Facebook Twitter

საქმე #ა-1657-შ-35-2018 10 აპრილი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ქ.ბ-ის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი გ. ლ-ის მიმართ ავსტრიის რესპუბლიკის ფლორისდორფის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

ავსტრიის რესპუბლიკის ფლორისდორფის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ქ.ბ-სა (დაბ: 13....წ. ბათუმი, საქართველო) და გ. ლ-ეს (დაბ: 09.წ. თბილისი, საქართველო) შორის 1987 წლის 17 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება #627 სამართლებრივი განაჩენის საფუძველზე გაბათილდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ქ.ბ-მა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწვლით ირკვევა, რომ:

ა) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს შესულია კანონიერ ძალაში;

ბ) მოპასუხე საქმის განხილვის თაობაზე წარმოდგენილი იყო პროცესის კურატორის მიერ, რადგანაც საქმის განხილვის დროისათვის მისი ადგილსამყოფელი იყო უცნობი, 2013 წლიდან ითვლება დაკარგულად;

გ) ქორწინების რეგისტრაციის დროისათვის მხარეები იყვნენ საქართველოს მოქალაქეები;

დ) საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2014 წლის 29 მარტს გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც 1965 წლის 9 ოქტომბერს დაბადებული გ. ვ-ის ძე ლ-ე, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული, იძებნება 2013 წლის 25 ივლისიდან.

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელში (შუამდგომლობაში) უნდა აღინიშნოს მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, რადგანაც იძებნება, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული. ამ ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს ცნობა და იგი ასახავს არა შუამდგომლობის წარდგენის დროისათვის, 2018 წლის, არამედ _ 2014 წლისათვის არსებულ მდგომარეობას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების წესს ადგენს მოქმედი კანონმდებლობა (სკ-ის 21-ე მუხლი, ასევე, სსსკ-ის 317-ე-3211 მუხლები) და იმ შემთხვევაში, თუ პირი დადგენილი წესით იქნება უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული, სასამართლოში საქმის განხილვა ხდება მისი კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით (სსსკ-ის 101-ე (3) მუხლი), ამასთანავე, საკასაციო პალატა ითვალისწინებს შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობის მონაცემებს (პირი იძებნება 2013 წლიდან) და განვლილი დროის გათვალისწინებით, სავალდებულოდ მიიჩნევს იმ საკითხის დაზუსტებას, მოპასუხე გარდაცვლილად ხომ არ არის გამოცხადებული (სკ-ის 22-ე მუხლი, რამდენადაც ამავე კოდექსის 11221 მუხლის შესაბამისად, პირის გარდაცვლილად გამოცხადება ქორწინების შეწყვეტის დამოუკიდებელი კანონისმიერი საფუძველია და ასეთ შემთხვევაში აღარ იარსებებს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის იურიდიული ინტერესი).

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ შუამდგომლობას არ ერთვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შუამდგომლობის აღძვრის დროისათვის გ. ლ-ის, როგორც მოწინააღმდეგე მხარის ძებნის მიმართ არის თუ არა მიღებული რაიმე გადაწყვეტილება, მხარე არც ამ მტკიცებულების საპატიო მიზეზით წარუდგენლობის თაობაზე აკეთებს განმარტებას, ხოლო 2014 წელს გაცემული ცნობა, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, არ არის საკმარისი მოწინააღმდეგე მხარის სამართლებრივი მდგომარეობის განსასაზღვრად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, ქ.ბ-ს უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.ბ-ს უარი ეთქვას ავსტრიის რესპუბლიკის ფლორისდორფის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.

3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას იმავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ.ალავიძე