საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-349-601-08 23 ივნისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – სს “ს.-ასა” და სს “კ.-ის” გაკოტრების მმართველი მ. წ-ელი
წარმომადგენელი _ ვ. პ-იძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ლ.-ა”
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სოლიდარული პასუხისმგებლობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “ს.-ასა” და სს “კ.-ის” გაკოტრების მმართველმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ლ.-ას” მიმართ სოლიდარული პასუხისმგებლობის დადგენის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელეს გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულებები იმ პირთა მიმართ, ვის სასარგებლოდაც სასამართლომ მოსარჩელეს დააკისრა საპენსიო თუ სხვაგვარი კომენსაციის გადახდა. ასევე მოსარჩელეს გააჩნია სს “ი.-ის” მიმართ დავალიანება 250 000 ლარის ოდენობით. სს “ს.-ას” მიმართ გაკოტრების საქმის გახსნამდე, 1999 წელს, აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით საზოგადოებას გამოეყო ყოფილი სასწავლო საქსოვი წარმოება და იგი დარეგისტრირდა როგორც სს “ლ.-ა”. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოხსენებულ ვალდებულებათა გამო სოლიდარული პასუხისმგებლობა უნდა განაწილდეს სს “ს.-აზე”, სს “კ.-ზე”, სს “ხ.-სა” და სს “ლ.-აზე”.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 თებერვლის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 7 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ”, “დ”, “ე”, “ვ” და “თ” ქვეპუნტების, მეორე ნაწილის, 177-ე და 367-ე მუხლების შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
2008 წლის 28 თებერვალს სს “ს.-ასა” და სს “კ.-ის” გაკოტრების მმართველმა, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2008 წლის 19 თებერვალს, ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2008 წლის 26 თებერვალს, აპელანტმა კი, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, სასამართლოს მიმართა 2008 წლის 28 თებერვალს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი არ წარმოუდგენია. ამდენად, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 63-ე, 374-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზი სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში არ გამოუსწორებია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს “ს.-ასა” და სს “კ.-ის” გაკოტრების მმართველის წარმომადგენელმა ვ.პ.-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელ ვ.პ.-ეს და ჩაბარდა ადვოკატ ე.ნ-სთან მომუშავე სტაჟიორს ა. ხ.-ეს, რომელმაც იგი ადრესატს 2008 წლის 28 თებერვალს გადასცა. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი მოკლებული იყო შესაძლებლობას, 2008 წლის 27 თებერვლამდე გამოესწორებინა ხარვეზი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სს “ს.-ასა” და სს “კ.-ის” გაკოტრების მმართველის სააპელაციო საჩივარი დაეწერა მოსამართლე ლ.შეწირულს, რომელმაც დაუდგინდა მას ხარვეზი, ხოლო განუხილველად სააპელაციო საჩივარი დატოვა მოსამართლე თ.სვანიძემ.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის განჩინებით სს “ს.-ასა” და სს “კ.-ის” გაკოტრების მმართველის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 7 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ”, “დ”, “ე”, “ვ” და “თ” ქვეპუნტების, მეორე ნაწილის, 177-ე და 367-ე მუხლების შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარსადგენად და სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
ზემოხსენებული ხარვეზის განჩინება გაეგზავნა როგორც აპელანტს, ისე მის წარმომადგენელ ვ.პ.-ეს. საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილებით დასტურდება, რომ სასამართლო გზავნილი 2008 წლის 19 თებერვალს მხარისათვის გადასაცემად ჩაბარდა ს.ციბაძეს, ხოლო ამავე წლის 20 თებერვალს _ ა. ხ.-ეს ვ.პ.-ისათვის გადასაცემად.
სს “ს.-ასა” და სს “კ.-ის” გაკოტრების მმართველმა, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, განცხადებით სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2008 წლის 28 თებერვალს.
2008 წლის 5 მარტის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შევსების ვადა აითვალა 2008 წლის 20 თებერვლიდან და მითითებული სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ს.-ასა” და სს “კ.-ის” გაკოტრების მმართველის წარმომადგენელ ვ.პ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ხარვეზის გამოსწორების ვადა 2008 წლის 20 თებერვლიდან მართებულად აითვალა, ვინაიდან აღნიშნულ დროს სასამართლო გზავნილი ჩაბარდა ვ.პ.-ის მიერ მითითებულ მისამართზე მყოფ პირს _ ა. ხ.-ეს, რასაც თავად მხარეც ადასტურებს და სადავოდ არ ხდის. ამასთან, ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ ალ.ხ.-ემ ზემოხსენებული ხარვეზის განჩინება მას 2008 წლის 28 თებერვალს გადასცა, რადგან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და მხარის მიერ სათანადოდ დადასტურებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის ზემოხსენებული არგუმენტის გაზიარების შემთხვევაშიც მითითებული გარემოება სადავო სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება, რადგან აპელატს ხსენებული განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც გულისხმობდა სათანადო ფორმითა და საფუძვლების დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენას.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება ასევე ის გარემოებაც, რომ სს “ს.-ასა” და სს “კ.-ის” გაკოტრების მმართველის სააპელაციო საჩივარი დაეწერა მოსამართლე ლ.შეწირულს, რომელმაც დაუდგინდა მას ხარვეზი, ხოლო განუხილველად სააპელაციო საჩივარი დატოვა მოსამართლე თ.სვანიძემ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ შეიცავს ისეთ ნორმას, რომლითაც აკრძალულია, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობასა და საფუძვლიანობაზე იმსჯელოს სხვადასხვა სასამართლო შემადგენლობამ.
განსახილველ კერძო საჩივარს დაერთო სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის ქვითარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 50 ლარს შეადგენს, ამდენად, სს “ს.-ასა” და სს “კ.-ის” გაკოტრების მმართველ მამია წერეთელს უნდა დაუბრუნდეს ვეფხია პ.-ის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ს.-ასა” და სს “კ.-ის” გაკოტრების მმართველის წარმომადგენელ ვ.პ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სს “ს.-ასა” და სს “კ.-ის” გაკოტრების მმართველ მ.წ-ს დაუბრუნდეს ვეფხია პ.-ის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 100 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.