Facebook Twitter

საქმე №ას-295-295-2018 27 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ლ. ბ.-ი, ე. ბ.-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „თ.-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „თ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ლ. ბ.-ისა და ე. ბ.-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „თ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ.თ.-ში, ი.-ას ქუჩა N..-ში მდებარე უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი ...) და უძრავი ქონება გადაეცა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თ.-ს“ თავისუფალ მდგომარეობაში. უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ.თ.-ში, ი.-ას ქუჩა ..-ში მდებარე უძრავი ნივთი: ნაგებობა N1-დან საერთო ფართი 46.71 კვ.მ. N2-დან საერთო ფართი 6.42 კვ.მ. და N4-დან საერთო ფართით 4.93 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ...) და უძრავი ქონება გადაეცა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თ.-ს“ თავისუფალ მდგომარეობაში. ე. ბ.-სა და ლ. ბ.-ს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თ.-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება თვეში 180 ლარის ოდენობით, 2016 წლის 11 ივლისიდან ქ.თ.-ში, ი.-ას ქუჩა N..-ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თ.-ისათვის“ თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემამდე. ე. ბ.-სა და ლ. ბ.-ს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „თ.-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება თვეში 450 ლარის ოდენობით, 2016 წლის 11 ივლისიდან ქ.თ.-ში, ი.-ას ქუჩა N..-ში მდებარე უძრავი ნივთი: ნაგებობა N1-დან საერთო ფართი 46.71 კვ.მ. N2-დან საერთო ფართი 6.42 კვ.მ. და N4-დან საერთო ფართით 4.93 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ...) შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „თ.-ისათვის“ თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ბ.-მა, ე. ბ.-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ლ. ბ.-ისა და ე. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ.-მა, ე. ბ.-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 930 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 მარტის №1/107 გადაწყვეტილების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ლ. ბ.-ისა და ე. ბ.-ის წარმომადგენელ ქ. ჯ.-ას ჩაბარდა 2018 წლის 9 მარტს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ.-ისა და ე. ბ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორების წარმომადგენელ ქ. ჯ.-ას ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2018 წლის 9 მარტს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.100). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 10 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 16 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ბ.-ისა და ე. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი