საქმე №ას-480-448-2017 9 ივნისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ჯ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ა-ე, ბმა „ე-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ა. ჯ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. ა-ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ე-ის“ (თავმჯდომარე თ.კ-ე, შემდგომში _ მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების 2008 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების (ოქმის) ბათილად ცნობა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია ქ.ბათუმში, მ.ა-ის ქ#...-ში მდებარე 77,4 კვ.მ #... ბინა, რომელზე უფლებაც 1995 წლის 4 აპრილის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე აქვს მოპოვებული. 2009 წლის 8 მაისს ამხანაგობის #... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უფლება მიეცა, საკუთრების უფლებით აღერიცხა მის სარგებლობაში არსებული 21,27 კვ.მ სარდაფი. კრების ოქმს დაერთო სარდაფის ნახაზიც. მოპასუხეს (კ.ა-ეს) 2007 წლიდან საკუთრებაში გააჩნია ამავე მისამართზე მდებარე #... ბინა, რომელიც 2007 წლის 22 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო მამისგან, ხოლო გამჩუქებელმა ეს ქონება, თავის მხრივ, მიიღო მემკვიდრეობით დედისგან. სადავოდ გამხდარი კრების გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა 8,03 კვ.მ სარდაფი და ამხანაგობის ეს გადაწყვეტილება არის ბათილი, რომლის თაობაზეც მოსარჩელეს მხოლოდ მას შემდეგ ეცნობა, რაც ჩაბარდა კ.ა-ის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. კრებაზე მოსარჩელე, როგორც ამხანაგობის წევრი, არ მიწვეულა და მას შესაბამისად არც ნება გამოუხატავს ქონების განკარგვისა, ამასთანავე, სადავოდ გამხდარი ფართი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, რის შესახებაც ცნობილია მოპასუხე კ.ა-ის მამისათვის.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარემ სარჩელი სრულად ცნო.
2.2. კ. ა-ემ სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ სადავო სარდაფს, ქონებაზე საკუთრების გადაცემამდე ფლობდა, როგორც მჩუქებელი, ისე _ მისი წინამორბედი მესაკუთრე, ა. ა-ე, რომლისგანაც მემკვიდრეობით მიიღო ქონება ო. ა-ემ, თავად ა. ა-ის მიერ ქონების შეძენა განპირობებული იყო იმით, რომ უძრავ ნივთს გააჩნდა სარდაფი, რაც ასახულია ტექბიუროს მონაცემებში. სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით დადასტურდა მოპასუხის საკუთრების უფლება ამხანაგობის კრების მიერ. ა. ა-ის გარდაცვალების შემდეგ მოპასუხეები ძირითადად ქ.თბილისში ცხოვრობდნენ. ერთ-ერთ ზაფხულს ო.ა-ემ შენიშნა, რომ მოსარჩელე იწყებდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და ეჭვი გაუჩნდა, რომ იგი მოშლიდა სარდაფის კედელს, მოსარჩელემ სწორედ ო.ა-ის მითთების საფუძველზე შეწყვიტა სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება. 2010 წლის 7 მაისს მოიჯარე ო.ა-ისაგან შეიტყო მოპასუხემ, რომ ა.ჯ-მა დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, მოანგრია სადავო სარდაფის გამყოფი და გაუკეთა ღიობი 26 მაისის ქუჩის მხარეს, ხოლო 2013 წლის 19 აგვისტოს გამოაკრა სამშენებლო მოწმობა, რომელზე დაყრდნობითაც აცხადებს, რომ რეკონსტრუქცია სანებართვო მოწმობის საფუძველზე მიმდინარეობს. ქ.ბათუმის მერიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისა და საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი მასალების გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ ამხანაგობის 2009 წლის 8 მაისის #... კრების ოქმის საფუძველზე მოსარჩელეს მიეცა უფლება, ნახაზის შესაბამისად, დაერეგისტრირებინა საკუთრების უფლება მის სარგებლობაში არსებულ სარდაფზე, რომელიც უცილოდ ბათილი გარიგებაა, რადგანაც მოსარჩელეს ამხანაგობამ გადასცა სარდაფი, რომელიც არა მისი, არამედ, მოპასუხის საკუთრებაა, ამ საფუძვლით მოპასუხემ თავად მიმართა სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა ა.ჯ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტისა და ნახაზის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომელიც მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენს. საქმის განხილვისას დადგინდა ა.ჯ-ის მიერ უკანონო მანიპულაციების განხორციელება, რათა ფაქტობრივი ვითარება წარმოეჩინა იმგვარად, რომ კ.ა-ის კუთვნილი სარდაფი არა არსებულ, არამედ, სახლის სხვა მხარეს მდებარეობდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. ქ.ბათუმში, მ. ა-ის ქ#...-ში ჩამოყალიბებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ა“, რომლის წევრებიც არიან ა. ჯ-ი და კ. ა-ე;
1.2.2. ა. ჯ-ს ეკუთვნის ამავე მისამართზე მდებარე #... ბინა, ხოლო, კ. ა-ეს _ პირველ სართულზე მდებარე #... ბინა;
1.2.3. კ. ა-ის კუთვნილი ბინა თავდაპირველად ეკუთვნოდა დ. პ-ას. 1994 წლის 11 ოქტომბერს იგი შეიძინა ა. ა-ემ (მოპასუხის ბებია), რომლის გარდაცვალების შემდგომ, 2005 წლი 1 სექტემბერს ქონება მემკვიდრეობით მიიღო ო. ა-ემ (მოპასუხის მამა). ამ უკანასკნელმა კი, 2007 წლის 22 თებერვალს იგი აჩუქა შვილს, კ. ა-ეს;
1.2.4. სადავოდ გამხდარი ამხანაგობის 2008 წლის 5 აგვისტოს საერთო კრების #... ოქმის საფუძველზე კ. ა-ემ საკუთრებაში დაირეგისტრირა 8.03 კვ.მ. სარდაფი. იმავე ამხანაგობის 2009 წლის 8 მაისის #... კრების ოქმით კი, ა. ჯ-მა საკუთრებაში დაირეგისტრირა 21.27 კვ.მ სარდაფი;
1.2.5. კ. ა-ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღძრული ჰქონდა სარჩელი ა. ჯ-ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ის“ მიმართ ქ.ბათუმში, მ.ა-ის ქ#...-ში მდებარე მრავალსართულიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ის“ 2009 წლის 8 მაისის კრების #... ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამ სარჩელით კ. ა-ე სადავოდ ხდიდა კრების ოქმის კანონიერებას ა. ჯ-ისათვის ქ.ბათუმში, მ. ა-ის გამზირის #...-ში მდებარე სახლის #... ბინის ქვეშ არსებული 8.03 კვ.მ. სარდაფისა და 3.84 კვ.მ. დერეფნის საკუთრებაში დარეგისტრირების თანხმობის მიცემის ნაწილში, რადგან 8.03 კვ.მ. ფართი მოიცავდა მის საკუთრებაში რეგისტრირებულ სარდაფს და 3.84 კვ.მ. საერთო სარდაფს (შესასვლელ დერეფანს);
1.2.6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 2009 წლის 8 მაისის #... კრების ოქმი ა.ჯ-ისათვის ქ.ბათუმში, მ.ა-ის ქ#...-ში მდებარე სახლის #... ბინის ქვეშ არსებული 8.03 კვ.მ. სარდაფისა და 3.84 კვ.მ. დერეფნის საკუთრებაში დარეგისტრირების თაობაზე თანხმობის მიცემის ნაწილში, ასევე, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 2013 წლის აპრილის #... კრების ოქმი ა.ჯ-ისათვის ვიტრაჟის მოწყობაზე ნებართვის გაცემის ნაწილში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის განჩინებით, ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სადავო ქონება ეკუთვნოდა კ. ა-ეს და ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით იგი არასწორად გადაეცა ა. ჯ-ს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არასაკმარისადაა დასაბუთებული, სასამართლომ არ გაითვალისწინა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და 27-ე მუხლების რეგულაცია, ასევე, ის, რომ არ იყო დაცული ამხანაგობის წევრთა მოწვევის პროცედურული მხარე, ასევე ის, რომ საკუთრების გადაცემა მოწინააღმდეგე მხარისათვის ზეპირისიტყვიერად განხორციელდა. სადავო კრების ოქმი წარმოადგენს სიმულაციას და მოწინააღმდეგე მხარემ ვერ შეძლო მინდობილობის წარმოდგენა, რომლის საფუძველზეც ო. ა-ე ამხანაგობის კრებაზე წარმოადგენდა კ. ა-ეს. ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი განცხადება, რომელიც სარწმუნოს გახდიდა მის მიერ სარდაფის მიღებას. ადგილზე დათვალიერების დროს ამხანაგობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას მიუთითეს იმ სარდაფზე, რომელიც წლების განმავლობაში #... ბინის მესაკუთრის სარგებლობაში იმყოფებოდა და არა ის, რომელიც კასატორის მიერ იქნა კეთილმოწყობილი;
1.4.2. კრების სადავო ოქმის ბათილობას ადასტურებს ის გარემოება, რომ კასატორისათვის ამ ოქმის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მას ჩაბარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება მოწინააღმდეგე მხარის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. კრებაზე კასატორი, როგორც ამხანაგობის წევრი, არ ყოფილა მიწვეული და მას არც თანხმობა განუცხადებია ქონების საკუთრებაში გადაცემაზე. სადავოა სარდაფი, რომლითაც სარგებლობდა კასატორი და ეს ფაქტი დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, ამ შემთხვევაში, დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლი, რადგანაც გასხვისდა მისი თანასაკუთრება;
1.4.3. მოწინააღმდეგე მხარესა და მის წინამორბედ მესაკუთრეებს სარდაფი ჯერ კიდევ დ.პ-ასგან ერგოთ, რომელიც სახლის სულ სხვა ნაწილში მდებარეობს, ხოლო 2003 წლის და შემდგომ _ 2009 წლის აზომვითი ნახაზებით დგინდება, რომ კასატორის მფლობელობაში არსებული სარდაფის ფართი 21,27 კვ. მეტრია. ამხანაგობის სადავო კრების გადაწყვეტილებით კი, არ დგინდება, თუ რამდენი მესაკუთრე ირიცხება ამხანაგობაში და რამდენი მათგანი იღებდა მონაწილეობას. მოწინააღმდეგე მხარეს სამეწარმეო მიზნით იჯარით აქვს გაცემული მისი კუთვნილი ფართი და ჯერ კიდევ 2009 წლიდანაა მისთვის ცნობილი, რომ ამხანაგობამ სადავო ფართი გადასცა კასატორს. ქონების განკარგვა კი, განხორციელებულია სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის დარღვევით. კასატორმა 2013 წლის 1 აგვისტოს გამოაკრა სამშენებლო ნებართვა ქონების რეკონსტრუქციაზე, რაც გაასაჩივრა მოწინააღმდეგე მხარემ, თუმცა, გადაწყვეტილება ამ ეტაპამდე არ არის მიღებული;
1.4.4. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სადავო კრების ოქმით ხელყოფილია თანასაკუთრების უფლება, რამდენადაც იგი უფლებამოსილი იყო, განეხორციელებინა სადავო ფართის პრივატიზაცია, ამხანაგობის 2009 წლის გადაწყვეტილებით მას საკუთრებაში გადაეცა სადავო ფართი, ხოლო კ.ა-ის მიერ ამ ქონების ფლობა 2007 წლის 22 თებერვლიდან 2008 წლის 5 აგვისტომდე არ დგინდება.
1.5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.5.1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი ადგენს ამხანაგობის მიერ წევრთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე ინდივიდუალური საკუთრების დადასტურების წესს და კანონი მოითხოვს ამხანაგობის კრებაზე თანამესაკუთრეთა მხრიდან ნების გამოვლენას. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის კონტექსტში კრების გადაწყვეტილების, როგორც მრავალმხრივი გარიგების ნამდვილობის დადგენისათვის უნდა შემოწმდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა კრებაზე კვორუმის არსებობა, წევრთა მოწვევა და სხვა, თუმცა შემოწმება იმისა, ბათილია თუ არა გარიგება, დამოკიდებულია პრეტენზიის მქონე პირის იურიდიული ინტერესის არსებობაზე, ანუ აღიარებითი სარჩელის ბედი განპირობებული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით.
1.5.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურსამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოების შინაარსს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
1.5.3. მოცემულ შემთხვევაში, ამავე მხარეებს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სადავო ქონებაზე ა.ჯ-ს არ გააჩნდა უფლება, ეს ფაქტი ამართლებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, რაც მის პრეიუდიციულობას განაპირობებს წინამდებარე საქმის მიმართ და თავის მხრივ, გამორიცხავს მოსარჩელის ნამდვილ იურიდიულ ინტერესს სადავო ოქმის ბათილად აღიარებასთან მიმართებით, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მტკიცება ამხანაგობის კრების ოქმით მისი საკუთრების/თანასაკუთრების უფლებისა და სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 173-ე მუხლების დარღვევის თაობაზე. მას თავად არ ჰქონია ნამდვილი საკუთრების უფლება, ეს გარემოება კი, საფუძველს აცლის, როგორც კრების მოწვევის პროცედურის, ისე _ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების კვლევას და შესაბამისად, სარჩელის სამართლებრივ წარმატებულებას.
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მრავალმხრივი გარიგების (ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება) კანონიერების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცველად დატოვების თოაბაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ვ. ლ-ას მიერ კასატორის სახელით 05.04.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ა. ჯ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ვ. ლ-ას მიერ კასატორის სახელით 05.04.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი