Facebook Twitter

ას-654-961-09 28 დეკემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. კ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ხ.-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ხ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ს.-ის” მიმართ ამავე არბიტრაჟის 2007 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მოსარჩელეს პრეტენდენტ მ. კ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4041 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის _ 311 ლარის გადახდა. მითითებული გადაწყვეტილების გამოტანისას არბიტრაჟმა დაარღვია “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის პირველი მუხლი, საკუთარი დებულების პირველი მუხლის მეორე ნაწილი. მხარეთა შორის ფაქტობრივად არსებობდა სასესხო და გირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ურთიერთობანი. დავის არბიტრაჟში გადაცემის შესახებ შეთანხმება გათვალისწინებული იყო მხოლოდ გირავნობის ხელშეკრულებით, ხოლო მ. კ.-ის საარბიტრაჟო პრეტენზიიდან კი ირკვევა, რომ მან არბიტრაჟს მიმართა სასესხო ურთიერთობების გადასაწყვეტად, რის შესახებ დათქმა მხარეთა შორის არ ყოფილა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირად მოპასუხის მხარეზე ჩაება მ. კ.-ე. ამავე სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ა. ხ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ხ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს ,,სამოქალაქო დავათა ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2007 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ხ.-ს მ. კ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4041 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მ. კ.-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ მან სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ წარმოადგინა, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აღნიშნულის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა საჩივრის ავტორს, რაც მან ვერ განახორციელა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის განჩინებით ა.ხ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მ. კ.-ს წერილობითი შესაგებლის წარმოდგენისათვის განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადა. სააპელაციო საჩივრის ასლი მ. კ.-ს პირადად ჩაბარდა 2009 წლის 26 მარტს. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მ. კ.-ს შესაგებელი უნდა წარმოედგინა 2009 წლის 31 მარტის 24 საათამდე, რაც მას არ შეუსრულებია, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ გაუქარწყლდა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მ. კ.-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ მას 2009 წლის 26 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით შესაგებლის სასამართლოსათვის წარდგენა არ შეეძლო, ვინაიდან სამედიცინო ცნობებით დგინდება, რომ საჩივრის ავტორი ავად იყო 2009 წლის 3 აპრილიდან 23 აპრილამდე პერიოდში, რაც ცხადია, არ ნიშნავს, რომ მას არ შეეძლო წარმოედგინა შესაგებელი 2009 წლის 31 მარტამდე, ასევე, დგინდება, რომ 2009 წლის 23 მარტიდან იმავე წლის 3 აპრილამდე საჩივრის ავტორი მკურნალობდა შპს „დ.-ის“ სტომატოლოგიურ კლინიკაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სტომატოლოგიურ კლინიკაში მკურნალობა საჩივრის ავტორს შესაგებლის წარმოდგენაში ხელს ვერ შეუშლიდა, მეტიც, აღნიშნული ცნობა ადასტურებს, რომ მ. კ.-ს ამ დროს შეეძლო შეესრულებინა სასამართლოს მიერ დავალებული საპროცესო მოქმედება. პალატა არ დაეთანხმა საჩივრის ავტორს, რომ სააპელაციო საჩივარში დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, სადავოა არბიტრაჟის გადაწყვეტილების კანონიერება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მესამე ნაწილის, მე-200 მუხლის მეშვიდე ნაწილისა და 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამტკიცებულად ითვლება სააპელაციო საჩივარში მითითებული ის გარემოებები, რომ მოდავე მხარეთა შორის დადებული იყო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებები. ამავე კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად, გირავნობა სანივთოსამართლებრივი გარიგებაა და იგი განსხვავდება სესხის ვალდებულებითსამართლებრივი გარიგებისაგან, შესაბამისად, გირავნობასთან დაკავშირებით დადებული საარბიტრაჟო შეთანხმება, სესხის ხელშეკრულებას თავისთავად არ მოიცავს. პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება მხარეებმა დადეს არა სესხის, არამედ გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებზე. კერძო არბიტრაჟმა გადაწყვიტა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა. ამდენად, მან განიხილა ის დავა, რომლის განხილვაზეც მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმება არ არსებობდა, დაარღვია „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონის პირველი მუხლი და, ამავე კანონის 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს მხარის სარჩელი და შეცვალოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. კ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა კასატორის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ მ. კ.-ე დაავადებულია მწვავე ნეფრიტით, ეზღუდება გადაადგილების უნარი, რის გამოც საჭიროებს სისტემატურ მკურნალობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ა. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი იმყოფებოდა რა სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში, მოწინააღმდეგე მხარემ პალატას გაუგზავნა შესაგებელი. ამდენად, კასატორის მიერ სადავო შესაგებლის წარუდგენლობის ერთ-ერთ პატივსადებ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სააპელაციო საჩივარში მოყვანილ გარემოებებზე მოწინააღმდეგე მხარემ უკვე განმარტა, რაც თავისთავად გამორიცხავს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს ერთსა და იმავე საქმეზე უდავოდ დადგენილად ჩაეთვალა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებანი. ამასთან, გირავნობის უფლება აქცესორული ხასიათისაა. მხარეთა შორის არსებობდა შერეული ტიპის ხელშეკრულება და დაუშვებელია მისი სამართლებრივი ბუნების განსაზღვრა მხოლოდ გარიგების სათაურიდან იმის გაურკვევლად, თუ რა სახის ნება გამოხატეს მხარეებმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ მ. კ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერება დაასაბუთა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე, 387-ე მუხლისა და 233-ე მუხლის მესამე ნაწილებზე მითითებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე და 393-ე მუხლები მუხლები, ვინაიდან სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით არ არსებობს სააპელაციო სასამართლოში შესაგებლის დადგენილ ვადაში არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის იურიდიული საფუძველი. განსახილველ საქმეში სააპელაციო პალატა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 387-ე მუხლის მესამე ნაწილს, აღნიშნულით არასწორად იყენებს და არასწორად განმარტავს მითითებულ ნორმებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. აღნიშნული ნორმის შინაარსი სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს პირველ ინსტანციაში საქმეთა განხილვის მომწესრიგებელი ნორმებით, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპროცესო კოდექსი სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისათვის სპეციალურ ნორმებს არ ადგენს ამ ინსტანციაში საქმეთა განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა სპეციალური ნორმით _ 387-ე მუხლით წესრიგდება.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერ საფუძველს არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი წარმოადგენს. აღნიშნული მუხლით კანონი განსაზღვრავს სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვისას მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგებს (ნორმის სათაური, რომელიც საკანონმდებლო ტექნიკით განსაზღვრავს ნორმის შინაარსს) და პირველი და მეორე ნაწილებით ადგენს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ერთ-ერთიEმხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას. ამავე მუხლის მესამე ნაწილით კი ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, შესაბამისად, ნორმის სტრუქტურისა და შინაარსის მიხედვითაც შესაძლებელია მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება, რომ მითითებული ნორმა სპეციალურია და ეხება მხოლოდ მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგებს.

რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მესამე ნაწილში მოცემულ მითითებას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების შესახებ, ვერც აღნიშნული გამოდგება სააპელაციო წარმოებაში 2321 მუხლით დადგენილი წესის გამოსაყენებლად, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს წესი შეეხება მხოლოდ მხარის სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგებს და კანონის (სსკ-ის 387-ე მუხლის მესამე ნაწილი) ეს დანაწესი სწორედ ასეთ შემთხვევაში უნდა გამოიყენონ სააპელაციო სასამართლოებმა. ეს შეიძლება იყოს პირველ ინსტანციაში _ მოსარჩელის, აპელაციაში _ აპელანტის გამოუცხადებლობა პროცესზე ან მოპასუხის _ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა პროცესზე ან პროცესზე გამოცხადებული მხარის უარი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე.

საგულისხმოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლს (1997 წლის 14 ნოემბრის რედაქცია) ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები არ შეხებია და მისი გავრცელება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სპეციალურ საფუძველზე _ შესაგებლის წარუდგენლობაზე, საკანონმდებლო ტექნიკითაც სპეციალური დათქმის გარეშე დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას 2321 მუხლით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენებაზე დათქმის არარსებობა კანონის ხარვეზს არ წარმოადგენს და ამით კანონმდებელმა ღრმად და საფუძვლიანად გააანალიზა სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვის სპეციფიკა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსი.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა “იძულებას”, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები _ საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მას არა აქვს ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა პირის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით ცალსახად გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

მხარეთა გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, როგორც ზემოთ აღინიშნა, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში კანონით ნებადართულია. რაც შეეხება შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, ასეთი დაშვებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას. მსგავსი შინაარსის ნორმა სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების მომწესრიგებელ ნორმებში არ მოიპოვება. იმისათვის, რათა გაირკვეს, ზემოაღნიშნული მითითებითი ნორმების გამოყენებით დაიშვება თუ არა შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა სააპელაციო ინსტანციაში, უნდა გავაანალიზოთ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და შესაგებლის არსი, სააპელაციო ინსტანციის იურიდიული ბუნება.

ქართული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომელიც მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესების განხორციელებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, მათი შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და შესაგებელი.…თითოეულ მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელონ. აღნიშნულით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი და, შესაბამისად, სარჩელში მითითებული გარემოებების საწინააღმდეგოს დასაბუთება მოპასუხის მოვალეობას წარმოადგენს. ამ მოვალეობის სათანადო წესით განუხორციელებლობა იწვევს მოპასუხის საზიანო გადაწყვეტილების მიღებას. ამ მიზნით მხარემ თავისი უფლებების რეალიზაცია უნდა მოახდინოს სარჩელისაგან თავდაცვის კანონით გათვალისწინებული რომელიმე საშუალებით. ამ მოქმედების განხორციელების მნიშვნელობაზე უდავოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ სარჩელისაგან თავდაცვის საშუალების სწორად შერჩევა განაპირობებს მხარის უფლებების დაცვის ხარისხს და, შესაბამისად, შედეგსაც.

შესაგებელი წარმოადგენს სარჩელისაგან თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც მხარეს შესაძლებლობას აძლევს, უარყოს ან დაეთანხმოს სარჩელში მითითებულ გარემოებებს და თავისი მოსაზრება დაასაბუთოს სათანადო მტკიცებულებებით, დაარწმუნოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანო მის მიერ უფლებების განხორციელების კანონიერებაში. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი არის სანქცია მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების განუხორციელებლობისათვის, მაგრამ უფრო მეტად ამ ნორმით სასამართლოს მიერ დიდი ალბათობით ნავარაუდებია, რომ მოპასუხე ცნობს სასარჩელო მოთხოვნას ან არა აქვს ინტერესი, შეეწინააღმდეგოს სარჩელს. პირველ ინსტანციაში საქმის წარმოებისას ამგვარი დანაწესის არსებობა განპირობებულია ამ ინსტანციაში საქმის წარმოების სპეციფიკითაც _ საქმე განიხილება არსებითად, მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ხდება საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და მათი სამართლებრივი შეფასება. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპის _ შეჯიბრებითობის საფუძველზე მხარეებს კანონით დადგენილ ფარგლებში შეუზღუდავად და თავისუფლად შეუძლიათ, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და შესაგებელი. მხარეთა მიერ ამ უფლებათა ჯეროვანი განხორციელების შედეგად მიიღება სასამართლო გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარე, რომლისთვისაც ცნობილია, რომ მის წინააღმდეგ წარდგენილია სარჩელი სათანადო მტკიცებულებებით და არ განახორციელებს უფლებას და არ წარადგენს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელს, ქმნის იმის საფუძვლიან ვარაუდს, რომ მას არ აინტერესებს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

სააპელაციო სასამართლო სასამართლო სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლია და იგი განიხილავს მხარეთა მიერ სადავოდ მიჩნეულ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს სააპელაციო წარმოების წესსა და ფარგლებს, ამავე დროს იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება შეამოწმოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც წარდგენილი იყო და შემოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები. ამდენად, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მხარეთა აქტიურობა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფილი და ეფექტურია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარეთა აქტიურობა შეზღუდულია თვით სააპელაციო სამართალწარმოების შეზღუდვის გამო. ამ მოსაზრების ნათელ დადასტურებას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 380-ე, 381-ე, 382-ე, 384-ე მუხლები, რომლებიც ფაქტობრივად გამორიცხავს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელმეორედ განხილვის შესაძლებლობას და ადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მკაცრად შეზღუდულ ფარგლებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო იშვიათ შემთხვევაში არის ფაქტების დამდგენი სასამართლო, მაგრამ ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა ამ სასამართლოში დაიშვება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევაში.

ზემოაღნიშნულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარუდგენლობა ხელს არ უშლის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები სარგებლობენ ფართო საპროცესო უფლებებით და წარადგენენ საქმისთვის საჭირო ყველა იმ მტკიცებულებას, რომელსაც მიიჩნევენ მნიშვნელოვნად თავიანთი მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასაცავად, შესაბამისად, სარჩელსა თუ შესაგებელში, ასევე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებული მოსაზრებებით ნათლად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, რაც სრულად მოცემულია საქმის მასალებში.

აღნიშნული არ ნიშნავს, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს არ აკისრია სასამართლოს დავალებების შესრულების ვალდებულება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ვალდებულია საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივარზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მხარის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს. ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს.

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წინასწარი მომზადების მიზნით სასამართლოს დავალების შეუსრულებლობის _ წერილობითი შესაგებლის წარუდგენლობის სპეციალურ შედეგს (დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა), იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით. აღნიშნული ნორმით ზუსტად არის განსაზღვრული პირველ ინსტანციაში საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით სასამართლოს დავალებები მოპასუხისადმი და თანამდევი იურიდიული შედეგი, რაც 2321 მუხლის შინაარსის განმეორებად არ უნდა იქნეს გაგებული, არამედ კანონის ასეთი დათქმა განპირობებულია საქმის მომზადების მიზნით სასამართლოს კონკრეტული დავალებების ჩამონათვალისა და მათი შეუსრულებლობის სპეციალური შედეგის შესახებ მხარის ინფორმირების სავალდებულოობით და სასამართლოს მხრიდან ამ ვალდებულების შეუსრულებლობა _ მხარისათვის შეუტყობინებლობა, გამორიცხავს მითითებული შედეგის _ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საგულისხმოა, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, გარდა პირველ ინსტანციაში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და ეფექტურად გამოყენებული უფლების დაცვის საშუალებებისა, გამყარებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც წარმოადგენს მართლმსაჯულების მიერ გამოტანილი უფლებების დაცვის აქტს. სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ მოქალაქეთა კანონიერი ნდობის მომენტი ბუნებრივად განაპირობებს საქმეში მონაწილე მხარეთა რწმენას გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებულობასა და კანონიერებაზე. ასეთ პირობებში მხარე, რომელიც ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას, ლოგიკურად და კანონიერადაც ასკვნის, რომ სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების მოტივაცია საკმარისს უნდა წარმოადგენდეს სააპელაციო სასამართლოში მისი უფლებების დასაცავად და პოზიციის გამოსახატავად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც ერთი ნორმა არ ითვალისწინებს სააპელაციო ინსტანციაში სამოქალაქო საქმის წარმოებისას სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას და ასეთი შედეგი ამ საკითხის სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპების ანალიზითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე, 201-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. კ.-.ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2009 წლის 14 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.