Facebook Twitter

3გ-ად-65-კს-02 4 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართვველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში არსებითად განსახილველად.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 25 ივნისს ნ. ა.-მ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე 1973 წლიდან მუშაობდა ქუთაისში, ...-ის ქუჩის (ამჟამად ...-ის ქუჩა) ¹... მდებარე მაღაზია “რ.-ის” გამგედ. ქ. ქუთაისის მერიის 1992წ. 12 აგვისტოს ¹13/87 განკარგულებით მაღაზია “რ.-ი” ცალკე ერთეულად გამოეყო მაღაზია “ო.-ს” და ჩამოყალიბდა მუნიციპალურ საწარმოდ _ მაღაზია “რ.-ად”. ქ. ქუთაისის მერიის 1993წ. 30 ივლისის ¹331 განკარგულებით გაერთიანდა მაღაზია “რ.-ი” და კაფე-ბარი “რ.-ი”, რომლის დირექტორად დაინიშნა შ. რ.-ე, ხოლო ნ. ა.-მ მუშაობა განაგრძო მუნიციპალურ მაღაზია “რ.-ის” გამგედ. გაერთიანების დირექტორ შ. რ.-ის 1996წ. 8 თებერვლის ¹8 ბრძანებით ნ. ა.-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საერთო კრების გადაწყვეტილების ¹1 ოქმის თანახმად. ნ. ა.-მ მიმართა ქ. ქუთაისის სასამართლოს, რომელმაც 1996წ. 3 ოქტომბრის განჩინებაში მიუთითა, რომ ნ. ა.-ე სამსახურიდან გათავისუფლებული არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განხილვის საფუძველი არ არსებობდა და საქმის წარმოება შეწყდა.

მოსარჩელის განმარტებით, მისი სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა იმ მოტივით, რომ მას მონაწილეობა ვერ მიეღო ობიექტის პირდაპირ შესყიდვაში საქართველოს პრეზიდენტის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულების შესაბამისად.

ნ. ა.-ის სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია შ. რ.-ის თავმჯდომარეობით და 1996წ. 1 ოქტომბერს მოხდა მუნიციპალური საწარმო _ მაღაზია “რ.-ის” ლიკვიდაცია.

ნ. ა.-ე სამუშაოზე აღდგა 1996წ. 3 ოქტომბერს. მოსარჩელის განმარტებით, რადგან სასამართლოში სარჩელი ჰქონდა შეტანილი, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არ შეიძლებოდა სალიკვიდაციო კომისიის დანიშვნა და შემდგომ ობიექტის ლიკვიდაცია. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ყოველივე ეს ხდებოდა იმ მოტივით, რომ მისთვის მოესპოთ ობიექტის შესყიდვის უფლება.

ლიკვიდაციის შემდეგ, მაღაზია “რ.-ც” გატანილ იქნა აუქციონზე იჯარა-გამოსყიდვის წესით საპრივატიზებოდ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მოსარჩელემ, რათა მთლიანად არ დაეკარგა პრივატიზებაში მონაწილეობის უფლება.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ობიექტის ლიკვიდაცია, ხოლო შემდეგ მისი აუქციონზე გაყიდვა და იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმება ისე მოხდა, რომ ქუთაისის ქონების მართვის სამმართველო აღნიშნული ფართის მესაკუთრე არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თვლიდა, რომ აუქციონის შედეგები, ხოლო შემდეგ მას და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს შორის 1997წ. 1 აპრილს დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება უნდა გაუქმებულიყო.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა ქ. ქუთაისის მერიის 1996წ. 29 აგვისტოს ¹543 მარტს ჩატარებული აუქციონის, მისი შედეგებისა და ზემოთ აღნიშნული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაუქმება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 23 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხედ ჩაება ქ. ქუთაისის მერია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ა.-ის სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი: ქ. ქუთაისის მერიის 1996წ. 29 აგვისტოს ¹543 განკარგულება მუნიციპალური მაღაზია “რ.-ის” ლიკვიდაციის ნაწილში, 1997წ. 28 მარტის აუქციონის შედეგები და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ნორა ა.-ს შორის 1997წ. 1 აპრილს დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება დაამყარა შემდეგ საფუძვლებზე:

რადგანაც მაღაზია “რ.-ი” მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენდა, მისი ლიკვიდაციაც ქუთაისის მერიის მიერ მოხდა. როდესაც ნ. ა.-მ ითხოვა ლიკვიდაციის ნაწილში ქ. ქუთაისის მერიის 1996წ. 29 აგვისტოს ¹543 განკარგულების ბათილად ცნობა, სარჩელის ამ ნაწილში ნ. ა.-ის მოპასუხე იყო ქ. ქუთაისის მერია. ქუთაისის ქონების მართვის სამმართველო კი ა.-ის სარჩელში მოპასუხე იყო აუქციონის შედეგებისა და იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში. სააპელაციო სასამართლო თავისი განჩინების სამოტივაციო ნაწილში მიუთითებს, რომ თუკი ქუთაისის მერიას არასწორად მიაჩნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილება ქუთაისის მერიის 1996წ. 29 აგვისტოს ¹543 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ მუნიციპალური მაღაზია “რ.-ის” ლიკვიდაციის ნაწილში, მაშინ მას შეეძლო, ამ ნაწილში სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილება, რაც მას არ გაუკეთებია. აღნიშნულზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მხოლოდ ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ, რომელიც სააპელაციო პალატამ მიიჩნია არაუფლებამოსილ პირად, რადგანაც გასაჩივრებული განკარგულება არ წარმოადგენდა ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს აქტს, ხოლო აღნიშნული განკარგულების ბათილად ცნობა არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებდა და არ ზღუდავდა ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს კანონიერ უფლებასა და ინტერესს.

სააპელაციო პალატამ თავისი განჩინების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილება აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ნ. ა.-ს შორის დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში და ამიტომ სააპელაციო სასამართლო მასზე ვერ იმსჯელებდა. რაც შეეხება მუნიციპალურ მაღაზია “რ.-ის” ლიკვიდაციის შესახებ ქუთაისის მერიის 1996წ. 29 აგვისტოს ¹543 განკარგულების ბათილად ცნობას, აღნიშნული განკარგულება წარმოადგენდა ქუთაისის მერიის და არა ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს აქტს. ამიტომ ამ აქტის ბათილად ცნობის ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს არ გააჩნდა.

სააპელაციო პალატის 2002წ. 6 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სამართლებრივად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმის თაობაზე, რომ ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო ქუთაისის მერიის განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში წარმოადგენდა სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლების არმქონე სუბიექტს. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ყველა მხარე აღჭურვილია მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით. აღნიშნული ითვალისწინებს პროცესში მონაწილე ნებისმიერი მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. მითუმეტეს, რომ ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვისას მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, გასაჩივრების უფლების ამგვარი წართმევა კანონის უხეში დარღვევაა. კერძო საჩივრის ავტორმა ითხოვა განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა.

ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოცემულ საქმეში ჩართული იყო ორი მოპასუხე: ქ. ქუთაისის მერია და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერიის 1996წ. 29 აგვისტოს ¹543 განკარგულება მუნიციპალური მაღაზია “რ.-ის” ლიკვიდაციის ნაწილში, 1997წ. 28 მარტის აუქციონის შედეგები და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ნ. ა.-ის შორის 1997წ. 1 აპრილს დადებული ხელშეკრულება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ სააპელაციო საჩივარში ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმება. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე კი აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აუქციონის შედეგების ბათილობის ნაწილში ეთანხმებოდა, ხოლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ობიექტის ლიკვიდაციის შესახებ ქუთაისის მერიის განკარგულების ბათილობის ნაწილში, არ ეთანხმებოდა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ, რადგანაც მოპასუხემ _ ქ. ქუთაისის მერიამ სააპელაციო წესით არ გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილება ქუთაისის მერიის 1996წ. 29 აგვისტოს ¹543 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში, ამიტომ მეორე მოპასუხე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო, არ იყო უფლებამოსილი, შეეტანა სააპელაციო საჩივარი, რადგანაც სადავო აქტის, ქუთაისის მერიის 1996წ. 29 აგვისტოს ¹543 განკარგულების, გამომცემი ორგანო არ იყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არც სამოქალაქო და არც ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ზღუდავს საქმეში მონაწილე მხარეებსა და მესამე პირებს, კანონით დადგენილი წესით მთლიანად გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს უფლება არ ჰქონდა, ქუთაისის მერიის აქტის ბათილობის ნაწილში გაესაჩივრებინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგანაც აღნიშნული აქტის ბათილად ცნობა არანაირ პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს და არ ზღუდავს ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს კანონიერ უფლებასა და ინტერესს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ თვალსაზრისით, მხარისათვის ან მესამე პირისათვის სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლების აკრძალვა უკანონოა. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეთა მიერ სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილების გაყოფას სასარჩელო მოთხოვნების მიხედვით არ ითვალისწინებს სსკ-ს მე-3, მე-4, 364-ე მუხლები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 მუხლები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, რადგანაც მოპასუხემ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის მერიის აქტის ბათილად ცნობის ნაწილში, ამიტომ გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილი ეხება მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არსებითად უნდა განიხილოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 აგვისტოსა და 29 აგვისტოს განჩინებები.

3. საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.