20 აპრილი, 2018 წელი,
საქმე №ას-600-559-2017 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.ხ. (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ნ.ა–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ი.კ. (მოსარჩელე), გ. და ბ. ბ–ები (ი.კ–ს უფლებამონაცვლეები)
წარმომადგენელი - მ.მ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, იპოთეკის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, ბ.ხ. და ა.თ–ძე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მათთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში. აღნიშნული განაჩენით დადგენილია, რომ ბ.ხ–ს არ გადაუხდია ი.კ.თვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წილის ღირებულება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ი.კ–ს სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ბ.ხ–თვის დანაშაულით მიყენებული ზიანის - 562 000 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით 1 849 000 აშშ დოლარის, მორალური ზიანის - 250 000 აშშ დოლარისა და ზიანის ანაზღაურების სახით 500 000 აშშ დოლარის დაკისრებას, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბ.ხ–ს ი.კ–ს სასარგებლოდ, 854 086 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება სს „ბ. რ–სა“ და შპს „კ–ს“, ფ.ყ–ს, ხ. კ–ას, ი.ს–ეს, ი.კ–ს, ნ. ბ–ს შორის. მორიგების პირობების მიხედვით, შპს ,,კ–ის“ ვალდებულება მოსარჩელე სს „ბ.რ–ას“ მიმართ განისაზღვრა 446 286,51 აშშ დოლარით, რომელიც უნდა დაფარულიყო შეთანხმებული გრაფიკის თანახმად, ასევე შპს ,კ–ს“ უნდა აენაზღაურებინა ბანკისათვის სარჩელის წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯები. მორიგების პირობების თანახმად, ბანკის მიმართ შპს „კ–ის“ საკრედიტო დავალიანების შეთანხმებული გრაფიკის სრულ დაფარვამდე შპს „კ–თან“ ერთად სოლიდარულად პასუხისმგებლები იყვნენ ი.კ., ი.ს–ძე, ფ.ყ. შეთანხმებული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილი იყო დაეწყო იძულებითი აღსრულების ღონისძიებები და სარეალიზაციოდ მიექცია ი.კ–ს, ხ.კ–ას, ნ.ბ–ას კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთები, ასევე, სოლიდარული თავდებების უძრავ-მოძრავი ქონება.
4. 2009 წლის 5 თებერვალს თბილისის სააუქციონო სახლის მიერ გამართულ აუქციონზე ბ.ხ–მა შეიძინა სს „ბ.რ–ის“ მოთხოვნის უფლება შპს „კ–ის“ მიმართ. მოთხოვნის ოდენობა განსაზღვრული იყო 386 133,10 აშშ დოლარით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ბ.ხ–ისა და სს „ბ.რ–ას“ განცხადება და ბ.ხ. ცნობილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინებითა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული 446 286 აშშ დოლარიდან 386 133.10 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში სს „ბ. რ–ას“ უფლებამონაცვლედ და მოპასუხეების შპს „კ–ის“, ი.კ–ს, ნ.ბ–ას, ხ.კ–ას, ი. ს–ის და ფ.ყ–ის წინააღმდეგ, 2009 წლის 8 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
6. 2013 წლის 10 ივლისს ი.კ–მ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 8 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ბ.ხ–ის სასარგებლოდ ი.კ–ს ვალდებულების შეწყვეტა 386 133.10 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, ამავე სასამართლოს 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ.ხ–თვის ი.კ–ს სასარგებლოდ დაკისრებული 854 086 აშშ დოლარის მოთხოვნის გაქვითვის გზით, ასევე, ი.კ–ს კუთვნილ დაბა .... მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება.
7. ბ.ხ–მა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა კანონიერ ძალაში შესული ორი გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულებების გაქვითვას, რაც უსაფუძვლოა, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეთა ურთიერთმოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს არა მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობა, არამედ სასამართლო გადაწყვეტილება. მოსარჩელის მოთხოვნის მიხედვით, სასამართლომ განმეორებით უნდა იმსჯელოს მითითებულ გადაწყვეტილებათა შესახებ და მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ერთი სასამართლოს მიერ დადგენილი მოთხოვნა გაქვითულ იქნეს მეორე სასამართლოს მიერ დადგენილი მოთხოვნიდან, რაც არაკანონიერია. მოპასუხის განმარტებით, კონკრეტულ პერიოდში, შეუძლებელი იყო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, რადგან, ერთი მხრივ, სახეზე იყო ი.კ–ს და ბ.ხ–ის, როგორც ფიზიკურ პირებს შორის არსებული ურთიერთობა, ხოლო მეორე მხრივ, ბ.ხ–ისა და შპს „კ-ს“ შორის არსებული ვალდებულება, ანუ, ბ.ხ–ის მოვალე იყო არა ი.კ., არამედ შპს „კ.“. შესაბამისად შპს „კ–ის“ ვალის გამო, ბ.ხ–ის მოთხოვნის გაქვითვა, სსკ-ის 442-ე მუხლის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ი.კ–ს სარჩელი დაკმაყოფილდა; შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 8 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ი.კ–ს ვალდებულება ბ.ხ–ის სასარგებლოდ 386 133.10 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, ამავე სასამართლოს 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ.ხ–თვის ი.კ–ს სასარგებლოდ დაკისრებული 854 086 აშშ დოლარის მოთხოვნის გაქვითვის გზით; გაუქმდა ი.კ–ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე, რეგისტრირებული იპოთეკა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე-317-ე, 361-ე, 442-ე, 444-ე, 463-ე, 464-ე, 467-ე და 286-ე მუხლები.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ.ხ–მა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
9.1. აპელანტის განმარტებით, 2009 წლის 23 იანვარს ბ.ხ–ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და 2010 წლის ნოემბრის განაჩენით, იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ, რა დროსაც დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1 მილიონი ლარი, ამასთან, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქ. თბილისში მდებარე, 2636 კვ.მ მიწის ფართობი მასზე განთავსებული 912 კვ შენობა-ნაგებობებით. ახალი ხელისუფლების პირობებში, ბ.ხ. პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივად დევნილ პირად იქნა ცნობილი და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა. განსახილველ სამოქალაქო საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ბ.ხ–ის წინააღმდეგ არსებულ გამამტყუნებელ განაჩენზეა დამყარებული, რომელიც საქმის გადასინჯვის თაობაზე შეტანილი საჩივრის საფუძველზე, მაღალი ალბათობით, უახლოეს მომავალში გაუქმდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მიიჩნია, რომ გასაქვითი ვალდებულება ობიექტურად არ არსებობდა;
9.2. აპელანტის მოსაზრებით, კონკრეტულ პერიოდში, შეუძლებელი იყო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, რადგან, ერთი მხრივ, სახეზე იყო ი.კ–ს და ბ.ხ–ის, როგორც ფიზიკურ პირებს შორის არსებული ურთიერთობა, ხოლო მეორე მხრივ, ბ.ხ–სა და შპს „კ“-ს შორის არსებული ვალდებულება, ანუ, ბ.ხ–ის მოვალე იყო არა ი.კ., არამედ შპს „კ.“. შესაბამისად შპს „კ–ის“ ვალის გამო, ბ.ხ–ის მოთხოვნის გაქვითვა სსკ-ის 442-ე მუხლის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.1. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო პრეტენზია, რომ ვინაიდან ბ.ხ–ის მოვალე შპს „კ–ია“ და არა ი.კ., მოსარჩელე გაქვითვის მოთხოვნის უფლების მქონე პირს არ წარმოადგენდა. პალატამ აღნიშნული პრეტენზიის საპირისპიროდ საქმეზე დადგენილ შემდეგ უდავო გარემოებებზე მიუთითა: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სს „ბ.რ–ას“ და შპს „კ–სს“, ფ. ყ–ს, ხ.კ–ას, ი.ს–ეს, ი.კ–ს და ნ. ბ–ას შორის მორიგება დამტკიცდა, რომლის თანახმადაც, შპს „კ–ის“ ვალდებულება სს „ბ.რ–ას“ მიმართ 446 286,51 აშშ დოლარით განისაზღვრა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 მაისის განჩინებით ბ.ხ., თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული 446 286 აშშ დოლარიდან 386 133.10 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, სს „ბ.რ–ას“ უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „კ–ს“ სარჩელი ბ.ხ–ის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა და ბ.ხ–ს, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, 854 086 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. პალატის განმარტებით, ყველა ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, უდავო გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ შპს „კ–ს“ ბ.ხ–ის მიმართ 854 086 აშშ დოლარის ოდენობით ვადამოსული მოთხოვნა გააჩნია, ხოლო ბ.ხ. კი, შპს „კ–ის“ კრედიტორს წარმოადგენს, რომლის ვალდებულების ოდენობა 386 133.10 აშშ დოლარს შეადგენს. უდავო იყო ასევე, რომ შპს „კ–ს“ ვალდებულება მოპასუხის მიმართ უზრუნველყოფილია ი.კ–ს სოლიდარული თავდებობით, ასევე ი.კ–ს უძრავი ქონებით, რომელზეც მოთხოვნის უზრუნველსაყოფად რეგისტრირებულია იპოთეკა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 463-464-ე, 467-ე და 895-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოთხოვნის გაქვითვა შესაძლებელია ერთ-ერთი სოლიდარული თავდების მიერ, მიუხედავად იმისა, იგი ძირითად მოვალეს წარმოადგენს, თუ არა, ვინაიდან სოლიდარული თავდები კრედიტორის მიმართ ყველა იმ უფლება-მოვალეობით სარგებლობს, რითაც სოლიდარული მოვალე. შესაბამისად, აპელანტის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ი.კ. ბ.ხ–ის მიმართ ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვის მოთხოვნის უფლების მქონე პირი არ არის, საფუძველს მოკლებული იყო.
10.2. რაც შეეხება, აპელანტის პრეტენზიას იმ ნაწილში, რომ ბ.ხ–ს, როგორც პოლიტიკურ პატიმარს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვის შესახებ საჩივარი აქვს შეტანილი, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების შემთხვევაში, ი.კ–ს წინაშე არსებულ მის ვალდებულებას სამართლებრივი საფუძველი გამოეცლება, პალატამ განმარტა, რომ აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებებს, იმ კონკრეტულ ეტაპზე, განსახილველი სამოქალაქო საქმისათვის იურიდიული მნიშვნელობა არ გააჩნდა.
11. დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ.ხ–მა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.
13. 2017 წლის 14 ივნისს, მოწინააღმდეგე მხარის, ი.კ–ს წარმომადგენელმა - მ.მ–ძემ უზენაეს სასამართლოს აცნობა, რომ ი.კ. 2017 წლის 20 მაისს გარდაიცვალა (იხ. განცხადებაზე თანდართული მოწინააღმდეგე მხარის გარდაცვალების მოწმობა (#....)
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით, შეჩერდა სამოქალაქო საქმის წარმოება, ი.კ–ს სარჩელის გამო, ბ.ხ–ის მიმართ, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისა და იპოთეკის გაუქმების თაობაზე, ი.კ–ს უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით გ. და ბ. ბ–ები ცნობილ იქნენ ი.კ–ს უფლებამონაცვლეებად და საქმის წარმოება განახლდა.
16. 2018 წლის 20 აპრილს, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით დანიშნულ სხდომაზე, მხარეებმა წარმოადგინეს მათ მიერ ხელმოწერილი შემდეგი შინაარსის წერილობითი მორიგება :
17. წარმოდგენილი მორიგების აქტით, ერთი მხრივ მოპასუხე ბ.ხ. (პ/ნ ....) და მეორე მხრივ მოსარჩელე ი.კ–ს (პ/ნ .....) უფლებამონაცვლეები: გ. ბ. (პ/ნ .......) და ბ.ბ. (პ/ნ .....) შეთანხმდნენ შემდეგზე:
17.1. ბ.ხ., უარს აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით საქმე №... დადასტურებულ მოთხოვნაზე (386 133.10 აშშ დოლარის ოდენობით) რაც გულისხმობს, რომ იგი არ მოითხოვს ამ გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლით იძულებით აღსრულებას და არ ექნება რაიმე პრეტენზია ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ი.კ–ს უფლებამონაცვლეების ბ. და გ.ბ–ის მიმართ. ბ.ხ. თანახმაა გაუქმდეს საჯარო რეესტრში ი.კ–ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე, დაბა ..... (ნაკვეთი 55/6), საკადასტრო კოდი: .... რეგისტრირებული იპოთეკა (განაცხადის რეგისტრაციის № .... თარიღი 30/11/2005);
17.2. ი.კ.ს უფლებამონაცვლეები გ. და ბ.ბ–ები უარს აცხადებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმის № 2/4267–09) ბ.ხ–ის მიმართ დადასტურებულ 854 086 აშშ დოლარის მოთხოვნაზე, რაც გულისხმობს, რომ ისინი არ მოითხოვენ ამ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას და არ ექნებათ რაიმე პრეტენზია ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ბ.ხ–ის მიმართ;
17.3. გაუქმდეს საჯარო რეესტრში ი.კ–ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე, დაბა ..... (ნაკვეთი 55/6) საკადასტრო კოდი .... ბ.ხ–ის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა (რეესტრში განაცხადის რეგისტრაციის №.....; თარიღი 17.03.2009. იპოთეკის ხელშეკრულება NB-092, გაფორმებული 2015 წლის 29 ნოემბერს, დამოწმებული ნოტარიუს რ. ფ–ს მიერ, რეესტრის №...; განაცხადის რეგისტრაციის №....., თარიღი 30/11/2005; საგანი შენობა–ნაგებობა საერთო ფართით 352,50 კვ.მ. შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად;
17.4. წინამდებარე მორიგების გამო, მხარეები ასევე აცხადებენ გამოუხმობად უარს ნებისმიერ სახის მოთხოვნაზე, მათ შორის მატერიალური ან მორალური ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წარმოებაში მყოფი ბ.ხ–ის შუამდგომლობის განხილვის შედეგად, ბ.ხ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ნოემბრის განაჩენის (სსკ 180–ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამო) გაუქმებისა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება აღნიშნული საქმე, არცერთი მხარე არ იტოვებს პრეტენზიას ერთმანეთის მიმართ და ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ აღარ ექნებათ ქონებრივი და არაქონებრივი მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია შპს „კ–ის“ წილებთან და/ან პირველ და მეორე პუნქტებში მითითებულ სააღსრულებო ფურცლებიდან გამომდინარე. ამავე დროს, ბ.ხ–ის მიერ წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერა არ შეიძლება ჩაითვალოს მისი მხრიდან ი.კ–ს და ი. ს–ის მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტის აღიარებად.
17.5. მხარეებმა მიუთითეს, რომ წინამდებარე მორიგების პირობები სრულად გამოხატავს მათ ნებას, რასაც ისინი ხელმოწერით ადასტურებენ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგება უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
20. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
21. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები მორიგდნენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, შესაბამისად, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 6000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 284-ე, 285-ე, 264.3-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეთა შორის მორიგება დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:
2.1. ბ.ხ. (პ/#...), უარს აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით საქმე №2/...–06 დადასტურებულ მოთხოვნაზე (386 133.10 აშშ დოლარის ოდენობით) რაც გულისხმობს, რომ იგი არ მოითხოვს ამ გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლით იძულებით აღსრულებას და არ ექნება რაიმე პრეტენზია ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ი.კ–ს უფლებამონაცვლეების გ. ბ–ისა (პ/#....) და ბ.ბ–ის (პ/#....) მიმართ. ბ.ხ. თანახმაა გაუქმდეს საჯარო რეესტრში ი.კ–ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე, დაბა .... ქ.№33 (ნაკვეთი 55/6), საკადასტრო კოდი: ..... რეგისტრირებული იპოთეკა (განაცხადის რეგისტრაციის № .... თარიღი 30/11/2005);
2.2. ი.კ.ს უფლებამონაცვლეები გ. და ბ. ბ–ები უარს აცხადებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმის № ...) ბ.ხ–ის მიმართ დადასტურებულ 854 086 აშშ დოლარის მოთხოვნაზე, რაც გულისხმობს, რომ ისინი არ მოითხოვენ ამ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას და არ ექნებათ არანაირი პრეტენზია ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ბ.ხ–ის მიმართ;
2.3. გაუქმდეს საჯარო რეესტრში ი.კ–ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე, დაბა .... ქ. №33 (ნაკვეთი 55/6) საკადასტრო კოდი .... ბ.ხ–ის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა (რეესტრში განაცხადის რეგისტრაციის №....; თარიღი 17.03.2009. იპოთეკის ხელშეკრულება NB-.., გაფორმებული 2015 წლის 29 ნოემბერს, დამოწმებული ნოტარიუს რ. ფ–ას მიერ, რეესტრის №1–..; განაცხადის რეგისტრაციის №...., თარიღი 30/11/2005; საგანი შენობა–ნაგებობა საერთო ფართით 352,50 კვ.მ. შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად;
2.4. წინამდებარე მორიგების გამო, მხარეები ასევე აცხადებენ გამოუხმობად უარს ნებისმიერი სახის მოთხოვნაზე, მათ შორის მატერიალური ან მორალური ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული ბ.ხ–ის შუამდგომლობის განხილვის შედეგად, ბ.ხ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ნოემბრის განაჩენის (სსკ 180–ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამო) გაუქმებისა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება აღნიშნული საქმე, არცერთი მხარე არ იტოვებს პრეტენზიას ერთმანეთის მიმართ და ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ აღარ ექნებათ ქონებრივი და არაქონებრივი მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია შპს „კ–ის“ წილებთან და/ან პირველ და მეორე პუნქტებში მითითებულ სააღსრულებო ფურცლებიდან გამომდინარე. ამავე დროს, ბ.ხ–ის მიერ წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერა არ შეიძლება ჩაითვალოს მისი მხრიდან ი.კ–ს და ი.ს–ის მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტის აღიარებად.
2.5. მხარეებმა მიუთითეს, რომ წინამდებარე მორიგების აქტი სრულად გამოხატავს მათ ნებას, რაც ხელმოწერებით დაადასტურეს.
3. გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და ი.კ–ს სარჩელზე შეწყდეს საქმისწარმოება;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, დაუშვებელია სასამართლოსთვის იმავე მხარეების მიერ იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, ხელმეორედ მიმართვა.
5. ბ.ხ–ს (პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ნ.ა–ძის (პ/ნ ...) მიერ 2017 წლის 29 მაისს # 211 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6000 (ექვსი ათასი) ლარი;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე : მზია თოდუა
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ზურაბ ძლიერიშვილი