საქმე №ას-213-213-2018 13 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – თ. ზ.-ი, დ. წ.-ის უფლებამონაცვლეები – დ. წ.-ი და ს. წ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – დავალიანების გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „ს.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების –დ. წ.-ისა და თ. ზ.-ის მიმართ დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,ს.-ის“ სარჩელი მოპასუხეების – დ. წ.-ისა და თ. ზ.-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს – დ. წ.-სა და თ. ზ.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2008 წლის 7 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის – 11891,55 აშშ დოლარის, პროცენტის – 8881,41 აშშ დოლარისა და შემცირებული ჯარიმის (პირგასამტეხლო) – 500 აშშ დოლარის გადახდა. დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოთ მიექცა იპოთეკით დატვირთული ქ.გ.-ი, გ.-ის ქ. №..-ში მდებარე ბინა №.., საკადასტრო კოდით №... იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ამ რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდება მოპასუხეების – დ. წ.-ისა და თ. ზ.-ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. წ.-მა, თ. ზ.-მა და მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დ. წ.-ის, ს. წ.-ისა (დ. წ.-ის უფლებამონაცვლეები) და თ. ზ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. წ.-მა, ს. წ.-მა (დ. წ.-ის უფლებამონაცვლეები), თ. ზ.-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით თ. ზ.-ს, დ. წ.-ის უფლებამონაცვლეებს – დ. წ.-სა და ს. წ.-ს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 469 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
2018 წლის 5 მარტს მხოლოდ დ. წ.-მა და ს. წ.-მა განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს და მოითხოვეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, თუმცა არ წარმოადგინეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ზ.-ის, დ. წ.-ის უფლებამონაცვლეებს – დ. წ.-ისა და ს. წ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინების ასლი კასატორებს მათ მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით. კასატორებმა – დ. წ.-მა და ს. წ.-მა მოითხოვეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მაგრამ არ წარმოადგინეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. ასევე ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორმა თ. ზ.-მა ხარვეზი არ შეავსო და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე მხარემ, რომელიც შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაამტკიცოს, რომ მას მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო არა აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. მოცემულ შემთხვევაში ასეთი მტკიცებულებები კასატორების მიერ წარმოდგენილი არ არის, ამიტომ მათი შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. წ.-ის უფლებამონაცვლეების – დ. წ.-ისა და ს. წ.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
თ. ზ.-ის, დ. წ.-ის უფლებამონაცვლეების – დ. წ.-ისა და ს. წ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი