¹ 3გ-ად-64-კს-02 27 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლსო ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ს.-მ” სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 2 აპრილის ¹1-3/161 ბრძანების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების ბათილად ცნობა მოითხოვა. იგი მიუთითებდა, რომ ხსენებული ბრძანებით სს-ის ქონება, რომლის ღირებულება 1999წ. 1 იანვრისათვის 18649715,69 ლარი იყო, ამოღებულ იქნა მოსარჩელის საწესდებო კაპიტალიდან და საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციას გადაეცა. ამავე ბრძანების მე-4 პუნქტით კი კორპორაციის საწესდებო კაპიტალი 64278291,2 ლარით განისაზღვრა. სს “ს.-ი” გასაჩივრებული ბრძანების მითითებული პუნქტების ბათილად ცნობას იმ მოტივით მოითხოვდა, რომ სადავო პუნქტები საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 20 აპრილის ¹2010 ბრძანებულებას ეწინააღმდეგებოდა, რადგან მისი საწესდებო კაპიტალიდან დამატებით იქნა ამოღებული სს “ს.-ის” შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებები, სხვა დამოუკიდებელი გაზსადენი, 300 მმ-ზე ნაკლები დიამეტრებით, რომლებიც პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული არ ყოფილა.
2002წ. 19 ივნისის სს “ს.-ის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ _ ი.ზ.-მა განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და სასარჩელო განცხადებაზე უარის თქმა და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 20 ივნისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება შეწყდა.
2002წ. 8 ივლისს სს “ს.-ის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ი.ზ.-მა კერძო საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს და მიუთითა შემდეგზე: სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ 2002წ. 2 ივლისის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დაადგინა, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის თანახმად, დირექტორი არ იყო უფლებამოსილი უარი ეთქვა სარჩელზე. ამავე სხდომის ოქმით დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს კერძო საჩივრის შეტანით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება დაევალა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივლისის განჩინებით სს “ს.-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის თანახმად, სხვა პირებთან ურთიერთობაში სააქციო საზოგადოებას დირექტორი წარმოადგენდა და დირექტორის მიერ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის მიღება საჭირო არ იყო. სასამართლომ კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ სს “ს.-ის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის _ ი.ზ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 20 ივნისისა და 18 ივლისის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.4 მუხლის თანახმად 9.1 მუხლში მითითებული პირები (შპს-ში, სს-ში და კოოპ-ში _ დირექტორები) საზოგადოებას წარმოადგენენ მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. აქვე დადგენილია, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობისას არ შეიძლება შეიზღუდოს.
ამავე კანონის 56.1 მუხლის შესაბამისად, სააქციო საზოგადოებაში საზოგადოების ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ დირექტორებს, ხოლო 56.3 მუხლის თანახმად, საზოგადოებას სასამართლოში და სხვა ურთიერთობებში წარმოადგენენ დირექტორები. კერძოდ, დირექტორატი სააქციო საზოგადოების ავტონომიური და დამოუკიდებელი ორგანოა და სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორების დანიშვნის შემდგომ უფლება აღარ აქვს, რაიმე პირობით შებოჭოს ან შეზღუდოს დირექტორის საქმიანობა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სასამართლოში საწარმოს რეგისტრაციის შესახებ განცხადებას მხოლოდ საწარმოს დირექტორი (დირექტორატის საბჭოს წევრები) აწერს ხელს და სასამართლოში მისი, როგორც საწარმოს წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში რჩება.
როგორც აღვნიშნეთ, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 56.3 მუხლის თანახმად, სასამართლოში სააქციო საზოგადოებას წარმოადგენენ დირექტორები. ამავე კანონის თანახმად, დირექტორს, როგორც კანონისმიერ ორგანოს, სპეციალური რწმუნებულების გარეშე ენიჭება სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება. ერთადერთ გამონაკლისს კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ საზოგადოება თვით დირექტორს ედავება მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაში საზოგადოებას დირექტორების წინაღმდეგ სასამართლოში სამეთვალყურეო საბჭო წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო სრულიად იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოში წარმომადგენლობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს “მეწარმეთა შესახებ” კანონით გათვალისწინებულ ისეთ საქმიანობად, რომელიც საჭიროებს სამეთვალყურეო საბჭოს სავალდებულო თანხმობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ 55.9 მუხლი მითითებული საქმიანობის ამომწურავ ჩამონათვალს იძლევა და მასში დირექტორების მიერ სასამართლოში საქმის წარმოება არ არის მოცემული, რადგან საწარმოს (საზოგადოების) მიმდინარე (ჩვეულებრივ) საქმიანობად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მაგ. გარიგებების დადება, სესხის გაცემა ან აღება, ახალი სახის ეკონომიური საქმიანობის წამოწყება და ა.შ., სასამართლოში საზოგადოების წარმომადგენლობა კი ხსენებული საქმიანობის ფარგლებს სცილდება და მისთვის სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის მოთხოვნა მოქმედი კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, მათვე შეუძლიათ საქმის წარმოება გარიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეებმა უარი თქვან სარჩელზე, მოპასუხემ კი _ ცნოს სარჩელი. სსკ-ს 272-ე მუხლის მიხედვით, “სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარე უარს იტყვის სარჩელზე”. ამდენად, სს “ს.-ის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის განცხადება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ კანონიერად იქნა სასამართლოს მიერ მიჩნეული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად.
აქვე ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მოცემულ დავაზე ვერ გავრცელდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის უარის თქმისა და სარჩელის ცნობის თაობაზე, რადგან, მართალია, “ს.-ი” სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საზოგადოებაა, მაგრამ იგი ვერ იქნება მიჩნეული მითითებული მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ორგანოდ და მასზე ვერ გავრცელდება ხსენებული მუხლის მოთხოვნები.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 20 ივნისის და 18 ივლისის განჩინებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სსკ-ს 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “ს.-ის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის _ ი. ზ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 20 ივნისისა და 18 ივლისის განჩინებები.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.