Facebook Twitter

საქმე №ას-1210-1130- 2017 07 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი: ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

კასატორი – ე- ს-ე (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – თ-- ბ-ე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

მესამე პირი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა (თავდაპირველ სარჩელში); მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა, ალიმენტის გადახდის დაკისრება, წარსული დროის ალიმენტის გადახდევინება (შეგებებულ სარჩელში)

აღწერილობითი ნაწილი

1. თ-- ბ-ე (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე ან მამა) და ე- ს-ე (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი ან დედა) იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში, რომელიც შეწყდა არასრულწლოვანი გ- ბ--ის (შემდეგში: არასრულწლოვანი შვილი ან ბავშვი) დაბადებამდე.

2. მხარეები არ ცხოვრობენ ერთად და ეწევიან დამოუკიდებელ საოჯახო მეურნეობას.

3. მხარეებს ფაქტობრივი ქორწინების პერიოდში 2010 წლის 28 ოქტომბერს შეეძინათ არასრულწლოვანი შვილი.

4. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან ერთად.

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრის მოთხოვნით.

6. მოპასუხემ თავდაპირველ სარჩელთან ერთად განსახილველად წარმოადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა: მოსარჩელისათვის ბავშვის მიმართ მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა; ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 600 ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან (2015 წლის 11 მარტიდან) მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე და ბავშვის სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის სახით ერთჯერადად 21 600 ლარის გადახდის დაკისრება.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს განესაზღვრა 2010 წლის 28 ოქტომბერს დაბადებულ არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 06 თვის განმავლობაში ყოველი კვირის სამშაბათი დღე 17:00 საათიდან 19:00 საათამდე, ყოველი კვირის ხუთშაბათი დღე 17:00 საათიდან 19:00 საათამდე და ყოველი კვირის შაბათი დღე 11:00 საათიდან 17:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით; განესაზღვრა მოსარჩელეს 2010 წლის 28 ოქტომბერს დაბადებულ არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 06 თვის შემდეგ ყოველი კვირის სამშაბათი დღე 17:00 საათიდან 20:00 საათამდე, ყოველი კვირის ხუთშაბათი დღე 17:00 საათიდან 20:00 საათამდე და ყოველი კვირის პარასკევი დღე 17:00 საათიდან შაბათი დღის 17:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე; რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს: შეგებებული სარჩელი 2010 წლის 28 ოქტომბერს დაბადებულ არასრულწლოვანის სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრების მოთხოვნისა და მის მიმართ მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევის შესახებ მოთხოვნის ნაწილში უარყოფილი იქნა; დაეკისრა მოპასუხეს 2010 წლის 28 ოქტომბერს დაბადებულ არასრულწლოვანი შვილისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 140 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2015 წლის 11 მარტიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

8. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ: 1-4 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

9. იმავდროულად, დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე უკანასკნელი ოთხი წელია.

10. საცხოვრებელი სახლი, სადაც ბავშვი ცხოვრობს დედასთან ერთად შედგება სამი ოთახისაგან და არის ყველა პირობა შექმნილი ბავშვის ნორმალური აღზრდა - განვითარებისათვის. საცხოვრებელ სახლში არის არასრულწლოვანისათვის კეთილსაიმედო გარემო.

11. არასრულწლოვანს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია დოლიხოკინოლი, ნაწლავთა ჰიპოტონია, ყაბზობა, შარდის პერიოდული შეკავება. ასევე არასრულწლოვანს აღენიშნება ჩაძინებისა და ძილის უწყვეტობის დარღვევები. მას ესაჭიროება კვების სპეციალური რეჟიმი და მედკიმანეტები. ბავშვის კვებისა და მედიკამენტის მიღების რეჟიმის დაცვას უზრუნველყოფს არასრულწლოვანის ძიძა.

12. არასრულწლოვანის აღზრდაში მოპასუხეს ეხმარება ძიძა, მისი ანაზღაურება 400 ლარია, რომელსაც იხდის მოპასუხე.

13. მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 2000 ლარს.

14. კასატორს ჰყავს უფროსი, 20 წლის ვაჟი,

15. მოსარჩელე ცხოვრობს კერძო ტიპის სახლში, სადაც დაცულია საყოფაცხოვრებო და სანიტარულ -ჰიგიენური ნორმები, არასრულწლოვნის აღზრდა - განვითარებისათვის შექმნილია კეთილსაიმედო გარემო.

16. მხარეთა შორის არის დაძაბული ურთიერთობა, კონფლიქტი. იგი ძირითადად უკავშირდებოდა არასრულწლოვანთან მამის ურთიერთობის საკითხს.

17. მამას 2014 წლის იანვრიდან არ ჰქონია ურთიერთობა შვილთან.

18. 2014 წლის იანვრამდე მამას შვილთან ჰქონდა პერიოდული ურთიერთობა, მიჰყავდა ბავშვი თავის სახლში, ასეირნებდა მას.

19. ბავშვს არ აქვს გაუცხოვება მამის მიმართ. თუმცა მას შემდეგ რაც მამამ სასამართლოს მომართა სარჩელით შვილთან ურთიერთობის განსაზღვრის თაობაზე მას შვილთან ურთიერთობა აღარ ჰქონია.

20. არასრულწლოვანი არის საბავშვო ბაღის აღსაზრდელი. იგი ირიცხება შპს „ბასტი ბუბუს” სტუდიაში. არასრულწლოვანს მეცადინეობები უტარდება ყოველ ორშაბათს და პარასკევს. სტუდიის გადასახადი შეადგენს 150 ლარს.

21. მამა არის შრომისუნარიანი. იგი არ არის დასაქმებული, მას არ აქვს სტაბილური შემოსავალი ყოველთვიური ხელფასის სახით. მოპასუხის კმაყოფაზე არასრულწლოვანის გარდა სხვა პირი არ იმყოფება.

22. შეგებებული სარჩელის იმ საფუძველთან მიმართებით, რომ მოპასუხის დედასა და ბებიას აქვთ აფთიაქი და მოპასუხის შემოსავალი თვიურად შეადგენს 2000 ლარს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა შემდეგზე:

23. სსკ-ის 1212-1214-ე მუხლებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი შვილის ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შესაბამისად, ფასდება უშუალოდ ალიმენტის გადამხდელის და არა მისი მშობლების, ან ოჯახის სხვა წევრების (მშობლები, მეუღლე და სხვა) მატერიალური მდგომარეობა. საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაშიც კი ის ფაქტი, რომ მოპასუხე თ---------- ბ------ის ოჯახი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას საჭიროებს სათანადო მტკიცებულების არსებობას, რაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია.

24. დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის დადგენილებით ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;

25. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ არის ნარკოტიკული საშუალების სისტემატური მომხმარებელი. იგი ნარკომანიით დაავადებული არ არის. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი დამოკიდებულების დადგენის მიზნით დაინიშნა სასამართლო ნარკოლოგიური ექსპერტიზა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნა №005022114 მომზადდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ივლისის საოქმო განჩინების საფუძველზე (ს.ფ. 163-167). ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №005022114 ექსპერტის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელე ნარკომანიით დაავადებული არ არის, მას არ აღენიშნება ნარკომანიისათვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსი, იგი წარმოადგენს ნარკოტკიული საშუალების ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) არასამედიცინო მიზნით მომხმარებელს (ს.ფ. 171-177). სადავო გარემოების დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებად სასამართლომ არ მიიჩნია მოწმედ დაკითხული ბავშვის ძიძის ჩვენება, რომლის მიხედვით, მოპასუხის საცხოვრებელ სახლში მან აღმოაჩინა ხელნაკეთი მოწყობილობა, რომელშიც სავარაუდოდ განთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება და გამოიყენებოდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის. მოწმემ ვერ დაადასტურა თუ ვისი კუთვნილება იყო ეს მოწყობილობა. მოწმემ განმარტა, რომ მოპასუხისაგან გადმოცემით იცოდა, რომ მოწყობილობა მოსარჩელეს ეკუთვნოდა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მოსარჩელე არაფხიზელ მდგომარეობაში არასრულწლოვანთან მისული არ უნახავს და მას ბავშვის მიმართ აგრესია არ გამოუვლენია.

26. დადგენილი იქნა ისიც, რომ მამამ 2014 წლის 20 იანვარს განცახდებით მიმართა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის რეგისტრაციის თაობაზე; განმცხადებელი მოითხოვდა არასრულწლოვანი შვილის გვარის შეცვლას.

27. უარყოფილი იქნა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა წარსული დროის ალიმენტის დაკისრებისა და მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

28. შეგებებული სარჩელის წარდგენამდე მოპასუხეს არ მიუღია ყველა ზომა მოპასუხისაგან სარჩოს მისაღებად.

29. არ იკვეთებდა ასევე, არასრულწოვანზე მოპასუხე მოსარჩელის მიერ მშობლის მოვალეობის სისტემატური თავის არიდების და მშობლის უფლების არაჯეროვანი გამოყენების რაიმე სახის ფაქტი. ამასთან, დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე არ არის ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანი; მოსარჩელეს შეგებებული სარჩელით არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც სსკ-ის 1206-ე მუხლით გათვალისწინებული მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევის ფაქტობრივ საფუძველს დაადასტურებდა. არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, საქმის მასალებით არ იკვეთებოდა 2010 წლის 28 ოქტომბერს დაბადებული არასრულწლოვანის მიმართ მამის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევის ფაქტობრივი საფუძველი.

30. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა -აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით გადასახდელი ალიმენტის ოდენობა არასრულწლოვანისათვის უნდა განსაზღვრულიყო 140 ლარის ოდენობით.

31. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ.

32. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

33. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ (იხ., ამ განჩინების პპ:1-4; 9-31.

34. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შეგებებული სარჩლით მოსარჩელემ/თვდაპირველი სარჩელით მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის დროის განსაზღვრის შესახებ, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, მშობლის უფლების ჩამორთმევისა და ალიმენტის თანხის ოდენობად 600 ლარის განსაზღვრა ანუ, დამატებით 460 ლარის დაკისრება.

35. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიცია, მასზედ, რომ ბავშვის ავადმყოფობის გამო მოპასუხეს არ უნდა ჰქონოდა ბავშვის ნახვის უფლება. ასევე აღნიშნავს, რომ მოპასუხეს საერთოდ არ გამოუჩენია რაიმე სახის მზრუნველობა ბავშვის მიმართ. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია მოპასუხის მიერ მასზე დაკისრებული მინიმალური ალიმენტის გადახდის საკითხი.

36. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე და 1206-ე მუხლები, თუმცა სარჩელში არ მიუთითებს კონკრეტულად რაში გამოიხატა აღნიშნული.

37. კასატორს არასწორად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს არ აქვს სტაბილური შემოსავალი, მაშინ, როდესაც, კასატორის მტკიცებით, თავად მოპასუხემ აღიარა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს სამსახური, მის საკუთრებაშია აფთიაქი, რომელიც შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

38. კასატორს ასევე არასწორად მიაჩნია სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე არ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი.

39. კასატორი არასწორად მიიჩნევს სასამართლოს მიერ იმ გარემოებების უდავოდ ცნობას, რომელთა მიხედვითაც კასატორსა და მოპასუხეს შორის დაძაბული ურთიერთობისა და კონფლიქტის მიზეზს ბავშვთან ურთიერთობს საკითხი წარმოადგენს. კასატორის პოზიციით, მოპასუხეს არ აინტერესებს ბავშვი და მისი მიზანი მხოლოდ კასატორთან ურთიერთობის გამწვავებაა.

40. კასატორი არასწორად მიიჩნევს ასევე სასამართლოს მიერ მისი შემოსავლების განსაზღვრისას დადგენილ ოდენობას, რომელიც მისი მტკიცებით, აღემატება რეალურს.

41. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კასატორს არ მიუღია ზომები მოპასუხისაგან სარჩოს მისაღებად.

42. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომ მოპასუხე თავს არ არიდებდა მშობლის მოვალეობების შესრულებას. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა არსებული მტკიცებულებები, რომლებიც მისივე აზრით, ცხადად ადასტურებს საწინააღმდეგოს.

43. კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში. მისი მტკიცებით, ბავშვზე ზრუნვისას მის მიერ გაწეულ ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება მოპასუხისათვის დაკისრებულ ალიმენტის თანხას.

44. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ გამოვლენილი ახალი ფაქტობრივი გარემოებები და უსაფუძვლოდ მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იდენტური გადაწყვეტილება.

45. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

46. საქარველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 07 მარტის სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება.

სამოტივაციო ნაწილი:

47. საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

48. მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

48.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მხარეთა შესაძლო მორიგების ხელშეწყობის მიზნით, ე-– ს--ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2017 წლის 13 ნოემბერს 14 საათზე. ამავე პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინებით კი, ე- ს--ის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ამასთან საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, მორიგების მიზნით, მხარეებს მიეცათ სამი კვირის ვადა. 2017 წლის 06 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა შესაძლო მორიგების ხელშეწყობის მიზნით, შუამდგომლობით მომართეს საკასაციო პალატას, არასრულწლოვანთა კანონიერ წარმომადგენელს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დავალებოდა, 2017 წლის 29 დეკემბრამდე უზრუნველეყო ფსიქოლოგის მიერ არასრულწლოვანი გ- ბ---ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის, ასევე, მამის- თ- ბ--ის მიმართ დამოკიდებულების ამსახველი შესაბამისი დასკვნის მომზადება და სასამართლოსათვის წარმოდგენა. საკასაციო პალატის 2017 წლის 06 დეკემბრის საოქმო განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა 2017 წლის 29 დეკემბრამდე უზრუნველეყო ფსიქოლოგის მიერ არასრულწლოვანი გ--- ბ--ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის, ასევე, მამის- თ- ბ--ის მიმართ დამოკიდებულების ამსახველი შესაბამისი დასკვნის მომზადება და სასამართლოსათვის წარმოდგენა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აგრეთვე დაევალა მათი წარმომადგენლისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით არასრულწლოვანი გ-- ბ--ის შეხვედრის უზრუნველყოფა მამასთან - თ-- ბ-ესთან ბავშვის საცხოვრებელ ადგილზე ან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილსამყოფელის მიხედვით. 2017 წლის 23 დეკემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგმა შუამდგომლობით მომართა საკასაციო პალატას და ითხოვა არასრულწლოვანი გ- ბ---ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის, ასევე, მამის-თ-ბის მიმართ დამოკიდებულების ამსახველი შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის დამატებითი ვადის მიცემა. საკასაციო პალატის 2018 წლის 04 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ვადა გაგრძელდა 2018 წლის 15 თებერვლამდე. საკასაციო პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2018 წლის 7 მარტს. 2018 წლის 07 მარტს სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე მხარეებმა შუამდგომლობით მომართეს საკასაციო პალატას და ითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება შემდეგი პირობებით:

48.2. მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე (არასრულწლოვნის სურვილი/ინტერესი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თვალსაზრისით) 2010 წლის 28 ოქტომბერს დაბადებული გ-ბ-ის (დაბადების მოწმობა #0--) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ე-- ს-ის საცხოვრებელი ადგილი.

48.3. განესაზღვროს თ- ბ-ეს (პირადი #0-) 2010 წლის 28 ოქტომბერს დაბადებულ არასრულწლოვან შვილთან გ- ბ-ესთან (დაბადების მოწმობა #0-) ურთიერთობისათვის მორიგების აქტის დამტკიცებიდან ყოველი კვირის ოთხშაბათი დღე 17 საათიდან არანაკლებ ერთი საათის განმავლობაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის თანდასწრებით. პატივსადები მიზეზების არსებობისას, მხარეთა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შეთანხმებით შესაძლებელია როგორც დადგენილი დღის, აგრეთვე საათის შეცვლა.

48.4 მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია ნახვის დღეებისა და დროის ხანგრძლივობის გაზრდა არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინებით.

48.5. მორიგების აქტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს სამი თვისა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ფსიქოლოგის მიერ არასრულწლოვანი გ- ბ-ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის, ასევე, მამის- თ-ბ--ის მიმართ დამოკიდებულების ამსახველი შესაბამისი დასკვნის მომზადება. აღნიშნული დასკვნისა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარების დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე, განესაზღვროს თ-- ბ--ეს (პირადი #0---) 2010 წლის 28 ოქტომბერს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის - გ-- ბ--ის (დაბადების მოწმობა #0--) თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის გარეშე, ყოველი კვირის ოთხშაბათს 17 საათიდან არანაკლებ ერთი საათის განმავლობაში ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე. აღნიშნული დასკვნისა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარების დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე, გადაწყდეს აგრეთვე არასრულწლოვანი გ-- ბ--ის მამასთან - თ-- ბ-ესთან ღამის თევით დარჩენის საკითხიც.

48.6. მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო იღებს ვალდებულებას, არასრულწლოვანი ბავშვის ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით გამოყოს ფსიქოლოგი, ხოლო მშობლები კისრულობენ ვალდებულებას, უზრუნველეყონ არასრულწლოვანის ვიზიტი ფსიქოლოგთან. კონსულტაციების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ფსიქოლოგი.

48.7. თ-- ბ--ე (პირადი #0--) კისრულობს ვალდებულებას 2010 წლის 28 ოქტომბერს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს - გ- ბ-ეს (დაბადების მოწმობა #0--), ალიმენტის სახით გადაუხადოს ყოველთვიურად 140 (ასორმოცი) ლარი 2015 წლის 11 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

48.8. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, განუხრელად შეასრულონ წინამდებარე მორიგების პირობები. არასრულწლოვან შვილს - გ-- ბ-ეს შეუქმნან მშვიდი და კეთილსაიმედო გარემო, არ შექმნან ხელოვნური ბარიერები ბავშვის ორივე მშობელთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბების/აღდგენის თვალსაზრისით, ასევე არ განახორციელონ ბავშვის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება (ფიზიკური, ფსიქოლოგიური) ან მისი რომელიმე მშობელის მიმართ დამაშორებელი ქცევა.

48.9. მორიგების აქტის აღსრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს მესამე პირი -სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ( შესაბამისი ტერიტორიული ორგანო).

49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიაციტივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

50. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით, ასევე საოჯახო დავათა განხილვისას ამავე კოდექსის 352-ე-356-ე მუხლებით დაშვებული ინკვიზიციურობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გამორკვევის მიზნით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი პირობების შესაბამისად მიღწეული მორიგება სრულად ემსახურება „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულ ბავშვების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, ასევე „ბავშვის უფლებათა კონვენციით“ გარანტირებულ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ მიღწეული მორიგების პირობების თანახმად, არასრულწლოვანთა ოჯახთან გაერთიანება, ასევე, მოქმედი სამოქალაქო კოდექსით დეკლარირებული ორივე მშობლის უფლება, აღზარდონ საზოგადოებისათვის ღირსეული შვილები, არასრულწლოვანთა ნებისა და ინტერესების გათვალისწინებით, სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობითა და დახმარებით განხორციელდება, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ სპეციალისტთა (ფსიქოლოგთა) რეკომენდაციებს, არასრულწლოვნის ინტერესებს, არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მხარეთა, ასევე, მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

51. მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

52. სარჩელის უზრუნველყოფისა და სასამართლო ხარჯების საკითხი:

52.1 სარჩელთან/ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

52.2. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, მხარეთა მორიგების საფუძველზე კასატორს ე- ს-ეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს მორიგების აქტი ე- ს-ეს (პირადი #0--), თ-- ბ--ესა (პირადი #0--) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის შემდეგი პირობებით:

2.1.მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე (არასრულწლოვნის სურვილი/ინტერესი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თვალსაზრისით) 2010 წლის 28 ოქტომბერს დაბადებული გ- ბ-ის (დაბადების მოწმობა #0-) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ე-–ს-ის საცხოვრებელი ადგილი.

2.2. განესაზღვროს თ-- ბ-ეს (პირადი #0--) 2010 წლის 28 ოქტომბერს დაბადებულ არასრულწლოვან შვილთან გ- ბ--ესთან (დაბადების მოწმობა #0-) ურთიერთობისათვის მორიგების აქტის დამტკიცებიდან ყოველი კვირის ოთხშაბათი დღე 17 საათიდან არანაკლებ ერთი საათის განმავლობაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის თანდასწრებით. პატივსადები მიზეზების არსებობისას, მხარეთა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შეთანხმებით შესაძლებელია როგორც დადგენილი დღის, აგრეთვე, საათის შეცვლა.

2.3. მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია შეხვედრის დღეებისა და საათების ხანგრძლივობის გაზრდა არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინებით.

2.4. მორიგების აქტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს სამი თვისა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ფსიქოლოგის მიერ არასრულწლოვანი გ- ბ-ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის, ასევე, მამის- თ--ბ--ის მიმართ დამოკიდებულების ამსახველი შესაბამისი დასკვნის მომზადება. აღნიშნული დასკვნისა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარების დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე, განესაზღვროს თ-- ბ--ეს (პირადი #0--) 2010 წლის 28 ოქტომბერს დაბადებული არასრულწლოვან შვილის - გ- ბ-ის (დაბადების მოწმობა #0--) თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის გარეშე, ყოველი კვირის ოთხშაბათს 17 საათიდან არანაკლებ ერთი საათის განმავლობაში ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე. აღნიშნული დასკვნისა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარების დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე, გადაწყდეს აგრეთვე არასრულწლოვანი გ------- ბ-ის მამასთან - თ-ბ--ესთან ღამის თევით დარჩენის საკითხიც.

2.5. მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო იღებს ვალდებულებას, არასრულწლოვანი ბავშვის ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით გამოყოს ფსიქოლოგი, ხოლო მშობლები კისრულობენ ვალდებულებას, უზრუნველყონ არასრულწლოვანის ვიზიტი ფსიქოლოგთან. კონსულტაციების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ფსიქოლოგი.

2.6. თ--- ბ--ე (პირადი #0--) კისრულობს ვალდებულებას 2010 წლის 28 ოქტომბერს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს - გ--ბ-ეს (დაბადების მოწმობა #0-), ალიმენტის სახით გადაუხადოს ყოველთვიურად 140 (ასორმოცი) ლარი 2015 წლის 11 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

2.7. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, განუხრელად შეასრულონ წინამდებარე მორიგების პირობები. არასრულწლოვან შვილს - გ--ეს შეუქმნან მშვიდი და კეთილსაიმედო გარემო, არ შექმნან ხელოვნური ბარიერები ბავშვის ორივე მშობელთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბების/აღდგენის თვალსაზრისით, ასევე არ განახორციელონ ბავშვის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება (ფიზიკური, ფსიქოლოგიური) ან მისი რომელიმე მშობელის მიმართ დამაშორებელი ქცევა.

2.8. მორიგების აქტის აღსრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს მესამე პირი -სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ( შესაბამისი ტერიტორიული ორგანო).

3. შეყდეს მოცემული საქმის წარმოება და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება;

4.განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

5. კასატორ ე-ს-ეს (პირადი N 0-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 10 აგვისტოს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე