საქმე №ას-275-275-2018 3 აპრილი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ბ.თ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით, ბ.თ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა გ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, .... ს/კ № ...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება) გამოთხოვას, დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 372-ე და 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტით.
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხე უკანონოდ ფლობს მას, რითაც მოპასუხეს ეზღუდება საკუთრებით სრულფასოვნად სარგებლობის შესაძლებლობა. პალატის დასკვნებით, ვინაიდან იკვეთებოდა სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, ამასთან, რადგანაც არც მოპასუხეს წარუდგენია რაიმე არგუმენტი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების უარსაყოფად (იხ. 2017 წლის 19 დეკემბრის სასამართლოს სხდომის საოქმო ჩანაწერი 17:43:32-17:43:48-17:44:10-17:44:13), შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. მან გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი მოქმედების შეჩერება, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით მოითხოვა:
6.1. მოპასუხეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობა არა სააპელაციო, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა დაეყენებინა;
6.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობაზე მას მხოლოდ სასამართლო სხდომაზე ეცნობა. შუამდგომლობის შინაარსი მისთვის წინასწარ არც წერილობით და არც ზეპირი ფორმით არ შეუტყობინებიათ, ამდენად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგი წერილობით მოსაზრებას ვერ წარადგენდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მითითებული შუამდგომლობა მოსარჩელეს არა სააპელაციო, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა დაეყენებინა.
10. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა, ასევე, უდავოა, რომ სააპელაციო პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
11. სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ (იხ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4626 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 29.12.2015წ). ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ, განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება, გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაუყოვნებლივ აღსრულების შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება აღსრულების დაყოვნების შედეგად მიყენებულ ზიანს.
12. სსსკ-ის 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
13. სსსკ-ის 270-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.
14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, რადგანაც საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თხოვნის პირობებში, პირდაპირ ითვალისწინებს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობას, პალატა თვლის, რომ არ არსებობდა მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა იგი.
15. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი