Facebook Twitter

ას-795-1117-07 19 ნოემბერი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 12 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ნ. მ-მა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების - “ფ. ო-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს” განმარტება იმგვარად, რომ ქ.თბილისში, .....მდებარე 41 კვ.მ საცხოვრებელი ბინის 1/3 იდეალური წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნეს ფ. ო-ა, 1/3 იდეალური წილის მესაკუთრედ - ნ. მ-ი და 1/3 იდეალური წილის მესაკუთრედ - აწ გარდაცვლილი თ. დ-ა. განმცხადებელი თავის მოთხოვნის საფუძვლად იმ ფაქტობრივ გარემოებაზე უთითებს, რომ სასამართლო მხოლოდ ფ.ო-ს წილზე ვერ იმსჯელებდა, ვინაიდან ფ.ო-ს იდეალური წილის ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელი იქნებოდა სხვა კანონიერი მოწილეების წილის განუსაზღვრელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაYპალატის 2007 წლის 3 ივლისის განჩინებით ნ. მ-ს განცხადებას თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე უარი ეთქვა. პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ფაქტობრივად, ახალი გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავდა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია.

აპელანტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაYპალატის 2007 წლის 3 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით განცხადების დაკმაყოფილება. მოთხოვნის საფუძვლად კი მიუთითა იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე, არ შეამოწმა განცხადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, არ გამოიკვლია და სამართლებრივად არ შეაფასა მტკიცებულებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ნ. მ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

მითითებული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი მისი აღსრულების უზრუნველყოფას, ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ დასმული საკითხის განმარტება საკასაციო პალატის მიერ განჩინების განმარტების კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს სცილდება, ვინაიდან განმცხადებლის მოთხოვნა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას არ უკავშირდება და არც მოცემული განჩინების აღსრულების უზრუნველყოფას ემსახურება. უფრო მეტიც, მოწინააღმდეგე მხარე ფ.ო-ს მითითებით, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება აღსრულებულია, კერძოდ, შესრულებულია აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის მოთხოვნა და ფ.ო-ს წილი სადავო ბინაზე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

რაც შეეხება განმცხადებლის მიერ კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორი მნიშვნელოვანწილად სცილდება გადაწყვეტილების განმარტების კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს. განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება გულისხმობს ახალი გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სამართალწარმოება მიმდინარეობდა ფ. ო-ს სარჩელის საფუძველზე, სადავო ბინაში მისი იდეალური წილის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის უარი გადაწყვეტილების განმარტებაზე კანონიერი და დასაბუთებულია, შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. მ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაYპალატის 2007 წლის 3 ივლისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.