Facebook Twitter

საქმე №ას-200-200-2018 2 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ო. კ.-ა (შემდგომში – მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.-ი“, შპს „..ლ.-ო“ (შემდგომში – მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, შენობის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა (ძირითად სარჩელში), გაწეული ხარჯის ანაზღაურება, ქმედების შესრულების დავალება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ო. კ.-ამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ.-ისა“ (შემდგომში შეგებებული სარჩელის ავტორი, მოპასუხე) და შპს „..ლ.-ოს“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და შენობის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები ფლებდნენ მისი საცხოვრებელი სახლის ქვევით მდებარე ფართს. მათ მიერ ჩატარებული რეკონსტრუქციების შედეგად მოსარჩელის ბინა დაზიანდა და ამჟამად საფრთხეს უქმნის როგორც მხარეს, ისე საზოგადოებას.

მოპასუხეთა პოზიცია:

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. შეგებებული სარჩელის ავტორმა კი მოითხოვა მოსარჩელის გამო მის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება და მოსარჩელის დავალდებულება, ისეთ მდგომარეობაში მოიყვანოს კუთვნილი ფართი, რომ აღმოიფხვრას ადამიანების სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გარემოებები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით როგორც ძირითადი, ისე შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2017 წლის 16 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც მოსარჩელე ესწრებოდა. სასამართლო სხდომაზე მხარეებს და წარმომადგენლებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.

7. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტი არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 2591 მუხლის მეორე ნაწილის სუბიექტს.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე იყო 15 ნოემბერი.

9. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა არც მოსარჩელეს და არც მის წარმომადგენელს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ.

10. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულება მოპასუხეთა მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღემდე ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნისა და ჩაბარების თაობაზე (ს.ფ. 491-496).

11. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 16 ნოემბერს (30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ) და ამოიწურა ამავე წლის 29 ნოემბერს. სააპელაციო საჩივარი სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრირებულია 2017 წლის 1 დეკემბერს. საჩივარს არ ერთვის მისი ფოსტით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება. მეტიც, სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია და დათარიღებულია 2017 წლის 1 დეკემბრით (ს.ფ 7-16).

12. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია სსსკ-ის 369-ე და 2591 მუხლებით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე იმყოფებოდა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. მან დროულად ვერ მოიძია სახელმწიფო ბაჟის თანხა, რადგან ადმინისტრაციული საქმის განხილვის შემდეგ მას დროულად არ დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საბოლოოდ მოსარჩელემ შეძლო საჭირო თანხის შეგროვება და მცირე ვადით - მხოლოდ ორი დღით დაარღვია სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა.

15. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - სსკ) 52-ე მუხლი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაგებულ იქნა იმგვარად, რომ მხარის მიერ გამოვლენილი ნება უნდა გან.-არტოს ფართოდ და შეფასდეს, რა მიზნის მიღწევა ჰქონდა განზრახული მხარეს ნების გამოვლენით.

16. მხარემ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაირღვა მოსარჩელის კონსტიტუციური უფლება, მიმართოს სასამართლოს, ასევე, ხელყოფილ იქნა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დანაწესი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

18. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

19. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

20. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.

21. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

22. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება; სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).

23. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა და იგი ესწრებოდა კიდეც გამოცხადებას.

24. საქმის მასალებში წარმოდგენილია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხეების წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღემდე ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, რაც ადასტურებს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთებული ვარიანტი სასამართლომ მოამზადა კანონით დადგენილ ვადაში.

25. ამდენად, სსსკ-ის 369-ე, 2591 მუხლების მიხედვით, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოსარჩელისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 16 ნოემბერს (30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ) და ამოიწურა ამავე წლის 29 ნოემბერს. სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრირებულია 2017 წლის 1 დეკემბერს. ამასთან, სააპელაციო საჩივარს არ ერთვის მისი ფოსტით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება. სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია და დათარიღებულია 2017 წლის 1 დეკემბრით.

26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვება გამოწვეული იყო საპატიო მიზეზებით, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის დროულად მოუძიებლობითა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადების შედეგად შექმნილი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს გააჩნდა საპროცესო შესაძლებლობა, კანონით დადგენილ ვადაში შეეტანა სააპელაციო საჩივარი და ეშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან კანონით გათალისწინებული სხვაგვარი შეღავათის მინიჭების შესახებ. ამგვარი შესაძლებლობით მხარეს არ უსარგებლია.

28. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა 369-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის გაგრძელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს მიუხედავად იმისა, საპატიო მიზეზით გაუშვა თუ არა მხარემ აღნიშნული ვადა.

29. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. კ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე