საქმე №ას-743-695-2017 19 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე )
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე (მომხსენებელი), ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ძ-ე, ი. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ს-ის“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტების მოწინააღმდეგე მხარე, კერძო საჩივრის ავტორი ან კრედიტორი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: გ. ძ-ესა და ი. მ-ეს (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორის მოწინააღმდეგე მხარეები ან მოვალეები) სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების _ 6 253.55 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5 112.59 აშშ დოლარი, პროცენტი _ 484.26 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა _ 656.7 აშშ დოლარი. მოვალეებს 2015 წლის 6 ივლისიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე _ 2016 წლის 21 აპრილამდე ჯარიმის სახით ყოველდღიურად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის _ 5 112.59 აშშ დოლარის 0.05% _ 2,55 აშშ დოლარი. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა გირავნობით დატვირთული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება: მერსედეს-ბენც S 430 (გამოშვების თარიღი: 2003წ; რეგისტრაციის ნომერი ...; კუთვნილება _ გ. ძ-ე; ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო # ...). იმ შემთხვევაში, თუ დაგირავებული ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად, დადგინდა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა. მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 103.5 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 344.35 ლარი (იხ. საქალაქო სასამართლოს 21.04.2016წ. გადაწყვეტილება, ასევე, 13.06.2016წ. განჩინება გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების თაობაზე).
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი ნაწილობრივ _ ი.მ-ისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების, ასევე, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, აპელანტების სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში გაუქმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით:
ა) აპელანტები სადავო სასესხო დავალიანებას დაფარავდნენ მორიგების დამტკიცებიდან 18 თვის ვადაში ამავე მორიგებაზე დართული გადახდის გრაფიკის მიხედვით;
ბ) მორიგების პირობების შესაბამისად, აპელანტები აღიარებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.04.2016წ. გადაწყვეტილებითა და ამ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების შესახებ 13.06.2016წ. განჩინებით განსაზღვრულ დავალიანებას: ბ.ა) სასესხო დავალიანებას _ 6 995,6 აშშ დოლარსა და ბ.ბ) სასამართლოს მიერ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის თანხას _ 103,5 ლარს;
გ) მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება, მორიგების აქტზე დართული გრაფიკის შესაბამისად, 2013 წლის 30 დეკემბრამდე გადაიხადონ აღიარებული სასესხო დავალიანება და სახელმწიფო ბაჟი _ 103,5 ლარი;
დ) იმ შემთხვევაში, თუ აპელანტები არ გადაიხდიდნენ მორიგების აქტითა და მისი დანართით გათვალისწინებულ თანხას ან დაარღვევდნენ გადახდის გრაფიკს ერთხელ მაინც, აღნიშნული ჩაითვლებოდა მორიგების პირობების დარღვევად და ამ შემთხვევაში დავალიანებას დაერიცხებოდა ყოველდღიური პირგასამტეხლო დავალიანებული თანხის 0,25%-ის ოდენობით სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, ამასთან, მორიგების პირობების დარღვევა უფლებას ანიჭებდა კრედიტორს, მიემართა თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით აპელანტების დავალიანების იძულებითი წესით ამოღებისა და კრედიტორის სასარგებლოდ დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იძულებით რეალიზაციის თაობაზე (მერსედეს-ბენც S 430, გამოშვების თარიღი: 2003წ; რეგისტრაციის ნომერი ...; კუთვნილება _ გ. ძ-ე; ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო # ...);
ე) თუკი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაცია საკმარისი არ აღმოჩნდებოდა ვალდებულების შესასრულებლად, რეალიზაციას დაექვემდებარებოდა ასევე, მოპასუხეების კუთვნილი სხვა ნებისმიერი მოძრავ-უძრავი ქონება;
ვ) მორიგების პირობების დამტკიცების გამო გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე შეწყდა სამართალწარმოება.
4. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ და მოითხოვა მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება (მე-2 პუნქტი) იმ საფუძვლით, რომ აპელანტები მხოლოდ ნაწილობრივ ასაჩივრებდნენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ წარადგინა მორიგების აქტი, რომელსაც დაეთანხმნენ მხარეები და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა რა მხარეთა შორის მიღწეული მორიგება, სრულად გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის იმ ნაწილში, რომლითც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოსარჩელეს დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟი. სწორედ ამ საფუძვლით განაცხადა უარი პირველი ინსტანციის სასამართლომ სააღსრულებო ფუურცლისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაცემაზე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა კრედიტორმა, მოითხოვა მისი გაუქმება და უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უსწორობის გასწორების შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა, უკანონოა, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორად აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა მოსარჩელის მიერ იმ ნაწილში, რომლითაც მისი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რეალურად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა მოპასუხეების მხრიდან;
6.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილება ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმის მიხედვით, თუ სარჩელის რა ნაწილი იქნა დაკმაყოფილებული. საქალაქო სასამართლომ სწორედ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად დაუბრუნა მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი. გასაჩივრებული განჩინების ეს განმარტებაც არასწორია, რადგანაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესწავლით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი _ 344,35 ლარი მას ბიუჯეტიდან დაუბრუნდა იმ საფუძვლით, რომ საქმის მომზადების ეტაპზე მოვალემ ცნო სარჩელი, ხოლო 103,5 ლარი მოპასუხეებს დაეკისრათ იმ საფუძლით, რომ ამ ნაწილში დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა;
6.3. სააპელაციო პალატა კვლავ არასწორად ასკვნის, რომ მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებით შეიცვალა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც სარჩელის დაკმაყოფილების, ისე _ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილში, მოსარჩელეს ვერ დაუბრუნდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 344,35 ლარი, ვინაიდან გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც გაუქმებულია, ხოლო მხარეთა შორის მიღწეული მორიგება არ შეიცავს დათქმას მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის გადანაწილების თაობაზე. ამ მხრივ გასათვალისწინებელია, რომ მორიგების აქტის თანახმად, მოვალეები აღიარებენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებითა და ამ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით გათვალისწინებული თანხის ოდენობას, რის გამოც მათ დაეკისრათ ჯამში 6 995,6 აშშ დოლარისა და 103,5 ლარის გადახდა, ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეცვლილა ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხის ნაწილში, ერთადერთი, რაც შეიცვალა, ესაა გადაწყვეტილების აღსრულების წესი. მოპასუხეებს გადაუვადდათ ვალდებულების შესრულება, ხოლო ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამ თვალსაზრისით, გაურკვეველია, როგორ აისახებოდა მორიგების აქტში თანხა, რომელიც დაეკისრათ არა მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, არამედ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა კრედიტორს. ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი, რადგანაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების საკითხს აწესრიგებს ამავე კოდექსის 49-ე მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის საკითხი, გასაჩივრებულ განჩინებაში დაშვებულია თუ არა უსწორობა, რომლის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, პალატა ასევე იმსჯელებს იმაზე, სწორად ეთქვა თუ არა კრედიტორს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
1.2.1. კრედიტორის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეებისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების (ძირი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს), ჯამში _ 12 164,09 აშშ დოლარის, 2015 წლის 6 ივლისიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს _ 13,99 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება, ასევე, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაცია, რომელიც, თუ საკმარისი არ აღმოჩნდებოდა, რეალიზაციას დაექვემდებარებოდა მოვალეთა სხვა უძრავ-მოძრავი ქონება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის პროცესის ხარჯის დაკისრებაც;
1.2.2. საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხეებმა სარჩელი სესხის ძირი თანხის ნაწილში ცნეს, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების გამოტანისას გაითვალისწინა აღნიშნული საკითხი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოპასუხის მხრიდან აღიარებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნა მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილი _ 344,35 ლარი, ამასთანავე, ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა სარჩელი, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრა პროცესის ხარჯების საკითხიც მოთხოვნის სადავო ნაწილში (იხ. აღწერილობითი ნაწილის პუნქტი 1);
1.2.3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც განისაზღვრა ი.მ-ის სოლიდარული პასუხისმგებლობა, ასევე, ვალდებულების შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხეთა სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, თუკი გირავნობის საგნის რეალიზაციით ამოღებული თანხა არ აღმოჩნდებოდა საკმარისი;
1.2.4. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა მორიგების აქტი, რომელსაც მხარი დაუჭირეს მხარეებმა და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე. მორიგების აქტში გამოვლენილი მხარეთა ნება შეეხება, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხეებისათვის დაკისრებულ ფულად ვალდებულებას, ისე _ სახელმწიფო ბაჟის ნაწილს _ 103,5 ლარს, შეთანხმებულია ვალდებულების შესრულების გრაფიკი, მისი დარღვევის შემთხვევაში მოვალეთა პასუხისმგებლობის ზომა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება;
1.2.5. სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინებით დააკმაყოფილა რა მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე, განჩინების მე-2 პუნქტით სრულად გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეზე შეწყვიტა წარმოება;
1.2.6. მორიგების განჩინებაზე მხარეებს კერძო საჩივარი არ წარუდგენიათ;
1.2.7. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებაში უსწორობის გასწორებას მხარე მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არა სრულად, არამედ, ნაწილობრივ უნდა გაეუქმებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და ამ საფუძვლით სურს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბაჟის დაბრუნება, რაც სააპელაციო სასამართლომ ძირითადად იმ დასაბუთებით არ დააკმაყოფილა, რომ მორიგების დამტკიცებით სრულად გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო მორიგების აქტი არ შეიცავს მხარეთა შეთანხმებას სადავო თანხის ანაზღაურებაზე.
1.3. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, კერძოდ, პალატა ეთანხმება მხარეს იმაში, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების ნაწილში არ გასაჩივრებულა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული, ხოლო ამავე კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით, თუ არსებობს სააპელაციო საჩივრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა შეჩერდება იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებულია. ამდენად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სამართალწარმოების განხორციელების ეტაზე შესული იყო კანონიერ ძალაში, თუმცა უდავოა ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლომ, მორიგების დამტკიცების შესახებ სრულად გააუქმა ეს გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყვიტა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგება წარმოადგენს საქმის წარმოების შეწყვეტის ლეგალურ საფუძველს, თუმცა, თუკი ერთ-ერთი მხარე არ ეთანხმება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას ან მის ნაწილს, კანონი მას შესაძლებლობას აძლევს, ერთჯერადად, კერძო საჩივრის წარდგენის გზით სადავო გახადოს ეს საკითხი ზემდგომ სასამართლოში (სსსკ-ის 274-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებაზე მხარეებს კერძო საჩივარი არ წარუდგენიათ.
1.4. რაც შეეხება გადაწყვეტილებაში/განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების ინსტიტუტს, მას არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით დადგენილია, რომ სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. განსახილველი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უსწორობის გასწორების ობიექტი არის მხოლოდ მცირე მნიშვნელობის მქონე ტექნიკური ხასიათის იმგვარი უზუსტობები, რომელთა გასწორებაც გავლენას ვერ ახდენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილ დავის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მხარე, რომლის წინააღმდეგაცაა მიღებული სასამართლოს შემაჯამებელი აქტი, უფლებამოსილია, საპროცესო წესების დაცვით ზემდგომი წესით გახადოს სადავოდ გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერება გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიებს, რომლებიც გასაჩივრებულ განჩინებაში დაშვებულ უსწორობებს, ასევე, საპროცესო ნორმების არასწორ განმარტებას შეეხება (იხ. აღწერილობითი ნაწილის 6.1.-.6.3. პუნქტები), რადგანაც, ისინი სადავო განჩინების მატერიალურ კანონიერებას არ ეხება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
1.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კრედიტორის მიერ წარდგენილი მოთხოვნა შინაარსობრივად წარმოადგენს არა მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას, არამედ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლას, რაც მართებულად არ დააკმაყოფილა სააპელაციო პალატამ, ამასთან, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით მოსარჩელეს სააპელაციო პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება არ გაუსაჩივრებია, მან დაკარგა ამ განჩინების შედავების უფლება, რის გამოც არ არსებობს ბიუჯეტიდან ბაჟის დაბრუნების ნაწილში მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი