Facebook Twitter

საქმე №ას-223-223-2018 21 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. ა.-ა

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. ა.-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „მ.-ის“ მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ა.-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ა.-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ა.-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება. ი. ა.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „მ.-ს“ ი. ა.-ას სასარგებლოდ დაეკისრა 12400,56 ლარის გადახდა. შპს „მ.-ს“ ი. ა.-ას სასარგებლოდ დაეკისრა 490 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში ი. ა.-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ.-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება, ხოლო ი. ა.-ამ შემოიტანა შეგებებული საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით ი. ა.-ას წარმომადგენელ დ. ა.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2018 წლის 20 მარტს ი. ა.-ას წარმომადგენელმა დ. ა.-ემ შუამდგომლობით მომართა სასამართლოს და კვლავ მოითხოვა შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ა.-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განჩინებით ი. ა.-ას წარმომადგენელ დ. ა.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2018 წლის 20 მარტს ი. ა.-ას წარმომადგენელმა დ. ა.-ემ შუამდგომლობით მომართა სასამართლოს და კვლავ მოითხოვა კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ კასატორი უმუშევარია და ავად არის, მაგრამ არ წარმოადგინა დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული საკასციო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისისაგან გათავისუფლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საქმის მასალებში კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურელი რაიმე დოკუმენტი არ მოიპოვება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი შეგებებული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ა.-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი