Facebook Twitter

საქმე №ას-503-503-2018 30 აპრილი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა.გ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ბ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება, ან ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება.

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ა.გ–ს სასარჩელო მოთხოვნა ლ. ბ–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა 4000 აშშ დოლარის ანაზღურება. ხოლო ა.გ–ს სასარჩელო მოთხოვნა ლ.ბ–ის მიმართ 2121,61 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა.გ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

4. 2018 წლის 22 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.გ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება, ან ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება.

5. 2018 წლის 26 აპრილს ა.გ–ს წარმომადგენელმა ზ.დ–ემ, განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრის გახმობისა და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ 2018 წლის 22 იანვარს ა. გ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

7. 2018 წლის 26 აპრილს ა.გ–ს წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრის გახმობისა და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების მოთხოვნით.

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

9. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

11. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, პალატა მიიჩნევს, რომ ა.გ–ს საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

13. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ა.გ–ს მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე კასაციაზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე წარმომადგენლის მიერ გადახდილი 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.გ–ს შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება ა.გ–ს საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე ა.გ–ს სარჩელის გამო, ლ.ბ–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე;

3. კასატორ ა.გ–ს (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზ.დ–ის (პ/ნ ....) მიერ 2018 წლის 22 იანვრის #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მზია თოდუა