Facebook Twitter

საქმე №ას-1426-1346-2017 02 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - თ- ნ--ი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

მოპასუხე თავდაპირველ სარჩელში - თ--- ბ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ფ/პ თ- ბ–ს (შემდეგში: თავდაპირველი მოპასუხე) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

2. სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, კასატორი) 2015 წლის 29 სექტემბრის N1 აქტით გადასახადის გადამხდელის მოპასუხის დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად, მეორე მოპასუხემ ყადაღა დაადო თ- ნ-–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სახელზე რეგისტრირებულ ავტომანქანებს: ,,მ–ი“ ML 3-- სახელმწიფო N- და ,,ფ- ი“ U--3 (შემდეგში: სადავო მოძრავი ნივთები).

3. სადაო მოძრავი ნივთები რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე.

4. მოსარჩელე და თავდაპირველი მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2000 წლიდან.

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა თავდაპირველი და მეორე მოპასუხების მიმართ, რომლითაც მოითხოვა ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2015 წლის 29 სექტემბრის N1 აქტით ყადაღადადებული სადავო მოძრავი ნივთების ყადაღისაგან განთავისუფლება.

6. თავდაპირველმა მოპასუხემ სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ სადაო მოძრავი ნივთები არ წარმოადგენს მის საკუთრებას. ისინი მოსარჩელის ინდივიდუალური სარგებლობის ნივთებია. შესაბამისად, სხვისი ვალების დასაფარად დაუშვებელია მოსარჩელის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა.

7. მეორე მოპასუხის განმარტებით კი, სადაო მოძრავი ნივთები წარმოადგენს თავდაპირველი მოპასუხის და მოსარჩელის თანასაკუთრებას [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 1158-ე მუხლის პირველი ნაწილი და 1168-ე მუხლის პირველი ნაწილი] და იმყოფება მოსარჩელის მართვასა და ფაქტობრივ მფლობელობაში. შესაბამისად, თანასაკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები მართლზომიერ საფუძვლეზეა დაყადაღებული.

8. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ყადაღადადებული სადაო მოძრავი ნივთები გათავისუფლდა ყადაღისაგან.

9. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ: 1- 4 -ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

10. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მეორე მოპასუხემ.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები (განჩინების პპ: 1-4).

13. დავის სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის სააპელაციო სასამართლომ იხელმღვანელა სსკ-ის 158-ე და 186-ე მუხლებით, აგრეთვე, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლით და განმარტა, რომ მეორე მოპასუხე სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც იყო უფლებამოსილი დაედო ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებაზე აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. თუმცა, აღნიშნული დასაშვებად არ მიიჩნევდა სხვა პირთა საკუთრების უფლების შელახვას.

14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მეორე მოპასუხის მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესაძლებლობაზე [საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები].

15. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა მეორე მოპასუხის უფლებაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაედო ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებაზე, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს [საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილი].

16. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში [საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მეორე ნაწილი].

17. სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლით, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს (აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში) შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ქონების საბაზრო ღირებულების ტოლია ან აღემატება მას.

18. სასამართლომ მიუთითა მეუღლეთა თანასაკუთრების წილთა თანაბრობაზე [სსკ-ის 1168-ე მუხლის პირველ ნაწილი]. ასევე, განმარტა, რომ ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში [სსკ-ის 1170-ე მუხლის პირველი ნაწილი].

19. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მეორე მოპასუხის არგუმენტი მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, რომლის ღია აუქციონის წესით რეალიზაციის შემთხვევაში, ამონაგები თანხის მხოლოდ 50%-ის, ანუ პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ წილიდან მოხდებოდა დავალიანების უზრუნველყოფა. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ პირველი მოპასუხის წილიდან უზრუნველყოფისთვის, ჯერ უნდა განსაზღვრულიყო მისი წილი მეუღლეთა თანსაკუთრებაში, რათა დადგენილიყო რა წილს მიიღებდა/ან მიიღებდა თუ არა საერთოდ წილს იგი ქონების გაყოფისას.

20. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით (ერთ-ერთი მეუღლის წილის გადიდება იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ).

21. ამასთან, სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 1170-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.

22. მოცემულ შემთხვევაში, დაუდასტურებელი იყო ის გარემოება, რომ პირველი მოპასუხის მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანება გამოწვეული იყო ოჯახისათვის გაწეული ხარჯით და მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს.

23. სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად თავდაპირველ მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნისა, მოსარჩელე არ იყო ვალდებული თავდაპირველი მოპასუხის ვალდებულებებზე, ვინაიდან, ყადაღადადებული მოძრავი ნივთები მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა და ამდენად, ამ ნივთების რეალიზაციით მეორე მოპასუხის მოთხოვნის დაკმაყოფილება დაუშვებელი იყო.

24. სააპელაციო პალატის განმარტებით, თავდაპირველი მოპასუხის ვალდებულების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელი იყო მხოლოდ მისი ქონებიდან და არა მისი სავარაუდო წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფისას, რადგან იმისათვის, რომ ერთ-ერთი მეუღლის ვალდებულების გამო გადახდევინება მიქცეულიყო მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული მისი წილი ქონებიდან, აუცილებელ პირობას წარმოადგენდა მეუღლეთა შორის წილების განსაზღვრა, ან სახეზე უნდა ყოფილიყო სსკ-ის 1170-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული გარემოება, რომელიც აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინებას დასაშვებად მაშინ მიიჩნევს, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული,გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. იმავდროულად,, სასამართლო ვერ იმჯელებდა, თუ რა წილი ეკუთვნოდა თავდაპირველ მოპასუხეს მეუღლეთა თანასაკუთრებიდან, ვინაიდან, ამგვარი მოთხოვნა დაყენებული არ ყოფილა [სსკ-ის 248-ე მუხლი].

25. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საგადასახადო ორგანოების და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილი პირების მიერ კონტროლის განხორციელების, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების და სამართალდარღვევების საქმისწარმოების პროცედურებზე, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №994 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესით“.

26. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით მეორე მოპასუხემ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი.

27. კასატორი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, უზრუნველყოფის ერთ–ერთ ღონისძიებას წარმოადგენს ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, ხოლო ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა და ამ ქონების განკარგვის აკრძალვა (241–ე მუხლი).

28. კასატორი აღნიშნავს, რომ პირველ მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რის საფუძველზეც კასატორის მიერ 2014 წლის 27 აგვისტოს გამოიცა ბრძანება №031–22, რომელიც კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს 2014 წლის 29 აგვისტოს, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

29. საკასაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ქონების აღწერისას დაყადაღდა პირველი მოპასუხის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან პირველ მოპასუხის, როგორც ამ ქონებაზე თანაბარი უფლების მქონე პირის 50% წილი.

30. კასატორი მიუთითებს სსკ-ის 1158–ე მუხლზე, რომლის თანახმადაც მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

31. კასატორი ასევე მიუთითებს სსკ-ის 173–ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე, როგორც საკუთრების ერთ–ერთი სახე და ამ წესით ქონებაზე მესაკუთრე არ არის განსხვავებული საგადასახადო კოდექსის 241–ე მუხლისა და 242–ე მუხლის შესაბამისად სხვა სახის საკუთრების უფლებით აღჭურვილი პირებისაგან.

32. კასატორი განმარტავს, რომ ყადაღის დადების აქტში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეძენილია პირველი მოპასუხისა და მოსარჩელის ქორწინების პერიოდში. სსკ-ის 1170–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთ–ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად კი, აღნიშული ვალის გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ რაც ვალდებულებით იყო მიღებული გამოყენებულია მთელი ოჯახის ინტერესებისათვის.

33. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად არ ცნო ის გარემოება, რომ პირველი მოპასუხის საქმიანობა, რომელიც წარმოადგენს საცალო ვაჭრობას არასპეციალიზებულ მაღაზიებში, არ წარმოადგენდა ოჯახის საერთო შემოსავლის წყაროსა და მის საერთო ინტერესს. აღნიშნულს არ ეთანხმება კასატორი და მიიჩნევს, რომ თანხა, რომლებიც გადამხდელის მიერ მითითებულია საშემოსავლო გადასახადის დაეკლარაციებში, წარმოადგენდა ოჯახის საერთო შემოსავალს/სარგებელს.

34. საკასაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის №ას–290–276–2013 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობები სპეციალური ნორმებითაა მოწესრიგებული და ექვემდებარება სამართლებრივ რეგულირებას. მეუღლეთა საკუთრებაში არსებული ქონება შეიძლება იყოს სხვადასხვა რეჟიმის. მათი მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა სხვადასხვა საფუძველზე ხდება. საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ–ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს, თანაზიარი საკუთრება კი, მეუღლეებს ეკუთვნის თანაბრად, წილთა განუსაზღვრელად და გამოიყენება საერთო ინტერესებიდან გამომდინარე.

35. კასატორი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში განვითარებულ მსჯელობაზე, რომ არ შეიძლება საგადასახადო ვალდებულების შესრულებისათვის უზრუნველყოფით დაიტვირთოს სხვა პირის ქონება (მიუხედავად მასზე თანაზიარი უფლების არსებობისა) და მიაჩნია, რომ ამგვარი მსჯელობა კანონის არასწორი განმარტების შედეგია. საგადასახადო კოდექსის 241–ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას. თავდაპირველი მოპასუხის კანონით განსაზღვრული თანაბარი წილის მის საკუთრებად მიჩნევა და შემდგომში მის მიმართ ყადაღის ღონისძიების გავრცელება აბსოლუტურად ჯდება მითითებული ნორმის დისპოზიციაში.

36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 18 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივრი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

37. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოები, რომელთან დაკავშირებითაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარმოდგენილი არ არის საკასაციო პრეტენზია:

39. თავდაპირველ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხება საგადასახადო დავალიანება. მოსარჩელე და თავდაპირველი მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2000 წლიდან. მეორე მოპასუხის 2015 წლის 29 სექტემბრის N1 აქტით გადასახადის გადამხდელის მოპასუხის დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად, მეორე მოპასუხემ ყადაღა დაადო სადავო მოძრავ ნივთებს.

40. მოსარჩელის პრეტენზია სადავო მოძრავი ნივთების ყადაღისაგან განთავისუფლებას შეეხება. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს ქორწინების განმავლობაში შეძენილ მოსარჩელის ინდივიდუალურ ნივთებს, რომელსაც უშუალოდ მოსარჩელე სარგებლობს და მართავს (იხ., სარჩელის საფუძვლები ტ.1. ს.ფ. 3).

41. აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ უნდა შეამოწმოს არა ყადაღის დადების საფუძვლების წარმოშობის მართლზომიერება თავდაპირველსა და მეორე მოპასუხეს შორის წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურიერთობის კონტექსტში, არამედ, მოვალის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად სადავო უძრავი ქონების დაყადაღების საკითხი მასზე გადახდევინების მიქცევის თვალსაზრისით.

42. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სადავო მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების საკითხში დაეფუძნა იმ მოსაზრებას, რომ თავდაპირველი მოპასუხის ვალდებულების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელი იყო მხოლოდ მისი ქონებიდან და არა მისი სავარაუდო წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფისას, რადგან იმისათვის, რომ ერთ-ერთი მეუღლის ვალდებულების გამო გადახდევინება მიქცეულიყო მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული მისი წილი ქონებიდან, აუცილებელ პირობას წარმოადგენდა მეუღლეთა შორის წილების განსაზღვრა, ან სახეზე უნდა ყოფილიყო სსკ-ის 1170-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული გარემოება, რომელიც აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინებას დასაშვებად მაშინ მიიჩნევს, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.

43. საგულისხმოა, რომ ამ ნაწილში, კასატორმა წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო შედვება (პრეტენზია), სახელდობრ, კასატორის მოსაზრებით, ყადაღის დადების აქტში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეძენილია პირველი მოპასუხისა და მოსარჩელის ქორწინების პერიოდში. სსკ-ის 1170–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი ერთ–ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში.

44. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულება - საგადასახადო დავალიანება წარმოიშვა საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე, რაც საჯარო მართლწესრიგის სფეროს განეკუთვნება და მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი რეჟიმის შეფასებისას ვერ გახდება მხარეთა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი“ (შდრ: სუსგ №ას-569-540-2015, 1 ივლისი, 2016 წელი).

45. განსახილველ დავაში მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნივთები შეძენილია მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში (იხ., სარჩელის საფუძვლები ტ.1. ს.ფ. 3, 5).

46. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებასაც, რომ მათ შორის არ ყოფილა შეთანხმება (საქორწინო კონტრაქტი - სსკ-ის 1158-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რაც ქონების განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმზე მიუთითებდა.

47. მოსარჩელე მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სადავო ნივთები მართალია შეძენილია ქორწინების განმავლობაში, თუმცა, ისინი მოსარჩელის ინდივიდუალურ ნივთებს წარმოადგენს, რომელსაც უშუალოდ მოსარჩელე სარგებლობს და მართავს (იხ., სარჩელის საფუძვლები ტ.1. ს.ფ. 3).

48. ამ მოცემულობაში, საკასაციო პალატამ უნდა იმსჯელოს თავდაპირველი მოპასუხის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მართებული იყო თუ არა სადავო მოძრავი ნივთების დაყადაღება.

49. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მათ საერთო ქონებად, თანასაკუთრებად არსებობის პრეზუმფციას. ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ და ემსახურება ოჯახის ინტერესების დაცვის მიზანს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის (შდრ: სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი).

50. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანასაკუთრებად არსებობის პრეზუმფციას რაც შეეხება, აღსანიშნავია, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს.

51. როგორც ცნობილია სასარჩელო წარმოებაში ყოველთვის მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.

52. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ სადავო ქონების ქორწინების განმავლობაში შეძენის საკითხი, არც შეძენილ ქონებაზე განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის წარმოშობაზე მიუთითებიათ (საქორწინო კონტრაქტი - სსკ-ის 1158-ე მუხლის მე-2 ნაწილი), არამედ მოსარჩელე იმაზე აფუძნებდა მოთხოვნას, რომ ეს ნივთები მისი ინდივიდუალური სარგებლობის ნივთებია, ვერ იქნება მიჩნეული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძვლად.

53. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება კი, იმის თაობაზე, რომ სსკ-ის 1170-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში სადავო მოძრავ ნივთებზე დაუშვებელია გადახდევინების მიქცევა, რადგა დაუდგენელია თუ რას შეადგენს თითოეული მეუღლის წილი საერთო საკუთრებიდან, ხოლო იმისათვის, რომ გადახდევინება მოხდეს თავდაპირველი მოპასუხის წილიდან, ჯერ უნდა დადგინდეს მისი წილი საერთო საკუთრებაში (იხ., გასაჩივრებული განჩინება), ვერ იქნება გაზიარებული.

54. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სადავო ქონების თანასაკუთრებად პრეზუმირების ფარგლებში, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც სადავოს ხდის ამ გარემოებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სადავო მოძრავი ნივთები წარმოადგენდა მოსარჩელის ინდივიდუალური მოხმარების ნივთებს, ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაადასტურა მითითებული ფაქტობრივი გარემოება. ამ გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ მხოლოდ ნივთების დანიშნულებასა და ავტომანქანების მართვაზე მიუთითა, რაც საფუძვლად ვერ დაედება მოსარჩელის პიზიციის გაზიარებას. პირიქით, სადავო მოძრავ ნივთებს წარმოადგენს ავტომანქანები, რომლებიც მიჩნეულ უნდა იქნეს ქონების ისეთ კატეგორიად, რომელიც ემსახურება ოჯახის საერთო მიზნებს და მოკლებულია ინდივიდუალური მოხმარების ხასიათს (შდრ: სუსგ №ას-210-202-2013, 25 ოქტომბერი, 2013 წელი).

55. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაწილობრივ არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მთლიანად ექვემდებარებოდა ყადაღისაგან გათავისუფლებას (სარჩელის სრული წარმატებულობა) დაყადაღებული მოძრავი ქონება და ვალდებულების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელი იყო მხოლოდ თავდაპირველი მოპასუხის ქონებიდან და არა ქონებაში მისი სავარაუდო წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფისას.

56. მეუღლეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპიდან (სსკ-ის 1152-ე მუხლი), საოჯახო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის უფლებიდან (სსკ-ის 1155-ე მუხლი), თანასაკუთრებაში არსებული ქონების ურთიერთშეთანხმებით მართვისა და განკარგვის უფლება-მოვალეობებიდან (სსკ-ის 1159-ე და 1160-ე მუხლები) გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ქონების მხოლოდ ½ ნაწილზეა პრეზუმირებული მოსარჩელის საკუთრების უფლება.

57. საგულისხმოა, რომ ერთ-ერთ საქმეში, სარჩელი საგადასახადო ოფიცრის მიერ გამოცემული ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტით დაყადაღებული უძრავი ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების და ქონების ამ ნაწილის ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდა (იხ., სუსგ N621-588-2015, 03 .06.2016წ.).

58. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლოს უპირველეს მოვალეობას მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის სწორად განსაზღვრა წარმოადგენს, რამეთუ მოთხოვნის პერსპექტივას სწორედ მოძიებული ნორმის აბსტარქტული შემადგენლობის (ნორმის კომპონენტები) არსებობა განაპირობებს. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნა, რომელიც სადავო მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლებას შეეხება ნაწილობრივ დაუსაბუთებელია.

59. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების აბსოლუტური და შესაბამისად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველია.

60. სსსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

61. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე.

62. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება და ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2015 წლის 29 სექტემბრის N1 აქტით ყადაღადადებული თ-- ნ–ის სახელზე რეგისტრირებულ ავტომანქანები: ,,მ-ი“ ML 3-- სახელმწიფო N-- და ,,ფ. U-3 ½ ნაწილში გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

63. რაც შეეხება სასამართლო ხარჯებს, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 334.50 ლარი, ხოლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის ნახევარი, რომელის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო აპელანტი/კასატორი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1000.22 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. თ- ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 29 სექტემბრის ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ N1 აქტით თ- ნ-ის სახელზე რეგისტრირებული ყადაღადადებული მოძრავი ნივთები - ავტომანქანები: ,,M-“ სახელმწიფო ..Z და ,,F-3 ½ ნაწილში გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

5. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისროს თ-- ნ-–ის სასარგებლოდ 334.50 ლარის ანაზღაურება;

6. თ--ნ–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1000.22 ლარი (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150);

7. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე