საქმე №ას-404-377-2017 23 ივნისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. ფ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დამაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სს „ს-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ფ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მფლობელი) მიმართ და მოითხოვა ქ.ხაშურში, მ-ის ქ#...-ში მდებარე უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე 2012 წლის 15 ნოემბერს. საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ უძრავ ქონებას შეეცვალა საკადასტრო კოდი და მიენიჭა #.... 2012 წლის ნოემბრიდან მოპასუხე უკანონოდ ფლობს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ნივთს და უარს აცხადებს მოსარჩელისათვის დაბრუნებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც საბოლოოდ ქონების რეალიზაციის საფუძველი გახდა, არა მთელ უძრავ ნივთზე, არამედ, მხოლოდ 71 კვ. მეტრზე გაფორმდა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლდა ქ.ხაშურში, მ-ის ქ#...-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ #...) და უძრავი ნივთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა მესაკუთრეს.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მფლობელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოპასუხე არ წარმოადგენს სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელს. მოსარჩელე მოთხოვნას ასაბუთებს იმით, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობს მოსარჩელის საკუთრებას და არ აძლევს კანონიერი საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობას. მოპასუხეს მფლობელობა სადავოდ არ გაუხდია, თუმცა განმარტავს, რომ 2007 წლის 29 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელისაგან მიღებული სესხის უზრუნველყოფა 71 კვ.მ უძრავი ქონებით განხორციელდა. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე იძულებითი აღსრულების (აუქციონის) შემდგომ კი, საჯარო რეესტრის ჩანაწერში კრედიტორის სახელზე აღირიცხა 192,59 კვ.მ უძრავი ქონება, რაც არსებითად ეწინააღმდეგება 2007 წლის 29 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას;
1.2.2. მოსარჩელეს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 17 სექტემბრის განკარგულების საფუძველზე წარმოეშვა და საჯარო რეესტრში ქონება მესაკუთრის სახელზე 2012 წლის 15 ნოემბერს ამ განკარგულების საფუძველზე წარმოეშვა, ქონებას მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი (ნაცვლად ...-ისა _ ...);
1.2.3. სააღსრულებო ბიუროს ზემოხსენებული განკარგულება მოპასუხეს სადავო არ გაუხდია და იგი კანონიერ ძალაშია, რის გამოც საჯარო რეესტრის ჩანაწერი შედავებული არ არის და მის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია;
1.2.4. მოპასუხემ ვერ დაატკიცა ქონების ფლობის მართლზომიერების საკითხი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის იმგვარი შედავება, რომლის თანახმადაც უკანონო მფლობელობიდან სადავო ქონების გამოთხოვას გამორიცხავს მოსარჩელესთან 2007 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ვინაიდან იპოთეკა შეეხებოდა 71 კვ.მ უძრავ ქონებას. ამ საქმეზე იმსჯელა, როგორც პირველმა, ისე _ ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებმა და სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 17 სექტემბრის განკარგულებით საცხოვრებელი სახლი საკადასტრო კოდით ... და 434 კვ.მ მიწის ნაკვეთი 11 500 ლარად გადაეცა კრედიტორს, მოსარჩელე კი, მოითხოვს 192,59 კვ.მ #... უძრავი ქონების გამოთავისუფლებას, სადაც ცხრა პირი, მათ შორის _ სამი მცირეწლოვანი ცხოვრობს.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილბიან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლება, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს შეადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მართლზომიერი ფლობის ფაქტი, რაც შეეხება იმ გარემოებას, მთლიანი ქონება ეკუთვნის თუ არა მოსარჩელეს, საკასაციო პალატა მას არ იზიარებს და განმარტავს, რომ მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტის შეუდავებლობის პირობებში, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი). პალატა აქვე განმარტავს, რომ საქმის განხილვის ამ ეტაპზე მისი შეფასების საგანი ვერ გახდება კასატორის მითითება უძრავ ქონებაში სხვა პირთა ცხოვრების თაობაზე. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა მოპასუხის „მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად“ გამოსახლების საკითხი, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც „მოპასუხესთან მცხოვრებ პირებს“ სასამართლოსათვის არ მოუმართავთ საკუთარი უფლების დასაცავად, პალატა ამ საკითხს საკუთარი ინიციატივით ვერ შეამოწმებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე.
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თოაბაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 25.04.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ. ფ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 25.04.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე