Facebook Twitter

საქმე №ას-238-238-2018 30 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ---- ნ----ე (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ქ. თბილისის 147-ე საჯარო სკოლა (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ-- ნ--ე (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე) 2008 წლიდან მუშაობდა სსიპ ქ. თბილისის №147-ე სკოლაში (შემდეგში: დასაქმებული ან მოპასუხე სკოლა) მხარეებს შორის 2014 წლის 15 სექტემბერს გაფორდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ დაიკავა ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 15 სექტემბრამდე. მოსარჩელის ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენდა 449,88 ლარს. აქედან, ხელზე ასაღები თანხა იყო 360 ლარი, ხოლო დანამატის სახით იგი იღებდა 60 ლარს, როგორც სერტიფიცირებული პედაგოგი.

2. მოპასუხე სკოლის დირექტორის 26.11.2014წ №1/კ-125 ბრძანებით (შემდეგში: სადავო ბრძანება), დასაქმებულს გათავისუფლდა ამავე სკოლის ინგლისურის მასწავლებლის თანამდებობიდან 2014 წლის 26 ნოემბრიდან. აღნიშნული ბრძანების ასლი მოსარჩელეს ჩაბარდა, რაც დასტურდება მისი 23.12.2014წ. განცხადებით.

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სადავო ბრძანების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე არსებულ - ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით გაცდენელი დროის ხელფასის ანაზღაურება 2014 წლის 26 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 420 ლარის ოდენობით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელსაც უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ: 1-2 -ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომითი ხელშეკრულების მე-3 მუხლის 1.5 პუნქტზე, რომლის თანახმად, სკოლის შინაგანაწესი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების იმავე მუხლის შესაბამისად, მასწავლებელი ვალდებულია: შეასრულოს საჯარო სკოლის წესდებით, შინაგანაწესით და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები (3.1 პუნქტი); იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები (3.2 პუნქტი); დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი (მე-3 მუხლის 3.10 პუნქტი).

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე სკოლის დირექტორის 2014 წლის 16 ოქტომბრის 1/კ-110 ბრძანებით, ამავე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს - დასაქმებულს მე-93 კლასის მოსწავლის - გ--- ს-ვილის (შემდეგში: სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე) ფიზიკური შეურაცხყოფისათვის გამოეცხადა საყვედური. ბრძანებას საფუძვლად დაედო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2014 წლის 10 ოქტომბრის №2 ოქმი.

9. სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2014 წლის 10 ოქტომბრის №2 ოქმით დგინდება, რომ კომიტეტმა განიხილა 2014 წლის 26 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი და დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხი. სხდომას ესწრებოდნენ: დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე, დისციპლინური კომიტეტის მდივანი და ამავე სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლე. როგორც ამ სხდომაზე დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით ირკვევა, 2014 წლის 26 სექტემბერს მე-93 კლასის მოსწავლეებსა და დასაქმებულს შორის მოხდა ინციდენტი, რა დროსაც, მასწავლებელი ფიზიკურად შეეხო სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს. მანვე კომიტეტს გასაცნობად გადასცა მე-93 კლასის მოსწავლეების, დასაქმებულისა და სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის ახსნა-განმარტებითი ბარათები. კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს მე-93 კლასის მოსწავლეებს და დასაქმებულს. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ ინციდენტის დროს სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ დამცინავი ღიმილით უზრდელური სიტყვაც კი თქვა პასუხად და ადრეც მიუმართავს გაკვეთილზე უზრდელური სიტყვით და გაკვეთილის ჩაშლის მცდელობაც კი ჰქონია; თ--- ს--იმ აღნიშნა, რომ ორივე მხარე განსხვავებულად აღწერდა ფაქტს: კერძოდ, მოსწავლეები აცხადებდნენ, რომ დასაქმებულმა გაარტყა სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს. მასწავლებლის განმარტებით კი, მან ,,ოდნავ ყური აუწია“ მოსწავლეს. კომიტეტის სხდომის ოქმში მითითებულია, რომ ორივე შემთხვევაში, მოსწავლის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც წარმოადგენს მასწავლებლის ეთიკის კოდექსის დარღვევას, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მასწავლებელი იყო აღელვებული და შეშინებული მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. დისციპლინურმა კომიტეტმა ჩათვალა, რომ ერთ-ერთი მოსწავლის მიერ ჩადენილი იყო ადმინისტრაციული გადაცდომა ამავე სკოლის შინაგანაწესის მე-9 თავის 23-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს მასწავლებლის/მოსწავლის ან სხვა სკოლის თანამშრომლის სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას; აქვე კომიტეტის მიერ გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ ინციდენტის მონაწილე მხარეებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობა აღდგა მეორე დღესვე, რასაც ადასტურებდა სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის მოხსენებითი ბარათიც. დისციპლინური კომიტეტის ფარული კენჭისყრის შედეგად, სსიპ ქ. თბილისის №147 საჯარო სკოლის პედაგოგს - დასაქმებულს მასწავლებლის ეთიკის ნორმების დარღვევისათვის დაეკისრა დისციპლინური სახდელი ,,საყვედურის“ სახით, ამავე სკოლის შინაგანაწესის მე-9 თავის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ხოლო სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს კი, მოსწავლის დისციპლინური გადაცდომის ჩდენისთვის - ,,სიტყვიერი შენიშვნა,“ სკოლის შინაგანაწესის მე-9 თავის 23-ე მუხლის შესაბამისად. დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომიტეტის თავმჯდომარე - და მდივანი.

10. სსიპ ქ. თბილისის №147-ე სკოლის მანდატურისადმი ამავე სკოლის მე-93 კლასის მოსწავლეების - რ- კ--აიას, ს-ას, გ--- ს-–ვილის და ა- გ-–ვილის 26.09.2014წ. ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ დასვენებაზე, საკლასო ოთახში მოსწავლეები თამაშობდნენ. შემდეგ მოსწავლეებმა - ჟ- დაიწყეს ჩანთებით თამაში. როდესაც ჟაკი გარბოდა გარეთ, მას საბამ ესროლა ჩანთა, რაც მოხვდა კარებს. ამ დროს, შემოდიოდა პედაგოგი - დასაქმებული და როდესაც ჩანთა კარებს მოხვდა, მას შეეშინდა, ვინაიდან ეგონა, რომ საბამ მას ესროლა ჩანთა. ამ დროს, ერთ-ერთი მოსწავლე - გ--- ს-----–ვილი იყო გარეთ და მას პედაგოგმა დააბრალა, რომ გ---მ მას ესროლა ჩანთა, რის შემდეგაც, პედაგოგმა გ---ს სახეში გაარტყა.

11. სსიპ ქ. თბილისის №147-ე სკოლის დირექტორისადმი მოსარჩელის 26.09.2014წ ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ იმავე წლის 26 სექტემბერს, მესამე გაკვეთილის შემდეგ, იგი შევიდა მე-93 კლასში დამრიგებლის სანახავად. კლასის კარებთან იდგა სხვა კლასის მოსწავლე, რომელიც გაიქცა დერეფანში. ამ დროს, მან შეიხედა კლასში და მისკენ გამოსროლილი ჩანთა მოხვდა კლასის კარებს, იგი შიშისგან მოსცილდა კარს და ამ დროს დაინახა, რომ კლასიდან გამოიქცა რამდენიმე ბიჭი სიცილით და დამცინავი ღიმილით. აქედან ერთ-ერთი იყო გ--- ს---–ვილი. მოსარჩელემ გაბრაზებულმა კითხა, თუ რატომ მოიქცა ასე ცუდად და მისი თქმით, ოდნავ ყური აუწია დასჯის მიზნით, თუმცა, სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ ბოდიშიც კი არ მოუხადა და უზრდელური სიტყვაც კი თქვა პასუხად. მოსარჩელის განცხადებით, ამ მოსწავლეს ადრეც მიუმართავს უზრდელური სიტყვებით და გაკვეთილის ჩაშლის მცდელობაც ჰქონია (იხ. მოსარჩელის 26.09.2014წ. ახსნა - განმარტება, ს.ფ. 61).

12. სსიპ ქ. თბილისის №147-ე სკოლის დირექტორისადმი მოქალაქე ი--ის 6.10.2014წ. ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ მისი შვილი - გ--- ს–ვილი სწავლობს მე-93 კლასში. იგი გაეცნო 26 სექტემბერს, მესამე გაკვეთილის შემდეგ დასვენებაზე მომხდარ ფაქტს, მოსწავლეებმა ჩაიდინეს არასწორი საქციელი - ჩანთების სროლა. ერთ-ერთი პედაგოგი მის შვილს ფიზიკურად შეეხო. იგი იცნობს ამ პედაგოგს და თვლის, რომ ეს მოხდა აფექტის მდგომარეობაში და ის და მოსარჩელე აღნიშნული ფაქტის შემდეგაც აგრძელებენ ურთიერთობას (იხ. მოქალაქე ი--–---–--ის ახსნა-განმარტება, ს.ფ. 62).

13. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის №- დასკვნით ირკვევა, რომ აღნიშნულ დეპარტამენტს მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა სამსახურებრივი ბარათით (--), რომელშიც მითითებული იყო იმის შესახებ, რომ 147-ე სკოლაში მომხდარ ინციდენტში მონაწილე მასწავლებლისთვის ამავე სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ გამოცხადებული საყვედური არ შეესაბამებოდა სკოლის შინაგანაწესს; კერძოდ, დისციპლინურმა კომიტეტმა დაადგინა მასწავლებლის მიერ მოსწავლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, აღნიშნული გადაცდომისთვის კი სკოლის შინაგანაწესი ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლებას, თუმცა მათ გადაწყვიტეს არ გამოეყენებინათ მკაცრი ზომა. სკოლის დირექტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის შინაგანაწესი ითვალისწინებდა მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლებას, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას თავადაც დაეთანხმა და 2014 წლის 16 ოქტომბრის 1კ-110 ბრძანებით, მასწავლებელს გამოეცხადა საყვედური. ზემოხსენებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისთვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა, ხოლო მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლის შინაგანაწესი ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს; ქ. თბილისის №147 საჯარო სკოლის შინაგანაწესის მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის დისციპლინური სახდელის სახით გამოიყენება მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლება და აღნიშნული შინაგანაწესი არ ითვალისწინებს სხვა სახის დისციპლინური სახდელის დაკისრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ 147-ე სკოლის მიერ უგულებელყოფილი იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები (იხ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის №-- დასკვნა, ს.ფ. 74 - 76).

14. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 05/11/2014 მოხსენებითი ბარათით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ეთხოვა, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე სკოლას მისცემოდა წერილობითი გაფრთხილება.

15. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 05 ნოემბრის #1241 ბრძანებით, მოპასუხე საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დაევალა შიდა აუდიტის დასკვნაში მითითებულ დარღვევებზე რეაგირება და გატარებული ღონისძიებების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ანგარიშის წარდგენა, ბრძანების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ეს ბრძანება, აუდიტის დასკვნასთან ერთად, რეგირებისთვის გადაეგზავნა №147 საჯარო სკოლას.

16. მოპასუხე სკოლის დირექტორის 25.11.2014 წ №1/კ-124 ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი ამავე სკოლის დირექტორის 2014 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №1/კ-110 მოსაჩელისათვის საყვედურის გამოცხადების თაობაზე.

17. სადავო ბრძანებით, მოსარჩელე გათავისუფლდა ამავე სკოლის ინგლისურის მასწავლებლის თანამდებობიდან 2014 წლის 26 ნოემბრიდან. აღნიშნული ბრძანების ასლი მოსარჩელეს ჩაბარდა, რაც დასტურდება მისი 23.12.2014წ. განცხადებით. მოპასუხე სკოლის დირექტორის 29.12.2014 წერილით, მოსარჩელეს ამ უკანასკნელის მოთხოვნისამებრ, ეცნობა, რომ მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა მოსარჩელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის - შრომის კოდექსის, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის, სამსახურის შინაგანაწესის, შრომითი ხელშეკრულებისა და სკოლის წესდების უხეში დარღვევა (იხ. სსიპ ქ. თბილისის №147 სკოლის დირექტორის 29.12.2014 წერილი, ტ. 1, ს.ფ. 121).

18. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა მასწავლებლის სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედება, კერძოდ, 26.09.2014 წელს მოსარჩელემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მე-93 კლასის ერთ-ერთ მოსწავლეს, რითაც ასევე უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით და შინაგანაწერსით დაკისრებული ვალდებულებები.

19. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ი) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დირექტორი უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში.

20. „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად, მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლის აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას. მასწავლებელი სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე.

21. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს, მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება ავალდებულებდა, შეესრულებინა საჯარო სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები, ეზრუნა თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაეცვა მოსწავლის უფლებები და ინტერესები, ეზრუნა მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, დაეცვა მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი.

22. მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით ან შინაგანაწერსით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის, ასვე, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი, დამსაქმებელს ანიჭებდა უფლებამოსილებას, დასაქმებულთან შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა.

23. ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოსწავლეს უფლება აქვს დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისგან. ამავე კანონის მე-20 მუხლის თანახმად, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო 211-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, მასწავლებელი ვალდებულია დაიცვას ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი", შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.

24. ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის მიხედვით, სკოლის შინაგანაწესი ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, ამასთან, სკოლის შინაგანაწესს ამტკიცებს სკოლის სამეურვეო საბჭო სკოლის დირექტორის წარდგინებით. სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლის შინაგანაწესის მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის გამოიყენება დისციპლინური სახდელი - ,,სამსახურიდან გათავისუფლება". ამავე აქტის მე-16 მუხლის მიხედვით, სკოლას შეუძლია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის და სხვა შემთხვევაში.

25. შინაგანაწესის პირველი მუხლის თანახმად, შინაგანაწესი ვრცელდება სკოლის მასწავლებლებზე, თანამშრომლებზე, მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სკოლის მასწავლებლებისა და თანამშრომლების მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსით და შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. სკოლის საქმიანობისთვის ხელშეწყობა, სკოლის მისიის შესრულება, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება წარმოადგენს შინაგანაწესის მიზანს (შინაგანაწესის მე-2 მუხლი).

26. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია საქალაქო სასამართლოს მხრიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ შეფასებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, რის საფუძველზეც მართებულად დაადგინა მოსარჩელის მხრიდან მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გარემოება დასტურდება თვით მოსარჩელის მიერ დირექტორის სახლზე დაწერილი ახსნა-განმარტებითაც. ამასთან, აპელანტის პრეტენზია ამ განმარტების მიცემის დროს მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ, საქმის მასალებით არ დასტურდება.

27. აპელანტის პრეტენზიაზე, რომ სკოლის შინაგანაწესის მიხედვით, სამსახურიდან განთავისუფლება დირექტორს უნდა გამოეყენებინა მხოლოდ დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, პალატამ უპასუხა, რომ სკოლის შინაგანაწესის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან განთავისუფლება პედაგოგს ეფარდება დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე დირექტორის მიერ. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სადავო საკითხზე არსებობს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მხრიდან მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისთვის საყვედურის დაკისრება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი დარღვევისთვის სკოლის შინაგანაწესი დისციპლინური სახდელის სახით ითვალისწინებდა მხოლოდ სამსახურიდან განთავისუფლებას, რაზეც სკოლის ადმინისტრაციას მიეთითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 05 ნოემბრის #1241 ბრძანებით, მართებულად იქნა გამოცემული ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

28. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სკოლის შინაგანაწესის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი იმდაგვარად უნდა განიმარტოს, რომ დისციპლინური გადაცდომის გამო მასწავლებლის სამსახურიდან განთავისუფლებამდე, სკოლის დირექტორს უნდა გააჩნდეს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება ასეთი გადაცდომის ჩადენის ფაქტი. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის კონკრეტული ღონისძიების შეფარდების შესახებ, ეწინააღმდეგება სკოლის შინაგანაწესის იმპერატიულ მოთხოვნას, დირექტორმა უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად. სწორედ ამგვარ შემთხვევას ჰქონდა ადგილი მოცემულ შემთხვევაში

29. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრით საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებულ შუალედურ საოქმო განჩინებას, რომლითაც მოსარჩელის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხის თაობაზე დარჩა განუხილველად, პალატამ მიიჩნია, რომ იგი გამოტანილი იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი. კერძოდ, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე მხარემ შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვის შესახებ დააყენა სასამართლოს მთავარ სხდომაზე იმ ვითარებაში, როდესაც დასაბუთებული არ იყო მოსამზადებელ სხდომაზე ამ შუამდგომლობის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი. მოსამზადებელი ეტაპი კი წინამდებარე საქმეზე 6 თვეს გრძელდებოდა. ამ პირობებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც არასაპატიო მიზეზით სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაყენებული ასეთი შუამდგომლობის განხილვის შესაძლებლობას არ იძლეოდა.

30. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს და მოსაზრებებს:

31. კასატორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება ეყრდნობა იურიდიული ძალის არ მქონე მტკიცებულებებს. პირველი ინსტანციის სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ურთიერთგამომრიცხავ ფაქტობრივ გარემოებებს და ასკვნის, რომ კასატორის სამსახურიდან განთავისუფლება იყო კანონიერი. ზემოაღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტიება კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, მოპასუხე სკოლის მანდატურის სახელზე ამავე სკოლის მე-93 კლასის მასწავლებების ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით მიიჩნევს დადგენილ გარემოებად იმას, რომ კასატორმა გ--- ს------–ვილს სახეში გაარტყა. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გაზიარებული 2014 წლის 26 სექტემბრის ახსნა-განმარტება არის დაუშვებელი და იურიდიული ძალის არ მქონე მტკიცებულება შემდეგ გარემოებათა გამო: ა) ახსნა-განმარტება ჩამორთმეულია მოპასუხე სკოლის ერთ-ერთი მანდატურის მიერ. მანდატურის უფლებამოსილება რეგლამენტრირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 483-ე მუხლით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს N74/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სკოლის მანდატურის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლით. კასატორი განმარტავს, რომ ამ ნორმატიული აქტების შესაბამისად სკოლის მანდატურს არა აქვს უფლებამოსილება სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს ჩამოართვას ახსნა-განმარტება. სსსკ-ის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კანონით დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ. შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ახსნა-განმარტება ჩამორთმეულია არაუფლებამოსილი პირის მიერ და მას იურიდიული ძალა არ აქვს. აქედან გამომდინარე კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს ახსნა-განმარტება არ უნდა გამოეყენებია მოსწავლე გ--- ს------–ვილზე ფიზიკური შეურაცხყოფის დამადასტურებელ მტკიდებულებად.

32. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული მოპასუხე სკოლის წესდების მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. მოპასუხე სკოლის წესდების მე-13 მუხლისა და მე-20 მუხლის თანახმად კი, სკოლაში დისციპლინური უფლებამოსილება გააჩნიათ სკოლის დირექტორსა და სკოლის დისციპლინურ კომიტეტს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მიიჩნევს, რომ სკოლის მოსწავლეებზე 2014 წლის 26 სექტემბერს ახსნა-განმარტება ჩამორთმეულია დისციპლინური წარმოების დაწყებამდე, რის გამოც სსსკ-ის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზემოაღნიშნულ ახსნა-განმარტებას არა აქვს იურიდიული ძალა.

33. კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ახსნა-განმარტება უნდა ჩამოერთვას ერთ კონკრეტულ ფიზიკურ პირს და კანონმდებლობა არ იცნობს ე.წ. კოლექტიურ ახსნა-განმარტებას ერთდროულად რამდენიმე პირის მიერ. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 26 სექტემბერის ახსნა-განმარტება ჩამორთმეულია ერთდროულად 4 ფიზიკურ პირზე და ამასთან გაურკვევველია ამ პირთა სახელი და გვარი. შესაბამისად კასატორი ასკვნის, რომ სსსკ-ის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე მოცემულ ახსნა-განმარტებას არა აქვს იურიდიული ძალა. კასატორი ასევე განმარტავს, რომ ახსნა-განმარტება ბუნდოვანია და შეიცავს ერთმანეთის საწინააღმდეგო გარემოებებს, კერძოდ მასში არის მითითება სახელებზე, მაგრამ არაა გარკვეული თუ კონკრეტულად ვინ იგულისხმება მათში. ასევე არაა დადგენილი როდის მოხდა სამართალდარღვევა. კასატორი მიიჩნევს, რომ ახსნა-განმარტების ჩამორთმევისას მინიმუმ უნდა გარკვეულიყო - თუ მოსარჩელე ჩანთის სროლას ს---- აბრალებდა, გ---ს სახეში რატომ და რა გაარტყა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ გადაწყვეტილება ეყრდნობა დაუშვებელ, იურიდიული ძალის არ მქონე მტკიცებულებას და სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძველია.

34. კასატორი განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დისციპლინური დევნის განმახორციელებელმა ორგანომ ზუსტად უნდა დაადგინოს კონკრეტულად რომელი დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა სამართალდამრღვევმა და შემდეგ უნდა გამოიყენოს მის მიმართ სახდელი. ამ უკანასკნელის დადგენა აუცილებელია იმ მიზნითაც, რომ სამართალდამრღვევს მიეცეს თავდაცვის საშუალება. მოცემულ საქმეზე კი კასატორი მიიჩნევს, რომ არც სკოლას და არც სასამართლოს არ დაუდგენია კონკრეტულად რომელი დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა პედაგოგმა. ამასთან კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ორი ურთიერთგამომრიცხდავი გარემოება - გ--- ს------–ვილისათვის სახეში გარტყმა და გ--- ს------–ვილისათვის ოდნავ ყურის აწევა. შესაბამისად კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი აპელანტის საწინააღმდეგოდ მიეღო გადაწყვეტილება და საქმე უნდა დაებრუნებინა ხელახალი სასამართლო განხილვისთვის.

35. სასამართლომ მოპასუხე სკოლის პედაგოგის 2014 წლის 26 სექტემბრის ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ კასატორმა დასჯის მიზნით ოდნავ ყური აუწია მოსწავლეს. კასატორი განმარტავს, რომ ახსნა-განმარტებაში მითითებულ გარემოებას ანუ ,,ყურის აწევას“ სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია, კერძოდ ის დაიწერა მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავი დაეღწია სკოლის მანდატურების ფსიქოლოგიური ზეწოლისაგან. ეს გარემოება კი სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარეს არ უარყვია. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიდებულებით არ დგინდება მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, შესაბამისად იგი მიიჩნევს, რომ ამ ახსნა-განმარტების მტკიცებულებად გამოყენება კანონშეუსაბამოა.

36. საკასაციო საჩივარში ასევე მითითებულია ი--–---–--ის ახსნა-განმარტება. კასატორი მოსაზრებით, აღნიშნული ახსნა-განმარტებიდან ნათელია, რომ ი--–---–--ე არ შესწრებია მოსწავლისადმი ,,შეურაცხყოფის მიყენების“ ფაქტს. მან ამ გარემოების თაობაზე ინფორმაცია მიიღო სხვა პირისგან ან რაიმე დოკუმენტების წაკითხვის შედეგად, შესაბამისად ი--–---–--ის ახსნა-გამარტება არის ირიბი მტკიცებულება. კასატორი განმარტავს, რომ ირიბი მტკიცებულება იურიდიული ძალის მქონეა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. ასევე ირიბი მტკიცებულება იურიდიული ძალის მქონეა, თუ დასტურდება სხვა არაირიბი მტკიცებულებით. კასატორი აღნიშნავს, რომ ი--–---–--ე ახსნა-განმარტებაში არ უთითებს ინფორმაციის წყაროს და ის არ დასტურდება სხვა არაირიბი მტკიცებულოებით. შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ახსნა-განმარტება არ არის იურიდიული ძალის მქონე და გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილშიც ეყრდნობა დაუშვებელ მტკიცებულებას.

37. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მოპასუხე საჯარო სკოლის 2014 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი არ უნდა გამოეყენებინა მოსწავლე გ--- ს------–ვილზე ფიზიკური შეურაცხყოფის დამადასტურებელ მტკიცებულებად შემდეგ გარემოებათა გამო: მითითებული სხდომის ოქმიდან არ ჩანს კონკრეტულად რომელ მოსწავლეებს მოუსმინეს კომიტეტის სხდომაზე, ასევე ამ სხდომაზე არ მოუწვევიათ კასატორი და იგი სხდომას არ დასწრებია, შესაბამისად არც ახსნა-განმარტება მიუცია. მოპასუხეს ასევე არ წარუდგენია სასამართლოსთვის დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე კასატორის მოწვევის დამადასტურებელი მტკიცებულება.

38. საკასაციო საჩივრში ასევე აღნიშნულია, რომ კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია სკოლის მიერ მართლზომიერად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი და 2014 წლის 26 ნოემბრის ბრძანების კანონიერება. კასატორი თვლის, რომ ზემოაღნიშნული მოსაზრება არის კანონშეუსაბამო შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში არ არსებობს კანონის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული, იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ შეურაცხყოფა მიაყენა მოსწავლე გ--- ს------–ვილს. ასევე დისციპლინური დევნის მწარმოებელი პირის არ ჩამოურთმევია ახსნა-განმარტება გ--- ს------–ვილისა და სკოლის სხვა მოსწავლეებისათვის. მოსარჩელისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა კი მოხდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, სკოლის მანდატურების თანდასწრებით და ამ უკანასკნელი პირების ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად. სასამართლომ, მიუხედავად დასაბუთებული შუამდგომლობისა, მოწმის სახით არ დაკითხა შუამდგომლობაში აღნიშნული მოსწავლეები და დისციპლინური კომიტეტის წევრები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ კასატორი არ ესწრებოდა 2014 წლის 10 ოქტომბრის დისციპლინური კომიტეტის სხდომას. ასევე მოპასუხე საჯარო სკოლის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ 2014 წლის 26 ნოემბრის ბრძანებაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სკოლის შინაგანაწესი და არა არის მითითებული საქართველოში მოქმედი არცერთი კანონი. კასატორი განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ბრძანებაში ზოგადადაა მითითებული გათავისუფლების საფუძვლად სკოლის შინაგანაწესი და ის არ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად წერილობით დასაბუთებას. კასატორი ასევე განმარტავს, რომ სკოლის შინაგანაწესის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად შინაგანაწესის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი პედაგოგს შეეფარდება დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე დირექტორის მიერ, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, 2014 წლის 26 ნოემბრის ბრძანებაში საფუძვლად დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებაა მითითებული, რაც სკოლის შინაგანაწესის უხეში დარღვევაა. საბოლოოდ, კასატორი განმარტავს, რომ მის მიმართ, რომელიც არის დევნილი, სკოლის მხრიდან გამოვლენილია დისკრიმინაციული დამოკიდებულება.

39. კასატორი აღნიშნავს, რომ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ 2014 წლის 26 ნოემბრის ბრძანებაში კასატორის სამსახურიდან განთავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ სკოლის შინაგანაწესის მე-19 მუხლის მე-8 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებულია, რომ მასწავლებლის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან განთავისუფლება გამოიყენება მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური შეაურაცხყოფისათვის. კასატორი განმარტავს, რომ მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური შეურაცხყოფა არის დანაშაული და მისი დასჯადობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მხულით. ვინაიდან კანონმდებლის მიერ მოსწავლის ან მასწავლებლის კოლეგის ფიზიკური შეურაცხყოდა მიჩნეულია დანაშაულად, კასატორი თვლის, რომ სკოლა არ იყო უფლებამოსილი იგივე მოქმედება შინაგანაწესით გამოეცხადებია დისციპლინურ გადაცდომად, ეწარმოებია ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დევნა, დაედგინა შეურაცხყოფის ფაქტი და მისი ჩადენისათვის კასატორი სამსახურიდან გაეთავისუფლებინა.

40. საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა მოწმის სახით შუამდგომლობაში აღნიშნული მოსწავლეების და დისციპლინური კომიტეტის წევრების დაკითხვის შესახებ, ვინაიდან ეს უკანასკნელნი დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ კასატორი არ ესწრებოდა 2014 წლის 10 ოქტომბრის დისციპლინური კომიტეტის სხდომას. კასატორი განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო 6 თვის განმავლობაში იყო საქმის განხილვის მოსამზადებელ სტადიაზე, ხოლო მთავარი სხდომა დაინიშნა 2015 წლის 24 ივნისის განჩინებით. ასევე ის აღნიშნავს, რომ არ ჰქონდა შესაძლებლობა მოეძია მოწმედ დასაბარებელი პირთა მისამართები, თუმცა, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდა ზემოაღნიშნულის შესახებ, მან სასამართლოს პირველივე სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ სასამართლოს 2016 წლის 11 ნომებრის განჩინება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. ამ თვალსაზრისით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა სადავო ბრძანების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე არსებულ - ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით გაცდენელი დროის ხელფასის ანაზღაურება 2014 წლის 26 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 420 ლარის ოდენობით (პ- 3).

43. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო საჩივრით კასატორი მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის.

44. საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილია ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ნაწილში [სსსკ-ის 393.2 მუხლი]; კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ დაუშვებელი მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა დავის განხილვისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელის მიერ ინციდენტის დღეს შინაგანაწესის დარღვევის - მოსწავლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ. იმავდროულად, კასატორი მიუთითებს დისციპლინური კომიტეტის სხდომის ჩატარების პროცედურული წესის დარღვევასა და სამსახურიდან გათავისუფლების პროცედურული წესის დარღვევაზე. ამასთან, კასატორი მიუთითებს მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები).

45. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი არაა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია (შედავება) {სსსკ-ის 407.2 მუხლი]. კასატორმა ვერც საპროცესო წესების დარღვევის დადასტურება შეძლო [სსსკ-ის 393.2 მუხლი].

46. ნიშანდობლივია საკასაციო პალატის მიერ არაერთ საქმეში განმარტებული საკითხი, რომელიც შეეხება დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპს. ამ პრინციპის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (შდრ: სუსგ №ას-12-12-2018, 16 მარტი, 2018 წელი; სუსგ №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-602-577-2016, 02 სექტემბერი, 2016 წელი).

47. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დასახელებული ზომის განსაზღვრით (სამსახურიდან გათავისუფლება), რომელიც წარმოადგენს დასაქმებულის პასუხისმგებლობის უკიდურეს ფორმას, გამოყენებულ იქნა როგორც დარღვევის თანაზომიერი და ადეკვატური ზომა.

48. წინამდებარე საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხე სკოლის დირექტორის 2014 წლის 16 ოქტომბრის 1/კ-110 ბრძანებით, ამავე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს - დასაქმებულს მე-93 კლასის მოსწავლის - გ--- ს------–ვილის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის გამოეცხადა საყვედური. ბრძანებას საფუძვლად დაედო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2014 წლის 10 ოქტომბრის №2 ოქმი. დასახელებული ოქმით დგინდება, რომ კომიტეტმა განიხილა 2014 წლის 26 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი და დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხი. სხდომას ესწრებოდნენ: დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე, დისციპლინური კომიტეტის მდივანი და ამავე სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლე. როგორც ამ სხდომაზე დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით ირკვევა, 2014 წლის 26 სექტემბერს მე-93 კლასის მოსწავლეებსა და დასაქმებულს შორის მოხდა ინციდენტი, რა დროსაც, მასწავლებელი ფიზიკურად შეეხო სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს. მანვე კომიტეტს გასაცნობად გადასცა მე-93 კლასის მოსწავლეების, დასაქმებულისა და სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის ახსნა-განმარტებითი ბარათები. კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს მე-93 კლასის მოსწავლეებს და დასაქმებულს. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ ინციდენტის დროს სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ დამცინავი ღიმილით უზრდელური სიტყვაც კი თქვა პასუხად და ადრეც მიუმართავს გაკვეთილზე უზრდელური სიტყვით და გაკვეთილის ჩაშლის მცდელობაც კი ჰქონია; თ--- ს-------იმ კი აღნიშნა, რომ ორივე მხარე განსხვავებულად აღწერდა ფაქტს: კერძოდ, მოსწავლეები აცხადებდნენ, რომ დასაქმებულმა გაარტყა სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს. მასწავლებლის განმარტებით კი, მან ,,ოდნავ ყური აუწია“ მოსწავლეს. კომიტეტის სხდომის ოქმში მითითებულია, რომ ორივე შემთხვევაში, მოსწავლის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც წარმოადგენს მასწავლებლის ეთიკის კოდექსის დარღვევას, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მასწავლებელი იყო აღელვებული და შეშინებული მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. დისციპლინურმა კომიტეტმა ჩათვალა, რომ ერთ-ერთი მოსწავლის მიერ ჩადენილი იყო ადმინისტრაციული გადაცდომა ამავე სკოლის შინაგანაწესის მე-9 თავის 23-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს მასწავლებლის/მოსწავლის ან სხვა სკოლის თანამშრომლის სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას; აქვე კომიტეტის მიერ გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ ინციდენტის მონაწილე მხარეებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობა აღდგა მეორე დღესვე, რასაც ადასტურებდა სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის მოხსენებითი ბარათიც. დისციპლინური კომიტეტის ფარული კენჭისყრის შედეგად, სსიპ ქ. თბილისის №147 საჯარო სკოლის პედაგოგს - დასაქმებულს მასწავლებლის ეთიკის ნორმების დარღვევისათვის დაეკისრა დისციპლინური სახდელი ,,საყვედურის“ სახით, ამავე სკოლის შინაგანაწესის მე-9 თავის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ხოლო სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს კი, მოსწავლის დისციპლინური გადაცდომის ჩდენისთვის - ,,სიტყვიერი შენიშვნა,“ სკოლის შინაგანაწესის მე-9 თავის 23-ე მუხლის შესაბამისად. დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომიტეტის თავმჯდომარე და მდივანი.

49. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია სწორედ დისციპლინური კომიტეტის მიერ საკითხის განხილვის პროცედურული წესის დარღვევაზეა აგებული, სადაც კასატორი აღნიშნავს, რომ იგი კომიტეტის სხდომას არ დასწრებია.

50. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2014 წლის 10 ოქტომბრის №2 ოქმით დგინდება, რომ კომიტეტმა განიხილა 2014 წლის 26 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი და დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხი (ამ განჩინების პ-46). დისციპლინური კომიტეტის ფარული კენჭისყრის შედეგად, მოსარჩელეს ეთიკის ნორმების დარღვევისათვის დაეკისრა დისციპლინური სახდელი ,,საყვედურის“ სახით, ამავე სკოლის შინაგანაწესის მე-9 თავის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია მისთვის ,,საყვედურის“ გამოცხადების შესახებ დისციპლინური სახდელი - სკოლის დირექტორის ბრძანება იმ საფუძვლით, რომ იგი კომიტეტის სხდომას, რომლითაც რეკომენდირებული იქნა დისციპლინური სახდელის გამოცხადების საკითხი არ დაასწრეს. მოსარჩელემ მხოლოდ მას შემდეგ გახადა სადავოდ კომიტეტის სხდომის ჩატარების პროცედურული წესი, რაც იგი გათავისუფლდა სკოლიდან და სარჩელით მოითხოვა გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობა (იხ. ამ განჩინების პ- 3). ამავე საფუძვლით ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მითითება მანდატურის მიერ შედგენილ ოქმებში არსებულ ხარვეზებთან მიმართებითაც (იხ., ამ განჩინების პპ: 33-36).

51. კასატორი სადავოდ ხდის მისი გათავისუფლების პროცედურული წესის დარღვევასაც და აღნიშნავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ არ ყოფილა გადაწყვეტილი.

52. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისციპლინური გადაცდომა (ფაქტობრივი გარემოება, ინციდენტი პედაგოგსა და მოსწავლეს შორის) შეისწავლა სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა 2014 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე (№2 ოქმი), თუმცა, შემოიფარგლა საყვედურის გამოცხადებით. საგულისხმოა, რომ გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, პედაგოგისათვის საყვედურის გამოცხადება არ იქნა მიჩნეული ადეკვატურ ღონისძიებად, სახელდობრ, აუდიტის სამსახურის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის №0511141111 დასკვნით ირკვევა, რომ აღნიშნულ დეპარტამენტს მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა სამსახურებრივი ბარათით (809126 17/10/2014), რომელშიც მითითებული იყო იმის შესახებ, რომ 147-ე სკოლაში მომხდარ ინციდენტში მონაწილე მასწავლებლისთვის ამავე სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ გამოცხადებული საყვედური არ შეესაბამებოდა სკოლის შინაგანაწესს; კერძოდ, დისციპლინურმა კომიტეტმა დაადგინა მასწავლებლის მიერ მოსწავლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, აღნიშნული გადაცდომისთვის კი სკოლის შინაგანაწესი ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლებას, თუმცა მათ გადაწყვიტეს არ გამოეყენებინათ მკაცრი ზომა. სკოლის დირექტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის შინაგანაწესი ითვალისწინებდა მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლებას, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას თავადაც დაეთანხმა და 2014 წლის 16 ოქტომბრის 1კ-110 ბრძანებით, მასწავლებელს გამოეცხადა საყვედური. ზემოხსენებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისთვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა, ხოლო მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლის შინაგანაწესი ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს; ქ. თბილისის №147 საჯარო სკოლის შინაგანაწესის მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის დისციპლინური სახდელის სახით გამოიყენება მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლება და აღნიშნული შინაგანაწესი არ ითვალისწინებს სხვა სახის დისციპლინური სახდელის დაკისრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ 147-ე სკოლის მიერ უგულებელყოფილი იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები (იხ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის №0511141111 დასკვნა, ს.ფ. 74 - 76). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 05/11/2014 მოხსენებითი ბარათით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ეთხოვა, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე სკოლას მისცემოდა წერილობითი გაფრთხილება.

53. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 05 ნოემბრის #1241 ბრძანებით, მოპასუხე საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დაევალა შიდა აუდიტის დასკვნაში მითითებულ დარღვევებზე რეაგირება და გატარებული ღონისძიებების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ანგარიშის წარდგენა, ბრძანების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ეს ბრძანება, აუდიტის დასკვნასთან ერთად, რეგირებისთვის გადაეგზავნა №147 საჯარო სკოლას. მოპასუხე სკოლის დირექტორის 25.11.2014წ.-ს №1/კ-124 ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი ამავე სკოლის დირექტორის 2014 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №1/კ-110 მოსაჩელისათვის საყვედურის გამოცხადების თაობაზე და 26.11.2014წ №1/კ-125 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

54. შესაბამისად, კასატორის მითითებას მისი გათავისუფლების პროცედურული წესის დარღვევაზე არ გააჩნია ვარგისი ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი, ზემოთდადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, საიდანაც ირკვევა, რომ სკოლაში მომხადრი ინციდენტი შესწავლილი იქნა შესაბამისი კომიტეტის მიერ, ხოლო რეაგირება ინციდენტზე შესაბამისობაში იქნა მოყვანილი სკოლის შინაგანაწესთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე (ამ განჩინების პპ: 13-15). მოგვიანებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 05 ნოემბრის #1241 ბრძანებით, მოპასუხე საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დაევალა შიდა აუდიტის დასკვნაში მითითებულ დარღვევებზე რეაგირება და გატარებული ღონისძიებების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ანგარიშის წარდგენა, ბრძანების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ეს ბრძანება, აუდიტის დასკვნასთან ერთად, რეგირებისთვის გადაეგზავნა №147 საჯარო სკოლას.

55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ დაცული იყო შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული პროცედურული საკითხები.

56. ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მითითება მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაიულ მოპყრობაზე.

57. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციულ საფუძველზე გათავისუფლების ფაქტზე მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია და მოცემულ შემთხვევაში, არც მისი დაგვიანებით მითითების საპატიოობა დაუსაბუთებია. შესაბამისად, ამ გარემოებაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს [სსსკ-ის 215.3, 407.1].

58. გარდა ზემოაღნიშნულისა სააპელაციო პალატა აღნიშნავს იმასაც, რომ სსსკ-ის 3633 მუხლის შესაბამისად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც, მოპასუხეს იმის მტკიცების ტვირთი ეკისრება, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. იგივე წესს ადგენს არასასამართლო წარმოების დროს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პირმა საქართველოს სახალხო დამცველს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. ამდენად, კანონი ადგენს, რომ დისკრიმინაციის ფაქტები სასამართლოს მხარემ (დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლმა) უნდა დაუსახელოს, რათა prima facie დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას. რაც შეეხება აღნიშნული ფაქტების მტკიცებას, მოსარჩელემ მის ხელთ არსებული და მისთვის მოპოვებადი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, ხოლო მოსარჩელის შესაძლებლობის მიღმა მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხეს ევალება. უფრო მეტიც, დისკრიმინაციის ფაქტი, სასამართლოს მხრიდან ex officio, საკუთარი ინიციატივით საკვლევი კატეგორია არ არის. დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლების ამსახველი ფაქტების წარდგენაზე ვალდებული სუბიექტი მოსარჩელეა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (შდრ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/1/536; 2014 წლის 4 თებერვალი). მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე, არამედ ასევე დაასაბუთოს აღნიშნულ პირებს შორის არსებითად თანასწორობა. კომპარატორის განსაზღვრაც და კომპარატორის სათანადოობის დასაბუთებაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. უფრო მეტიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომით ურთიერთობაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას, თუმცა, აღნიშნული გამოწვეული იყოს სამუშაოს სპეციფიკით, დასაქმებულის უნარ-ჩვევებით, კვალიფიკაციით, შესრულებული სამუშაოს ხარისხით და ა.შ. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში დასაქმებულმა უნდა მიუთითოს ფაქტები, თუ რაში მდგომარეობდა მის მიმართ (ვისთან შედარებით) არათანაბარი მოპყრობა და რატომ იყო აღნიშნული მოპყრობა მისთვის მისთვის დისკრიმინაციული (დაცული ნიშანი).

59. ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეში დასაქმებულის პოზიცია, რომ მის მიმართ ადგილი ქონდა დისკრიმინაციას სასამართლომ არ გაიზიარა ვინაიდან, მოსარჩელემ მხოლოდ მიუთითებდა დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, თუმცა, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია (შდრ: სუსგ ას№-1493-1413-2017, 26 იანვარი, 2018 წელი).

60. სხვა საქმეშიც დაუშვებლად იქნა მიჩნეული დასაქმებულის მითითება მის მიმართ დისკრიმინაციის განხორცილებასთან დაკავშირებითაც, იმ საფუძვლით, რომ დასაქმებულს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მის მიმართ დისკრიმინაციის განხორცილების თაობაზე არ მიუთითებია და არც მისი მიუთითებლობის საპატიო მიზეზი აღუნიშნავს (შდრ: სუსგ №ას-1333-1253-2017, 22 დეკემბერი, 2017 წელი).

61. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი მოთხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა მოწმის სახით შუამდგომლობაში აღნიშნული მოსწავლეების და დისციპლინური კომიტეტის წევრების დაკითხვის შესახებ, ვინაიდან კასატორს მიაჩნია, რომ ეს უკანასკნელნი დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ კასატორი არ ესწრებოდა 2014 წლის 10 ოქტომბრის დისციპლინური კომიტეტის სხდომას. კასატორი განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო 6 თვის განმავლობაში იყო საქმის განხილვის მოსამზადებელ სტადიაზე, ხოლო მთავარი სხდომა დაინიშნა 2015 წლის 24 ივნისის განჩინებით. ასევე ის აღნიშნავს, რომ არ ჰქონდა შესაძლებლობა მოეძია მოწმედ დასაბარებელი პირთა მისამართები, თუმცა, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდა ზემოაღნიშნულის შესახებ, მან სასამართლოს პირველივე სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.

62. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნას არ გააჩნია ვარგისი საპროცესო სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც აღნიშნულ მოთხოვნაზე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ნამსჯელი აქვს სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინებით და მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს მოწმეთა დაკითხის თაობაზე, უარყოფილა.

63. საკასაციო პალატა თანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საოქმო განჩინება მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ გამოტანილია იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი. კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვის შესახებ დააყენა სასამართლოს მთავარ სხდომაზე იმ ვითარებაში, როდესაც დასაბუთებული არ იყო მოსამზადებელ სხდომაზე ამ შუამდგომლობის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი. მოსამზადებელი ეტაპი კი წინამდებარე საქმეზე 6 თვეს გრძელდებოდა. ამ პირობებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც არასაპატიო მიზეზით სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაყენებული ასეთი შუამდგომლობის განხილვის შესაძლებლობას არ იძლევა.

64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

65. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

66. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

67. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ---- ნ----ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ---- ნ----ეს უკან დაუბრუნდეს გ--ას მიერ 2018 წლის 24 თებერვალს საგადახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე