის. თუმცა, საკასაციო პალატა აღნიშნულს არ იზიარებს და მიუთითებს, რომ საზოგადოების ყოფილმა დირექტორმა სარწმუნოდ ვერ მიუთითა მიღებული თანხის მიზნობრიობაზე და ვერც ის ახსნა, თუ რატომ მოაწერა ხელწერილს ხელი საზოგადოების სახელით ან/და რატომ იქნა დამოწმებული ეს ხელწერილი საზოგადოების ბეჭდით (იხ., პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის სხდომის ოქმი 10:17:19). პირიქით, ხელწერილის შინაარსი პირდაპირ მიუთითებდა, რომ თანხა მიღებულ იქნა მოპასუხე საზოგადოებასთან ანგარიშსწორებისათვის.

29. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვასთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეს საქმის მომზადების ეტაპზე არ წარმოუდგენა. შესაბამისად, მასზე, როგორც დაგვიანებით მითითებულ გარემოებაზე, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს. ამ თვალსაზრისით, ნიშანდობლივია სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე, საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული.

30. იმავდროულად, საგულისხმოა, რომ კასატორს უარი ეთქვა საზოგადოების წესდების საქმისათვის დართვაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინებით, რომელიც გასაჩივრებულია წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით.

31. სააპელაციო სასამართლოს დასკვნა საზოგადოების წესდების საქმისათვის დართვაზე უარის თქმის ნაწილში, იმ მოსაზრებას დაეფუძნა, რომ საქმის მომზადების ეტაპზე საზოგადოების წესდების საქმისათვის დართვა მოპასუხისათვის დაბრკოლებას არ წარმოადგენდა. აღნიშნულს საკასაციო პალატა იზიარებს და მიაჩნია, რომ საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნა წესდების დართვაზე უარის თამის ნაწილში მოკლებულია ვარგის საპროცესოსამართლებრივ საფუძველს.

32. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 380-ე მუხლზე, რომლის თანახმად სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა [სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი]. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი გარემოებებით უნდა უარყონ (გააქარწყლონ) მათ წინააღმდეგ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე [შდრ: ახალ გარემოებებზე დაგვიანებით მითითების საპროცესო სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით იხ., №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; საქმე ას№-1493-1413-2017, 26 იანვარი, 2018 წელი].

33. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ წესდებით დაწესებული დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის ფარგლების დარღვევისას, იმგვარ ვითარებაში, როდესაც ამგვარი შეზღუდვის არსებობა არ იყო ცნობილი მე-3 პირთათვის არ გამორიცხავს საზოგადოების პასუხისმგებლობას. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წინამდებარე დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფსება სააპელაციო პალატამ სწორად განახორციელა [სსკ-ის 976-ე მუხლი].

34. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით კი, დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

35. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-360-342-2015, 03 ივნისი, 2015 წელი).

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით, რომლის ანგარიშსწორებისათვისაც მოპასუხე საზოგადოებისათვის მოსარჩელის მიერ ჯამში გადახდილი იქნა 129 700 აშშ დოლარი.

37. დადგენილი იქნა, რომ გარიგება არ დადებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოშობილი იყო სსკ-ის 976-ე მუხლის წინაპირობები, რაც მოსარჩელის ხარჯზე მოპასუხე საზოგადოების უსაფუძვლო გამდიდრებაში მდგომარეობდა და მოსარჩელეს თანხის უკან მოთხოვნის უფლებას წარმოუშობდა.

38. აღსანიშნავია, რომ კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინებას მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის შესახებ, სახელდობრ, მოპასუხე საზოგადოების წესდების, სამეწარმეო საზოგადოების ამონაწერის და აუდიტორული კომპანიის 2017 წლის 1 დეკემბრის წერილის.

39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წესდების დართვაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო პალატამ იმსჯელა ამ განჩინების პპ: 30-32.

40. ხოლო რაც შეეხება საოქმო განჩინებას სამეწარმეო საზოგადოების ამონაწერის საქმისათვის დართვაზე უარის თქმის ნაწილში, აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საზოგადოების წარმომადგენელმა არ დაუჭირა მხარი შუამდგომლობას იხ., თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის საოქმო ჩანაწერი 13:35:20-13:35:52წთ.. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივრის აღნიშნულ მოთხოვნაზე (იხ., საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ს.ფ. 73, ტ.2) საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს.

41. ხოლო რაც შეეხება აუდიტორული კომპანიის 2017 წლის 1 დეკემბრის წერილის დართვაზე უარის თქმის ნაწილში საოქმო განჩინების გაუქმებას, საგულისხმოა, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგზე: მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა 2014 წლის 15 დეკემბერს, რა დროსაც, იშუამდგომლა აუდიტორული შემოწმების დასკვნის წარდგენის გადავადებაზე იმ საფუძვლით, რომ იმ ხანად საზოგადოებაში მიმდინარეობდა აუდიტორული შემოწმება. 2017 წლის 1 დეკემბრის წერილი, რომლის დართვაზე იშუამდგომლა აპელანტმა, შეიცავდა ინფორმაციას ზოგადად იმის შესახებ, თუ რა დოკუმეტები შემოწმდა კომპანიაში და რა პერიოდს მოიცავდა შემოწმება. არ დასტურდებოდა როდის მიმართა მოპასუხე საზოგადოებამ აუდიტორიულ კომპანიას შემოწმებისათვის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 380.2 მუხლით და უარყო შუამდგომლობა.

42. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა დაგვიანებით წარდგენილი მტკიცებულების დაკმაყოფილების გამონაკლისი შემთხვევის არსებობა, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო და ამ მიმართებით ნიშანდობლივია სსსკ-ის 380.2 მუხლის განმარტება, რომელიც მოცემულია ამ განჩინების პ-32.

43. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

44. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ფულადი ვალდებულების შესრულების და ახალ გარემოებებზე მითითების მატერიალურ და პროცესუალურ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილი ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

46. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „თ--ა 1“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „თ--ა 1“-ს უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 26 თებერვალს საგადახდო დავალება N0166 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (8000 ლარი) 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე