საქმე №ას-146-138-2017 23 ივნისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. პ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე., ლ. და რ. ა-ები (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს სრულად დაკისრება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ე., ლ. და რ. ა-ებმა (შემდგომში _ მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები ან მოვალეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ლ. პ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კრედიტორი) მიმართ და მოითხოვეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, როგორც ძირითადი დავალიანების, ისე _ პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 5 ივნისს, ექვსი თვის ვადით ე. ა-სა (შემდგომში, ასევე, წოდებული, როგორც მსესხებელი) და მოპასუხეს შორის დაიდო სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება. სესხის ძირ თანხას შეადგენდა 18 000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ქ.ბათუმში, მ-ის დასახლებაში მდებარე ლ. და რ. ა-ების (შემდგომში ასევე მოხსენიებული, როგორც მესაკუთრეები) კუთვნილი უძრავი ქონება (ს/კ #...). თანხის მიღებისთანავე მსესხებელმა - ე. ა-მა წინასწარ გადაიხადა ექვსი თვის სარგებელი _ 4 320 აშშ დოლარი. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ე. ა-ის მიერ გადახდილ იქნა 4 320 აშშ დოლარი. 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით ყოველთვიურად იხდიდა 720 აშშ დოლარს. 2015 წლის თებერვალში კრედიტორმა მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებლო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. 2015 წლის 18 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #...) მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ჯამში შეადგენს 31 000 აშშ დოლარს, საიდანაც, ძირი თანხის ოდენობა 18 000 აშშ დოლარია. მოპასუხეს აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობისათვის არ გამოუკლია სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მსესხებელს თანხა არ დაუბრუნებია, მან მხოლოდ ექვსი თვის სარგებელი გადაიხადა, შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაცემულ იქნა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი სესხის ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს შესაბამისად.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილებები შევიდა ნოტარიუს მ. კ-იას მიერ 2015 წლის 18 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #...) მე-7 პუნქტში (აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა) მსესხებლისათვის სესხის ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში და სესხის ძირი თანხის ოდენობა განისაზღვრა 8 640 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობა ვადაგადაცილებულ დღეებზე (439 დღე) სესხის თანხის 0,07%-ით (ვადაგადაცილებული თითოეული დღისათვის 12.6 აშშ დოლარი, ჯამში _ 5 531 აშშ დოლარი).
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იმ ნაწილში, რომლითაც შევიდა ცვლილება ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 18 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტში და მსესხებლის ვალდებულება კრედიტორის წინაშე სესხის ძირი თანხის ნაწილში განისაზღვრა 8 640 ლარით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ვალდებულების ძირი თანხის 18 000 დოლარის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მსესხებელს პირგასამტეხლოს ოდენობა განესაზღვრა 5 531 აშშ დოლარის ოდენობით დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს მოვალეებისათვის სრულად დაკისრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2013 წლის 5 ივნისს აპელანტსა და მსესხებელს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ მსესხებელს ასესხა 18 000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, ყოველთვიური 4% სარგებლის დარიცხვის პირობით. ნასესხები თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, დადგინდა პირგასამტეხლო 0,3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ქონება (ს/კ #...). ხელშეკრულების თანახმად, 6 თვის პროცენტი, ჯამში _ 4 320 აშშ დოლარი მსესხებლის მიერ წინასწარ იქნა გადახდილი;
1.2.2. კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, 2015 წლის 18 თებერვალს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #...), რომლის მე-7 პუნქტით დადგინდა აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა და ის განისაზღვრა შემდეგი ოდენობით - სესხის ძირი თანხა _ 18 000 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო გადასახდელი პროცენტის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დღეში _ 54 აშშ დოლარი 2013 წლის 5 დეკემბრიდან 2015 წლის 17 თებერვლის ჩათვლით (439 დღეზე), სულ _ 23 706 აშშ დოლარი. კრედიტორის გადაწყვეტილებით, პირგასამტეხლო შემცირდა და განისაზღვრა 13 000 აშშ დოლარით;
1.2.3. 2013 წლის 5 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ურთიერთშეთანხმებით უფლებამოსილნი იყვნენ, გაეგრძელებინათ სესხის დაბრუნების ვადა. სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელება უნდა მომხდარიყო წერილობით და დამოწმებულიყო სანოტარო წესით. 6-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება არ გაგრძელებულა;
1.2.4. სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მსესხებლის მიერ კრედიტორისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, გარდა საკუთრივ მოვალის განმარტებისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი, ხოლო კრედიტორი ამ განმარტებას უარყოფს;
1.2.5. რაც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირების საკითხს, ამ თვალსაზრისით უდავოა, რომ ვადაგადაცილებული დღეეების ოდენობა შეადგენს 439-ს. სადავოა მხოლოდ ის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0,3% არის თუ არა შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, იგი ექვემდებარებოდა თუ არა შემცირებას სასამართლოს ინიციატივით. პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი სწორად მიიჩნია ვალდებულების დარღვევის შეუსაბამოდ და სწორად შეაფასა, რომ ამგვარი პირგასამტეხლო ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, შესაბამისად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 0,3% უნდა შემცირდეს 0,07%-მდე, რაც შეადგენს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 12.6 აშშ დოლარს, ჯამში _ 5 531 აშშ დოლარს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად გადაწყვეტილებაში მითითებისა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, შესრულების ღირებულება, მისი არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე, კრედიტორის ეკონომიკური ინტერესები, ამ გარემოებათა შეფარდება ფაქტობრივ გარემოებებთან არ განახორციელა ისე შეამცირა ისედაც შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა;
1.4.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლები. ნორმათა იმგვარი განმარტება, როგორც ეს გადმოცემულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ #ას-819-771-2012). პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე მსჯელობისას სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ აპელანტი არის ხანდაზმული, არ გააჩნია უძრავი ქონება და ცხოვრობს შვილთან, მისი შემოსავალი, გარდა პენსიისა, არის დაგროვებული ფინანსური რესურსის სესხად გაცემის შედეგად მიღებული სარგებელი განსხვავებით მოწინააღმდეგე მხარისა, რომელსაც, გარდა იპოთეკით დატვირთული ქონებისა, სხვა უძრავი ქონებაც გააჩნია, რომლის ღირებულებაც რამდენჯერმე აღემატება შესასრულებელი ვალდებულების ოდენობას. ერთ-ერთმა მოპასუხემ დავის განმავლობაში გაასხვისა კუთვნილი უძრავი ქონება, რითაც შეეძლო, შეემცირებინა მოპასუხის მიმართ ზიანი, თუმცა, მას ეს არ განუხორციელებია, რითაც კიდევ მეტი ზიანი მიაყენა კასატორს. სასამართლომ აღნიშნა, რომ, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლო ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს, თუმცა, არ მიუთითა ის, თუ რა პროპორციით მიუსადაგა ამ ოდენობას დაკისრებული პირგასამტეხლო მაშინ, როდესაც კასატორისათვის ზიანს წარმოადგენს ამავე ოდენობით სარგებლის (18 000 აშშ დოლრის 4%) მიუღებლობა ვალდებულების დარღვევის ვადის მთელი პერიოდის განმავლობაში.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.5.1. საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანს წარმოადგენს მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის კანონიერება, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა გადაუხდელი თანხის 0,3%-ს, ხოლო სასამართლომ ვალდებულების დარღვევის (ვადაგადაცილების პერიოდის) გათვალისწინებით იგი შეამცირა 0,07%-მდე. საკასაციო პალატა, ვიდრე პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობის განსაზღვრის საკითხის კვლევას შეუდგება, განუმარტავს მხარეს, რომ პირგასამტეხლოს ინსტიტუტი განსხვავდება ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანისაგან. საკასაციო საჩივრით მხარე საკუთარ პრეტენზიებს ამყარებს ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ ზიანზე, რომელიც მიუღებელ შემოსავალში გამოიხატება, თუმცა, პალატა შეახსენებს მხარეს, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს არა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლებით გათვალისწინებული თანხის დაკისრება, არამედ პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობის დადგენა, შესაბამისად, კასატორის ის პრეტენზიები, რომლებიც მიუღებელ შემოსავალს შეეხება, უარყოფილია სასამართლოს მხრიდან.
1.5.2. რაც შეეხება თავად პირგასამტეხლოს საკითხს, პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნებს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით საშუალებებს, რომელთაგან პირველს გირავნობა (სკ-ის 254-ე მუხლი) და იპოთეკა (სკ-ის 286-ე მუხლი), ხოლო მეორეს _ პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია (სკ-ის 416-ე მუხლი) განეკუთვნება. მითითებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას სწორედ პირგასამტეხლო წარმოადგენს და იგი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით. განსხვავებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ საჭიროებს მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობას, პირგასამტეხლო ყოველთვის სახელშეკრულებო პირობად გვევლინება. ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო პირობის ერთადერთი გამონაკლისია ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას პროცენტზე შეთანხმება (სკ-ის 403-ე მუხლი), თუმცა, ეს შემთხვევა სახეზე არ გვაქვს. მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს, რაც, მოცემულ შემთხვევაში, განხორციელდა მართლზომიერად, სასამართლომ დაიცვა ის მართლზომიერი ბალანსი, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა, ხოლო, მეორე მხრივ, შენარჩუნებულ იქნა კრედიტორის ინტერესები.
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (ამ მხრივ პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მიღებული გადაწყვეტილება განსხვავდება მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან, რადგანაც კასატორის მიერ მითითებული გადაწყვეტილება სწორედ პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობით განსაზღვრის საკითხს შეეხება, გარდა ზემოხსენებულისა, დამატებით იხ. სუსგ სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. კასატორის შუამდგომლობა:
2.1. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ახალი მტკიცებულებების საქმისათვის დართვის თაობაზე.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, მის ავტორს უნდა დაუბრუნდეს წარმოდგენილი მტკიცებულებები 2 (ორი) ფურცლად.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ე. პ-ის მიერ კასატორის სახელით 21.03.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 926,75 ლარის 70% _ 648,725 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ლ. პ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ე. პ-ის მიერ კასატორის სახელით 21.03.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 248,725 ლარი.
3. კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულების საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. ლ.პ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული საჯარო რეესტრის ამონაწერი (უძრავი ნივთის ს/კ #..., მომზადების თარიღი: 16.08.2016წ, 14:32:25) 2 (ორი) ფურცლად.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე