Facebook Twitter

საქმე №ას-189-178-2017 9 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. ი-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრისა და 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებები

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ვ. გ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ი-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ ზიანის _ 6 070 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით საიჯარო ობიექტზე, 2011 წლის 20 სექტემბრამდე წყლის მიუწოდებლობის გამო, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება და დაევალა იჯარით გაცემულ ობიექტზე წყლის მიწოდების აღდგენა. სააპელაციო სასამართლომ ვ. გ-ის მფლობელობაში არსებული საიჯარო ქონება ჩათვალა ნივთობრივად ნაკლის მქონედ და ვ. ი-ს დააკისრა ნივთის ნაკლიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ანაზღაურება ვ. გ-ის სასარგებლოდ, ასევე, ნაკლის გამოსწორება. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, მოპასუხემ არ უზრუნველყო საიჯარო ობიექტზე წყლის მიწოდების აღდგენა, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა 2011 წლის 1 სექტემბრიდან 2012 წლის 24 სექტემბრამდე შპს „თ-ისთვის“ სასმელი წყლის მოწოდების გამო გადახდილი 13 699 ლარის ვ. ი-ისათვის დაკისრება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. მოპასუხემ 2013 წლის 12 აპრილამდე არ აღადგინა საიჯარო ობიექტზე წყლის მიწოდება და მოსარჩელემ წყლის შეძენის მიზნით 2012 წლის 24 სექტემბრიდან 2013 წლის 12 აპრილამდე გადაიხადა წყლის მიწოდების ღირებულება 6 070 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2008 წლის 1 ივნისს დადებული იჯარის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდნენ, ერთი მხრივ, ვ. გ-ი და, მეორე მხრივ, ი. და ლ. გ-ეები. იჯარის ხელშეკრულება დაიდო ქვეიჯარის უფლების გარეშე. მიუხედავად აღნიშნულისა, ქვეიჯარის უფლებით ფართით სარგებლობს შპს „ლ-ი 2009“. ვ. გ-ი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებული ფართის ქვეიჯარით გაცემის გზით, მას ამ საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება არ გააჩნია. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით ვ. გ-ს უარი ეთქვა იჯარის ხელშეკრულების ქვეიჯარით დადებულად ცნობაზე. შპს „ლ-ი 2009“ წარმოადგენს საიჯარო ქონების უკანონო მფლობელს, რის გამოც ობიექტში ყოფნის, ელექტროენერგიის, გაზისა თუ წყლის მოხმარების უფლებამოსილება მას არ გააჩნია, მოპასუხე კი, არ არის ვალდებული, შპს „ლ-ი 2009-ს“ მიაწოდოს წყალი და აანაზღაუროს მის მიერ მოხმარებული წყლის ღირებულება. შპს „ა-ო“, რომელიც წყალი „ს-ს“ მწარმოებელია, 10-ლიტრიანი შეფუთვის წყალს ყიდის 2.5 ლარად ტრანსპორტირების ჩათვლით, მაშინ როცა მოსარჩელე 10 ლიტრ წყალში იხდის 6.66 ლარს. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ის ზიანის დადგომაში თავად მონაწილეობს, ამასთან, ვ. გ-ს არ ჰქონდა წყლის შესყიდვის საჭიროება. მის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ იგი შენობა-ნაგებობაში წყლის არარსებობისა და არა სხვა მიზნით - რეალიზაციის გამო ყიდულობდა მას. გარდა აღნიშნულისა, ვ. ი-მა წყლის მომწოდებელ ორგანიზაციას იჯარით გაცემულ შენობა-ნაგებობაზე წყლის აღდგენის მოთხოვნით მიმართა 2012 წლის დეკემბრის ბოლოს. მის მიერ შესრულებული იქნა შპს „ჯ-ის“ მხრიდან განსაზღვრული ყველა მოთხოვნა, რაც დაკავშირებული იყო აბონენტად რეგისტრაციასთან. მიუხედავად ამისა, წყლის მიწოდება, მოპასუხისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, 2013 წლის 12 აპრილს აღდგა, ეს ფაქტი გამორიცხავს მოსარჩელისათვის 2012 წლის დეკემბრიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრებას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის _ 6 036,05 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინებების სარეზოლუციო ნაწილები:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ვ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და განახლდა საქმის განხილვა;

5.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა ი. გ-ის მესამე პირად ჩაბმის შესახებ არ დაკმაყოფილდა;

5.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინებები საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მათი გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, შეისწავლა კასატორის შუამდგომლობების საფუძვვლიანობა შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების კანონიერების თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ვ. ი-ის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრისა და 15 დეკემბრის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ამავე პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის (შემაჯამებელი) განჩინებაზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საოქმო განჩინებების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე მოითხოვს სააპელაციო პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრისა და 15 დეკემბრის განჩინების გაუქმებას. ამ პრეტენზიებს პალატა განიხილავს ცალ-ცალკე:

1.1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 31 მარტს, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.

1.1.2. 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ საჩივარში გამოთქმული პრტენეზიები, როგორც მხარის, ისე _ მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის თაობაზე, რამდენადაც საქმეში არსებული ავიაბილეთისა და ვ. გ-ის პასპორტის ასლის, ასევე, მისი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობის შესწავლა იძლეოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შემადგენლობას, რაც, ამავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. სააპელაციო პალატის ამ დასკვნას იზიარებს საკასაციო სასამართლოც და უარყოფს კასატორის პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინების უკანონობის თაობაზე;

1.2. რაც შეეხება დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის კანონიერებას, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოს დასკვნებს და ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:

1.2.1. როგორც სააპელაციო პალატამ სამართლიანად აღნიშნა, მესამე პირის ჩაბმის საკითხის გარკვევისას უნდა გაანალიზდეს განსახილველი დავის საგანი, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, 2012 წლის 24 სექტემბრიდან 2013 წლის 12 აპრილამდე საიჯარო ფართისათვის წყლის მიუწოდებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაა და უდავოა, რომ მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებით ამ ვალდებულების შესრულება ეკისრებოდა ვ. ი-ს. შუამდგომლობის ავტორი კი, ი. გ-ის ჩაბმას დავაში იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ ამ ეტაპზე საიჯარო ფართის თანამესაკუთრეა ი. გ-ე. იმ ვითარებაში, როდესაც ი. გ-ის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება არც სარჩელის საგანს არ წარმოადგენს და ეს ფაქტი არც სასამართლოს არ დაუდგენია, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლისა და 90-ე მუხლის პირველი ნაწილის სწორი განმარტებით დაასკვნა, რომ ი.გ-ე არ წარმოადგენს პირს, რომლის უფლებებსა და მოვალებებზე გავლენა შეიძლება იქონიოს გადაწყვეტილებამ, ამდენად, კასატორის პრეტენზია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იარსებებს მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი, დაუსაბუთებელია და საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

2. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

2.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

2.2.1. კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საიჯარო ქონება წარმოადგენს კომერციულ ფართს და დროის იმ პერიოდში, რომლის განმავლობაშიც მოწინააღდეგე მხარე (მოსარჩელე) ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, იჯარით აღებულ ფართში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას;

2.2.2. საიჯარო ფართი იყო ნივთობრივად ნაკლის მქონე და მისი სრულფასოვნად გამოყენებისათვის აუცილებელი წინაპირობის _ წყლის მიწოდების უზრუნველყოფა აპელანტმა ვერ დაადასტურა, შესაბამისად, მითითება იმის შესახებ, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, უსაფუძვლოა, არ გამორიცხავს არც მოპასუხის ბრალეულობას და არც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოების უარყოფის საფუძველია;

2.2.3. სადავო პერიოდში შეძენელი წყლის ზღვრული ტარიფი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განისაზღვრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს #17 დადგენილებით „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ და აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაეკისრა სადავო პერიოდში შეძენილი წყლის ღირებულება მითითებული დადგენილებით განსაზღვრული ტარიფის შესაბამისად. ეს ფაქტი გამორიცხავს მოპასუხის შედავების გაზიარებას, რომ მოწინააღმდეგე მხარემ წყალი შეიძინა ძვირად, რაც არაკეთილსინდისიერი ქცევაა და მიანიშნებს ზიანის დადგომაში დაზარალებულის ბრალეულობაზე.

2.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

2.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

2.4.1. სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე არასწორად მიიჩნია საპატიოდ, რადგანაც ვ. ი-მა იგი პროცესის დღეს დაინახა საკუთარი თვალით, წარმოდგენილი მტკიცებულებები კი, ასლია და არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მოთხოვნებს;

2.4.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ საიჯარო ფართი წარმოადგენდა კომერციული დანიშნულების ობიექტს და მოიჯარე მას ამ მიზნით იყენებდა. პალატის დასკვნა, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, არასწორია, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე ეწეოდა არა უშუალოდ კომერციულ საქმიანობას, არამედ, ქვეიჯარით ჰქონდა გაცემული ფართი, რისი უფლებამოსილებაც არ გააჩნდა, რაც დადასტურებულია სასამართლო გადაწყვეტილებით;

2.4.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ შესყიდული წყლის ღირებულება შეესაბამება სემეკის 2010 წლის 17 აგვისტოს #17 დადგენილებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლოს უნდა დაედგინა ის გარემოება, ჰქონდა თუ არა მოწინააღმდეგე მხარეს ალტერნატიული, უფრო იაფი საშუალება და შესთავაზა თუ არა ეს საშუალება მას კასატორმა.

2.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა საკასაციო პრეტენზიებთან მიმართებით დამატებით განმარტავს შემდეგს:

2.5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, დოკუმენტის ასლისათვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭება, მისი იურიდიული სანდოობის შემოწმება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული, ამ მხრივ, საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლისა და ელექტრონული ავიაბილეთების შესწავლით მათი სარწმუნოობა დასტურდება, მხოლოდ მხარის ზეპირი განმარტება, რომ ვ.გ-ი საკუთარი თვალით დაინახა პროცესის დღეს საქართველოში, მტკიცებულებათა უარყოფის საფუძველს არ იძლევა, უფრო მეტიც, თუკი გავიზიარებთ კასატორის პოზიციას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის დარღვევის შესახებ, მაშინ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დამაჯერებელ მტკიცებას, რომ მას შეეზღუდა ამავე კოდექსის 137-ე მუხლით გარანტირებული საბუთის სიყალბის მოტივით მისი მტკიცებულებათა ნუსხიდან ამორიცხვის შესაძლებლობა. რაც შეეხება კასატორის პოზიციას ზიანის ფაქტთან მიმართებით, პალატა განმარტავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტობრივი მოცემულობა დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და ამ ფაქტებს წინამდებარე დავის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეიუდიციული ძალა გააჩნია. პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტის უარსაყოფად კი, ვერ გამოდგება იმის მტკიცება, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა ფართის ქვეიჯარით გაცემის უფლება. უფრო მეტიც, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიზანია იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურად წარმართვის შემთხვევაში, შესაბამისად, გონივრულია ზიანის ოდენობის სემეკის დადგენილებით განსაზღვრა და არა იმ საკითხის კვლევა, შესთავაზა თუ არა მოპასუხემ უფლებამოსილ პირს წყლის ნაკლებ ფასად შეძენა.

2.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ზიანის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცველად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

2.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც საკასაციო პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის _ 301,80 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული თანხის 30%-ის _ 90,54 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 404-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ი-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრისა და 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. ვ. ი-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 27.03.2017წ. განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 301,80 ლარის 30% _ 90,54 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი