Facebook Twitter

საქმე №ას-1054-974-2017 21 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა- თ-ია (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ- ჯ-ია (მოპასუხე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – მოძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 1999 წელს ა-- თ-იას (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შეიქმნა სახვითი ხელოვნების ნაწარმოები „ლ--ი ბ-“.

2. მ- ჯ-ა (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) 2000 წლიდან - 2009 წლის ბ-ომდე სარგებლობდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთით, ხოლო 2009 წლის ბ-ოდან კი, სარგებლობდა ნივთით, რომლის ქირასაც იხდიდა მოსარჩელე.

3. 1999 წელს მოსარჩელის ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნილი სახვითი ხელოვნების ნაწარმოების ,,ლ-- ი ბ-ს” მიხედვით, მოპასუხის მიერ, 2000 წლიდან - 2010 წლის ჩათვლით ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა გობელენი „ლ--ი ბ--“.

4. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად 88.48 კვ.მ. ფართის უძრავ ნივთზე მდებარე ქალაქი თბილისი, ქუჩა ი. აბაშიძის (ბარნოვი) №22/124, 2009 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით, რეგისტრირებული იყო მოსარჩელის საკუთრების უფლება.

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ გობელინი ,,ლ-ი ბ-ს” საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა მოპასუხის მფლობელობაში არსებული გობელენი „ლ-ი ბ–-“.

7. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ: 1- 4 -ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

8. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით გამოარკვია, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა, მოპასუხესათვის სამუშაო გარემოს შექმნა - კერძოდ, სამუშაო ფართით უზრუნველყოფა, რა მიზნითაც ამ უკანასკნელს 2000 წელს დროებით სარგებლობაში გადაეცა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი. მოპასუხემ არ უარყო ამ ნივთით სარგებლობის ფაქტი, თუმცა, ვერ დაასაბუთა რა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ჰქონდა მინიჭებული ეს უფლება. მოპასუხის მოსაზრება, რომ მრავალი წლის განმავლობაში ბინით უსასყიდლოდ სარგებლობა განპირობებული იყო მხარეთა შორის არსებული ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია.

9. საქალაქო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებიც, სახელდობრ, ნ- ყვავილაშვილის, რომელიც განათლებით არის მხატვარი დიზაინერი, ქსოვილების სპეციალისტი და მუშაობს დეკორატიულ ქსოვაზე ანუ გობელენი, ბატიკა ფარდაგი, იგი მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფება მოსარჩელესთან, ჩვენებით მას სხვა პირებთან ერთად ჰქონდათ გახსნილი სახელოსნო, სადაც მუშაობდნენ გობელენებზე, 1999-2000 წლებში მოსარჩელე დაუკავშირდა მას და შესთავაზა შეკვეთის მიღება მისი ესკიზის მიხედვით გობელენის დამზადების თაობაზე. ამასთან, ვინაიდან შესასრულებელი სამუშაო იყო დიდი მოცულობის მათ უარი უთხრეს შეკვეთის მიღებაზე, ამავე მოტივით შეკვეთის მიღებაზე უარი განაცხადეს მათ მიერ შეთავაზებულმა სხვა პირებმა.

10. მოწმე ლ- ე-ის, რომელიც პროფესიით არის გამოყენებითი ხელოვნების მხატვარი, გობელენების სპეციალისტი, ქსოვს 1964 წლიდან, ჩვენებით 1980 წლიდან იყო სამხატვრო კომბინატში გობელენების უბნის უფროსი, სადაც ასევე დასაქმებული იყო მოპასუხე. მისი განმარტებით, მოპასუხე იყო ხელოსანი გობელენების მქსოველი ე.ი. იგი თავად არ ქმნიდა ნაწარმოებებს, მას შეეძლო მხოლოდ უკვე შექმნილი ესკიზების მიხედვით გობელენების მოქსოვა. მოპასუხე დაუკავშირდა და სთხოვა ძაფის ღებვის ოსტატთან დაკავშირება, რის შემდგომ მეორე დღეს მან მხარეები შეახვედრა შესაბამისი დარგის სპეციალისტს. შეღებილი ძაფები მოპასუხეს სჭირდებოდა მოსარჩელისგან მიღებული გობელენის დამზადების შეკვეთის შესასრულებლად. ამასთან, ვინაიდან უნდა დამზადებულიყო დიდი ზომის გობელენი იგი თავად დაეხმარა მოპასუხეს ძაფის გაბმაში. როგორც მისთვის ცნობილია, ანაზღაურება უნდა მომხდარიყო გობელენის გასხვისების შემდგომ.

11. მოწმე თინა თადაშვილის, რომელიც არის თვითნასწავლი მხატვარი, გობელენების სპეციალისტი, ასევე, ძაფის ღებვის ოსტატი, ჩვენებით 2000 წელს მას დაუკავშირდა ლ- ე-ი და ბუნებრივი საღებავებით ძაფის ღებვის თაობაზე შეკვეთის მიღების მიზნით შეახვედრა მხარეებს. მოსარჩელეს სურდა ბუნებრივი საღებავებით შეღებილი გობელენი. ძაფი შეიძინა მოსარჩელემ და მანვე გადაიხადა შეღების ხარჯები.

12. მოწმე ნ- ვ-ის, რომელიც არის პროფესიით მხატვარი, ცხოვრობდა მოსარჩელის მეზობლად, ჩვენებით მან თავდაპირველად, გაიცნო მოპასუხე, რომელიც ცხოვრობდა მოსარჩელის კუთვნილ ბინაში და მისი შეკვეთის საფუძველზე ამზადებდა გობელენს „ლ--ი ბ---–-“. გობელენი „ლ-ი ბ-ს“ დამზადებაში იგი თანხას იღებდა მოქსოვილ ყოველ კვადრატურ მეტრზე, ასევე, ხელფასის სახით ყოველთვიურად იღებდა გარკვეულ თანხას. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის სასარგებლოდ თანხის გადახდა დაადასტურეს სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოსარჩელის ძმამ და დედამ.

13. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის სასარგებლოდ თანხის გადახდა დადგენილი იქნა წერილობითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი თანხის მიღების ხელწერილით, რომლის თანახმად, მოპასუხემ 2001 წელს მიიღო 1000 აშშ დოლარი, საიდანაც გაიქვითა 100 ლარი, 2002 წელს მიიღო 1100 აშშ დოლარი, 2003 წელს ასევე მიიღო 1100 აშშ დოლარი, 2004 წელს - 1800 აშშ დოლარი, 2005 წელს - 1600 აშშ დოლარი, 2007 წელს მიიღო - 2000 აშშ დოლარი, 2008 წელს - 1800 ევრო, 2009 წელს - 600 ევრო, 200 აშშ დოლარი და 100 ლარი. მითითებული ხელწერილის მოპასუხის მიერ შესრულების ფაქტი, დადასტურებული იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.

14. მართალია, მოპასუხე განმარტავდა, რომ აღნიშნული ასახავდა, მხოლოდ მოსარჩელის მიერ 2002 - 2003 წლებში და 2004 - 2005 წელს მოქსოვილი გობელენების შეძენის თანხებს, თუმცა, საქალაქო სასამართლოს შეფასებით, გაურკვეველი რჩებოდა 2001 წელს რა საფუძვლით უნდა გადაეხადა მოსარჩელეს 2002-2003 წლებში მოქსოვილი გობელენის შეძენის მიზნით თანხა ე.ი. უნდა გადაეხადა თანხა იმ ნივთისათვის, რომელიც არ არსებობდა. ამას გარდა გაურკვეველი რჩებოდა, თუ რის საფუძველზე იხდიდა მოსარჩელე თანხებს 2007-2008 წლებში; ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის ეს პოზიცია დაუსაბუთებელი და მიუღებელი იყო.

15. ასევე, იმ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რომ 2000 წლიდან გობელენი „ლ------ი ბ---–-ს“ შექმნისას მოპასუხეს სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული მოსარჩელის ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნილი სახვითი ხელოვნების ნაწარმოების „ლ--ი ბ-“, საქალაქო სასამართლომ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 629-ე მუხლის პირველი ნაწილით [დიპოზიცია: ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური] და მიიჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს, როგორც მენარდეს, უნდა დაემზადებინა მოსარჩელის სასარგებლოდ გობელენი „ლ-ი ბ–-“. მოსარჩელემ შეასრულა ვალდებულება.ამასთან, ის ფაქტი, რომ გობელენი „ლ-ი ბ-ს“ დამზადებისას მოპასუხემ გამოიყენა ახალი ტექნოლოგია, არ ათავისუფლებდა მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან ე.ი. შესრულებული სამუშაოს შემკვეთისათვის გადაცემის ვალდებულებისაგან.

16. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ.

17. დავის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებებეზე, რომლებსაც მხარეები, მათ მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით ერთგვაროვნად გადმოსცემენ. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, მათ შორის, 2016 წლის 06 სექტემბრის და 2016 წლის 31 ოქტომბრის სასამართლო სხდომებზე, ორივე მხარის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების მიხედვით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

18. მხარეები 1999 წლამდე არ იცნობდნენ ერთმანეთს._ 1999 წელს მხარეებმა ერთმანეთი გაიცნეს შალვა ჯაფარიძის მეშვეობით, რომელიც მოსარჩელის მეგობარი და მოპასუხის ნათესავია._ მათი გაცნობა შედგა და განპირობებული იყო შემდეგი გარემოებით: მოსარჩელეს, როგორც მხატვრის მიერ, ტილოს ქსოვილზე, ზომით დაახლოებით 200სმX300სმ, ფლომასტერებით შესრულებული ჰქონდა ნახატი სახელწოდებით ,,ლ- -ი ბ--“; მოსარჩელის განმარტებით, ნახატი შეიქმნა საფრანგეთში დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში; იმის გამო, რომ დასახელებული ნახატი შესრულებული იყო აორთქლებადი ფლომასტერებით, არსებობდა დროთა განმავლობაში მისი გაუფერულების და გამოსახულების გაქრობის საფრთხე, რის გამოც, გადაწყვიტა ნახატის იმავე სახელწოდების გობელენური ასლის დამზადება. სწორედ ამ მიზნით იგი 1999 წელს ჩამოვიდა საქართველოში და შეხვდა სხვადასხვა მხატვრებს, თუმცა მათთან ვერ შედგა შეთანხმება; საბოლოოდ, ამავე წელს ამ საკითხზე შედგა შეხვედრა მასსა და მოპასუხეს შორის. მათი შეხვედრის და შესასრულებელი სამუშაოს არსის გაცნობის შედეგად, გაირკვა, რომ ნახატის ,,ლ--ი ბ--“ 200სმX300სმ ზომების შენარჩუნებით მისი გობელენული ასლის მოქსოვა შეუძლებელი იყო და გარდაუვალი იყო მისი მასშტაბის გადიდება, რაც საბ---–ოოდ ასეც მოხდა; კერძოდ, გობელენი ,,ლ- ბ–-“ დამზადდა ზომით 314სმX440სმ.

19. 314სმX440სმ ზომით გობელენის მოქსოვა საჭიროებდა შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნას; კერძოდ, ქსოვისათვის შესაბამისი ზომის დაზგის მოწყობა, რაც თავის მხრივ, მოითხოვდა შესატყვისი ფართის სახელოსნოს. სამუშაოს შესრულების მიზნით, მოსარჩელემ მოპასუხეს დაუთმო მისი კუთვნილი ბინა მდებარე, ქ.თბილისში, ი.აბაშიძის ქუჩა №22/124. ამ ბინაში მოეწყო საქსოვი დაზგა, დაიწყო და წლების განმავლობაში მიმდინარეობდა გობელენის ქსოვის ხანგრძლივი პროცესი. ბინის გასხვისების შემდეგ კი, 2009 წლის ბ---–ოდან მოპასუხე ნივთის დამზადებისათვის სარგებლობდა ბინით, რომლის ქირასაც იხდიდა მოსარჩელე. მოსარჩელემ მოპასუხე უზრუნველყო სამუშაოს შესრულების მიზნით არა მხოლოდ საცხოვრებელი ბინით, სადაც იგი ქსოვდა გობელენს, არამედ ასევე სამუშაოს შესასრულებლად საჭირო სხვა პირობებითაც; მათ შორის, გობელენის ქსოვისათვის საჭირო დაზგით, ძაფებით, საღებავი მასალით. მოპასუხის მიერ მოსარჩელის ნახატის მიხედვით, იმავე სახელწოდების გობელენის „ლ--ი ბ--“, ქსოვის პროცესი გრძელდებოდა 2000 წლიდან - 2010 წლის ჩათვლით პერიოდში. ამასთან, 2006 წელს მოპასუხეს გობელენზე არ უმუშავია.

20. გობელენი ,,ლ-ი ბ---ს“ ღირებულების განმსაზღვრელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

21. გობელენი ,,ლ--ი ბ-ს“ ქსოვის პერიოდში, მოსარჩელის დაკვეთით მოპასუხემ შეასრულა სხვა გაცილებით მარტივი სამუშაო და შესაბამისად, დროის გაცილებით მცირე მონაკვეთში, მოსქოვა სხვა გობელენებიც (მოპასუხის განმარტებით _ სულ ოთხი გობელენი: კერძოდ: ,,კ- ი“, ,,ჩ-“ და სხვა), რომლებიც გადასცა მოსარჩელეს და მანაც გადაუხადა შეთანხმებული თანხა.

22. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტიცებულებებით, კერძოდ, როგორც მხარეთა განმარტებებით, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას 2014 წლის 23 აპრილის სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით (მოწმეები: ნ- ყვავილაშვილი, ლ- ე-ი), ხელოვნებათმცოდნეების შეფასებებით, სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ შესასრულებელი სამუშაო იყო რთული და შრომატევადი. გობელენი ,,ლ -ი ბ-ს“ თაობაზე ხელოვნებათმცოდნეების: ნანა კიკნაძის, გოგი ხოშტარიას, დავით ანდრიაძის შეფასებებში აღნიშნულია, რომ მხატვარი მოსარჩელის ნახატის ,,ლ -ი ბ-“ მიხედვით, მოპასუხის მიერ შექმნილი გობელენი ,,ლ---ი ბ---–“, შესრულებულია ბუნებრივი საღებავებით, შეღებილი ნატურალური ნართით, ერთ წვერში, ფერები: წითელი, შავი, თეთრი, ლ-ი; გობელენზე გამოსახულია ფანტასტიკური არსებები: კაცუნები, ცხოველები, ფრინველები, რომლებიც განლაგებულია ათ კვადრატში, ორი დიდი, ცენტრალური ფიგურის გარეშემო; კომპოზიცია მრავალი სხვადასხვა სახის და შინაარსის მქონე აბსტრაგირებული გამოსახულებითა და დეტალითაა დახუნძლული და იგი იკითხება ერთ მთლიან ტილოდ, რაც მიღწეულია სრულყოფილი ქსოვის ტექნიკით; დასახელებულ წერილობით მასალაში უფრო ვრცლადაა საუბარი გობელენის ესთეტიკურ ღირებულებაზე, აღნიშნულია, რომ მოპასუხის მიერ ამგვარი შესანიშნავი შესრულება, მხატვრის _ ესკიზის ავტორის მოსარჩელის ასევე შესანიშნავი შესრულების დამსახურებაა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შეფასებების არსებობის ფაქტს სადავოდ არ ხდიდა მოსარჩელე, თუმცა პრეტენზიას გამოთქვამდა იმ თვალსაზრისით, რომ დაკნინებულიიყო მისი, როგორც მხატვრის როლი და მნიშვნელობა; ერთ შემთხვევაში, მოხსენიებული იყო ზოგადად, როგორც ,,პარიზში მოღვაწე ქართველი მხატვარი“.

23. დავის სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია აგრეთვე საქმის ზეპირი განხილვისას მხარეთა პოზიციას, რომელიც ასახული იყო 2016 წლის 06 სექტემბრის და 2016 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმებში. მოსარჩელის განმარტებით (სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 06 სექტემბრის სხდომის ოქმი; 15:51:40სთ), მას დასახელებული შეკვეთის შესრულებაზე ბევრმა უარი განუცხადა, რადგან ისინი შემოქმედი მხატვრები არიან და თავიანთ საქმეს ასრულებდნენ; ერთმა მათგანმა განუცხადა, რომ ერთ კვ.მ.-ს 500 აშშ დოლარზე ნაკლებად არ მოქსოვდა; სწორედ ამ წინადადებით მივიდა იგი მოპასუხესთან, რომელმაც ჰკითხა გასაყიდად უნდოდა თუ არა გობელენი; ამის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ გობელენის ერთ კვ.მ-ს მოქსოვდა 300 აშშ დოლარად და გაყიდვის შედეგად მიღებული თანხიდან მას უნდა გადასცემოდა ამ თანხის 10%; თუკი გობელენი არ გაიყიდებოდა, მაშინ მოსარჩელის განმარტებით, მან შეთავაზა მოპასუხეს ერთ კვ.მ.-ში 500 აშშ დოლარის გადახდა. მისივე განცხადებით, მოპასუხის ზემოაღნიშნული პირობა იყო კორექტული შეთავაზება, რასაც დაეთანხმა და საბოლოოდ სწორედ ამაზე შეთანხმდნენ მხარეები. მოსარჩელე 9 წლის მანძილზე უხდიდა მოპასუხეს თანხას და საბოლოოდ, იმაზე მეტი თანხა აქვს გადახდილი მხარისათვის, ვიდრე მათი შეთანხმება ითვალისწინებდა.

24. რაც შეეხება გობელენის მოქსოვისათვის საჭირო დროს, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს მასზე მუშაობა პირობის მიხედვით, ორ წელიწადში უნდა დაესრულებინა.

25. ამ საკითხის თაობაზე გარემოებებს განსხვავებულად გადმოსცემდა მოპასუხე, რომელიც განმარტავდა, რომ გობელენზე ,,ლ-ი ბ- მუშაობისათვის მას თანხა საერთოდ არ მიუღია. შესარულებელი სამუშაო ურთულესი იყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანხა უნდა მიეღო სამუშაოს დასრულების შემდეგ გობელენის რეალიზაციიდან, არა იმ პროპორციით, როგორც განმარტავს მოსარჩელე (10% ნივთის ღირებულებიდან) არამედ, ნივთის ღირებულების ნახევარის ოდენობით. ამ გობელენის დამზადებიდან გამომდინარე ურთიერთობის გათვალისწინებით რაიმე სხვა თანხის მიღებაზე მხარეები არ შეთანხმებულან და შესაბამისად, დასახელებული სამუშაოს ფარგლებში მოსარჩელეს მისთვის თანხა არ გადაუხდია.

26. რაც შეეხება ნივთის დამზადების დროს, მოპასუხე განმარტავდა, რომ მხარეები არ შეთანხმებულან კონკრეტულ ვადაზე; იგი ასევე მიუთითებდა, რომ ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, გადატანილი ჰქონდა ოპერაცია; შესაბამისად, აღნიშნულის და შესასრულებელი შრომატევადი სამუშაოს განსაკუთრებული სირთულის და დიდი მოცულობის გათვალისწინებით, მხარეებს კონკრეტული ვადა არ განუსაზღვრავთ.

27. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯრების შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობები შესაძლოა განვითარებულიყო შემდეგნაირად:

28. ერთ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა გადაეხადა მოპასუხისათვის დასახელებული გობელენის ერთ კვ.მ-ზე 300 აშშ დოლარი, გარდა ამისა, მოპასუხეს უნდა მიეღო გობელენის გაყიდვის გზით მიღებული თანხის 10%; მეორე შემთხვევაში, თუკი გობელენი არ გაიყიდებოდა, მოპასუხეს უნდა მიეღო გობელენის ერთ კვ.მ-ზე 500 აშშ დოლარი.

29. თავის მხრივ, მოპასუხე, ნივთის დამზადების შემდეგ, მის გასხვისებიდან მიღებული თანხის 50%-50%-ის მხარეთა შორის განაწილებაზე შეთანხმების გარდა უარყოფდა სხვა რაიმე შეთანხმების არსებობას. იგი ასევე გამორიცხავდა ამ გობელენიდან გამომდინარე მოსარჩელისაგან რაიმე ფულადი თანხის მიღებას.

30. ამ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 629-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა სარწმუნოდ არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო სსკ-ის 195-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც განაპირობებდა ამ ურთიერთობის ფარგლებში შექმნილ ნივთზე მხარეთა თანსაკუთრების უფლების წარმოშობას.

31. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით მოსარჩელემ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი.

32. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ფაქტები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო განსახილველი საქმის სწორი გადაწყვეტისათვის. კერძოდ, კასატორის პრეტენზიას წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადგენა-შეფასება, ვინაიდან, მან საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევებით, სახელდობრ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილი. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ გამოიყენა მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც როგორც საქმის პირველ ინსტანციაში, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს არ განუცხადებია მას. კასატორი აღნიშნავს, რომ მისი განმარტებისაგან განსხვავებით, სასამართლო უთითებს გობელენის მოქსოვისთვის 1 კვ.მ-ში 500 აშშ დოლარის ანაზღაურების შეთანხმების ფაქტზე, მაშინ, როცა აღნიშნულს განსხვავებულად გადმოსცემს მოწინააღმდეგე მხარე, კერძოდ, უარყოფს შეთანხმებული თანხის მიღებას, რომელიც სამუშაოს დასრულების შემდგომ გობელენის რეალიზაციიდან ნივთის ღირებულების ნახევრის ოდენობით უნდა მიეღო.

33. კასატორი განმარტავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არცერთხელ სადაოდ არ გაუხდია ზემოაღნიშნული პირობებით მხარეთა შეთანხმების ფაქტი, ხოლო სასამართლო მსჯელობს შემდეგნაირად: „ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს მხარეთა შორის მითითებულ საკითხზე დადებული წერილობითი ხელშეკრულება, ხოლო მათი ზეპირი განმარტებები ზემოაღნიშნულ საკითხებზე სადავო და წინააღმდეგობრივია, ცხადია ერთი მხარის ახსნა-განმარტების დადასტურებულად მიჩნევა, სხვა სათანადო მტკიცებულებების არარსებულ პირობებში კანონსაწინააღმდეგოა“. კასატორი აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა, რომ გობელენ „ლ--ბ–ს“ ასრულებდა კასატორის დაკვეთით, რაც ნიშნავს ნარდობის ხელშეკრულების არსებობას და მოწინააღმდეგე მხარის განმარტება სადავო ნივთის რეალიზაციის შემდეგ მისი ღირებულების მისთვის 50%-ის, როგორც სამუშაოს შესრულების ანაზღაურება, კასატორის მიერ გადახდის შეთანხმების თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს.

34. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელზე, სადაც იგი უარყოფს კასატორთან სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან არანაირი კავშირი არ დგინდება კასატორსა და სადაო ნივთს შორის, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა აღნიშნული ნივთის გადაცემის თაობაზე. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, მან თავად შექმნა ნაწარმოები და კასატორს მისთვის ამ ნივთის ღირებულების 50% არ გადაუხდია. კასატორის განმარტებით, იგივე პოზიციას ასაბუთებს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნავს, რომ მის მარწმუნებელს კასატორის ბინაში ცხოვრების პერიოდში მრავალი ნაწარმოები აქვს შექმნილი, საიდანაც, რამდენიმე კასატორმა შეიძინა, ხოლო სადაო ნივთი არ არის კავშირში ნარდობის ხელშეკრულებასთან, ვინაიდან, იგი არ არსებობდა.

35. კასატორი მიუთითებს საქმეში არსებულ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ანგარიშის სახით დადგენილ დოკუმენტზე, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის ხელით იყო შესრულებული და იგი კასატორს გადასცა, სადაც აღწერილია 2000 წლიდან ყოველთვიურად უცხოურ ვალუტაში განხორციელებული გადახდები (მოხსენიებულია მერაბ კიკაჩეიშვილი, ლევან ქავთარაძე (კასატორის მეგობარი).

36. მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნა, რომ არ არსებობდა ფულადი თანხის გადაცემის არანაირი საფუძველი და ზემოხსენებული დოკუმენტი მისი სახლიდან კასატორმა ჩუმად წამოიღო. საკასაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ დავის პირველ ინსტანციაში განხილვის დროს მოწინააღმდეგე მხარემ კასატორის კუთვნილ ბინაში წლების განმავლობაში ცხოვრების ფაქტი მათ შორის არსებული ახლო ურთიერთობით ახსნა.

37. კასატორი უთითებს სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაასაბუთა რა საფუძვლით სარგებლობდა კასატორის ბინით უსასყიდლოდ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

38. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარე სააპელაციო სასამართლო სხდომამდე უარყოფდა კასატორთან არსებულ რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას, ხოლო შემდეგ აღიარა ნარდობის ხელშეკრულების არსებობის გაქტი, ოღონდ შესასრულებელი სამუშაოს ანაზღაურების სახით სადაო ნივთის 50%-ის მისთვის გადახდის პირობით. კასატორი აღნიშნავს, რომ ასეთი შეთანხმება მათ შორის არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ახალი ფაქტობრივი გარემოება საპატიო მიზეზის გარეშე მიიღო და გადაწყვეტილებაც დააფუძნა მასზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 219-ე მუხლი - მიიღო ახალი ფაქტობრივი გარემოებები საპატიო მიზეზის გარეშე და გადაწყვეტილება დააფუძნა ამ გარემოებებს.

39. ასევე, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებს და არასწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მხარეთა ახსნა-განმარტებების გარდა სხვა მტკიცებულებები.

40. კასატორი მიუთითებს სააპელაციო პალატის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობისათვის მას მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაცემული უნდა ჰქონდეს შესრულებული სამუშაოსათვის შესაბამისი ანაზღაურება, რასაც მოწინააღმდეგე მხარე უარყოფს და თვლის, რომ მის პირად ჩანაწერებში არსებულ სხვადასხვა ციფრებისა და დანიშნულებაზე მითითების ასახვა არანაირ კავშირში არაა დავის საგანთან. მისი განმარტებით, დასახელებული ჩანაწერები ასახავს წლების განმავლობაში სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ხარჯებს, მაშინ, როცა იქ მითითებულია კასატორის მიერ დაკვეთილი სხვა გობელენების (მაგალითად, „ჩ----“, „კ-–--ი“) დამზადების საზღაური, მისივე ახლობლების მიერ გადაცემული თანხები (ძმისგან მიღებული თანხა, სადაც მითითებულია ლევანი).

41. საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტში ასახული ჩანაწერების პერიოდი ემთხვევა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის - გობელენის ქსოვის პერიოდს, რომლის ათვლა იწყება 2001 წლიდან 2009 წლამდე. შესაბამისად, გაურკვეველია საიდან იღებდა მოწინააღმდეგე მხარე რეგულარულად უცხოურ ვალუტაში შემოსავალს 2001 წელს, თუ არა კასატორისგან და რა საყოფაცხოვრებო ხარჯი უნდა ჰქონოდა მოწინააღმდეგე მხარეს ამ დროის განმავლობაში.

42. კასატორის განმარტებით, ხელწერილში რამდენჯერმეა ნახსენები ლევანი და მითითებულია, რომ „ლევანმა მიუტანა კ-ს ძაფებზე“. ამ შემთხვევაში, საუბარია არა მოწინააღმდეგე მხარის ძმაზე, არამედ ლევან ქავთარაძეზე, რომელიც კასატორის მეგობარია და მისი თხოვნით ამ პირს მიჰქონდა ხოლმე მოწინააღმდეგე მხარესთან თანხები. შესაბამისად, კასატორი საეჭვოდ მიიჩნევს, რატომ მიუტანდა თანხებს მოწინააღმდეგე მხარეს თავისი ძმა კასატორის ძაფებისათვის. კასატორი მიუთითებს ხელწერილში არსებულ ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც 2006 წელს მოწინააღმდეგე მხარეს არ უმუშავია, რაც ორივე მხარის განმარტებას ემთხვევა.

43. შესაბამისად, ამ ფაქტებით დასტურდება ხელწერილის კავშირი გობელენი „ლ------ი ბ---–-ს“ შექმნასთან, კერძოდ, კასატორის ანგარიშგება გობელენის ქსოვის პერიოდის და გადახდილი თანხების შესახებ.

44. კასატორი თვლის, რომ მნიშვნელოვანია მოწმე ნ- ვ-ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც იგი პროფესიით მხატვარია და კასატორის მეზობლად ცხოვრობს, თუმცა, კასატორი ვინაიდან საქართველოში არ ცხოვრობდა, თავდაპირველად მოწინააღმდეგე მხარე გაიცნო, რომელიც კასატორის ბინაში ცხოვრობდა და მისი შეკვეთის საფუძველზე ამზადებდა სადაო გობელენს. მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ გობელენი „ლ------ი ბ---–-ს“ დამზადებაში იგი თანხას იღებდა მოქსოვილ ყოველ კვადრატულ მეტრზე და ხელფასის სახით ყოველთვიურად გარკვეულ თანხას იღებდა. აღნიშნული თანხების გადახდის ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმე თინა დათიაშვილმა და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარე მადლიერი იყო კასატორის, ვინაიდან, მის მიერ გადახდილი თანხებით ირჩენდა თავს. ხსენებული გარემოებები დაადასტურეს კასატორის ძმამ და დედამაც.

45. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სადაო გობელენის მოქსოვისთვის მოწინააღმდეგე მხარისათვის თანხის გადახდას ადასტურებს მის მიერ 2011 წლის 13 მაისს თვისი რძლის - ქეთი ნაკაიძის ელექტრონული ფოსტით გადმოგზავნილი ხელშეკრულება (სარჩელის დანართი 5), რომლითაც მოსარჩელეს სთავაზობდა, რომ თავად გაასხვისებდა გობელენს და მიღებული თანხიდან 50%-ის კასატორისთვის გადაცემას. აღნიშნულ ხელშეკრულებაში იგი აღირებს, რომ ქსოვის პერიოდში ავტორმა გაწია გარკვეული ხარჯი 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და იღებს ვალდებულებას, რომ გობელენის გაყიდვის შემთხვევაში ავტორს დაუბრუნებს 15 000 აშშ დოლარს ასევე ეროვნულ ვალუტაში.

46. კასატორი აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ 2000 წლის 24 ნოემბრის ფაქსით გაგზავნილ წერილში მითითებულია მისი საბანკო რეკვიზიტები (სარჩელის დანართი 2).

47. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მოხდა არსებითი პროცესუალური ნორმების დარღვევით, საქმეში არსებული მასალების არასწორი შეფასებით, რის გამოც განსახილველ დავაზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

48. კასატორის პრეტენზიას წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომლის მიხედვითაც პირველი ინსტანციისაგან განსხვავებით სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარემ აღიარა კასატორის მიერ ტექნიკური სამუშაოებისათვის გაწეული თანხები სადაო ნივთზე. შესაბამისად, გობელენი არის კასატორის ინიციატივისა და სხვა მხატვრებთან (ნ- ყვავილაშვილი) კონსულტაციების შედეგი, ასევე, კასატორის ნამუშევრის ზუსტი ასლი, რასაც ადასტურებს მოწმე ნ- ყვავილაშვილი, თავად მოწინააღმდეგე მხარე და სადაო ნივთიც.

49. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი წარმოადგენს სადაო ნივთის სრულუფლებიან ავტორს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე ამ ნამუშევრის შემსრულებელია, რომელიც იღებდა ანაზღაურებას. მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოყენებული ტერმინი „ესკიზი“ არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან, „ლ------ი ბ---–-“ იყო და არის მხატვრის ორიგინალური ნახატი, ხოლო სადაო გობელენის ღირებულებად მიჩნეული იქნა 15000 აშშ დოლარი, რაც ხელოვანს დაუჯდა ამ პროექტის განხორციელებისთვის. უსაფუვლოა მისი ღირებულების მოწინააღმდეგე მხარის მიერ დადგენა, ვინაიდან, ეს პირველ რიგში მხატვრის პრეროგატივაა, რადგან მისი გადასაწყვეტია ორიგინალური ნამუშევრის ერთეულობა თუ მისი სერიულად გამრავლება. ასეთ შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია ავთენტურობის სერთიფიკატი, რომელიც მხოლოდ ავტორს შეუძლია გასცეს.

50. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი რეცენზიები, რომელიც მან რამდენიმე ხელოვნებათმცოდნისაგან მიიღო. ნანა კიკნაძე აღარაა ცოცხალი და დღეს შეუძლებელია დადგინდეს რა ინფორმაციის საფუძველზე დაწერა მან რეცენზია. დავით ანდრიაძის რეცენზიის საფუძველი მისივე შეცდომაში შეყვანაა და კატეგორიული წინააღმდეგია მისი მოწინააღმდეგე მხარის მიერ რეცენზიის მტკიცებულებად გამოყენებისა.

51. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

52. საქარველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

53. საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

54. მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

55. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის სასამართლო სხდომაზე მხარეებს მორიგებისთვის მიეცათ 1-თვიანი ვადა. 2018 წლის 23 თებერვალს მხარეთა წარმომადგენელებმა განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს და მოითხოვეს მორიგებისთვის ორი კვირის ვადის განსაზღვრა. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მხარეებს მორიგებისთვის განსაზღვრული ვადა გაუგრძელდათ 2018 წლის 12 მარტამდე და დამატებით 2018 წლის 21 მარტამდე.

56. 2018 წლის 21 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე მხარეებმა შუამდგომლობით მომართეს საკასაციო პალატას და ითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება შემდეგი პირობებით:

57. წინამდებარე აქტის დამტკიცებიდან მომდევნო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, გობელენი იქნება მხარეთა თანამფლობელობაში, მისი შემდგომი გამოფენისა და რეალიზაციის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები ერთობლივად ეცდებიან, გობელენის შენახვა (ისევე როგორც გამოფენა/განთავსება) განხორციელდეს ორივე მხარისთვის მისაღებ ადგილას;

58. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე აქტის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ისინი ყველა ღონესა და ძალისხმევას იხმარენ, რათა მოხდეს გობელენის რეალიზაცია, ხოლო ამ მიზნით, ისინი ერთობლივად და/ან დამოუკიდებლად, ურთიერთ შეთანხმებით და/ან ურთიერთ შეტყობინებით, მოაწყობენ გობელენის გამოფენას, რეკლამირებას, ინტერნეტში და/ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გობელენის შესახებ ინფორმაციისა და ფოტო-მასალის განთავსებას და განახორციელებენ ყველა საჭირო მოქმედებას, რაც აუცილებელი იქნება გობელენის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის.

59. ვიდრე მხარეთა შორის სხვა რამ არ იქნება შეთანხმებული, წინამდებარე აქტის დამტკიცებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გობელენის მინიმალური გასაყიდი ფასი იქნება 300,000.00 (სამასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტური ოდენობა ლარში, იმის გათვალისწინებით, რომ მ------ ჯ---–იას მიერ წინამდებარე პუნქტით დადგენილი პირობის დარღვევის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ვალდებულია, აუნაზღაუროს ა------- თ--------იას 157,500.00 (ასორმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარი (შესაბამისი ექვივალენტური ოდენობა ლარში), ხოლო ა------- თ--------იას მიერ წინამდებარე მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ვალდებულია, აუნაზღაუროს მ------ ჯ---–იას 142,500.00 (ასორმოცდაორი ათას ხუთასი) აშშ დოლარი (შესაბამისი ექვივალენტური ოდენობა ლარში);

60. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, გობელენის რეალიზაციის შემთხვევაში დაიცვან წინამდებარე აქტით განსაზღვრული მოთხოვნები და ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს, საბ---–ოო მიზნის (გობელენის რეალიზაცია) მიღწევაში;

61. მხარეთა შეთანხმებით, აქტის დამტკიცებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გობელენის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა მხარეთა შორის გაიყოფა შემდეგნაირად: ამონაგები თანხიდან 15,000.00 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი გადაირიცხება ა------- თ--------იას ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი თანხა გაიყოფა თანაბრად (50%-50%-ზე) მხარეთა პირად და წინასწარ შეთანხმებულ საბანკო ანგარიშებზე თანხების გადარიცხვის გზით;

62. საჭიროებიდან გამომდინარე, წინამდებარე აქტის 1-ლ პუნქტში განსაზღვრული ვადა, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ 1 (ერთი) წლით;

63. წინამდებარე აქტით დადგენილ 5 (ხუთი) წლიან ვადაში (აქტის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით) გობელენის რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, წინამდებარე მე-9 პუნქტით გათვალისწინებული, ა------- თ--------იას მიერ, მ------ ჯ---–იას მიმართ ასანაზღაურებელი თანხის უზრუნველყოფის მიზნით, მ------ ჯ---–იას გირავნობის უფლებით (92.500.00 ოთხმოცდათორმეტი ათას ხუთასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) დატვირთული სახით და ამ უკანასკნელის მიერ გირავნობის უფლების რეგისტრაციისა და გაუქმებისთვის აუცილებელი ხარჯ(ებ)ის გაღებით, გობელენი, როგორც მესაკუთრეს, პირდაპირ მფლობელობაში გადაეცემა ა------- თ--------იას;

64. წინამდებარე აქტის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მესაკუთრის მიერ გობელენის რეალიზაციის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ვალდებულია, შეატყობინოს მ------ ჯ---–იას, ასევე გააცნოს გობელენის რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, იმის გათვალისწინებით, რომ გობელენის მინიმალური გასაყიდი ფასი არ უნდა იყოს 200,000.00 (ორასი ათასი) აშშ დოლარზე (შესაბამისი ეკვივალენტური ოდენობა ლარში) ნაკლები და ა------- თ--------იას არ აქვს უფლება, მ------ ჯ---–იასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, წინამდებარე პუნქტით განსაზღვრულზე დაბალ ფასში მოახდინოს გობელენის რეალიზაცია;

65. წინამდებარე მე-8 პუნქთით გათვალისწინებული პირობის დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ, მ------ ჯ---–იასთან შეთანხმების გარეშე გობელენის 200,000.00 (ორასი ათასი) აშშ დოლარზე (შესაბამისი ეკვივალენტური ოდენობა ქართულ ლარში) დაბალ ფასში ა------- თ--------იას მიერ გობელენის რეალიზაციის შემთხვევაში, ა------- თ--------ია აუნაზღაურებს მ------ ჯ---–იას 92.500.00 (ოთხმოცდათორმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარს (შესაბამისი ექვივალენტი ლარში);

66. ა------- თ--------ია კისრულობს ვალდებულებას, რომ წინამდებარე მორიგების აქტის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გობელენის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, 15,000.00 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის გამოკლების შემდეგ, დარჩენილი თანხის 50% (ორმოცდაათი პროცენტი) გადარიცხულ იქნას მ------ ჯ---–იას პირად საბანკო ანგარიშზე;

67. წინამდებარე აქტით გათვალისწინებული გობელენის გამოფენა და/ან ნებისმიერი ფორმით განთავსება განხორციელდება შემდეგი ანოტაციით: „კ- თ--------ია „ლ------ი ბ---–-“; ქსოვა: მ------ ჯ---–ია; შალი, ბუნებრივი საღებავები; 310X440 სმ; 2000-2010 წ.“. აღნიშნული ანოტაცია საჭიროებისამებრ ითარგმნება უცხო ენა(ებ)ზე;

68. გობელენის რეალიზაციის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში გობელენის საზღვარგარეთ გამოფენის/განთავსების შემთხვევაში, მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, თანაბრად გაიღონ ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებული იქნება გობელენის საზღვარგარეთ გატანასთან, ხოლო რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხევაში, საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ რომელიმე მხარის გობელენის საზღვარგარეთ გატანის შემთხვევაში, აუცილებელია, მეორე მხარის თანხმობა, ასევე, საზღვარგარეთ გობელენის გატანისა და რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, მხარეები მოახდენენ გობელენის დაზღვევას;

69. რომელიმე მხარის ბრალით გობელენის განადგურების, დაკარგვის, ან იმგვარი დაზიანების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, მ------ ჯ---–იას ბრალით გობელენის განადგურების, დაკარგვის ან წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული დაზიანების შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ვალდებულია, აუნაზღაუროს ა------- თ--------იას 157,500.00 (ასორმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარი (შესაბამისი ექვივალენტური ოდენობა ლარში), ხოლო ა------- თ--------იას ბრალით გობელენის განადგურების, დაკარგვის ან წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული დაზიანების შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ვალდებულია, აუნაზღაუროს მ------ ჯ---–იას 142,500.00 (ასორმოცდაორი ათას ხუთასი) აშშ დოლარი (შესაბამისი ექვივალენტური ოდენობა ლარში);

70. მხარეთა შორის ნებისმიერი კომუნიკაცია ხორციელდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მხარეთა პირად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: k--; j- .

71. მხარეები ვალდებული არიან, წინამდებარე მე-14 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ფოსტის მისამართ(ებ)ის შეცვლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, ამგვარი ცვლილების განხორციელებამდე, შეატყობინონ ერთმანეთს;

72. მხარეთა შორის არსებული ნებისმიერი კომუნიკაცია (ელექტრონული მიმოწერა) დადასტურებული უნდა იყოს მეორე მხარის მიერ დადასტურების შესახებ არსებული ელექტრონული წერილით.

73. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიაციტივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

74. მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს მორიგების აქტი ა-- თ-იას (პირადი #0--), და მ- ჯ–იას (პირადი #2--) შორის შემდეგი პირობებით:

3. წინამდებარე აქტის დამტკიცებიდან მომდევნო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, გობელენი იქნება მხარეთა თანამფლობელობაში, მისი შემდგომი გამოფენისა და რეალიზაციის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები ერთობლივად ეცდებიან, გობელენის შენახვა (ისევე როგორც გამოფენა/განთავსება) განხორციელდეს ორივე მხარისთვის მისაღებ ადგილას;

4. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე აქტის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ისინი ყველა ღონესა და ძალისხმევას იხმარენ, რათა მოხდეს გობელენის რეალიზაცია, ხოლო ამ მიზნით, ისინი ერთობლივად და/ან დამოუკიდებლად, ურთიერთ შეთანხმებით და/ან ურთიერთ შეტყობინებით, მოაწყობენ გობელენის გამოფენას, რეკლამირებას, ინტერნეტში და/ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გობელენის შესახებ ინფორმაციისა და ფოტო-მასალის განთავსებას და განახორციელებენ ყველა საჭირო მოქმედებას, რაც აუცილებელი იქნება გობელენის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის.

5. ვიდრე მხარეთა შორის სხვა რამ არ იქნება შეთანხმებული, წინამდებარე აქტის დამტკიცებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გობელენის მინიმალური გასაყიდი ფასი იქნება 300,000.00 (სამასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტური ოდენობა ლარში, იმის გათვალისწინებით, რომ მ- ჯ-იას მიერ წინამდებარე პუნქტით დადგენილი პირობის დარღვევის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ვალდებულია, აუნაზღაუროს ა--- თ---იას 157,500.00 (ასორმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარი (შესაბამისი ექვივალენტური ოდენობა ლარში), ხოლო ა-- თ-იას მიერ წინამდებარე მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ვალდებულია, აუნაზღაუროს მ- ჯ-იას 142,500.00 (ასორმოცდაორი ათას ხუთასი) აშშ დოლარი (შესაბამისი ექვივალენტური ოდენობა ლარში);

6. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, გობელენის რეალიზაციის შემთხვევაში დაიცვან წინამდებარე აქტით განსაზღვრული მოთხოვნები და ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს, საბოლოო მიზნის (გობელენის რეალიზაცია) მიღწევაში;

7. მხარეთა შეთანხმებით, აქტის დამტკიცებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გობელენის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა მხარეთა შორის გაიყოფა შემდეგნაირად: ამონაგები თანხიდან 15,000.00 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი გადაირიცხება ა- თ--იას ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი თანხა გაიყოფა თანაბრად (50%-50%-ზე) მხარეთა პირად და წინასწარ შეთანხმებულ საბანკო ანგარიშებზე თანხების გადარიცხვის გზით;

8. საჭიროებიდან გამომდინარე, წინამდებარე აქტის 1-ლ პუნქტში განსაზღვრული ვადა, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ 1 (ერთი) წლით;

9. წინამდებარე აქტით დადგენილ 5 (ხუთი) წლიან ვადაში (აქტის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით) გობელენის რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, წინამდებარე მე-9 პუნქტით გათვალისწინებული, ა- თ--იას მიერ, მ- ჯ---–იას მიმართ ასანაზღაურებელი თანხის უზრუნველყოფის მიზნით, მ-- ჯ---–იას გირავნობის უფლებით (92.500.00 ოთხმოცდათორმეტი ათას ხუთასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) დატვირთული სახით და ამ უკანასკნელის მიერ გირავნობის უფლების რეგისტრაციისა და გაუქმებისთვის აუცილებელი ხარჯ(ებ)ის გაღებით, გობელენი, როგორც მესაკუთრეს, პირდაპირ მფლობელობაში გადაეცემა ა- თ--იას;

10. წინამდებარე აქტის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მესაკუთრის მიერ გობელენის რეალიზაციის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ვალდებულია, შეატყობინოს მ--- ჯ-–იას, ასევე გააცნოს გობელენის რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, იმის გათვალისწინებით, რომ გობელენის მინიმალური გასაყიდი ფასი არ უნდა იყოს 200,000.00 (ორასი ათასი) აშშ დოლარზე (შესაბამისი ეკვივალენტური ოდენობა ლარში) ნაკლები და ა-- თ--იას არ აქვს უფლება, მ--- ჯ–იასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, წინამდებარე პუნქტით განსაზღვრულზე დაბალ ფასში მოახდინოს გობელენის რეალიზაცია;

11. წინამდებარე მე-8 პუნქთით გათვალისწინებული პირობის დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ, მ-- ჯ---–იასთან შეთანხმების გარეშე გობელენის 200,000.00 (ორასი ათასი) აშშ დოლარზე (შესაბამისი ეკვივალენტური ოდენობა ქართულ ლარში) დაბალ ფასში ა------- თ-იას მიერ გობელენის რეალიზაციის შემთხვევაში, ა-- თ-ია აუნაზღაურებს მ-- ჯ---–იას 92.500.00 (ოთხმოცდათორმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარს (შესაბამისი ექვივალენტი ლარში);

12. ა- თ-ია კისრულობს ვალდებულებას, რომ წინამდებარე მორიგების აქტის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გობელენის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, 15,000.00 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის გამოკლების შემდეგ, დარჩენილი თანხის 50% (ორმოცდაათი პროცენტი) გადარიცხულ იქნას მ------ ჯ---–იას პირად საბანკო ანგარიშზე;

13. წინამდებარე აქტით გათვალისწინებული გობელენის გამოფენა და/ან ნებისმიერი ფორმით განთავსება განხორციელდება შემდეგი ანოტაციით: „კ- თ--ია „ლ-----ი ბ---–-“; ქსოვა: მ-- ჯ---–ია; შალი, ბუნებრივი საღებავები; 310X440 სმ; 2000-2010 წ.“. აღნიშნული ანოტაცია საჭიროებისამებრ ითარგმნება უცხო ენა(ებ)ზე;

14. გობელენის რეალიზაციის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში გობელენის საზღვარგარეთ გამოფენის/განთავსების შემთხვევაში, მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, თანაბრად გაიღონ ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებული იქნება გობელენის საზღვარგარეთ გატანასთან, ხოლო რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხევაში, საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ რომელიმე მხარის გობელენის საზღვარგარეთ გატანის შემთხვევაში, აუცილებელია, მეორე მხარის თანხმობა, ასევე, საზღვარგარეთ გობელენის გატანისა და რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, მხარეები მოახდენენ გობელენის დაზღვევას;

15. რომელიმე მხარის ბრალით გობელენის განადგურების, დაკარგვის, ან იმგვარი დაზიანების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, მ----- ჯ–იას ბრალით გობელენის განადგურების, დაკარგვის ან წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული დაზიანების შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ვალდებულია, აუნაზღაუროს ა--- თ--იას 157,500.00 (ასორმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარი (შესაბამისი ექვივალენტური ოდენობა ლარში), ხოლო ა- თ--ას ბრალით გობელენის განადგურების, დაკარგვის ან წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული დაზიანების შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ვალდებულია, აუნაზღაუროს მ- ჯ-იას 142,500.00 (ასორმოცდაორი ათას ხუთასი) აშშ დოლარი (შესაბამისი ექვივალენტური ოდენობა ლარში);

16. მხარეთა შორის ნებისმიერი კომუნიკაცია ხორციელდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მხარეთა პირად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: k---; j--- .

17. მხარეები ვალდებული არიან, წინამდებარე მე-14 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ფოსტის მისამართ(ებ)ის შეცვლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, ამგვარი ცვლილების განხორციელებამდე, შეატყობინონ ერთმანეთს;

18. მხარეთა შორის არსებული ნებისმიერი კომუნიკაცია (ელექტრონული მიმოწერა) დადასტურებული უნდა იყოს მეორე მხარის მიერ დადასტურების შესახებ არსებული ელექტრონული წერილით.

19. შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება;

20. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

21. კასატორ ა-- თ--იას (პირადი #0---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 18 აგვისტოს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1791.40 ლარი.

22. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე